თარიღი: 16 მაისი, 2019
მწყერის ხორცი ბავშვის კვებისათვის
გემრიელი, კალორიული, სასარგებლო - ეს მწყრის ხორცია. ჰოდა, თუ ყველა ამ თვისებას ფლობს, რატომაც არ უნდა მივცეთ ის პატარას?!
და მაინც, რითია გამორჩეული ამ მცირე ზომის ფრინველის ხორცი?
საკმაოდ კალორიული პროდუქტია მისი ყოველი 100გრამი 134 კკალ ენერგიას შეიცავს.
დიეტურია და ალერგიული ადამიანებისათვისაც ადვილი ასატანი -მწყრის ხორცი, ისევე როგორც მისი კვერცხი ხომ ოვომუკოიდს შეიცავს, რომელსაც ალერგიის საწინააღმდეგო თვისებები აქვს.
მწყრის ხორცში ცილა 21-22%-ია, ხოლო ცხიმი 2,5-4%.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცილის შემადგენლობაა. ის შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას, რომელთა სინთეზი ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია და ამავდროულად, ამინომჟავები ისეთი შემადგენლობითაა წარმოდგენილი, რაც ბავშვის ორგანიზმის მიერ მათ ათვისებას უწყობს ხელს.
მწყერის ხორცი B ჯგუფის ვიტამინების ნამდვილი საბადოა - ის დიდი რაოდენობით შეიცავს B6, B1, B6 B3, B12 ვიტამინებს.
ამ პატარა ფრინველის ხორცში ბევრი A ვიტამინია, რომელიც ბავშვის ზრდა- განვითარებისათვისაა აუცილებელი.
ეს ხორცი გამორჩეულია D ვიტამინის მაღალი შემცველობითაც. ის გაცილებით მეტია, ვიდრე იმავე რაოდენობის ქათმის ან ინდაურის ხორცში.
ლიზოციმი, რომელსაც მწყრის ხორცი შეიცავს, იმუნურ რეაქციებში მონაწილეობს.
რკინის მაღალი შემცველობა ანემიის პროფილაქტიკისათვისაა მნიშვნელოვანი.
მწყრის ხორცი სხვა აუცილებელ და სასარგებლო ნუტრიენტებსაც შეიცავს - სპილენძს, კობალტს, მანგანუმს, თუთიას. ეს ნივთიერებები აუცილებლია ორგანიზმში მიმდნარე 300-ზე მეტი ქიმიური რეაქციისათვის, რადგან ისინი ამ რეაქციებისათვის საჭირო ფერმენტული სისტემების ნაწილია.
ბავშვის ძვლოვანი სისტემის სრულფასოვანი ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი კალციუმი და ფოსფორი ასევე დიდი რაოდენობითაა წამოდგენილი მწყრის ხორცში.
და მთავარი - ყველა ეს ნუტრიენტი ისეთი თანაფარდობითაა წარმოდგენილი, რომ ორგანიზმის მიერ ერთმანეთის ათვისებას ხელს უწყობენ.
მწყრის ხორცს არ აქვს უკუჩვენებები, თუ პატარას მისი ინდივიდულური აუტანლობა არ აქვს.
როგორ ავარჩიოთ და მოვამზადოთ
ნუ დაგაბნევთ ხორცის მუქი ფერი - მწყერი სხვა ფრინველისაგან განსხვავდება.
თუ ხორცზე ხელის დაჭერისას ჩანაჭდევი მალე გასწორდა, ნიშნავს, რომ ხორცი ახალია.
ხორცის მოხარშვისას პირველი ნახარში აუცილებლად გადაღვარეთ - მწრის ხორცი დიდი რაოდენობით პურინებს შეიცავს, რაც პატარასთავის სასარგებლო სულაც არ არის.
მისი მიცემა 8 თვიდან შეიძლება ბოსტნეულთან ან ბრინჯთან ერთად. გაითვალისწინეთ, რომ მწყრის ხორცი სწრაფად, დაახლოებით 30 წუთში იხარშება.
არ მისცეთ პატარას მწყრის ხორცი, თუ მისი წარმომავლობა არ იცით - მწყერი შეიძლება პარაზიტებით ან მიკრობებით, მაგალითად, სალომონელათი იყოს ინფიცირებული, რაც ბავშვის დაავადებას გამოიწვევს . სწორედ ამიტომ ნანადირევს, ფერმაში გაზრდილი, სერტიფიცირებული ფრინველი სჯობს შესთავაზოთ პატარას.
გემრიელი და სასარგებლო ბოსტნეულის პიურე ხორცით 8 თვიდან
გასუფთავებული სტაფილო და კარტოფილი მოათავსეთ ქვაბში , დაასხით მდუღარე წყალი და დადგით ცეცხლზე.
ბოსტნეული რომ დარბილდება, ჩაუმატეთ დაჭრილი ყაბაყი. მოხარშვის შემდეგ ბოსტნეულს დაუმატეთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ან წვრილად დაწილადებული 50 გრ მწყრის ხორცი და დააბლენდერეთ, დაუმატეთ დედის რძე ან ხელოვნური ნარევი და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.
სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე