თარიღი: 18 სექტემბერი, 2024
რა არის ფსორიაზი?
ფსორიაზი ფართოდ გავრცელებული, კანის ქრონიკული ხასიათის მულტიფაქტორული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება მონომორფული, ანთებითი, ვარდისფერი, პაპულოზური გამონაყრითა და ელემენტების უხვი აქერცვლით. განვითარებულ ქვეყნებში ფსორიაზით დაავადებულია მოსახლეობის 1,5-2%. ფსორიაზი თანაბრად გვხვდება ქალებსა და კაცებში, და ვლინდება უმეტესწილად 10-დან 40 წლამდე ასაკში, თუმცა, მისი საწყისი გამოვლენა შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში. აღწერილია თანდაყოლილი ფსორიაზის შემთხვევებიც. ფსორიაზის დროს ავადმყოფის სიცოცხლის განმავლობაში კანზე მიმდინარე პროცესს აქვს განვრცობისა და დამძიმების ტენდეცია, რაც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს სერიოზულ ცვლილებებს სხვადასხვა ორგანოსა თუ ქსოვილში. როგორც აღვნიშნეთ, ის არის ქრონიკულად მიმდინარე დაავადება, რომელსაც ახასიათებს პერიოდული რემისიები და გამწვავებები. ხშირად მწვავდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში (ფსორიაზის ზამთრის ფორმა), უფრო იშვიათად გაზაფხულ-ზაფხულში (ზაფხულის ფორმა).
რა ცვლილებები ცვლილებები ახასიათებს ფსორიაზს?
ფსორიაზის პათოგენეზში მნიშვნელოვანია ეპიდერმისის ინფილტრაცია ნეიტროფილებითა და თH-1 ტიპის თ ლიმფოციტებით, რომლებიც იწვევენ კერატინოციტების პროლიფერაციას. აღსანიშნავია ფსორიაზით დაზიანებულ კანში არსებულ სისხლძარღვთა ცვლილებები. კერძოდ, ეს უკანასკნელი არის შეშუპებული, სისხლძარღვთა გაფართოებისა და ეპიდერმული უჯრედული ციკლის დარღვევების გამო (ეპიდერმული ჰიპერპლაზია). ფსორიაზის დროს აღინიშნება პარაკერატოზი, გარდა ამისა, ეპიდერმული უჯრედები ვერ ათავისუფლებენ ლიპიდების ადეკვატურ რაოდენობას, რაც ჩვეულებრივ აძლიერებს რქოვანას ადჰეზიებს. შედეგად წარმოიქმნება რქოვანას წებოვანი ფენა, რაც იწვევს ფსორიაზის ქერცლიან გამოვლინებას, რომლის ზედაპირი ხშირად ვერცხლის ქერცლებს წააგავს.
რა იწვევს ფსორიაზის განვითარებას და რა რისკფაქტორებს გამოვყოფთ?
ფსორიაზის განვითარების დაზუსტებული მიზეზი არ არსებობს, ეტიოლოგია უცნობია, თუმცა, გარკვეულ როლი აკისრიათ გენეტიკურ (მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა), შინაგან (ენდოგენური) და გარემო (ეგზოგენურ) ფაქტორებს.
ფსორიაზი ასოცირდება ადამიანის ლეიკოციტების ანტიგენის (HLA) ზოგიერთ ალელთან (HLA-B27, HLA-B13, HLA-B17 და HLA-Dღ7), თუმცა, მათგან ყველაზე მეტად ჩწ6 (HLA-ჩწ6)-სთან.
თუ ერთ-ერთი მშობელი დაავადებულია ფსორიაზით, ალბათობა იმისა, რომ შვილს განუვითარდეს დაავადება არის 8-15%, ხოლო ორივე მშობლის ფსორიაზით დაავადებისა, ალბათობა 40-65%-ით იზრდება.
ფსორიაზის განვითარებაში, ასევე აღსანიშნავია იმუნური სისტემის მხრივ ცვლილებები, კერძოდ, ავტოიმუნური პროცესები და ამას ადასტურებს მკურნალობა იმუნოდეპრესანტებით, რომლის შედეგადაც სწრაფად დგება რემისიის პერიოდი. ავტოანტისხეულები, ასევე შეიძლება მივაკუთვნოთ ენდოგენურ ფაქტორებს.
ეგზოგენური, ანუ გარემო ფაქტორები:
პათოგენური მიკროორგანიზმები
ვირუსები, ბაქტერიები და მათი ცხოველქმედების პროდუქტი - ტოქსინები. სტრეპტოკოკებისა და სხვა ბაქტერიების როლს მოწმობს ის ფაქტი, რომ ფსორიაზის გართულებას წინ უსწრებს ტონზილური ინფექცია. მწვავე სტრეპტოკოკური ინფექცია ხელს უწყობს წვეთისებრი ფსორიაზის წარმოქმნას.
კანის მექანიკური ტრავმები, რომლებიც აპროვოცირებს კანის ახალ გამოვლინებებს.
ემოციური დატვირთვა
მაგ: სტრესი, რაც 40%-ით აუარესებს ფსორიაზის მიმდინარეობას.
ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური მოშლა, გულის იშემიური დაავადება, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, ღვიძლისმიერი დაავადებები ასევე შეიძლება ფსორიაზის რისკფაქტორებს მივაკუთვნოთ.
სისტემური გამოყენების წამლები
ანტიბიოტიკები, ბეტა-ადრენობლოკატორები, მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები ამწვავებს ფსორიაზის მიმდინარეობასა და აუარესებს ფსორიაზისათვის დამახასიათებელ გამონაყარს.
ალკოჰოლი, რომელიც ამწვავებს ფსორიაზის მიმდინარეობას.
სიმსუქნე - ფსორიაზთან ასოცირებული ერთ-ერთი ფაქტორია. ფსორიაზით დაავადებულებში დაკვირვებით აღინიშნება დაავადების გაუარესება მომატებულ წონასთან ან პირიქით, გაუმჯობესება წონის დაკლებით.
ფსორიაზი ვითარდება დაავადებისადმი მიდრეკილებისა და გამღიზიანებლის (მაპროვოცირებელი ფაქტორის) თანაარსებობისას.
როგორ ვლინდება ფსორიაზი?
დაავადება ჩვეულებრივ იწყება ნელა. პირველადი ელემენტია მოვარდისფრო-მოწითალო ან ნაჯერი წითელი ფერის ეპიდერმულ-დერმული პაპულა, რომელიც დაფარულია დიდი რაოდენობით მოვერცხლისფრო-მოთეთრო ქერცლით. დასაწყისში პაპულებს აქვს სწორი მომრგვალებული მოხაზულობა, პროცესი იწყება წერტილოვანი პაპულების გამონაყარით, რომლებიც თანდათან ვრცელდება პერიფერიისკენ, დიდდება, გარდაიქმნება წვეთისებრ და მონეტისებრ ერთეულად, რომლებიც ერთიანდებიან და წარმოქმნიან ბალთებს.
პაპულები შეიძლება გაჩნდეს კანის საფარის ნებისმიერ უბანზე, თუმცა, ფსორიაზის ჩვეული ლოკალიზაციაა:
კიდურების გამშლელი ზედაპირები;
იდაყვის და მუხლის სახსრების მიდამოები;
თავის თმიანი ნაწილი;
გავის ძვლის არე.
ხშირად შესაძლებელია ფსორიაზის პროცესში ჩაერთოს ფრჩხილები, იშვიათად, ლორწოვანი გარსი. ფსორიაზი გეოგრაფიულ რუკას მოგვაგონებს.
ფსორიაზის სიმძიმის მიხედვით არსებობს:
მსუბუქი ფორმა - ამ დროს დაზიანებულია კანის საფარველის დაახლოებით 1/3;
საშუალო სიმძიმის ფორმა - დაზიანებულია კანის საფარველის 50-70%;
მძიმე ფორმა - დაზიანებულია კანის საფარველის 50-70%;
ძალიან მძიმე ფორმა - დაზიანებულია კანის საფარველის 70% მეტი, ერთროდერმია.
