Nuk
იდეალური საკვები ჭარბი წონისა და დიაბეტის თავიდან ასაცილებლად

თარიღი: 29 მარტი, 2021

როგორი უნდა იყოს შაქრის დონე სისხლში, სანდოა თუ არა გლუკომეტრები, შესაძლებელია თუ არა დიაბეტის პრევენცია და როგორია იდეალური კვება ჭარბი წონისა და დიაბეტის თავიდან ასაცილებლად. ამ თემებზე ექიმმა ენდოკრინოლოგმა, ლალი ტიგიშვილმა გვესაუბრა.

ქალბატონო ლალი, დიდი მადლობა რომ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად გვესტუმრეთ. პირველ შეკითხვას დავსვამთ შაქრიანი დიაბეტის სიმპტომებზე. თუ ადამიანს აქვს სიმპტომები, სწორია თუ არა სახლის პირობებში გლუკომეტრით მონაცემების გადამოწმება და არის თუ არა გლუკომეტრი ოჯახში საჭირო ნივთი? განსხვავდება თუ არა გლუკომეტრები ხარისხით სხვადასხვა ფირმების მიხედვით?ლალი ტიგიშვილი: სახლში, სადაც დიაბეტიანი პაციენტია, გლუკომეტრი აუცილებლად უნდა იყოს. მაჩვენებლების ხშირი კონტროლი განსაკუთრებით პანდემიის დროს არის საჭირო, რადგან კორონავირუსი რთული ვირუსია, რომლით ინფიცირებაც, სხვა ინფექციების მსგავსად, იწვევს შაქრის მატებას, რადგან ორგანიზმში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს. გლუკომეტრის ქონა შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტს თუნდაც იმაში ეხმარება, რომ ექიმს უფრო ხშირ-ხშირად მიაწოდოს მონაცემები თავისი მდგომარეობის შესახებ და რჩევები მიიღოს მისგან. თუკი ადამიანს აქვს შაქრიანი დიაბეტის სიმპტომები, მას შეუძლია გაიზომოს შაქარი გლუკომეტრით, ხოლო თუ საეჭვო რიცხვი მიიღო, სჯობს მაინც გადაამოწმოს ლაბორატორიულად, ვენურ პლაზმაში გლუკოზის დონის განსაზღვრით, რადგან ეს ყველაზე სარწმუნო მეთოდია.  გლუკომეტრი კი დიაგნოზის დასასმელად მაინცდამაინც არ გამოგვადგება, რადგან მას აქვს თავისი გარკვეული ცდომილება, გავლენას ახდენს ოთახის ტემპერატურა და ა.შ. ხარისხით გლუკომეტრები მეტ-ნაკლებად განსხვავდება, თუმცა ფირმას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს. ასე რომ, სიმპტომების შემთხვევაში შეგიძლიათ გადაამოწმოთ შაქრის დონე გლუკომეტრით, ხოლო თუ საეჭვო რიცხვი მიიღეთ, ლაბორატორიულად.

თქვენ საეჭვო რიცხვი ახსენეთ და აუცილებლად უნდა გკითხოთ, რომელია საეჭვო რიცხვი? მაგალითად, “ჯანმოს” და “ამერიკის ენდოკრინოლოგთა ასოციაციას” გლიკემიის დონეებთან დაკავშირებით სრულიად სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. ნორმად ერთგან უზმოზე 105 არის მიჩნეული, სხვაგან 110, ზოგან ნათქვამია, რომ ჭამის შემდეგ ნორმა არის 140 და ა.შ. რომელია სწორი მაჩვენებელი, რომელსაც უნდა დავეყრდნოთ?ლალი ტიგიშვილი:  თუ ჩვენ გვინდა დავსვათ დიაგნოზი, პაციენტს აქვს თუ არა შაქრიანი დიაბეტი, უნდა ჩატარდეს გლუკოზით დატვირთვის ტესტი. სპეციალური ნივთიერება გლუკოზა იხსნება წყალში, რომლესაც პაციენტი სვამს. 12 საათი ნახშირწყლოვანი შიმშილი და შემდეგ ვატარებთ ტესტს. დატვირთვიდან 2 საათის შემდეგ გლიკემია არ უნდა აღემატებოდეს 7,8 მილიმოლს ლიტრზე. პაციენტები ხშირად კითხულობენ, ეს რას ნიშნავს, მათ იციან სხვა რიცხვები, იგივე 140. საქმე იმაშია, რომ ტესტის შედეგად მიღებული რიცხვი მრავლდება კოეფიციენტზე, რომელიც შეადგენს 18,35-ს. ამ შემთხვევაში 7,8 მრავლდება ამ კოეფიციენტზე და ვიღებთ რიცხვს, რომელიც ნორმად ითვლება.  თუ 7,8-მდე არის მაჩვენებელი გლუკოზით დატვირთვიდან 2 საათის შემდეგ, ეს ნორმად ითვლება. თუ ამ ზღვართან ძალიან მიახლოებულია, ამ დროს უკვე ვამბობთ “სოს” და პაციენტს ვეუბნებით, რომ მან წონაში უნდა დაიკლოს ან ფიზიკური აქტივობა გაზარდოს. შესაძლოა ანალიზმა უჩვენოს რომ არსებობს პრედიაბეტის და შემდეგ დიაბეტის განვითარების საფრთხე. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რათა დიაბეტი არ განვითარდეს და მოხდეს პროფილაქტიკა. თუ მაჩვენებელი არის 7,8 -11,1 მილიმოლი ლიტრზე, ჩვენ უკვე ვამბობთ, რომ ეს არის პრედიაბეტი, ანუ დიაბეტის წინა მდგომარეობა. თუ მაჩვენებელი გლუკოზით დატვირთვიდან 2 საათის შემდეგ აღემატება 11,1-ს, თამამად ვამბობთ, რომ ეს შაქრიანი დიაბეტია. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ პაციენტს უზმოზე ჰქონდეს მაღალი შაქარი და ჭამის შემდეგ უფრო დაბალი, პრედიაბეტის მაჩვენებლით. თუ რომელიმე მაჩვენებელი, უზმოზე ან ჭამის შემდეგ არის მაღალი, ესეც გამოვლენილი დიაბეტია.

ქალბატონო ლალი, არის თუ არა დიაბეტი იმ დაავადებებს შორის, რომლებსაც ახასიათებთ “დამალვა”? ძალიან ხშირად გვსმენია, რომ ადამიანს არ ჰქონდა არანაირი სიმპტომი, მაგრამ რუტინული კვლევის დროს, ან ოპერაციისათვის მზადების პროცესში კვლევების ჩატარებისას, სრულიად მოულოდნელად გლიკემიის მაღალი მაჩვენებელი აღმოაჩნდა. ზოგჯერ კი სიმპტომები მკვეთრადაა გამოხატული. რასთან გვაქვს ასეთ დროს საქმე?
ლალი ტიგიშვილი: საქმე იმაშია, რომ არსებობს დიაბეტის სხვადასხვა ტიპები, მათგან ყველაზე გავრცელებული პირველი და მეორე ტიპის დიაბეტებია. ტიპი ერთი არის ახალგაზრდებში და მოზარდებში, ბავშვობიდან განვითარებული დიაბეტი. მას ახასიათებს მკვეთრად გამოვლენილი სიმპტომატიკა, საკმაოდ აგრესიული მიმდინარეობა. ტიპი ორი დიაბეტი შედარებით დუნედ იწყება, პრედიაბეტის ფაზაში ადამიანს შეიძლება არჰქონდეს გამოხატული სიმპტომები, თუმცა შემდეგ, როდესაცორგანიზმს ხვდება რაიმე ტიპის სტრესი, მაგალითად ინფარქტი, ინსლუტი, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პრობლემები, ამის ფონზე დიაბეტი უკვე ვლინდება. ნებისმიერი ინფექციის დროს, კოვიდის დროსაც ხდება მისი გამოვლენა. ზოგადად, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში დიაბეტის დიაგნოზის მაჩვენებლები მსოფლიოში გაორმაგებულია, ამიტომ გარკვეულწილად ეს შეიძლება ეპიდემიასაც შევადაროთ. ივარაუდება, რომ უახლოეს ათ წლიწადში რიცხვები გასამმაგდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა.

ვისაუბროთ წყურვილზე, როგორც სიმპტომზე. კიდევ რა დაავადებას შეიძლება ახასიათებდეს მკვეთრად გამოხატული წყურვილი?
ლალი ტიგიშვილი: არსებობს დაავადება უშაქრო დიაბეტი, რომლესაც შაქრიან დიაბეტთან არანაირი კავშირი არ აქვს. ის ანტიდიორეზული ჰორმონის უკმარისობით გამოწვეული დაავადებაა, თუმცა სიმპტომებით ძალიან ჰგავს ტიპი ორ დიაბეტს. ახასიათებს გაძლიერებული წყურვილი, ხშირი შარდვა და ა.შ. გლიკემია ამ დროს ნორმაშია.  დიაგნოსტირება ხდება შარდის ანალიზით, მდგომარეობის გამოსასწორებლად კი გამოიყენება ნაზალური წვეთები ან ტაბლეტები, რომლებიც დეზოპრესინს შეიცავს და აღადგენს შეწოვას, რის შედეგადაც სიმპტომატიკა წყდება.

აუცილებლად მინდა ვისაუბროთ რისკ-ჯგუფების შესახებ. როდესაც ადამიანის მშობლებს ან ბებია-ბაბუებს ჰქონდათ ეს დაავადება, ისინი უკვე მოიზრებიან რისკ-ჯგუფში, თუმცა ზოგჯერ ამ მხრივ გენეტიკა სუფთაა, მაგრამ ადამიანს მაინც ემართება შაქრიანი დიაბეტი. სად გადის ზღვარი ამ შემთხვევაში და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როცა დიაბეტზე ვსაუბრობთ?
ლალი ტიგიშვილი: როცა არის დატვირთული გენეტიკური ანამნეზი, ყველამ უნდა გამოიჩინოს გარკვეული სიფრთხილე წონის მატების მიმართ. მაგალითად გოგონებმა ორსულობის პერიოდში, გესტაციური დიაბეტისაგან თავის ასარიდებლად. ასეთ ქალბატონებში ორსულობაში შეიძლება იყოს სწრაფი მატება წონაში, სადღაც 20-30 კგ და ნაყოფიც დიდი იყოს, ანუ სახეზე იყოს მაკროსომია. ასეთ ქალბატონებს აქვთ მომავალში დიაბეტის განვითარების რისკი, რაც შეეხება ნაყოფს, გარკვეული რისკები აქაცარსებობს, თუმცა მცირე.იმისათვის, რათა განისაზღვროს მდგომარეობა, ორსულებს  24-28 კვირაზე უტარდებათ გლუკოზოტოლერანტობის ტესტი, რომლის შემდეგაც ექიმი წყვეტს, დანიშნოს  დიეტოთერაპია თუ დროებითი ინსულინოთერაპია. გესტაციის პერიოდში განვითარებული დიაბეტი მშობიარობის შემდეგ როგორც წესი აღარ აქვს პაციენტს, თუმცა არის რისკი, რომ შემდგომში განვითარდეს ტიპი ორი დიაბეტი. აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს კვება ბავშვებშიც, რადგან სადაც არ არის სწორი კვება და არის გენეტიკური განწყობა, იქ  აუცილებლად შეიქმნება პრობლემა ცხოვრების რაღაც ეტაპზე. მნიშვენლოვანია ფიზიკური დატვირთვა, თუნდაც ფეხით სიარული ყოველდღიურად.

