Plasmon
კარდიოფობია - ანუ გულის ნევროზი

თარიღი: 25 აპრილი, 2021

გულის ნევროზი, იგივე კარდიოფობია ვეგეტოდისტონიის გამოვლენაა. იგი ვეგეტატიური ნერვული სისტემის დისფუნქციის შედეგია, დაკავშირებულია ფსიქო-ემოციურ სტრესთან და ძირითადად, ახალგაზრდა ადამიანებში იჩენს თავს.

გულის ნევროზის გამომწვევი მიზეზებია:
• ფსიქო-ემოციურ სტრესი
• ჰორმონული დისფუნქცია
• ქრონიკური ინფექციები
• გადაღლა, შფოთვა
• სტრესულ გარემოში მუშაობა/ცხოვრება
• უძილობა
• ამინდის ცვალებადობა
• ალკოჰოლის ჭარბად მიღება
• კოფეინის ჭარბად მიღება
• მემკვიდრეობა
• მენსტრუაციის წინა პერიოდი

გულის ნევროზის არსებობის დროს აღინიშნება მრავალფეროვანი ჩივილები. მათ შორის,  გულ-სისხლძარღვთა დაავადებისათვის დამახასიათებელი ჩივილებიც, რაც საჭიროებს გარკვეულ ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს გულის პათოლოგიის გამოსარიცხად. შემთხვევათა უმრავლესობაში, გულმკერდის მიდამოში აღმოცენებული დისკომფორტი სხვადასხვა ხასიათისა (ჩხვლეტა, წვა, ზეწოლა) და ხანგრძლივობისაა (რამდენიმე წამიდან - რამდენიმე საათამდე). ასეთი ტიპის ტკივილი ნაკლებად არის დაკავშირებული ფიზიკურ დატვირთვასთან, პირიქით, ის ქრება პაციენტის საქმიანობისა და ფიზიკური აქტივობის დროს.

გულის ნევროზის სიმპტომები
• ჰაერის უკმარისობა
• გულის ფრიალი
• თავბრუხვევა
• ხშირი მთქნარება
• გონების ხანმოკლე დაკარგვა
• დაღლილობა
• ოფლიანობა
• ზოგადი სისუსტე
• არტერიული წნევის ცვალებადობა ( მაღლა აწევა/დაწევა)

გაითვალისწინეთ, ასეთი ჩივილების დროს სასურველია, ჩაიტაროთ გამოკვლევა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამოსარიცხად. გულის ნევროზის მკურნალობის კურსი მოიცავს როგორც მედიკამენტურ მკურნალობას, ასევე - ფსიქოთერაპიას.

რეკომენდაცია
დაიცავით ცხოვრების ჯანსაღი წესი: დაკავდით ფიზიკური აქტივობით, ისეირნეთ, გაატარეთ დრო სუფთა ჰაერზე, იკვებეთ ჯანსაღად და სწორად, დააბალანსეთ სამუშაო და დასვენების საათები, შეზღუდეთ ალკოჰოლის, ყავის, ენერგეტიკული სასმელების მიღება, იძინეთ არანაკლებ 8 საათისა.