თარიღი: 21 იანვარი, 2021
კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის დროს პირბადე ყველა ჩვენგანისთვის განუყრელი აქსესუარი გახდა და მისი ტარება სავალდებულოცაა.
პირბადის ხშირი მოხმარება კი, თავის მხრივ, იწვევს სახის კანის გაღიზიანებასა და პრობლემებს.
"ავერსის კლინიკის" დერმატოლოგის სერგო დადაშიანის რეკომენდაციები:
- უმჯობესია პირბადის შიდა ფენა იყოს ბამბის/კოტონის. ეს ბუნებრივი შემადგენლობის ქსოვილია და კანს იცავს გაღიზიანებისგან. სინთეტიკური ნაჭრის პირბადეს არ შეუძლია წყლის შეწოვა, შესაბამისად ნოტიო ჰაერი, რასაც ამოვისუნთქავთ არ შეიწოვება მის მიერ და ილექება კანსა და პირბადეზე, რაც ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას. გაითვალისწინეთ, ნაჭრის მრავალჯერადი პირბადის ტარების შემდგომ სავალდებულოა მისი გარეცხვა.
- პირბადის ხშირად და ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება განავითაროს კონტაქტური ალერგიაც, რომელიც ვლინდება 10-14 დღეში. კონტაქტური ალერგიის სიმპტომებია: კანის სიწითლე, ბუშტუკები, ანთებითი პროცესი და ქავილის შეგრძნება, რაც ზრდის კანში ბაქტერიის შეჭრის რისკს.
- უკეთესია თუ პირბადის შიგნით არ გაიკეთებთ მაკიაჟს, რათა თავიდან აირიდოთ კანის გაოფლიანება, გაღიზიანება. აუცილებლობის შემთხვევაში წაისვით არაკომედოგენური (კომედოგენურია კოსმეტიკა, რომელიც იწვევს ფორების დაკეტვას) კოსმეტიკური საშუალებები.
- სახის კანის მოვლის რუტინის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია სახის დაბანა დღეში ორჯერ, დილა-საღამოს. პანდემიის პირობებში კი სახის მოვლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და უმჯობესია დაიბანოთ პირბადის ყოველი მოხსნის შემდეგ. დასაბანი საშუალება უნდა იყოს შერჩეული კანის ტიპის მიხედვით, უნდა იყოს მსუბუქი ტექსტურის. სახის დაბანის მერე აუცილებელია დატენიანება.
- სახის დამატენიანებელის შერჩევა ინდივიდუალურია, კანის ტიპისა და მდგომარეობის შესაბამისად. კანის მოვლის რუტინაში დაამატეთ თერმული წყალი კანის გაჯანსაღებისა და გაგრილებისთვის, ის დღეში გამოიყენეთ რამდენჯერმე.