თარიღი: 23 მაისი, 2020
ჩირქოვანი, ლორწოვანი თუ სხვა ტიპის გამონადენი შესაძლოა ყურშიც გაჩნდეს. როდესაც საუბარი სმენის ორგანოს ეხება, ამ ჩამონათვალს კიდევ ერთი სეკრეტი ემატება – გოგირდოვანი მასა. ეს უკანასკნელი ყურიდან გამონადენის ყველაზე ხშირი ფორმაა. მაგრამ ნორმაა ეს თუ პათოლოგია და საჭიროა თუ არა მისი მოცილება?
გოგირდი გარეთა სასმენ მილში წარმოიქმნება. ეს უკანასკნელი ყურის ხილული ნაწილიდან შუა ყურამდეა გადაჭიმული. ამ უბანში კანი სპეციფიკურ ჯირკვლებს შეიცავს, რომლებიც გოგირდს გამოიმუშავებს.
ჯირკვლებიდან გამოთავისუფლების შემდეგ გოგირდი ნელა გადაადგილდება ყურის ხილული ნაწილისკენ და ან თავისთავად, ან ბანაობისას ყურს სცილდება.
ყურში არსებული ჯირკვლები მუდმივად გამოიმუშავებს გოგირდს, შესაბამისად, სასმენ მილში ყოველთვის არის საკმარისი ცვილი.
ყურის გოგირდს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. უპირველეს ყოვლისა, ის ატენიანებს სასმენი მილის კანს, რითაც ყურის გამოშრობას გვაცილებს თავიდან. მეორე: შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც მავნე მიკრობებს ანადგურებს და ინფექციისგან გვიცავს. დაბოლოს, გოგირდი ერთგვარი ფარია, აღმართული გარე სამყაროსა და ყურის შიდა სტრუქტურებს შორის. როდესაც მტვერი, ჭუჭყი და სხვა არასასურველი ნაწილაკები სმენის ორგანოში ხვდება, გოგირდი შთანთქავს მათ და ყურის სიღრმეში მოხვედრის საშუალებას არ აძლევს. ასე რომ, მისი გაქრობა ნამდვილად ვერ მოგვიტანს სიკეთეს. შესაბამისად, შეცდომაა გოგირდთან შეურიგებელი ბრძოლა და ათასგვარი საშუალებით ყურის სიღრმეებში შეღწევის სურვილი – იქიდან გოგირდს ვერ მოვსპობთ და არც არის საჭირო. რეგულარული ბანა ყურის სისუფთავის შესანარჩუნებლად სავსებით საკმარისია. გოგირდის მოსაშორებლად შეგიძლიათ, გარეთა ყური პირსახოცითაც გაიწმინდოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ამისთვის ბამბის ჩხირი, თითი ან სხვა გრძელი საგანი – სასმენი მილი და დაფის აპკი ძალიან რბილია და ადვილად ზიანდება. გარდა ამისა, ზეწოლის შედეგად გოგირდი შესაძლოა უფრო ღრმად შეიტანოთ ყურში. დაუკვირდით: გოგირდის დანიშნულებაა, მავნე ნაწილაკები ყურის სიღრმეში არ მოხვდეს, თქვენ კი ზედმეტი აქტიურობით სწორედ საპირისპიროს შეუწყობთ ხელს.
გოგირდოვანი ბლოკადა
გამონადენიც არის და გამონადენიც. ზოგი ადამიანის ყური დიდი რაოდენობით გოგირდს გამოიმუშავებს და მხოლოდ ბანაობა საქმეს ვეღარ შველის. როდესაც გოგირდი ჭარბად გროვდება ან მეტისმეტად სქელია და ბუნებრივი გზით მისი ჩამობანა ვერ ხერხდება, ყალიბდება გოგირდის საცობი.
არც ის არის გამორიცხული, ბლოკირების მიზეზი ბამბის ტამპონით ან სხვა საგნით ყურის გაწმენდის მცდელობა იყოს. როგორც ითქვა, ამის შედეგად გოგირდი არათუ გარეთ ვერ გამოდის, არამედ უფრო ღრმად იჭრება ყურში, საიდანაც მისი გამოძევება გაცილებით ძნელია.
