თარიღი: 12 აპრილი, 2020
ყველა ადამიანი იღლება, მაგრამ თუ ღამით კარგად გეძინათ და მაინც დაქანცულს გამოგეღვიძათ, წამოწოლა გინდათ, ყოველდღიური საქმიანობისთვის ენერგია არ გყოფნით, მით უმეტეს – თუ უკვე რამდენიმე კვირაა, ასე გრძელდება, დროა, ექიმთან მიხვიდეთ – შესაძლოა, ეს ყველაფერი ავადმყოფობის ნიშანი იყოს.
დაღლილობის მიზეზის მიგნებაში ყველაზე უკეთ ოჯახის ექიმი დაგეხმარებათ – გამოგკითხავთ, გაგსინჯავთ, მკურნალობას დაგინიშნავთ, თუ რამე პათოლოგია ივარაუდა – შესაბამისი დარგის სპეციალისტთან გაგზავნით.
რა იწვევს დაღლილობას და როგორ მოვიქცეთ, თუ ის ჩვენს ყოველდღიურ თანამგზავრად იქცა? ამ კითხვებზე “ავერსის კლინიკის” ოჯახის ექიმი მედეა ტუღუში გვპასუხობს.
– დაღლილობა – ეს არის დაქანცულობის, ენერგიის უკმარისობის შეგრძნება. ამასთან ერთად ადამიანს უქვეითდება მოტივაციაც. შესაძლოა, დაღლილობას თან ახლდეს ძილიანობა, აპათია – გარშემო მიმდინარე მოვლენებისადმი გულგრილობა.
– რა იწვევს დაღლილობას?
– დაღლილობა ბუნებრივი პასუხია ძლიერ აქტიურობაზე, ემოციურ სტრესზე, ძილის უკმარისობაზე, თქვენ წარმოიდგინეთ, უსაქმურობაზეც. ეს არის ნიშანი, რომელიც შესაძლოა ზოგიერთ ფიზიკურ თუ მენტალურ დარღვევაზე მიუთითებდეს. თუ ადამიანს კარგად სძინავს, სრულფასოვნად იკვებება, სტრესულ გარემოს ერიდება, მაგრამ დაღლილობას მაინც უჩივის, მდგომარეობა ექიმმა უნდა შეაფასოს.
დაღლილობის მიზეზი შეიძლება იყოს:
* ანემია (მათ შორის – რკინადეფიციტური);
* რკინის დეფიციტი (ანემიის გარეშე);
* ორსულობა;
* დეპრესია, შფოთვა, გლოვა;
* რომელიმე წამალი ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი, დეპრესიის საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო, გულისრევის საწინააღმდეგო, წნევის დამწევი, საძილე, შარდმდენი, სტეროიდული საშუალებების ჯგუფიდან;
* მუდმივი ტკივილი;
* ძილის დარღვევა, მეტისმეტად გვიან დაძინება;
* კვების უკმარისობა;
* ფარისებრი ჯირკვლის აქტიურობის მომატება ან დაქვეითება;
* ალკოჰოლიანი ან კოფეინიანი სასმელი;
* კოკაინის ან სხვა ნარკოტიკების რეგულარული მოხმარება.
რაც შეეხება დაავადებებს, მათი ჩამონათვალი მართლაც ვრცელია. დაღლილობა ხშირად ახლავს თან გულის უკმარისობას, დიაბეტს, ართრიტს, ხანგრძლივად მიმდინარე ინფექციურ დაავადებას (ბაქტერიული ენდოკარდიტი, პარაზიტული ინფექცია, ჰეპატიტი, შიდსი, ტუბერკულოზი, მონონუკლეოზი), თირკმლის დაავადებას, ღვიძლის დაავადებას, სიმსივნეს, ქიმიოთერაპიას, რადიოთერაპიას, ფართომასშტაბიანი ქირურგიული ჩარევის შემდგომ პერიოდს, ადისონის დაავადებას, ანორექსიას ან კვებითი ქცევის სხვა დარღვევას.
სიმსივნე და დაღლილობა
– განსაკუთრებით ხშირად უჩივიან დაღლილობას სიმსივნიანი პაციენტები. ამის მიზეზი შეიძლება იყოს თავად დაავადებაც და მკურნალობის გვერდით ეფექტებიც. ზოგიერთი სიმსივნე გამოიმუშავებს ერთგვარ ცილებს – ციტოკინებს, რომლებიც დაღლილობის შეგრძნებას იწვევს, ზოგიერთი ზრდის ორგანიზმის მოთხოვნას ენერგიაზე, ზოგი ასუსტებს კუნთებს, აზიანებს ღვიძლს, ფილტვებს, გულს, თირკმელებს, ცვლის ჰორმონულ ფონს.
დაღლილობას იწვევს ანემიაც. თავად ანემია კი შესაძლოა იყოს შედეგი:
. ქიმიური პრეპარატებით მკურნალობისა;
.ძვლის ტვინში გავრცელებული სიმსივნისა, რომელიც ერითროციტების წარმოქმნას აფერხებს;
. სისხლდენებისა, რომლებსაც ზოგიერთი სიმსივნე იწვევს.
სიმსივნიან პაციენტებს დაღლილობის ბევრი სხვა მიზეზიც აქვთ: ქრონიკული ტკივილი ამცირებს აქტიურობას, აქვეითებს მადას, არღვევს ძილს, აიძულებს ადამიანს ტკივილგამაყუჩებლების სმას... ცალკე თემაა ემოციური ფონი – სიმსივნის დიაგნოზი იწვევს შფოთვას, სტრესს, დეპრესიას.
სიმსივნიანი პაციენტები ცოტას მოძრაობენ; მათი ორგანიზმი სათანადოდ ვერ მარაგდება საჭირო ნივთიერებებით – დაქვეითებულია მადა, დარღვეულია საკვების ათვისება, ხშირია ღებინება. იცვლება ჰორმონული სტატუსიც, რასაც განაპირობებს სამკურნალოდ გამოყენებული ჰორმონული პრეპარატები, ოპერაციის, რადიაციული თერაპიის, ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტები.
ასე რომ, სიმსივნიან პაციენტებთან დაღლილობას მიზეზის მიხედვით უნდა გავუმკლავდეთ: სისხლის გადასხმით – ანემიას, ანტიდეპრესანტებით – დეპრესიას, ძილის მოწესრიგებით – მის დარღვევას და სხვა. მთავარია, პაციენტმა დაღლილობა არ ჩათვალოს სიმსივნის აუცილებელ თანმხლებ მოვლენად და მის შესახებ ექიმს უთხრას.
დაღლილობა და ასაკი
– დაღლილობას ასაკოვანი ადამიანებიც უჩივიან, რაც უმთავრესად ასაკთან ერთად მომრავლებული დაავადებების ბრალია. ამ ასაკში მეტია სტრესიც: ახლობლების გარდაცვალება, მატერიალური პრობლემები, შეგრძნება, რომ საკუთარ ცხოვრებას ვეღარ აკონტროლებ... ასაკში ხშირად ირღვევა ძილიც.
ბევრ მოხუცს ადარდებს მომავალი, ფიქრობს, ვინ მოუვლის, ეშინია, ახლობლებისთვის ზედმეტი არ გახდეს. გარდა ამისა, ბევრი ასაკოვანი ადამიანი უსაქმოდ რჩება, რაც მათთვის დიდი სტრესია – უჭირთ სიცარიელის ამოვსება, უმიზნოდ ცხოვრება. ამ დროს, კარგი იქნება, რაიმე სოციალურ აქტივობაში ჩაერთონ, ახალი საქმე გამონახონ, შეაფასონ თავიანთი ინტერესესები და შესაძლებლობები და გარშემო მყოფებს დახმარება შესთავაზონ. შეუძლიათ, ჩაერთონ ბავშვების აღზრდაში, მათ აქეთ-იქით ტარებაში, მეცადინეობაში. თუ საკუთარი შვილიშვილები არ ჰყავთ, მეზობლების, ახლობლების ბავშვებს დაეხმარონ, სხვა ასაკოვან ადამიანებს ეწვიონ და ხელი შეაშველონ... რაიმე ჰობი გაიჩინონ, ეცადონ, დიდხანს არ დარჩნენ მარტო საკუთარ თავთან, რათა დეპრესია არ მოერიოთ.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
– რა არის ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და როდის ისმება მისი დიაგნოზი?
– ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (ქდს) არის საკმაოდ სერიოზული, ხანგრძლივად მიმდინარე დაავადება, რომელსაც სხეულის არაერთი სისტემა გამოჰყავს მწყობრიდან. მას მიალგიურ ენცეფალომიელიტს უწოდებენ. ამ დროს ადამიანი იმდენად უუნარო ხდება, რომ ყოველდღიური საქმიანობაც კი უჭირს. შესაძლოა, ჩაცმა, ჭამა და ლოგინიდან წამოდგომაც კი ვერ მოახერხოს. რას მიჰყავს ადამიანი აქამდე, უცნობია. სინდრომი უმეტესად 40-60 წლის პირებს ემართებათ და ქალებთან 2-4-ჯერ ხშირად აღირიცხება, ვიდრე მამაკაცებთან.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ნიშნები ჩნდება და გადაივლის, მოდის და მიდის. ზოგჯერ მუდმივიც არის. ეს ნიშნებია:
* ფიზიკური ან გონებრივი დატვირთვის შემდეგ ადამიანი 24 საათზე მეტხანს თავს გამოფიტულად გრძნობს, გამოძინებულიც კი, ძალებს ვერ აღიდგენს;
* უჭირს კონცენტრაცია, ეფანტება ყურადღება, უუარესდება მეხსიერება;
* არტერიული წნევის მკვეთრი დაცემის გამო ადგომისას ეხვევა თავბრუ;
* სტკივა კუნთები, სახსრები, თუმცა არც შეწითლებული აქვს და არც შესივებული;
* დაჭიმული აქვს კისრისა და იღლიისქვეშა ლიმფური კვანძები;
* უჩივის მუდმივ ან გარდამავალ ყელის ტკივილს.
შედარებით იშვიათი ნიშნებია მხედველობის გაუარესება, შფოთვა, პანიკური შეტევა, შემცივნება და ღამის ოფლიანობა, ნაწლავის გაღიზიანება, ალერგია და მგრძნობელობის მომატება საკვებზე, სუნებზე, წამლებზე, ხმებზე, დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება სახეზე, ხელებსა და ფეხებზე.
ვინაიდან ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ნიშნები ძალიან ჰგავს სხვა დაავადებების სიმპტომებს ან წამლების გვერდით ეფექტებს, ექიმს დიაგნოზის დასმამდე ბევრი რამის გათვალისწინება მართებს. მან ფიზიკურად უნდა გასინჯოს პაციენტი და რამდენიმე კვლევაც ჩაუტაროს, თუმცა ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დასადგენი სტანდარტული ლაბორატორიული ტესტები არ არსებობს. ისინი უფრო სხვა დაავადებების გამოსარიცხად ტარდება.
საბოლოოდ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოზი ისმება: თუ ადამიანი უჩივის ისეთ დაღლილობას, რომ არათუ სხვა საქმის კეთება, საკუთარი თავის მოვლაც კი უჭირს; ფიზიკური ან გონებრივი დატვირთვის შემდეგ გრძნობს გამოფიტულობას; უკვე ექვს თვეზე მეტია ასე გრძელდება და ექიმი მისი მდგომარეობის სხვა ახსნას ვერ პოულობს.
– როგორ მკურნალობენ ქრონიკული დაღლილობის სინდრომს?
– ამ დაავადების სამკურნალო სპეციალური საშუალება არ არსებობს. მკურნალობა სიმპტომების მიხედვით ტარდება. ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახისა და ახლობლების ხელშეწყობაც. უნდა გაირკვეს, რომელი სიმპტომი იწვევს უფრო მეტ პრობლემას (მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ძილის დარღვევა) და უპირველესად მისი მოხსნა ვცადოთ.
როგორ გავუმკლავდეთ დაღლილობას
– რას ურჩევთ მათ, ვინც დაღლილობას უჩივის?
– უპირველეს ყოვლისა, დავიცვათ რეჟიმი და ვცადოს მივხვდეთ, რა გვაცლის ენერგიას.
ეს შესაძლოა იყოს:
* გვიან დაძინება. ღამის ძილი აუცილებელია ენერგიისა და მხნეობის აღსადგენად. ერიდეთ საღამო ხანს ნახევარ საათზე მეტი ხნით თვალის მოტყუებას – ეს ღამის ძილს უშლის ხელს. ეცადეთ ერთსა და იმავე დროს დაწვეთ და ადგეთ.
* კოფეინი. ერიდეთ ჩაის, ყავას, კოფეინიან გაზიან სასმელებს, განსაკუთრებით – დღის მეორე ნახევარში.
* ჭარბი ალკოჰოლი – ის გავლენას ახდენს აზროვნებასა და მოქმედებაზე, რეაქციაში შედის წამლებთან.
* ნიკოტინი – იწვევს კიბოს, გულის და სასუნთქის სისტემის დაავადებებს, გულის მუშაობისა და სუნთქვის დარღვევა კი ადამიანს ენერგიას აცლის.
* არაჯანსაღი საკვები – ერიდეთ ცარიელ კალორიებს: ჩიფსებს, ფრის, ტკბილეულს, – რომლებიც ცოტა ნუტრიენტს და ბევრ ცხიმსა და შაქარს შეიცავს. შეარჩიეთ ნუტრიენტებით მდიდარი, მრავალფეროვანი და კარგად ბალანსირებული საკვები, რომელიც ენერგიით აგავსებთ. სვით ბევრი წყალი,* ვა
რჯიშის ნაკლებობა ან სიჭარბე. რეგულარული ვარჯიში ენერგიას მატებს და გარეგნულადაც აახალგაზრდავებს, მაგრამ გადაჭარბება არ შეიძლება. უმჯობესია, რაოდენობა და ინტენსივობა სპეციალისტმა შეგირჩიოთ. ვარჯიში ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის კარგია. უბრალოდ, ექიმს ჰკითხეთ, თქვენი ჯანმრთლობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაიმე ტიპის აქტივობას ხომ არ უნდა მოერიდოთ. ბევრს მიაჩნია, რომ ენერგიას განსაკუთრებით მატებს ისეთი ვარჯიშები, რომლებიც აერთიანებს სუნქვით და წონასწორობის კომპონენტებს (ტაი-ჩი, იოგა). კარგი იქნება, თუ რელაქსაციის ტექნიკასაც დაეუფლებით (იოგა, მედიტაცია).
უკეთ რომ გაერკვიოთ საკუთარ მდგომარეობაში, კარგი იქნება, თუ დღიურს აწარმოებთ. ეს მეთოდი ბევრი სხვა პრობლემის დროსაც ეფექტურია (მაგალითად, წნევაზე დასაკვირვებლად). ის ეხმარება ადამიანს, საკუთარ ჩივილებსა და ცხოვრების წესს შორის გარკვეული ურთიერთმიმართება აღმოაჩინოს, რაც მის დაძლევას გაუადვილებს. ცხოვრებას აადვილებს საქმეების გეგმისა და განრიგის შედგენაც – მცირდება სტრესი. კარგი იქნება, სტრესულ ფაქტორებს სხვა მხრივაც თუ მოერიდება. სტიმულატორები, მათ შორის – კოფიენი, და დამამშვიდებლები დაღლილობის მოსახსნელად არ გამოდგება, შესაძლოა, პირიქით, დაამძიმოს პრობლემა. თუ ადამიანი ხანგრძლივი ტკივილის გამოა დღლილი, ტკივილის მოხსნა შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს დაღლილობისგან თავის დასაღწევად. იგივე ითქმის დეპრესიაზეც – მისი მკურნალობის შემდეგ დაღლილობაც იხსნება. აქვე გეტყვით, რომ ზოგიერთი ანტიდეპრესანტი უარეს დაღლილობას იწვევს, ამიტომ წამლისა და მისი დოზების თვითნებური შეცვლა არ შეიძლება.
მივმართოთ ექიმს
– როდის არის აუცილებელი ექიმთან მისვლა?
– თუ ადამიანი რამდენიმე კვირაა უჩივის დაღლილობას, აჯობებს, ექიმს მიმართოს, რომელიც დეტალურად გამოკითხავს, შეკრებს საჭირო მონაცემებს, გასინჯავს, გამოიკვლევს და დაღლილობის მიზეზს მიაგნებს, ცხოვრების არაჯანსაღი წესი იქნება ეს თუ ავადმყოფობა. ექიმთან დაკავშირება აუცილებელია, თუ დაღლილობას დაერთო:
* თავბრუხვევა;
* მხედველობის დაბინდვა;
* შარდვის შემცირება ან შეწყვეტა, უეცარი შეშუპება, წონის მატება;
* ფიქრი თვითდაზიანებაზე ან სუიციდზე;
* აუხსნელი სისუსტე და დაღლილობა, ცხელება, წონის კლება;
* შეკრულობა, კანის სიმშრალე, წონის მატება, სიცივის აუტანლობა;
* ღამით ხშირად გამოღვიძება;
* მუდმივი თავის ტკივილი;
* დეპრესია;
* ძილის დარღვევა.
მკურნალობა
– როდესაც დაღლილობა ავადმყოფობითაა გამოწვეული, რა თქმა უნდა, ძირითად დაავადებას ვმკურნალობთ, მაგრამ შედეგი უკეთსი იქნება, თუ მკურნალობასთან ერთად ცხოვრების წესსაც შეიცვლით. თუ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა არ გაქვთ, ნორმალურად იკვებეთ, იძინეთ, იაქტიურეთ და დაღლილობას ადვილად მოერევით.
წყარო: ჟურნალი "ავერსი" (Aversi Magazine)
https://www.aversi.ge/