Plasmon
დიარეა

თარიღი: 10 ივნისი, 2015

დიარეა
რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ

დიარეა (ფაღარათი) დღის განმავლობაში სამჯერ და მეტად  თხელი ან წყლიანი განავლის გამოყოფაა (გახშირებული ფორმირებული განავალის გამოყოფა არ ითვლება დიარეად) და ორგანიზმიდან გამოდევნის სიცოცხლისათვის აუცილებელ წყალსა და მარილებს.  დიარეა ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ბაქტერიებით, ვირუსებითა და პარაზიტებით ინფიცირების სიმპტომად ითვლება. ეს დაავადებები  ჩვეულებრივ დაბინძურებული საკვებითა და სასმელი წყლით, პირადი ჰიგიენის დაუცველობით და არასწორი კვებით ვრცელდება. თუმცა  დიარეა შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე საკვებისა და მედიკამენტის აუტანლობამ, ნაწლავების ქრონიკულმა დაავადებებმა და ფუნქციურმა დარღვევებმაც, სხვა ქრონიკულმა დაავადებებმა მაგ: ტოქსიურმა ჩიყვმა. ზოგჯერ დიარეა ემართებათ ტურისტებს უცხო ქვეყანაში მოგზაურობის დროს მათთვის უჩვეულო საკვების ან წყლის მიღების გამო. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით (ჯანმო) განვითარებად ქვეყნებში დიარეა  ძირითადად ინფექციური დაავადებების მიზეზითაა გამოწვეული, რადგან დაახლოებით 2,5 მილიარდ ადამიანს აუცილებელი სანიტარული პირობების დაცვის საშუალებები არ გააჩნია და დაახლოებით 1 მილიარდს კი ხელი არ მიუწვდება უსაფრთხო სასმელ წყალზე.

კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით ასხვავებენ დიარეის სამ ტიპს:
•    მწვავე წყლიანი დიარეა-გრძელდება რამდენიმე საათი ან დღე,
•    მწვავე სისხლნარევი დიარეა,
•    გახანგრძლივებული დიარეა-გრძელდება 14 და მეტი დღე.

მძიმე დიარეამ შეიძლება  ორგანიზმის გაუწყლოვანება გამოიწვიოს, რომელიც  სერიოზულ საფრთხეს უქმნის ავადმყოფს, განსაკუთრებით კი ჩვილი ბავშვებისა და დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანების სიცოცხლეს .
მსოფლიოში დაახლოებით 2 მილიარდზე მეტი დიარეით მიმდინარე დაავადების შემთხვევა ფიქსირდება.  დიარეა 5 წლამდე ასაკის  ბავშვებში სიკვდილიანობის მეორე ძირითად მიზეზად ითვლება და ყოველწლიურად დაახლოებით 1,5 მილონი ბავშვი იღუპება, აქედან 80% 2 წლამდე ასაკის ბავშვებზე მოდის. დიარეის დროს სიცოცხლისათვის აუცილებელი წყალი და მასში გახსნილი მარილების შემადგენელი ელექტროლიტები (ნატრიუმი, ქლორი, კალიუმი და ბიკარბონატი) ორგანიზმიდან ღებინებით, წყლიანი განავლით და შარდით გამოიყოფა. ორგანიზმის გაუწყლოვანება ხდება, მაშინ როცა დეჰიდრატაციის პარალელურად წყლისა და ელექტროლიტების დანაკარგების  შევსება (რეჰიდრატაცია) არ მიმდინარეობს.

როგორ მივხვდეთ ავადმყოფს დიარეის შედეგად დეჰიდრატაცია აქვს თუ არა,   და  რა შეგვიძლია გავაკეთოთ?
მსუბუქი დეჰიდრატაცია  რაიმე ნიშნებით და სიმპტომებით არ ვლინდება. დიარეის დაწყებისთანავე, თუ  კონსულტაციისათვის ექიმთან კონტაქტს ვერ ვახერხებთ და სამედიცინო დაწესებულებაში გარკვეული მიზეზების გამო ვერ მივდივართ, ავადმყოფს სახლის პირობებშიც შეუძლია მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე და რეჰიდრატაციული საშუალებები (რეჰიდრონი).

საშუალო  სიმძიმის  დეჰიდრატაციას მოსდევს წყურვილი, მოუსვენრობა და გაღიზიანება, კანის ელასტიურობის დაქვეითება, თვალების ჩაცვენა.

მძიმე დეჰიდრატაციის დროს კი ჩამოთვლილი სიმპტომები უფრო ღრმავდება, იწყება შოკური მდგომარეობა: იბინდება გონება, შარდის გამოყოფა წყდება, კიდურები სველი და გაყინულია, გახშირებული და შესუსტებულია პულსი, დაბალი ან გაურკვეველია სისხლის არტერიული წნევა, კანი ფერმკრთალია. საშუალო და განსაკუთრებით მძიმე დეჰიდრატაციას შეუძლია გამოიწვიოს ორგანიზმის გაუწყლოვანება და ავადმყოფის სიკვდილი, თუ არ მოხდება სასწრაფო სამედიცინო ჩარევა.

დიარეის ძირითადი პროფილაქტიკური ღონისძიებები  გულისხმობს:
•    სასმელი წყლისა და საკვები პროდუქტების უსაფრთხოებას,
•    ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას,
•    პირადი ჰიგიენის დაცვას. თუ ადამიანი არ იცავს  პირად ჰიგიენას, ის თვითონ ხდება ინფეექციის წყარო (მაგალითად დაუბანელი ხელებით ავრცელებს ინფექციას),
•    ინფექციური დაავადებების გავრცელების მიზეზებზე და მათი თავიდან აცილების გზებზე ჯანდაცვის მუშაკების მიერ სისტემატიურ  საგანმანათლებო მუშაობას,
•    როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია წევრ სახელმწიფოებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად მუშაობს შემდეგ მიმართულებებზე:
•    დიარეის პრევენციისა და მკურნალობის პოლიტიკის ხელშეწყობა დაბალი და საშუალო ეკონომიური განვითარების ქვეყნებში (ჯანმოს მონაცემებით განვითარებად ქვეყნებში დიარეით მიმდინარე დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა, სხვა ყველა მიზეზით გამოწვეულ სიკვდილიანობებს შორის 6.9% შეადგინს),
•    სამეცნიერო კვლევების განხორციელება ახალი სტრატეგიების შემუშავების მიზნით, ამ სფეროში სამედიცინო მომსახურების მისაწოდებლად,
•    ახალი ღონისძიებების შემუშავება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, კერძოდ, როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო იმუნიზაციის დანერგვაში,
•    ჯანდაცვის პროფესიონალების მომზადების ხელშეწყობა, განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზე .

წყარო: