Plasmon
გრიპი და სასუნთქი სისტემის სხვა ინფექციები

თარიღი: 16 ოქტომბერი, 2016

გრიპი და სასუნთქი სისტემის სხვა ინფექციები
სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები კაცობრიობის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია და შესაბამისად, ექიმთან მიმართვის უხშირესი მიზეზს წარმოადგენს. დღეისათვის ცნობილია დაახლოებით 300 გამომწვევი, რომელთაც სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციური დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ. მათი უდიდესი ნაწილი ვირუსებია.

უფრო დაწვრილებით სეზონურ ინფექციებთან, კონკრეტულად კი გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ავერსის კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი. მედიცინის აკადემიური დოქტორი - თამარ ობგაიძე გვესაუბრება.

როგორ ვრცელდებიან ვირუსები? 
გავრცელების ძირითადი გზა ჰაერ-წვეთოვანია. ეს ნიშნავს, რომ ცხვირცემინების, ხველის დროს ავადმყოფი ადამიანი გამოყოფს და დაახლოებით 2 მეტრზე ავრცელებს ვირუსს. თუ თქვენი პატარა ამ არეალში მოხვდა, მას დასნებოვნების მაღალი შანსი აქვს. ვირუსები ასევე სწრაფად ვრცელდებიან ავადმყოფის მიერ ნახმარი პირადი ნივთების, მაგალითად, ჭურჭლის, პირსახოცის გამოყენებისას.

გრიპი ყველაზე მძიმე რესპირაციული ინფექციაა
რესპირაციულ ვირუსთა შორის გართულებათა განსაკუთრებული სიხშირით გრიპის ვირუსი გამოირჩევა. პირველი ცნობები გრიპისმაგვარი დაავადების შესახებ ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე ჰიპოკრატეს შრომებში მოიპოვება, ხოლო გრიპის პირველი დოკუმენტირებული პანდემია, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 1580 წლით თარიღდება. მას შემდეგ მსოფლიოს რამდენიმე პანდემია ახსოვს, მათგან ყველაზე მძიმე 1818-1920 წლებში ცნობილი “ისპანკა” იყო, რომელმაც 20 მლნ ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
გრიპის ვირუსი, ისვე როგორც სხვა რესპირაციული ვირუსები, ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება. შესაძლებელია ინფიცირება ავადმყოფის მიერ გამოყენებული, ლორწოთი დაბინძურებული პირადი საგნების – პირსახოცის, ჭურჭლის და სხვ. გამოყენების გზითაც. გრიპისა და სხვა რესპირაციულ ინფექციების გადატანის შემდეგ მყარი იმუნიტეტი არ ვითარდება, სწორედ ამითაა განპირობებული ამ ინფექციებით ხშირი ავადობა. არსებობს 3 ტიპის გრიპის ვირუსი – A,B,ჩ. ვირუსები სწრაფი ცვალებადობით გამოირჩევიან, რაც ყველაზე მეტად A ტიპის ვირუსისათვისაა დამახასიათებელი, სწორედ ეს ვირუსია მძიმე ეპიდემიებისა და პანდემიების გამომწვევი. ჩ ვირუსი ძირითადად სპორადულ შემთხვევებს იწვევს. სპეციალისტების გამოანგარიშებით, გრიპის პანდემია ყოველ 30-40 წელიწადში ერთხელ ვითარდება.

აი, როგორ შეიძლება გამოვიცნოთ გრიპი
გრიპის ძირითადი კლინიკური ნიშნებია – ზოგადი სისუსტე, მაღალი ცხელება (39oC და მეტი), თავისა და თვალბუდეების ტკივილი, კუნთებისა და სახსრების არეში ტეხვითი ტკივილი, ჩახეხვის შეგრძნება ყელში, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, გამონადენი ცხვირიდან, ხველა. დამახასიათებელია გართულებები გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მხრივ.

რატომ გვეშინია გრიპის განსაკუთრებულად სხვა რესპირაციულ ინფექციებთან შედარებით? 
იმიტომ, რომ იგი სერიოზულ გართულებათა სიხშირითა და მაღალი სიკვდილობით ხასიათდება. ის განსაკუთრებით საშიშია იმ ადამიანებისათვის, რომელთაც აქვთ სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, ასევე ხანდაზმულები და ბავშვები.

