Plasmon
ენაბორძიკი

თარიღი: 06 ოქტომბერი, 2021

მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც გერმანია დიდი ბრიტანეთის ქალაქებს ბომბავდა, მეფე ჯორჯ VI-მ ბუკინგემის სასახლის დატოვებაზე უარი განაცხადა და ხშირად მიმართავდა გამამხნევებელი სიტყვით თანამემამულეებს. ალბათ ჩემსავით გაოცდებით, როცა ტომ ჰოუპერის "მეფის სიტყვას" ნახავთ და გაიგებთ, როგორ უჭირდა მეფეს სიტყვით გამოსვლა, როგორ ტანჯავდა კომპლექსი ენაბორძიკის გამო. თუმცა ამ "ნაკლს" მისთვის ხელი არ შეუშლია, ხალხის საყვარელი მონარქი ყოფილიყო.

ენისა და მეტყველების თერაპევტი ნატალია ჯამასპიშვილი სწორედ  ენაბორძიკზე, მის მიზეზებსა და მკურნალობაზე გვესაუბრა.

მეტყველების განვითარების ეტაპები

მეტყველების განვითარების რა ეტაპებს გაივლის ადამიანი დაბადებიდან ზრდასრულობამდე?
ბავშვი დაბადებისთანავე ცდილობს მშობლებთან კომუნიკაციას. ამისთვის იყენებს ტირილს, ღიმილს, ყვირილს და ცალკეულ ბგერებს. ნელ-ნელა ბავშვი იწყებს იმ ენობრივი გარემოს შესაბამისი ბგერათა კომპლექსების წარმოთქმას, რომელშიც იზრდება. დაახლოებით ერთი წლის ასაკში ის წარმოთქვამს პირველ მარტივ სიტყვებს: “დედა”, “ბუთი” (“ბურთი”), ორი  წლის ასაკში – მარტივ ფრაზებს, მაგალითად: “დე, მოდი”, “ბუთი მომე” და სხვ. სამი წლიდან ბავშვი უფრო კომპლექსურ, სამ-ოთხსიტყვიან წინადადებებს წარმოთქვამს, ამასთან, მისი მეტყველება უცხო ადამიანებისთვის უკეთ გასაგები ხდება. ხუთი წლის ბავშვს უკვე შეუძლია, ისაუბროს მთლიანი წინადადებებით, შესწევს უნარი, თავად  წარმართოს საუბარი –წამოიწყოს, შეინარჩუნოს, შეწყვიტოს ან შეასწოროს იგი. ამ პერიოდში ენობრივი განვითარება პიკს აღწევს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ადამიანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლობს ახალ სიტყვებსა და ფრაზებს, ითვისებს ენის გრამატიკულ თავისებურებებს, ხვეწს პრაქტიკულ უნარებს.

რა არის ენაბორძიკი
ენაბორძიკი მეტყველების დარღვევაა, რომელიც გამოიხატება დამახასიათებელია ბგერების (მაგალითად, კ-კ-კატა), მარცვლების (სა-სა-სანთელი), სიტყვის (მე-მე-მე მინდა) ან მთელი ფრაზის (მე მინდა-მე მინდა) უნებლიე გამეორებით. ასევე გვხვდება ბგერების გახანგრძლივება (ძაააალიან), ბლოკირება (მე... [პაუზა] მომწონს), შემავსებელი სიტყვების ხშირი გამოყენება (ანუ, ისა).

ენაბორძიკს ზოგჯერ თან ახლავს მეორეული ქცევებიც, მაგალითად, თვალით კონტაქტისთვის თავის არიდება, თავის მიტრიალება საპირისპირო მხარეს, თვალების ნერვული ხამხამი, ფეხის უჩვეულო ქნევა, უფრო რთულ შემთხვევებში – სახისა და სხეულის კუნთების დაჭიმვა-დაძაბვა. მეორეული ქცევების აღმოცენების მიზეზი შეიძლება იყოს საუბრისთვის თავის არიდება ან გაქცევა.

რა ასაკში შეიძლება გამოვლინდეს ენაბორძიკი და აქვს თუ არა მას კავშირი სქესთან?
ენაბორძიკი მეტყველების მოქნილობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა. ის ყველა რასასა და კულტურაში გვხვდება. ვლინდება უმეტესად 2, 3, 6 წლის ასაკში, თუმცა ხდება ისეც, რომ 12 წლის ასაკში (გარდატეხის პერიოდში) აღმოცენდება. ზრდასრულ ასაკში დაწყებული ენაბორძიკი უმთავრესად ფსიქოლოგიური ან ნევროლოგიური ფაქტორებითაა განპირობებული.

რაც შეეხება სქესთან მის კავშირს, დღესდღეობით ეჭვს არ იწვევს, რომ ბიჭებს ამ დარღვევის უფრო მაღალი რისკი აქვთ. მეორე მხრივ, გოგონები, რომლებსაც ერთ წელიწადზე მეტხანს უგრძელდებათ ენაბორძიკი, უფრო ნაკლებად ექვემდებარებიან კორექციას.

რისი ბრალია
რას გვეტყვით ენაბორძიკის მიზეზებზე?
ენაბორძიკის გამოვლენაზე არაერთი ფაქტორი ახდენს გავლენას. მათ შორისაა ბავშვის პიროვნული თავისებურებები, სენსიტიურობა, ემოციურობა, საკუთარი თავისადმი პერფექციონისტური დამოკიდებულება (იდეალისკენ სწრაფვა). ერთ-ერთ ფაქტორად მიიჩნევა გენეტიკური განწყობა.