გოგირდოვან ბლოკადას ამოიცნობთ:
* დაზიანებული ყურის ტკივილით;
* დაზიანების მხარეს სისავსის, დაგუბების შეგრძნება, სმენის დაქვეითებით;
* ტინიტუსით (ხმაურით ყურში);
* თავბრუხვევით.
ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართოთ. გაითვალისწინეთ: მსგავსი კლინიკური ნიშნები ყურის არაერთ დაავადებას ახასიათებს. იმის განსაზღვრას, ჩივილების მიზეზი გოგირდის საცობია თუ სხვა პათოლოგია, თქვენ ვერ მოახერხებთ, ეს ექიმის პრეროგატივაა, ამიტომ პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარებას ნუ ეცდებით.
ჭარბი გოგირდის ევაკუაციაც, უმჯობესია, ექიმს მიანდოთ – თქვენი მცდელობა შესაძლოა დაფის აპკის გახევის და მძიმე გართულების მიზეზად იქცეს. ექიმი დაგინიშნავთ მედიკამენტებს, რომლებიც გოგირდს არბილებს და მისგან გათავისუფლებას უწყობს ხელს.
თუ ყურის წვეთებით მკურნალობამ ვერ გიშველათ, ირიგაციას (გამორეცხვას) ჩაგიტარებენ. ეს ინვაზიური პროცედურაა და, ცხადია, ექიმს უნდა მიანდოთ.
თუ გოგირდის საცობი ხშირად ჩნდება, დამარბილებელ წვეთებს პრევენციული მიზნითაც დაგინიშნავენ, თუმცა დღესდღეობით არ არსებობს ისეთი საშუალება, რომელიც პრობლემის განმეორებას სრულიად გამორიცხავს.
ცურვის ცუდი შედეგი
მოცურავის ყური – ასე მოიხსენიებენ გარეთა ყურის ანთებას, რომელიც ყურიდან გამონადენის ხშირი მიზეზია. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ დაავადების განვითარებაში უმეტესად ცურვას მიუძღვის ბრალი. ინფექციას ბაქტერიები და სოკოები იწვევს. ანთებითი პროცესი ზოგჯერ მთელ სიგრძეზე აზიანებს სასმენ მილს, ზოგჯერ კი გარკვეულ უბანზე ლოკალიზდება. სასმენი მილი ყველაზე ხშირად ფსევდომონასა და სტაფილოკოკს იზიდავს. სოკოვანი ინფექცია შედარებით იშვიათია. ამ შემთხვევაში აგრესორებად შავი ასპერგილუსი და თეთრი კანდიდა გვევლინებიან.
არსებობს ავთვისებიანი გარეგანი ოტიტი – ყურის ანთების იშვიათი, თუმცა ძალიან აგრესიული ფორმა, რომელიც საფეთქლის ძვალზე ვრცელდება და ძვლის ინფექციას – ოსტეომიელიტს იწვევს.
მწვავე გარეთა ოტიტის განვითარების ალბათობა იმატებს, როდესაც გაქვთ ალერგია, ფსორიაზი, ეგზემა, სებორეული დერმატიტი. დაავადების რისკფაქტორებად ასევე მიიჩნევა:
* ყურში წყლის მოხვედრა, განსაკუთრებით – ცურვისას;
* ყურის გაწმენდის დროს სასმენი მილის დაზიანება;
* სასმენი აპარატის გამოყენება (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოწყობილობას სათანადოდ არ წმენდენ);
* ყურში გამაღიზიანებელი ნივთიერებების (მაგალითად, თმის ლაქის) მოხვედრა.
გამონადენის შესახებ
გამონადენი გარეთა ოტიტის ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომია. ის თეთრი ან ყვითელია და უსიამოვნო სუნი აქვს. გამონადენს თან ახლავს ყურის ტკივილი და სიწითლე. სასმენი მილი შესაძლოა შეშუპებულიც იყოს. ზოგჯერ შეშუპება იმდენად ძლიერია, რომ მილი იხშობა და ბგერას ვეღარ ატარებს.
სოკოვანი ინფექციისთვის ყურის ტკივილზე მეტად ქავილია დამახასიათებელი. ჩნდება ყურის დაგუბების შეგრძნებაც. ასპერგილუსით გამოწვეული ინფექციის დროს წარმოიქმნება ნაცრისფერი, შავი ან ყვითელი წერტილები, რომლებსაც გარს ბამბისმაგვარი ნივთიერება აკრავს. კანდიდოზი ამგვარ ცვლილებას არ იწვევს. მისთვის სქელი, კრემისმაგვარი, თეთრი გამონადენია დამახასიათებელი.
ბაქტერიული ანთების სამკურნალოდ წვეთებს დაგინიშნავენ, რომლებიც მჟავას და კორტიკოსტეროიდებს შეიცავს. ზოგჯერ საჭიროა ადგილობრივი ანტიბიოტიკების გამოყენებაც, იშვიათად კი მათი სისტემური ფორმა, ტაბლეტები ინიშნება. მკურნალობის დაწყებამდე ექიმი აუცილებლად გაწმენდს ყურს, მოაცილებს მას ჭუჭყს, ჩირქს. სასმენი მილის გაწმენდის შემდეგ სმენა, როგორც წესი, აღდგება.
ტკივილს ანალგეტიკები შეგიმსუბუქებთ. ისინი განსაკუთრებით დაგეხმარებათ პირველი 24-48 საათის განმავლობაში, სანამ ანთება ჩაცხრობას დაიწყებს.
სოკოვანი ინფექციის დროსაც საგულდაგულოდ ასუფთავებენ სასმენ მილს და სოკოს საწინააღმდეგო წვეთებს გამოწერენ. შესაძლოა, განმეორებითი გაწმენდაც გახდეს საჭირო. ზოგიერთი პროფესიონალის აზრით, სოკოვანი დაავადების დროს განსაკუთრებით ეფექტურია სპირტისა და თეთრი ძმრის ნარევი: სპირტი მილის გამოშრობას უწყობს ხელს, ძმარი კი მჟავა გარემოს აღადგენს. შეგახსენებთ, სოკოების გამრავლება სწორედ მჟავატუტოვანი დისბალანსის შედეგია.
როგორც ბაქტერიული, ისე სოკოვანი ინფექციის დროს აუცილებელია ყურის სიმშრალის შენარჩუნება, სანამ ინფექცია არ გაივლის.
პრობლემების გულში
ყურიდან გამონადენი შესაძლოა შუა ოტიტის ბრალიც იყოს. შუა ოტიტი შუა ყურის ანთებაა, ბავშვთა ყველაზე გავრცელებული ინფექცია. ის, წესისამებრ, გაციების, გრიპის შედეგია და ყველაზე ხშირად წლის ცივ პერიოდში იჩენს თავს, ამიტომ ოტიტთან ერთად პატარას შესაძლოა სასუნთქი გზების ინფექციის ნიშნებიც ჰქონდეს – ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი, სურდო. ოტიტის ამოცნობა ძნელი არ არის: ყურის ძლიერი ტკივილი, განსაკუთრებით – ღამით, უძილობა, მოუსვენრობა, ტირილი... შესაძლოა, ყურიდან სითხემაც გამოჟონოს. გამომწვევისა და მდგომარეობის სირთულის მიხედვით, გამონადენი ლორწოვანი ან ჩირქიანია.
ხშირად მწვავე ოტიტი თავისთავად გაივლის. ტკივილის დასაამებლად ანალგეტიკების გამოყენებაა რეკომენდებული. მათთან ერთად ყურის წვეთებსაც გამოწერენ.
შავი ხვრელი ყურში
ყურიდან გამონადენი თუ გაჩნდა, უნდა შემოწმდეს, პერფორირებული (გახვრეტილი) ხომ არ არის დაფის აპკი. პერფორაციის დროს გამონადენი თეთრია, ლორწოვანი, ზოგჯერ შეიცავს სისხლს.