ქალბატონო ლალი, რატომ არის შაქრიანი დაიბეტი ერთ-ერთი იმ დაავადებათაგან, რომელიც კოვიდ-19-მა მიზანში ამოიღო და რატომ რთულდება ხოლმე დაავადება დიაბეტიან პაციენტებში მაშინ, როდესაც ექიმები ამბობენ, რომ ნებისმიერი, თუნდაც ურთულესი ონკოლოგიური დაავადება შეიძლება იყოს სწორად მართული და ასეთ დროს ის საფრთხეს არ წარმოადგენს?
ლალი ტიგიშვილი: კოვიდ ინფექცია საკმაოდ მძიმეა, შაქრიანი დიაბეტი კი არის კომპლექსი. პაციენტი თავს უნდა უვლიდეს, თუმცა უმეტესობა თავს არ უვლის. რახან დიაბეტს საწყის ეტაპზე არაქვს გარეგანი გამოხატულება და ზოგან არცგამოხატული სიმპტომატიკა აციენტები ფიქრობენ, რომ რა მოხდა თუ შაქარი არის 200, 300… ზოგი პაციენტი შაქარს მხოლოდ უზმოზე იზომავს და ჭამის შემდეგ არა, შაქარის ასეთი მაჩვენებლები ან ინტერვალები ნორმალურ გლიკემიასა და მაღალ გლიკემიას შორისაც იწვევს სისხლძარღვების დაზიანებას. ზოგ ადამიანს შეიძლება უკვე 3 წელიწადში გაურთულდეს დაავადება საგრძნობლად, რადგან თავს არ უვლის. სადაც დიაბეტი არის მოვლილი,კოვიდი იქ ნაკლებად გართულდება, მაგრამ სადაც დიაბეტის გარდა არის პრობლემების ბუკეტი, არის გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, პაციენტს გადატანილი აქვს ინფარქტი ან ინსულტი, იქ აუცილებლად მაღალი რისკი ქინება გართულების. ამიტომ საჭიროა დავუჯეროთ ექიმს, ვიკვებოთ დანიშნულებისამებრ და ვეცადოთ მეტ ფიზიკურ აქტივობას, თუნდაც ფეხით სიარული ყოველდღე ძალიან კარგად აწესრიგებს გლიკემიას დღე-ღამის განმავლობაში. ხშირად პაციენტებს მჯდომარე ცხოვრება აქვთ და უბრალოდ ეზარებათ ფიზიკური დატვირთვა, მაგრამ მის გარეშე, ისევე როგორც დიეტის დაცვის გარეშე, დიაბეტთან ბრძოლა წარმოუდგენელია. ნებისმიერი ინფექციის შემთხვევაში შაქარი იმატებს, კოვიდის დროს ხშირად “დექსამეტაზონის” ჩართვა ხდება საჭირო, რომელიც ასევე უმატებს შაქარს, ასე რომ დღესდღეობით განსაკუთრებით აქტუალურია გლიკემიის კონტროლი, პაციენტმა უნდა დაიცვას კვების რეჟიმი და მუდმივ კონტაქტზე იყოს არა მხოლოდ ოჯახის ექიმთან, არამედ ენდოკრინოლოგთანაც. თუ ეს პირობები იქნება დაცული, ნაკლები შანსია ინფიცირების შემთხვევაში პაციენტს კოვიდი გაურთულდეს.

ჩვენ ხშირად გვესმის ფრაზა “ჯანსაღი კვება”, თუმცა ქართულ რეალობაში ჯანსაღად კვება ძალიან ძნელია, რადგან ვერ ვახერხებთ თქმას იმ უამრავ გემრიელ კერძზე, რასაც ქართული სამზარეულო გვთავაზობს. რაზე შეიძლება შეთანხმდნენ ექიმი და პაციენტი ასეთ დროს? შეიძლება თუ არა კვების რეჟისმი ისე შედგენა, რომ ის სასარგებლოც იყოს და თან არც ისე სტრესული?
ლალი ტიგიშვილი: რაციონში უხვად უნდა იყოს ჩართული ბოსტნეული. ეს ეხება ნებისმიერ ბოსტნეულს, გარდა ჭარხლის, სტაფილოსი და გოგრისა, რომლებშიც ნახშირწყალი უფრო მეტია. ეს ეხება კარტოფილსაც. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კარტოფილი იგივე პურია და ვეცადოთ მისი რაოდენობის შემცირებას. ასევე პურად შეგვიძლია ჩავთვალოთ წიწიბურა, რომლის 3-4 კოვზი უდრის ერთ ნაჭერ პურს, ასე რომ ერთი თეფში წიწიბურას ჭამა იგივეა, რაც სამი ნაჭერი პურის.

