თარიღი: 29 იანვარი, 2023
ანგინა იგივე ქრონიკული ტონზილიტის მწვავე მიმდინარეობაა, უშუალოდ ტონზილიტი კი ნუშურა ჯირკვლების (გლანდების) და მიმდებარე ქსოვილების ანთებაა. მისი გამომწვევი შეიძლება იყოს როგორც ვირუსები, ასევე ბაქტერიები, რომელთაგან განსაკუთრებით საყურადღებოა A ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკი. შესაბამისად, ტონზილიტი ქრონიკული დაავადებაა, გამწვავების პერიოდებით მანამ, სანამ არ მოხდება გლანდების მოცილება – ტონზილექტომია.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი დემეტრე ბესელია განმარტავს, რომ ტონზილექტომია, რომელიც ერთ დროს ტონზილიტის მკურნალობის საერთო პროცედურა იყო, ახლა კონკრეტული ჩვენებების დროს ტარდება.
ბატონო დემეტრე, რატომ ავადდება ასე ხშირად გლანდები?
ნუშურები, იგივე ტონზილები (ხალხურად – გლანდები), ხშირად ავადდება, იმიტომ, რომ ისინი მოქმედებენ როგორც იმუნური სისტემის ნაწილი. მდებარეობის გამო მათ შეუძლიათ შეაჩერონ ორგანიზმში პირის ან ცხვირის გავლით შემავალი მიკრობები.
როგორც იმუნური სისტემის დაცვის პირველი ხაზი, პირიდან შემავალი ინფექციების გზაზე ნუშურა ჯირკვლები პირველი იღებენ თავზე დარტყმას და იწყებენ სისხლის თეთრი უჯრედებით – ლეიკოციტებით [პასუხისმგებელია მავნე აგენტების განადგურებაზე] ბრძოლას გამომწვევ ანტიგენთან, რა დროსაც ვიღებთ ჩირქოვან სურათს.
ტონზილის იმუნური სისტემის ფუნქცია მცირდება სქესობრივი მომწიფების შემდეგ. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ მოზრდილებში ტონზილიტი უფრო იშვიათია.
როდის და რა ნიშნებით იჩენს თავს ტონზილიტი?
ჩვეულებრივ, ქრონიკული ტონზილიტის შემთხვევაში, როცა იმუნიტეტი ქვეითდება, თავს იჩენს ბაქტერიები. თუ იქამდე ჩვენი იმუნიტეტი მათ ერეოდა და ამარცხებდა, ორგანიზმის დასუსტებისას თავს იჩენს შემდეგი ძირითადი ჩივილები: ტკივილი ყელის მიდამოში; ყლაპვის გაძნელება; ზოგჯერ, გართულებულ პერიოდში, შეიძლება ადამიანს გაუჭირდეს სუნთქვა, შეეზღუდოს მოძრაობა ქვედა ყბის სახსარში (შეექმნას სირთულე პირის გაღებასთან დაკავშირებით); ზოგჯერ, როცა ანთების რთული მიმდინარეობა, ვერც კი საუბრობენ.
ტონზილიტის სხვა ნიშნებია: წითელი, შესიებული გლანდები; თეთრი ან ყვითელი საფარი ან ლაქები გლანდებზე; ცხელება; გადიდებული, მგრძნობიარე ჯირკვლები (ლიმფური კვანძები) კისერზე; ჩახლეჩილი ან შეცვლილი ხმა; უსიამოვნო სუნი პირის ღრუში.
რამდენად უსაფრთხოა ასეთ დროს თვითმკურნალობა?
სამწუხაროდ, ასეთ დროს პაციენტები მიმართავენ თვითშეფასებით მკურნალობას, რამაც შეიძლება უფრო გაართულოს მდგომარეობა. ძალიან ხშირად პაციენტები ასეთ დროს იკეთებენ სავლებებს.
საქმე ის არის, რომ როცა რაიმე სახის სავლებს ვივლებთ პირის ღრუში, შეიძლება ინფექციის წყარო პირიქით გავზარდოთ და საღი ქსოვილიც დავაზიანოთ, ანუ ინფიცირებული კერიდან მოხდეს სხვა ჯანმრთელი ქსოვილის დაინფიცირება.
ამიტომ არის აუცილებელი ექიმის კონსულტაცია მკურნალობის ტაქტიკის შესარჩევად.
მიკრობები, რომლებიც იწვევენ ვირუსულ და ბაქტერიულ ტონზილიტს, გადამდებია. ამიტომ საუკეთესო პრევენცია ჰიგიენის დაცვაა. დაიბანეთ ხელები კარგად და ხშირად; მოერიდეთ საკვების, ჭიქების ან სხვა ჭურჭლის გაზიარებას; შეცვალეთ კბილის ჯაგრისი ტონზილიტის დიაგნოზის შემდეგ.
რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ტონზილიტს?
თუ არის შორსწასული ფორმა, შეიძლება ჩამოყალიბდეს როგორც რეტროფარენგიალური, ისე პარატონზილარული აბსცესი [ჩირქოვანი ღრუ], რომელსაც უკვე ქირურგიული ჩარევა სჭირდება.
რეტროფარენგიალური აბსცესი ნიშნავს, რომ ჩირქის დაგროვება ხდება ხახის უკანა ზედაპირზე ლიმფურ კვანძებში, ხოლო პარატონზილარული აბსცესის დროს ჩირქის დაგროვება ხდება ტონზილას გვერდზე, მიმდინარეობს ჩირქოვანი პროცესი და აუცილებლია შექმნილი აბსცესის ღრუს დრენირება. ასეთ დროს ხშირად კეთდება აბსცეს ტონზილექტომია, როცა აბსცესების გაკვეთასთან და ღრუს დრენირებასთან ერთად ხდება გლანდის მოცილებაც.
როგორია ტონზილიტისა და ანგინის მკურნალობა?
ვინაიდან დაავადების გამომწვევი არის ბაქტერია, საჭიროა ანტიბიოტიკოთერაპია, მაგრამ გააჩნია მდგომარეობას, შეიძლება დაგვჭირდეს ჯერ ინიექციები და შემდეგ ტაბლეტირებულ ვერსიაზე გადასვლა, ან შესაძლოა ტაბლეტირებული ანტიბიოტიკოთერაპია საკმარისი აღმოჩნდეს მკურნალობის დასაწყისშივე.
რაც შეეხება სპრეებსა და დამხმარე პრეპარატებს, ისინი არსებობს როგორც ანტიბაქტერიული, ასევე – ანტივირუსული მოქმედების, შესაბამისად, ასეთ დროს, თუ არის ბაქტერიული, თანდართული ვირუსული ინფექცია, ძალიან ეფექტურად მოქმედებს ეს პრეპარატები. ასევე, მცირეოდენი არასტეროიდების გამოყენება ანთების წინააღმდეგ უფრო დააჩქარებს გამოჯანმრთელებას.
რაც შეეხება ოპერაციულ ჩარევას, ის არ კეთდება დაავადების აქტიურ ფაზაში, ანთებად ქსოვილზე. თუ პაციენტს ხშირად აწუხებს ანგინა, უნდა ვუმკურნალოთ და როცა დადგება სრული გამოჯანმრთელება, პაციენტის სურვილის შესაბამისად, შეიძლება დაიგეგმოს ოპერაცია.
რა შემთხვევაში კეთდება ტონზილექტომია – გლანდების ამოკვეთა?
ჯანმოს თანახმად, ტონზილექტომიის ჩვენებაა, როცა პაციენტს წელიწადში 5-6 და მეტჯერ აწუხებს ტონზილიტის გამწვავებული ფორმა.
არსებობს სხვა მდგომარეობაც, მაგალითად – ტონზილების ასიმეტრია, როცა მარჯვენა და მარცხენა ტონზილი ზომაში განსხვავებიან. ამ დროს შეიძლება პაციენტს ყელიც არ წამოსტკივდეს მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ ეს არის ტონზილექტომიის პირდაპირი ჩვენება.
ტონზილექტომიის რა მეთოდები არსებობს?
ტონზილექტომია ტარდება სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის ელექტროკოაგულაციით (გამოიყენება ელექტრო-პინცეტები, განკუთვნილია ქსოვილის მოსაჭრელად, ისე საჭიროების შემთხვევაში – სისხლძარღვის მოსაწვავად); კობლაციის მეთოდით, როცა ცივი პლაზმური მეთოდით ხდება ტონზილების სრული ამოკვეთა; ასევე ტარდება ლაზერული ტონზილოტომია, რა დროსაც ხდება არა მთლიანად გლანდის ამოღება, არამედ მისი ზომაში დაპატარავება.
სამივე მეთოდი ნაკლებად ინვაზიურია და სისხლდენის რისკები არის მაქსიმალურად შემცირებული.
ყველა ეს აპარატი სხვადასხვა სიხშირით და სხვადასხვა სიღრმის გავრცელებით ხასიათდება. მაგალითად, ელექტროსუტერი დაახლოებით 8 მმ – მდე ვრცელდება ქსოვილის სიღრმეში, ლაზერი – კიდევ უფრო ნაკლებად, კობლაცია კი ცივი პლაზმის მეთოდია. შესაბამისად, ხარისხი და გამოჯანმრთელების პერიოდი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მეთოდით იქნება ჩატარებული მკურნალობა. სამივე მათგანს აქვს თავისი უპირატესობა.
საქმე ის არის, რომ ტონზილექტომიისას ქირურგი-ოპერატორი ტონზილას კაფსულიანად იღებს ტონზილარული ნიშიდან. როცა ოპერაციის ჩატარება დიდ ასაკში ხდება, იქ ხშირ შემთხვევაში კაფსული გამქრალია, შესაბამისად, როცა ხდება თერმულად და ელექტროკოაგულაციით გლანდის ამოღება, საღი ქსოვილი რაღაც დოზით მაინც ზიანდება და წარმატებით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პაციენტს აქვს ტკივილი.
ტონზილექტომია ტარდება როგორც ზოგადი, ისე ადგილობრივი ადგილობრივი ანესთეზიითაც.
ადრე ხშირად ტარდებოდა ტონზილექტომია ადგილობრივი ანესთეზიით, როცა პაციენტს ეღვიძა ოპერაციის მსვლელობისას. ეს რა მეთოდია?
დღეს მივიწყებულია ადგილობრივი მიდგომით ტონზილექტომია, რომელსაც თავისი უპირატესობა აქვს ზოგად, ბალანსირებული ანესთეზიის ქვეშ გაკეთებულ ტონზილექტომიასთან შედარებით.
ეს ძირითადად ეხება რეაბილიტაციასა და ტკივილს პოსტოპერაციულ პერიოდში. ასევე, სისხლდენის გაცილებით ნაკლები რეციდივი ახასიათებს, რადგან ამ დროს წნევა და სასიცოცხლო პარამეტრები უფრო განსხვავებულია იმ მდგომარეობისგან, როცა პაციენტს სძინავს.
ადგილობრივად ჩატარებული ტონზილექტომიისას პაციენტს ღვიძავს, ოპერაცია ტარდება ბლაგვი წესით, ანუ ამ დროს არ გამოიყენება ელექტროხელსაწყო, შესაბამისად ნაკლებია თერმული დაზიანება და მარტივია რეაბილიტაციის პროცესიც.
ეს მეთოდი მათთვისაა, ვისაც ამა თუ იმ მიზეზების გამო არ სურს ზოგადი ანესთეზიის გაკეთება. ცხადია, ადგილობრივი ანესთეზიით ტონზილექტომიას თავის ჩვენებები აქვს, კერძოდ, სტრესული ფაქტორი. ადგილობრივად ჩატარება პატარა ასაკშიც დასაშვებია, თუ პაციენტი მზადაა.
როგორი უნდა იყოს კვება ტონზილიტისა და ანგინის დროს?
დიეტური კვება ასეთ დროს მოიცავს თავის შეკავებას ნებისმიერი ისეთი საკვებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს გაღიზიანება. ესაა ცხარე, მჟავე საკვები, თხილეული, გაზიანი სასმელები, ყავა, სიგარეტი, ასევე ალკოჰოლი, რომელიც იმუნიტეტს ისედაც აზიანებს.
გამოჯანმრთელების პერიოდში სახლში მოვლის სტრატეგიებია: დასვენება და ბევრი ძილი; ბევრი სითხის მიღება, რათა ყელი ტენიანი იყოს და თავიდან აიცილოთ დეჰიდრატაცია; კომფორტული საკვები და სასმელი – თბილი სითხეები, როგორიცაა უკოფეინო ჩაი ან თბილი წყალი თაფლით, ასევე გაყინული ხილის ნაყინს შეუძლია მტკივანი ყელის დამშვიდება; დაატენიანეთ ჰაერი, რომ მშრალმა ჰაერმა უფრო არ გააღიზიანოს ყელი, ან შედით რამდენიმე წუთით ორთქლიან აბაზანაში; მოერიდეთ ისეთ გამაღიზიანებლებს, როგორიცაა სიგარეტის კვამლისა და საწმენდი საშუალებების სუნი, რამაც შეიძლება ყელის გაღიზიანება გამოიწვიოს.
წყარო: https://batumelebi.netgazeti.ge