როგორ დავიცვათ პატარა გრიპისაგან? 
უპირველეს ყოვლისა, მოარიდეთ იგი ხშირ კონტაქტებს განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, რომელთაც სასუნთქი სისტემის ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს. 
თუ ოჯახის წევრია ავად, შეეცადეთ, ბავშვი მისგან იზოლირებული გყავდეთ და სპეციალური დამცავი ნიღბები გამოიყენეთ. ნიღაბი ხშირად იცვალეთ. თუ პატარა ბუნებრივ კვებაზე გყავთ, გააგრძლეთ ძუძუთი კვება, გახსოვდეთ, დედის რძე უხვად შეიცავს დაცვის სპეციფიურ ფაქტორებს –ანტისხეულებს. უფრო მოზრდილი ასაკის ბავშვებს ხშირად დაბანეთ ხელები, განსაკუთრებით, ქუჩიდან დაბრუნების შემდეგ. ხალხური მედიცინა პროფილაქტიკის უამრავ საშუალებას გვთავაზობს, მაგ: ნივრისა და ხახვის, ლიმონის წვენის და თაფლის მიღებას. შუა აზიის ქვეყნებში პროფილაქტიკისათვის ბროწეულს მიირთმევენ.
თუ პატარა ავად გაგიხდათ, დიდი ხნით ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს. მანამდე კი შეგიძლიათ ბავშვს სითხეების გაზრდილი რაოდენობა და სიცხის დამწვები პრეპარატები მისცეთ.

გრიპის ძირითადი პროფილაქტიკა ვაქცინაციაა
ცნობილია, რომ ის 3-4-ჯერ უფრო ეკონომიურია, ვიდრე გრიპისა და მისი გართულებების მკურნალობა. 
გრიპის ვაქცინაციის პრინციპი ემყარება ზოგადად ვაქცინაციის პრინციპს – ორგანიზმში შეგვყავს ვირუსის დასუსტებული ფორმა, რომელიც დაავადებას არ იწვევს, მაგრამ იწვევს ანტისხეულების გამომუშავებას გრიპის წინააღმდეგ. შედეგად, ყალიბდება დაავადების საწინააღმდეგო იმუნიტეტი. გრიპის ვაქცინებზე მუშაობა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო. თანამედროვე ვაქცინები მაქსიმალურად გაწმენდილი, უსაფრთხო და ეფექტურია.

როდის უნდა ავიცრათ? 
რა თქმა უნდა, მანამ, სანამ გრიპის სეზონი დაიწყება. ცნობილია, რომ გრიპის შემთხვევები ზამთრის პერიოდშია უპირატესად. ამიტომ აცრა შემდგომაზე კეთდება. მთელი წლის მანძილზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გროვდება და მუშავდება მასალა გრიპის გამომწვევი ვირუსების შესახებ. ზაფხულის ბოლოს პროგნოზირებული შტამების ჩამონათვალი როგორც ჩრდილო- ისე სამხრეთ ნახევარსფეროსათვის ვაქცინის მწარმოებელ ქარხნებს გადაეცემა. სწორედ მაშინ იწყება ვაქციენების წარმოება. ვაქცინის შემდეგენლობა ყოველწლიურად ახლდება. 
გრიპის სეზონზე აცრას პრაქტიკულად აზრი ეკარგება, რადგან იმუნიტეტს ჩამოყალიბებას საშუალოდ 1 თვე ჭირდება. ამ ხნის მანძილზე ვაქცინირებულ ადამიანს ვირუსთან კონტაქტის დროს დასნებოვნების შანსი მაინც აქვს, რადგან იმუნიტეტი საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის. ამიტომ, აცრას შემოდგომაზე გირჩევთ. ასე გრიპის სეზონს უკვე მომზადებული შეხვდებით.

ვინ უნდა აიცრას პირველ რიგში? 
რასაკვირველია, ის ადამიანები, რომელთაც გართულებათა მაღალი რისკი აქვთ – ესენი არიან სასუნთქი სისტემის ქრონიკული ავადმყოფობით, მათ შორის ბრონქული ასთმით, გულ-სისხლძარღვათა ქრონიკული დაავადებებით, შაქრიანი დიაბეტით, დაავადებულები. აცრა აუცილებელია იმ პაციენტებისთვისაც, რომელთაც სხვადასხვა მიზეზთა გამო (აივ-ინფექცია, სისხლის ავთვისებიანი დაავადებები, დიდი დოზებით კორტიკოსტეროიდების გამოყენება და სხვ) იმუნოდეფიციტური მდგომარეობა აქვთ. ავადობისა და გართულებათა მაღალი რისკი აქვთ ხანდაზმულ ადამიანებს და ადრეული ასაკის, განსაკუთრებით, 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებს. 

გრიპით ავადობის სიხშირე მაღალია ბავშვთა კოლექტივებში, ამიტომ ავადობისა და გართულებათა თავიდან ასაცილებლად ამ კონტინგენტის აცრა ასევე სასურველია.

6 თვემდე ასაკის ბავშვები გრიპის საწინააღმდეგოდ არ იცრებიან. ამისი მიზეზი ერთის მხრივ, მუცლადყოფნის პერიოდში დედიდან გადაცემული იმუნიტეტია, მეორეს მხრივ, მათ უმწიფარი იმუნური სისტემა აქვთ, რაც ვერ უზრუნველყოფს ვაქცინაზე სრულყოფილ იმუნურ პასუხს. 

ვაქცინაციის შედმეგ იმუნიტეტი 1 წელს ნარჩუნდება, ამიტომ დაავადებისაგან დასაცავად ყოველწლიური ვაქცინაციაა რეკომენდებული.

წყარო: ავერსის კლინიკა