ენაბორძიკის გამოვლენის სიხშირე დამოკიდებულია ენის ისეთ ეთნიკურ თავისებურებებზეც, როგორიცაა მეტყველების ტემპი, რიტმი თუ ინტონაცია.

ენაბორძიკის აღმოცენებას შესაძლოა ბიძგი მისცეს ცხოვრებისეულმა ცვლილებებმა (მაგალითად, საცხოვრებელი ადგილის შეცვლამ, დედმამიშვილის დაბადებამ, ოჯახის წევრის ავადმყოფობამ), ტრავმულმა გამოცდილებამ, გარემოს მიერ წაყენებულმა არარეალურმა მოთხოვნებმა, ცხოვრების არაპროგნოზირებადმა სტილმა. მის გახანგრძლივებას კი ხელს უწყობს გარემომცველი ადამიანების ნეგატიური დამოკიდებულება ენაბორძიკის მიმართ, კითხვების ხშირი დასმა, სწრაფი საუბარი, საუბრის შეწყვეტინება, კონკურენციის განცდა საუბრის დროს და სხვ.

საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ ენაბორძიკი შეიძლება შიშმაც გამოიწვიოს. რამდენად იზიარებს ამ აზრს მედიცინა?
თუ ადამიანს აქვს გენეტიკური განწყობა ენაბორძიკის მიმართ, შესაძლოა, შიშმა პროვოცირება გაუწიოს ენაბორძიკის აღმოცენებას, თუმცა თავისთავად შიში არ არის მისი გამომწვევი მიზეზი.

აქვს თუ არა კავშირი ენაბორძიკის აღმოცენებასთან ბავშვის ფსიქოლოგიურ ტიპს? მაგალითად, მშიშარა ან მელანქოლიკ ბავშვებთან უფრო  ხშირად ხომ არ გვხვდება?
კვლევები აჩვენებს, რომ მგრძნობიარე, ემოციურ ბავშვებს, რომლებსაც სტრესულ პირობებში უწევთ ცხოვრება და, იმავდროულად, აქვთ ენაბორძიკის ოჯახური ისტორია, მდგრადი ენაბორძიკი ახასიათებთ. თუმცა ისეთი თვისებები, როგორიც არის მშიშარობა ან მორცხვობა, თავისთავად არ იწვევს ენაბორძიკს.

როგორ მკურნალობენ
ენაბორძიკის შედეგიანი თერაპიისთვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია თბილი, ნდობით აღსავსე ურთიერთდამოკიდებულება თერაპევტსა და კლიენტს შორის.

ადამიანმა, რომელიც ენაბორძიკს ებრძვის, თავდაპირველად უნდა ისწავლოს სწორად სუნთქვა და სუნთქვისა და მეტყველების დაბალანსება. მნიშვნელოვანია ნელა, დინჯად საუბრის ჩვევის გამომუშავებაც. ამის მაგალითი კი თვითონვე უნდა მიცვცეთ ბავშვს.

პიროვნების ემოციური სტაბილიზაციისა და ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებისთვის სასურველია პროცესში ფსიქოთერაპევტის ჩართვაც.

ვინაიდან ენაბორძიკს ახასიათებს ტალღისებური გამოვლენა – პერიოდული გამძაფრება და გაქრობა, შესაძლოა, პიროვნებას განსაზღვრული სიხშირით დასჭირდეს ენისა და მეტყველების თერაპია.

პროგნოზი
ენაბორძიკის პირველი ნიშნები ადვილი შესამჩნევია. თუ მშობელი ადრევე მიმართავს ენისა და მეტყველების თერაპევტს, ენაბორძიკი მკურნალობას ადვილად დაექვემდებარება.

რთული ენაბორძიკის შემთხვევაში პოზიტიურ შედეგად მიიჩნევა შედარებით მცირე ენაბორძიკით საუბრის სწავლება.

ენაბორძიკის მდგრადობაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიც არის ამ დარღვევის ოჯახური ისტორია, სქესი, ენაბორძიკის გამოვლენის ასაკი,  ხანგრძლივობა და სხვ.

რეკომენდაცია მშობლებს
ენაბორძიკის კორექციაში, ისევე როგორც ყველა სხვა პრობლემის აღმოფხვრაში, უდიდესი როლი ეკისრება ოჯახს. თერაპევტი ოჯახის წევრებს აძლევს შემდეგ რეკომენდაციებს:

* ოჯახის ყველა წევრი უნდა ეცადოს, გამონახოს დრო ბავშვებსა და ერთმანეთთან საუბრისთვის. უნდა ვისაუბროთ ნელა, აუჩქარებლად, ხშირი პაუზებით.

* ეცადეთ, შვილებს, რომლებსაც ენაბორძიკი აქვთ, არ დაუსვათ ბევრი კითხვა. უმჯობესია, მიმდინარე მოვლენებზე მარტივი კომენტარები ვთხოვოთ.

* ბავშვს უნდა გავაგებინოთ, რომ მნიშვნელოვანია, რას ამბობს და არა – როგორ ამბობს.

* გამოიყენეთ სახის გამომეტყველება, სხეულის ენა, თვალით კონტაქტი ბავშვის იმაში დასარწმუნებლად, რომ ყურადღებით უსმენთ და მისი ამბავი გაინტერესებთ.

* არასდროს შეაწყვეტინოთ ბავშვს სიტყვა, არ დაასრულოთ წინადადება მის მაგივრად, რა სირთულის ენაბორძიკთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე.

ყველაფრის თავიდათავი კი მაინც უპირობო სიყვარულია. მიიღეთ და გიყვარდეთ შვილი ისეთი, როგორიც არის.