უნდა შემცირდეს თვითონ პურის მოხმარებაც. პაციენტს შეუძლია მიიღოს თევზი და ხორცი, მხოლოდ არა შებოლილ ან ნახევარფაბრიკატის მდგომარეობაში. რასაკვრიველია, ყველანი ადამიანები ვართ და ხანდახან პაციენტი არღვევს დიეტას, თუმცა თუ ეს მოხდა, მან უნდა გაზარდოს ფიზიკური დატვირთვა. თუ ფიზიკური დატვირთვა გაიზრდება, მაშინ ზედმეტად მიღებული კალორიები დაიწვება. ადამიანი რასაკვრიველია ხანდახან დაარღვევს დიეტას, მაგრამ ამას სისტემატური სახე არ უნდა ჰქონდეს. სწრაფი კვების ობიექტები პირველი პრობლემაა ამ მხრივ – თუნდაც ჩიფსები, რომელიც ბავშვებს ძალიან უყვართ, ძალაინ კალორიული პროდუქტია, მაგრამ ვერ ანაყრებს. ჩიფსების ჭამის შემდეგ ბავშვს კიდევ შივდება და გამოდის, რომ ორმაგ კალორიებს იღებს. ნებისმიერი საკვები, რაც იყიდება სწრაფი კვების ობიექტებში და უყვართ ბავშვებს, იგივე ბურგერები და ტკბილეული, ეს ყველაფერი ძალიან კალორიულია, მაგრამ არასაკმარისი იმისათვის, რომ დავნაყრდეთ. იგივე ტკბილი გაზიანი სასმელი, რომელიც წყურვილს არ კლავს. თუ ამას დავუმატებთ იმ ფაქტსაც, რომ დღეს ბავშვებიც მჯდომარე ცხოვრების წესით ცხოვრობენ, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, მივხვდებით, თუ რატომ არის დიაბეტის დიაგნოზები მომატებული ბავშვებშიც.

ქალბატონო ლალი, ბოლო კითხვა აუცილებლად მინდა დავსვა იმ მიმდინარე კვლევებისა და ინოვაციური მეთოდების შესახებ, რომლებზე მუშაობაც მიმდინარეობს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში შაქრიანი დიაბეტის მხრივ. თუ არის რაიმე ისეთი გაუმჯობესება მკურნალობის ნაწილში, რასაც შეიძლება ველოდოთ უახლოეს მომავალში?
ლალი ტიგიშვილი: ტიპი ერთი დიაბეტის შემთხვევაში ძირითადად იყო პანკრეასის გადანერგვის მცდლობები იმისათვის, რათა საჭირო აღარ ყოფილიყო ინსულინოთერაპია. როგორც მოგეხსენებათ, ტიპი ერთი დიაბეტი გაცილებით აგრესიული მიმდინარეობით ხასიათდება და გართულებების რისკი მეტია, საჭიროა მუდმივი კონტროლი. თუმცა ჯერჯერობით ვერცერმა პაციენტმა, რომელსაც პანკრეასი გადაუნერგეს, 9 თვეზე დიდი ხნის მანძილზე ვერ შეძლო გაეძლო ინსულინოთერაპიის გარეშე. შემდეგ ისევ ინსულინის ჩართვა გახდა საჭირო. ეს მეთოდი მუშავდება ძირითადად ტიპი ერთი დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის და ჯერჯერობით ის ფართოდ არ გამოიყენება, საუბარია ერთეულ შემთხვევებზე.

 

რაც შეეხება ინსულინის ანალოგებს, საბედნეიროდ ჩვენთან პაციენტებს აქვთ საშუალება გამოიყენონ ინსულინის ის ანალოგები, რომლებიც ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოში. ზოგიერთი საშუალება ჯერჯერობით საქართველოში არ არის რეგისტრირებული, მაგრამ ევროპაში უკვე ხშირად იყენებენ. მაგალითად, არის ისეთი პრეპარატი, რომლის გაკეთებაც კვირაში ერთხელაა საჭირო, არსებობს ისეთებიც, რომელთა გაკეთებაც დღეგამოშვებით ხდება და ა.შ…

წყარო: https://fortuna.ge/