ფსორიაზული გამონაყარის განვითარების სამ პერიოდს გამოყოფენ:
პროგრესული პერიოდი, ჩვეულებრივ იწყება მრავალრიცხოვანი წერტილოვანი ელემენტების გამოჩენით, რომელთაც ზრდის ტენდეცია აქვს. ამ პერიოდში აღინიშნება კებნერის ფენომენი-გამონაყარი ჩნდება მექანიკური გაღიზიანებით. ამ სტადიაში მკვეთრად გამოვლინდება ფსორიაზული ტრიადა (სტეარინის ლაქა, ფსორიაზული ლაქა, სისხლწვეთოვანი ლაქა). სადიაგნოსტიკოდ ფსორიაზულ ტრიადას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ;
სტაციონარული პერიოდში გამონაყარის პროგრესირება შეჩერებულია. შეინიშნება ნუმულარული, ლენტიკულარული, მილიარული პაპულები;
რეგრესულ პერიოდში ინფილტრავია მცირდება, ბალთები გაიწოვება, გამონაყარის შეფერილობის ინტენსიურობა და აქერცვლაც მცირდება
განასხვავებენ ფსორიაზის რამდენიმე კლინიკურ ფორმას, თუმცა იზოლირებულად ისინი იშვიათად გვხვდება, უმეტესად ადგილი აქვს რამდენიმე მათგანის, მაგალითად, ვულგარული ფსორიაზისა და ფრჩხილების ფსორიაზის, თანხვედრას.
ვულგარული ფსორიაზისთვის დამახასიათებელია სიწითლე, ინფილტრაცია და ქერცლი თმისა და კანის საზღვარზე;
ნაოჭების ფსორიაზი ლოკალიზდება ნაოჭებში (მაგალითად: იღლიაში, საზარდულის ნაოჭში, მუხლებისა და მკერდის ქვეშ);
ფრჩხილების ფსორიაზი სხვადასხვანაირად გამოვლინდება: სათითისმაგვარი წერტილოვანი ჩანაჭდევებით ფრჩხილის ფირფიტაზე, ფრჩხილის გაყვითლებით და გასქელებით ან მისი რელიეფის სხვადასხვანაირი დარღვევით, მაგალითად, სიგრძივი ნახეთქებითა და ხაზებით. ისიც შესაძლოა, ფრჩხილმა მხოლოდ ფერი იცვალოს – ფირფიტაზე სისხლჩაქცევისმაგვარი ჩანართები გაჩნდეს.
წვეთისებრი ფსორიაზი უმეტესად ბავშვებთან გვხვდება და მთელ სხეულზე გაჩენილი მცირე ზომის ფსორიაზული პაპულებით გამოვლინდება. ეს ფორმა დაკავშირებულია ყელის სტრეპტოკოკულ ინფექციასთან და ერთადერთია, რომლის მკურნალობისას ანტიბიოტიკოთერაპია შედეგიანია, რადგან, საზოგადოდ, ანტიბიოტიკოთერაპიას, ისევე როგორც სისტემურ სტეროიდულ თერაპიას დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ფსორიაზით დაავადებული ადამიანისთვის;
პუსტულოზური ფსორიაზი ძალიან მძიმე ფორმაა. ამ დროს სხეულზე პუსტულები (ჩირქგროვები) ჩნდება. ეს, როგორც წესი, დაავადების გამწვავებაა, რომელიც არაადეკვატურ მკურნალობას მოჰყვება. პაციენტს შეიძლება ჰქონდეს მაღალი ცხელება;
ერითროდერმული ფსორიაზი პროცესში ჩაითრევს მთელ სხეულს, კანი ჰიპერემიული ხდება (წითლდება), ვითარდება სპეციფიკური ფირფიტოვანი აქერცვლა. პაციენტს აღენიშნება ტკივილი და შეიძლება ჰქონდეს მაღალი ცხელება.
ართროპათიური ფსორიაზის დროს დამახასიათებელი ნიშნები ჩნდება სახსრებში. კანზე გამონაყარი შესაძლოა საერთოდ არ იყოს, ან ვულგარულ ფსორიაზს დაერთოს სახსრების დაზიანება. პაციენტს აღენიშნება სახსრების ტკივილი.
ხელისგულებისა და ფეხისგულების იზოლირებული ფსორიაზის ორ ფორმას განასხვავებენ: პუსტულოზურს, როდესაც ხელისგულებსა ფეხისგულებზე ჩნდება ჩირქოვანი გამონაყარი, რომელსაც ბარბერის ფსორიაზს უწოდებენ, და ჰიპერკერატოზულს, რომლის დროსაც იმდენად სქელი ქერცლი წარმოიქმნება, რომ კანი სკდება და ადამიანს სიარულისა და შრომის უნარი ერთმევა.
ფსორიაზის დროს ასევე აღინიშნება თვალის მხრივ დაზიანებები: ექტროპიონი და ტრიქიაზი; კონიუქტივიტი, ჰიპერემია, რქოვანას სიმშრალე კერატიტით.
როგორ ხდება ფსორიაზის დიაგნოსტიკა?
ფსორიაზის დიაგნოზი ემყარება კლინიკურ ნიშნებს, მორფოლოგიური ელემენტების ტიპურ ლოკალიზაციას და სხვა. ფსორიაზზე ეჭვს ადასტურებს ე.წ. ფსორიაზული ტრიადა:
პირველ ეტაპზე მოვფხეკთ ფსორიაზულ წითელ პაპულას, რომელზეც ქერცლი არ შეინიშნება. რაც უფრო მეტად მოვფხეკთ მას, მით უფრო სქელი ქერცლით დაიფარება;
ქერცლის მოფხეკას რომ გავაგრძელებთ, გამოჩნდება აპკით დაფარული პაპულა. ამას ფსორიაზული აპკის ფენომენს ვუწოდებთ;
აპკის მოცილებისას გამოჟონავს სისხლი, რაც მედიცინაში წერტილოვანი სისხლდენის ფენომენის სახელწოდებით არის ცნობილი.
იშვიათად შემთხვევაში, ბიოფსიასაც მიმართავენ.
ყელიდან ნაცხის აღება β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკებისთვის შესაძლოა დაგვჭირდეს წვეთისებრი ფსორიაზის დროს.
რადიოლოგია და რევმატოიდული ფაქტორების განსაზღვრა გვეხმარება ართრიტის შესაფასებლად.
ედს-ის განსაზღვრა - მომატებულია პუსტულარული და ერითომატოზული ფსორიაზის დროს;
შარდმჟავას განსაზღვრა - მომატებულია პუსტულარული ფსორიაზის დროს;
როგორ ვმკურნალობთ ფსორიაზს?
- ფსორიაზის სამკურნალოდ გამოიყენება:
- ადგილობრივი და სისტემური კორტიკოსტეროიდები;
- კერატოლიზური საშუალებები;
- რეტინოიდები;
- იმუნომოდულატორები;
- თNF ინჰიბიტორები;
- ინტერლეიკინ ინჰიბიტორები;
- ვიტამინ D წარმოებულები;
- ციტოსტატიკები;
- PUVA თერაპია;
- ფოტოთერაპია (UVB) - უსაფრთხო და ეფექტური.
- ფსორიაზის მკურნალობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მის სტადიებზე, - - სიმძიმეზე, კლინიკურ გამოვლინებებზე.
მიმდინარეობა და პროგნოზი
ფსორიაზი ქრონიკული დაავადებაა, როგორც აღვნიშნეთ, ის მიმდინარეობს გამწვავება-რემისიის მონაცვლეობით. რეციდივების საპროფილაქტიკოდ შემუშავებულია შემდეგი რეკომენდაციები:
- ნახშირწყლებითა და ცხიმებით ღარიბი, ბოსტნეულითა და თევზის პროდუქცტებით მდიდარი დიეტა;
- რისკფაქტორების თავიდან აცილება;
- ვიტამინოთერაპია, ფიტოთერაპია;
- ბალნეოთერაპია;
- ჯანმრთელობის შემანარჩუნებელი PUVA-თერაპია;
- ფოტოთერაპიის კურსის ჩატარება.
ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ფსორიაზზე. ის არ არის გადამდები დაავადება. თანამედროვე მედიცინის წყალობით შესაძლებელია მისი მართვა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
ჩაეწერეთ ექიმთან „ავერსის კლინიკაში" ონლაინ.