დაფის აპკი თხელი ქსოვილია, რომელიც გარეთა ყურს შუა ყურისგან მიჯნავს. მის პერფორაციას იწვევს:
* შუურის ანთება – ინფექცია ხშირად იწვევს შუა ყურში სითხის დაგროვებას. დაგროვილი სითხე დაფის აპკს აწვება და შესაძლოა, მისი მთლიანობა დაარღვიოს;
* ბაროტრავმა – ამ დროს დაფის აპკის პერფორაცია ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვალებადობის შედეგია. ბაროტრავმა ხშირია ფრენის დროს. შესაძლოა, განვითარდეს ავტოსაგზაო ავარიის, წყალქვეშ ცურვის დროსაც;
* აკუსტიკური ტრავმა – ამ შემთხვევაში დაფის აპკი ძლიერი ხმაურის ან აფეთქების შედეგად იხევა, თუმცა ძლიერი ბგერითი ტალღა იშვიათად იწვევს ასეთ შედეგს;
* უცხო სხეული – ნებისმიერ უცხო სხეულს, მათ შორის – ყურის საწმენდ ბამბის ჩხირს, შეუძლია, დააზიანოს დაფის აპკი, განსაკუთრებით – ბავშვებთან;
* თავის ტვინის ძლიერი ტრავმა.
დაფის აპკის პერფორაცია ვლინდება:
* ყურის ტკივილით;
* ყურიდან ლორწოვანი, ჩირქოვანი ან სისხლიანი გამონადენით;
* სმენის დაქვეითებით;* თავბრუხვევით;
* ტინიტუსით;
* გულისრევით, ღებინებით (თავბრუხვევის შედეგად).
დარღვეული ჰარმონია
დაფის აპკს ორი უმთავრესი დანიშნულება აქვს. პირველი: ის სმენით აღქმაში მონაწილეობს (როდესაც ბგერითი ტალღა დაფის აპკს ხვდება, ეს უკანასკნელი ვიბრირებს, რაც ბგერითი ტალღის ნერვულ იმპულსად გარდაქმნის პირველი ეტაპია). მეორე: ბარიერული ფუნქცია აკისრია – შუა ყურს წყლის, ბაქტერიებისა და უცხო სხეულებისგან იცავს.
ამის კვალობაზე, დაფის აპკის მთლიანობის დარღვევა იწვევს:
* სმენის დაქვეითებას, რომელიც, წესისამებრ, დროებითია და დაფის აპკის მთლიანობის აღდგენამდე გასტანს. სმენის დაქვეითების ხარისხი დაზიანების სიმძიმეზეა დამოკიდებული;
* შუა ყურის ინფექციას – დაფის აპკის მთლიანობის დარღვევისას ბაქტერიები ადვილად იჭრებიან შუა ყურში;
* შუა ყურის კისტას – ქოლესტეატომა ძალიან იშვიათი გართულებაა. ის კანის უჯრედებისა და სხვა ნარჩენებისგან შედგება და დაფის აპკის ხანგრძლივი დაზიანების შედეგად ყალიბდება.
დაფის აპკის მთლიანობა უმეტესად თავისთავად აღდგება, თუმცა არ არის გამორიცხული, პრობლემის მოსაგვარებლად ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო.
დაფის აპკის პერფორაციის თავიდან ასაცილებლად:
* დროულად უმკურნალეთ ოტიტს. გახსოვდეთ მისი სიმპტომები: ყურის ტკივილი, ცხელება, ცხვირის გაჭედვა, სმენის დაქვეითება, ბავშვებთან – მოუსვენრობა.
* დაიცავით ყურები ფრენის დროს – არ დაიძინოთ აფრენისას და დაშვებისას და ამ დროს სპეციალური დამცავი გამოიყენეთ. თუ გაციების ან ალერგიის გამო ცხვირის გაჭედვას ან ყურების დაგუბებას უჩივით, თავი არიდეთ ფრენას.
* ერიდეთ ხმაურს. თუ მეტისმეტად ხმაურიან გარემოში მუშაობა ან ცხოვრება გიწევთ, გამოიყენეთ დამცავი.
* არ შეიყოთ ყურში არავითარი გრძელი, წვეტიანინივთი. მკაცრად აკონტროლეთ პატარებიც.
ახლა კი შევაჯამოთ. მიმართეთ ექიმს, თუ:
* უჩივით ყურიდან ნებისმიერი ტიპის გამონადენს;
* გამონადენი გაჩნდა ტრავმის შედეგად;
* გამონადენი 5 დღეზე მეტია გრძელდება;
* თან ახლავს ყურის ძლიერი ტკივილი, ცხელება, თავის ტკივილი;
* დაგიქვეითდათ სმენა;
* შეამჩნიეთ სახის ასიმეტრია ან სახის კუნთების სისუსტე.
წყარო: ჟურნალი "ავერსი" (Aversi Magazine)
https://www.aversi.ge/