თარიღი: 14 ივნისი, 2020
იმუნური სისტემა უდიდეს როლს თამაშობს ადამიანის ჯანმრთელობაში, ვინაიდან მისი გამართული მუშაობა განაპირობებს ცოცხალი ორგანიზმის მდგრადობას. იმუნური სისტემის ფუნქცია არის, უპასუხოს ნებისმიერ უცხო ნივთიერებას ადეკვატურად და შეინარჩუნოს ცოცხალი ორგანიზმის შინაგანი წონასწორობა. იმუნური სისტემის ფუნქციონირებასა და მის მნიშვნელობაზე „ავერსის კლინიკის“ ექიმი-იმუნოლოგი, ნინო ფირცხალავა მოგვიყვება.
იმუნური სისტემა წარმოადგენს რთულ კომპლექსს, რომლის შემადგენლობაშიც შედის უჯრედები, ცილები, ქსოვილები და ორგანოები. იმუნიტეტი არის იმუნურ სისტემაში შემავალი ყველა რგოლის შეთანხმებული მუშაობის შედეგად განვითარებული ორგანიზმის თავდაცვითი უნარი. იგი არის ორგანიზმის დამცავი ბარიერი ნებისმიერი, გენეტიკურად უცხო აგენტისაგან, იქნება ეს ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები, თუ ორგანიზმში გარედან მოხვედრილი სხვა ნებისმიერი მიკროორგანიზმი.
ძირითადად განასხვავებენ 2 ტიპის იმუნიტეტს: თანდაყოლილსა და შეძენილს.
თანდაყოლილი იმუნიტეტი ადამიანის ორგანიზმს მემკვიდრეობით გადაეცემა მშობლებისაგან
შეძენილი იმუნიტეტი კი რომელიმე ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ გამომუშავდება ორგანიზმში და დიდი ხნის განმავლობაში იცავს მას
იმუნური სისტემა, ისევე როგორც ორგანოთა სხვა სისტემები, შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს და ვეღარ შეძლოს ორგანიზმის დაცვა. იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითების დროს, როცა შესუსტებულია იმუნური პასუხი სხვადასხვა ხასიათის პათოგენზე, ვითარდება იმუნოდეფიციტური მდგომარეობა. წარმოშობის მიხედვით იგი შეიძლება იყოს თანდაყოლილი(პირველადი) და შეძენილი (მეორეული). იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს ორგანიზმი ვერ უწევს სათანადო წინააღმდეგობას ვირუსულ, ბაქტერიულ და სოკოვან ინფექციებს, რის შედეგადაც ვითარდება სხვადასხვა სისტემის ხშირი ინფექციური დაავადება.
იმუნური სისტემის შემადგენელი ნაწილების ურთიერთშეუთანხმებელი და არაკოორდინირებული მოქმედება უდევს საფუძვლად მრავალ ქრონიკულ დაავადებას. მწყობრიდან გამოსული იმუნური სისტემა ხშირად კარგავს “საკუთარისა“ და „უცხოს“ გარჩევის უნარს და თავისივე ორგანიზმის უჯრედებსა და ქსოვილებს ებრძვის, რის შედეგადაც ყალიბდება აუტოიმუნური დაავადებები.
აუტოიმუნურმა პროცესებმა ერთდროულად შეიძლება დააზიანოს რამდენიმე ორგანო, ყველაზე ხშირად კი ზიანდება ენდოკრინული სისტემა, ძვალ-სახსროვანი სისტემა, კუნთები, კანი, სისხლძარღვები, შემაერთებელი ქსოვილი და სხვა.
აუტოიმუნური დაავადებებს მიეკუთვნება: ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტი, დიფუზური ტოქსიური ჩიყვი, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 , რევმატოიდული ართრიტი, დერმატომიოზიტი, სისტემური წითელი მგლურა, ცელიაკია და სხვა მრავალი.
იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევას მიეკუთვნება ალერგია. იგი არის ორგანიზმის ზემგრძნობელობა, როდესაც იმუნური სისტემა იწყებს ცრუ განგაშს ზოგიერთ ისეთ ფაქტორზე, რომელიც ადამიანთა უმეტესობისათვის სრულიად უვნებელია. შეიძლება ითქვას იმუნური სისტემა უშვებს შეცდომებს და ავითარებს პათოლოგიური რეაქციებს. ალერგიული ანთება შესაძლებელია მიმდინარეობდეს სასუნთქ სისტემაში, კუჭ- ნაწლავთა სისტემაში, კანზე, ლორწოვანზე, თვალში და მოიცვას სხვა სისტემებიც.
ალერგიის გამოვლინებაა: ბრონქული ასთმა, ალერგიული რინო-სინუსიტი, ურტიკარია, ატოპური დერმატიტი, ალერგიული კონიუნქტივიტი, ანგიოშეშუპება და ანაფილაქსიური შოკი, რომელიც წარმოადგენს უმძიმეს, სისტემურ ალერგიულ რეაქციას და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა.
იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევის სტიმულატორებია:
- ინფექციური დაავადებები
- ფიზიკური ტრამვა
- მძიმე დამწვრობა
- მედიკამენტების არარაციონალური გამოყენება
- ფსიქო-ემოციური სტრესი
- არასრულფასოვანი კვება
- მძიმე სოციალური პირობები
- ალკოჰოლი
- თამბაქო
- ნარკოტიკული საშუალებები
- სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და სხვა
იმისათვის, რომ იმუნურმა სისტემამ შეძლოს სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქცია- დაიცვას ორგანიზმის შინაგანი წონასწორობა და მდგრადობა, საჭიროა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება:
გაატარეთ დრო სუფთა ჰაერზე
იკვებეთ ჯანსაღად, მიირთვით ხილი, ბოსტნეული, თევზი. მოერიდეთ ნახევარფაბრიკატებს, სწრაფი კვების პროდუქტებს, მინი დიეტებს (ერთი სახეობის საკვების მიღება) და ხანგრძლივად შიმშილს. დალიეთ წყალი.
რეგულარულად იძინეთ არანაკლებ 6 საათისა
დაკავდით ფიზიკური აქტივობით, იმოძრავეთ, ივარჯიშეთ კვირაში სამჯერ მაინც ან ირბინეთ.
და ბოლოს, იმუნიტეტის ასამაღლებლად და გამართულად ფუნქციონირებისთვის, პაციენტის დიაგნოზის შესაბამისად, ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის კურსს.