თარიღი: 13 ივლისი, 2016
რა არის კოლპოსკოპია??
კოლპოსკოპია არის საშოსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა ბინოკულარული მიკროსკოპით. კოლპოსკოპი არის ენდოსკოპიური ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება საშოსა და საშვილოსნის ყელის ეპითელიუმის in vivo კვლევებისთვის შესაბამისი გადიდებისა და განათების პირობებში.
პირველი კოლპოსკოპი შექმნა ჰამბურგელმა გინეკოლოგმა და მკვლევარმა ჰანს ჰინსელმანმა 1924 წლის დეკემბერში. ის ფიქრობდა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო იწყება ეპითელიუმის ზედაპირზე პატარა კვანძის სახით, რომლის შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელია. მან არამარტო დახვეწა კოლპოსკოპი, არამედ ჩაატარა მრავალი ექსპერიმენტი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების გამოყენებით, რათა საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმის და მისი დაზიანების უკეთესი ვიზუალიზაციისთვის მიეღწია.
ჰინსელმანის კვლევებმა და საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკასა და სიმსივნის პრევენციაში კოლკოსკოპიის მნიშვნელობის დამტკიცებამ დასაბამი მისცა ტექნიკურ და მეთოდოლოგიურ პროგრესს.
საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის დიაგნოსტიკაში კოლპოსკოპიის გამოყენება XX საუკუნის 60იან წლებში დაიწყო. ამ მეთოდის ფართოდ დანერგვის დაგვიანების მიზეზებს,ერთი მხრივ, გერმანელი მკლევარების შედეგების ნაკლები პოპულარიზაცია, მეორე მხრივ 1941 წელს პაპანიკოლაუსა და ტრაუტის მიერ საშვილოსნოს ყელის ინტრაეპითელური ნეოპლაზიის დიაგნოსტიკაში ექსფოლიაციური ციტოლოგიის იაფი და მარტივი მეთოდის, Pap ტესტის, დანერგვა წარმოადგენდა. კვლევებით დადასტურდა, რომ საშვილოსნოს ყელის სიმსივნური დაავადების სკრინინგისა და ადრეულ დიაგნოსტიკაში ამ ორი მეთოდის ერთობლივი გამოყენება უკეთეს შედეგებს იძლევა, ვიდრე რომელიმე მათგანის ცალკე.
კოლპოსკოპია საუკეთესო შედეგებს იძლევა ციტოლოგიურ კვლევასთან კომპლექსში.
გამოყენებული ლიტერატურა: საშვილოსნოს ყელის, საშოს და ვულვის დაავადებათა კოლპოსკოპიური დიაგნოსტიკისა და მართვის საფუძვლები.
ავტორი: მადონა ჯუღელი
ბესარიონ ტყეშელაშვილი
ალი ზაქარაია