თარიღი: 20 აპრილი, 2015
ძვირფასო მშობლებო, თქვენ შეცდომაში შეჰყავხართ!
შენიშვნა: ამ სტატიის შინაარსი დაწერილია დოქტორ ჯენნიფერ რაფფის (Dr. Jeniffer Raff)
მიერ მისი ბლოგისათვის „ძალადობრივი მეტაფორები“. აქ გამოყენებულია ავტორის ნებართვით. დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მიჰყვეთ ჰიპერბმულს, იხილოთ სტატიის ორიგინალი და ჩაერთოთ დისკუსიაში კომენტარების სექციაში. წითელასა და იმუნიზაციას დაქვემდებარებული სხვა დაავადებების ბოლოდროინდელი ეპიდაფეთქებისა და ვაქცინაციაზე უარის თქმის ფონზე, აუცილებელია პრობლემის აღიარება და ამ პოსტის გავრცელება.
ძვირფასო მშობლებო!
თქვენ შეცდომაში შეჰყავხართ! ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ თქვენი შვილების საკეთილდღეოდ იქცევიან, რეალურად რისკის ქვეშ აყენებენ თქვენი შვილების ჯანმრთელობასაც და სიცოცხლესაც!
- ამბობენ, რომ წითელა არ არის სიცოცხლისათვის საშიში დაავადება.
- სინამდვილეში, არის!
- ამბობენ, რომ ჩუტყვავილა არც ისე საშიშია.
- სინამდვილეში კი შესაძლებელია იყოს!
- ამბობენ, რომ ვაქცინები დაავადებების პრევენციის არც ისეთი ეფექტური საშუალებაა.
- სინამდვილეში კი, ყოველწლიურად, 3 (სამი) მილიონი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა ხდება ვაქცინაციით, ხოლო 2 (ორი) მილიონი აუცრელი ბავშვი კი იღუპება ყოველწლიურად იმუნიზაციით მართვადი ინფექციებისგან.
- ამბობენ, რომ „ბუნებრივი ინფექცია“ ვაქცინაციაზე უკეთესია.
- მაგრამ ეს არასწორია!
- ამბობენ, რომ ვაქცინების უსაფრთხოება სათანადოდ არ არის გამოკვლეული.
- სინამდვილეში ვაქცინები გადიან უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის კონტროლს, ვიდრე ნებისმიერი მედიკამენტი. მაგალითად, ერთ-ერთმა კვლევამ (webofknowledge.com) დაადასტურა პნევმოკოკური ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა 37,868-ზე (!) მეტ ბავშვში.
- ამბობენ, რომ ექიმები არ აღიარებენ ვაქცინების თანმხლები გვერდითი მოვლენების არსებობას.
- სინამდვილეში, გვერდითი მოვლენების შესახებ კარგადაა ცნობილი, რომლებიც იშვიათი გამონაკლისების გარდა, ძალიან მსუბუქია.
- ამბობენ, რომ წწყ (წითელა/წითურა/ყბაყურას) ვაქცინა იწვევს აუტიზმს.
- სინამდვილეში კი მრავალი კვლევა ჩატარდა იმის თაობაზე, იწვევს თუ არა აუტიზმს ზემოაღნიშნული ვაქცინები, და ყველა მტკიცებულებამ აჩვენა, რომ არა!
- ამბობენ, რომ ვაქცინებში შემავალი ნივთიერება ტიმეროსალი იწვევს აუტიზმს.
- სინამდვილეში ეს მცდარია. გარდა ამისა, ვაქცინების უმრავლესობა ამ ნივთიერებას არ შეიცავს 2001 წლიდან.
- ამბობენ, რომ ალუმინის შემცველობა ვაქცინებში საზიანოა ბავშვის ჯანმრთელობისათვის.
- სინამდვილეში ბავშვები იღებენ უფრო მეტ ალუმინს დედის რძით, ვიდრე ნებისმიერი ვაქცინის საშუალებით. გარდა ამისა, ზიანი შესაძლებელია გამოიწვიოს ალუმინის გაცილებით დიდმა ოდენობამ.
- ამბობენ, რომ „ვაქცინების გვერდითი მოვლენების ანგარიშგების სისტემა“ Vaccine Adverse Event Reporting System (VAERS) (სხვაგვარად, Vaccine Court” „ვაქცინათა სასამართლო“) ადასტურებს, რომ ვაქცინები მავნეა ჯანმრთელობისთვის.
- სინამდვილეში ეს მცდარია.
- ამბობენ, რომ იმუნიზაციის არსებული კალენდარი რთულად ასატანია ბავშვის იმუნური სისტემისათვის.
- სინამდვილეში ეს მცდარია.
- ამბობენ, რომ თუ სხვა ბავშვები იქნებიან ვაქცინირებულნი, საჭირო აღარ არის თქვენი შვილების აცრა.
- ეს ყველაზე საშინელი არგუმენტია, რაც კი ოდესმე მსმენია. უპირველეს ყოვლისა, გასათავლისიწინებელია, რომ ვაქცინები ყოველთვის 100%-ით ეფექტური არ არის და, აქედან გამომდინარე, ვაქცინირებული ბავშვები შესაძლოა, მაინც დაინფიცირდნენ. გარდა ამისა, არიან ადამიანები, რომლებიც ვერ იტარებენ ვაქცინაციას იმუნოდეფიციტის გამო ან ვაქცინაში შემავალი
რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიულობის გამო, ასეთი ადამიანები კი დამოკიდებულნი არიან საზოგადოებრივ იმუნიტეტზე. მშობლები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას არ ჩაუტარონ აცრა თავიანთ შვილებს ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ, რისკის ქვეშ აყენებენ არამხოლოდ საკუთარი, არამედ ამ (სხვისი შვილების) ბავშვების ჯანმრთელობასაც.
- ამბობენ, რომ „ბუნებრივი“, „ალტერნატიული“ საშუალებები მტკიცებულებებზე - დაფუძნებულ სამკურნალწამლო საშუალებებზე უკეთესია.
- სინამდვილეში ეს ასე არ არის.
სინამდვილე კი არის ის, რომ ვაქცინები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ- ერთი უდიდესი მიღწევა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ თქვენი შვილების დასაცავად.
შემიძლია, ზუსტად ვიწინასწარმეტყველო, რა პასუხს მივიღებ ანტივაქცინური კამპანიის აქტივისტებისაგან. ვინაიდან მათ არ შეუძლიათ არგუმენტების მოყვანა მეცნიერულად დადასტურებული ფაქტების წინააღმდეგ, იტყვიან, რომ მე ვთანამშრომლობ რომელიმე დიდ ფარმაცევტულ კომპანიასთან (რაც ტყუილია), რომ
არ ვარ მეცნიერი (სინამდვილეში ვარ) და რომ ვარ „აგენტი 666“ (არ ვიცი ეს რას ნიშნავს, მაგრამ იმაში კი სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ არ ვარ).
რატომ შეჰყავხართ მათ სიცრუეში? ზოგი ამას აკეთებს სარგებლის მიღების მიზნით, ცდილობს რა, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, შემოგთავაზონ თავიანთი ალტერნატიული საშუალებები მეცნიერებაზე დაფუძნებული სამედიცინო საშუალებების - ვაქცინების ნაცვლად. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ აქტივისტებს შორის არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც არ ამოძრავებთ ფარული ზრახვები და გულწრფელად სჯერათ, რომ ვაქცინები საშიშია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ როგორც ერთ-ერთი თანამედროვე ასტროფიზიკოსი ამბობს - „მეცნიერებას ერთი კარგი რამ ახასიათებს - ის მართალია, მიუხედავად იმისა, შენ გჯერა თუ არა ამის“.
კეთილი ზრახვებით ვერ მოვახდენთ მიკრობებით ადამიანების დაინფიცირებისა და ზიანის მიყენების პრევენციას, ხოლო გზავნილებმა, რომ თითქოსდა ვაქცინები საზიანოა ჯანმრთელობისთვის, შესაძლოა, მძიმე შედეგები გამოიწვიოს. ამჟამად აშშ- ში მძვინვარებს იმუნიზაციით მართვადი ინფექციები იმის გამო, რომ ის ბავშვები არ არიან ვაქცინირებულნი. მხოლოდ ერთი რამ აერთიანებთ ჩემსა და ანტივაქცინაციური კამპანიის აქტივისტების გზავნილებს: „გაიღრმავეთ ცოდნა აცრების შესახებ“, მაგრამ როდესაც აქტივისტები მოგიწოდებენ “გაეცანით ვებ-გვერდებს ჩვენი პოზიციის დასადასტურებლად,“ მე მოგიწოდებთ, გაეცნოთ, თუ რას აცხადებს სამეცნიერო საზოგადოება და კვლევებზე დაფუძნებული მტკიცებულებები თავისთავად. (http://www.immunizationinfo.org). გაიგეთ მეტი იმუნური სისტემის შესახებ. გაეცანით იმ დაავადებების ისტორიას, რომლებიც არსებობდნენ ვაქცინაციამდე, ესაუბრეთ ხანდაზმულებს, რომლებსაც მოუხდათ პოლიომიელიტის, წითელასა თუ მთელი რიგი სხვა დაავადებების დროს ცხოვრება, როდესაც შეუძლებელი იყო ამ დაავადებების პრევენცია. წაიკითხეთ იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება, ვითარდება და რა პრინციპით მუშაობს ვაქცინა. წაიკითხეთ ენდრიუ ვეიკფილდის (Andrew Wakefield) შესახებ, თუ როგორ ამტკიცებდა ის მის „ნაშრომში“, რომ წითელა/წითურა/ყბაყურას ვაქცინა იწვევდა აუტიზმს, როგორ იქნა უარყოფილი მისი „ნაშრომი“, ხოლო სამედიცინო ლიცენზია კი ჩამოერთვა. (შეგიძლიათ წაიკითხოთ უამრავი, უზარმაზარი კვლევები იმის შესახებ, იწვევს თუ არა აუტიზმს ვაქცინები და ნახავთ, რომ მსგავსი იქ არაფერია).
შესაძლებელია, ეს ბევრ შრომად, ხოლო სამეცნიერო ნაშრომები რთულად წასაკითხი მოგეჩვენოთ, მაგრამ სამეცნიერო ნაშრომის კითხვის უნარის გამომუშავება შესაძლებელია. ინტერნეტში სამედიცინო ინფორმაციის შეფასების დიდი რესურსია გარდა ამისა, დავწერე გზამკვლევი არამეცნიერთათვის, რომელიც დაგეხმარებათ წაიკითხოთ და გაიგოთ სამეცნიერო ლიტერატურა. თქვენ ვალდებულნი ხართ თქვენი და თქვენი შვილების წინაშე, სრულად გაეცნოთ ინფორმაციას. ნუ დაეყრდნობით იმას, თუ რას წერენ ინტერნეტში, (თუნდაც ნურც მე!). წაიკითხეთ სამეცნიერო კვლევები, რომელთა ბმულებიც აქ მითითებულია, და მოუყევით ამის შესახებ პედიატრს. არ აქვს მნიშვნელობა, რას გეტყვიან ანტივაქცინური კამპანიის აქტივისტები, ნუ შეგეშინდებათ ვაქცინების. პირიქით - გეშინოდეთ იმის, თუ რა შეიძლება მოხდეს ვაქცინების გარეშე!
წყარო: