თარიღი: 11 მაისი, 2021
პერიოდული გულძმარვა, ე.წ. იჟოგა საკმაოდ ხშირად აწუხებთ ადამიანებს. უმრავლესობას გულძმარვით გამოწვეულ დისკომფორტთან გამკლავება სახლის პირობებშიც შეუძლიათ. თუმცა გახშირებული გულძმარვა, რომელიც ინტენსივობისა და სიმძაფრის გამო ყოველდღიურ საქმიანობაშიც გიშლით ხელს, შესაძლოა უფრო სერიოზული დაავადების სიმპტომი იყოს. რა იწვევს გულძმარვას, როდის უნდა მივმართოთ ექიმს და რა შეგვიძლია გავაკეთოთ სახლის პირობებში გულძმარვის სიმპტომების გასაქრობად, ექიმი გასტროენტეროლოგი თამარ გორგოშაძე გვესაუბრება.
რა არის გულძმარვა, რა ხდება ამ დროს ორგანიზმში?
გულძმარვა ეს არის წვა, პაციენტები უჩივიან მკერდის ძვლის უკან წვის შეგრძნებას. განისაზღვრება, როგორც გასტროეზოფაგური რეფლუქსი ანუ კუჭის შიგთავსის უკან, საყლაპავისკენ დაბრუნება. საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და ის თითქმის ყველა ადამიანს გამოუცდია. რაც შეეხება სიმპტომებს, წვის გარდა თან ახლავს გულისრევის შეგრძნება, დისკომფორტი, შეიძლება ახლდეს ღებინება, თუმცა იშვიათად. ძირითადად ეს არის წვისა და დისკომფორტის შეგრძნება საყლაპავის მიდამოში.
რა სიხშირით გულძმარვა არის საყურადღებო, როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
როდესაც გულძმარვის სიმპტომები შემაწუხებელი ხდება და თვის განმავლობაში სამჯერადად მაინც აწუხებს წვის შეგრძნება ადამიანს, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
რამდენად შესაძლებელია გულძმარვა იყოს ცალკე, დამოუკიდებელი პრობლემა, თუ ის აუცილებლად სხვა დაავადების სიმპტომია?
პირველი, რაც უშუალოდ იწვევს გულძმარვის განვითარებას, ეს შეიძლება იყოს არაჯანსაღი ცხოვრების წესი, როდესაც ადამიანი დიდი რაოდენობით იღებს ალკოჰოლს, გაზიან სასმელებს. გულძმარვის ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება იყოს სიგარეტის მოწევა, ცხიმიანი საკვები რაციონში. გულძმარვა ასევე ვითარდება მაშინ, როცა მუცელშიდა წნევა იზრდება, ეს უმეტესად ჭარბწონიან ადამიანებსა და ორსულებში ხდება. ასევე იმ ადამიანებში, რომელთაც მწოლიარე მდგომარეობაში უყვართ საკვების მიღება, რადგან ამ დროს არ ხდება სფინქტერის კარგად დახურვა.
ის დაავადებები, რომელთაც ძირითადად გულძმარვა ახლავს, შეიძლება იყოს ძალიან ბევრი. პირველ რიგში, რაც განსახილველია, ეს არის კუჭისა და თორმეტგოჯას ანთებითი პროცესები ანუ გასტრიტი, დუოდენიტი და წყლულოვანი დაავადებები, რომლებითაც უშუალოდ არის განპირობებული ეს სიმპტომი.
რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს გახშირებულ გულძმარვას?
ეს არის სიმპტომი, რომელიც თან ახლავს სხვა დაავადებებს, სხვა პრობლემებს. ეს სიმპტომი რიგ შემთხვევებში შესაძლოა საკმაოდ საგანგაშოც იყოს იმიტომ, რომ ბევრი უფრო სერიოზული გართულებებიც გამოიწვიოს, როგორიცაა: საყლაპავის ეროზიები, საყლაპავის წყლული, ანთებითი პროცესები, რაც რეფლუქს-ეზოფაგიტის სახელით არის ცნობილი და შორეული გართულება არის ბარეტის ეზოფაგიტი, რომელიც სიმსივნის წინარე მდგომარეობად მიიჩნევა.
ანატომიურად/ფიზიოლოგიურად რომ განვიხილოთ, საყლაპავში არის ტუტე გარემო, კუჭში არის მჟავე გარემო, საყლაპავსა და კუჭს შორის არის სფინქტერი (მომჭერი/ჩამკეტი კუნთი), როდესაც ვეღარ ახერხებს მოდუნებას და ეს ტონუსი დაქვეითებულია, არ იხურება სფინქტერი კარგად. ამ დროს კუჭის შიგთავსი ადის საყლაპავში, ანუ მჟავე გარემოს ასვლა ხდება ტუტე გარემოში. შესაბამისად იწვევს ცვლილებებს, პირველი რიგის გამოვლინება ეს არის ანთებითი პროცესი.
რა რეკომენდაციები არსებობს გულძმარვის სამკურნალოდ სახლის პირობებში?
უნდა გვახსოვდეს, რომ გულძმარვის სიმპტომები ერთჯერადადაც თუ იჩენს თავს, ეს არის ორგანიზმის საპასუხო სიგნალი რაღაც პრობლემაზე და ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირველი რეკომენდაცია ამ დროს არის დიეტა, კვების რაციონიდან აუცილებლად უნდა ამოვიღოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც იწვევენ გულძმარავს: ალკოჰოლი, გაზიანი სასმელები, მწარე, მჟავე, ცხარე, აგრეთვე ცხიმიანი საკვები. უვნებელი საკვები სასურველია დღის განმავლობაში მიირთვათ ოთხჯერადად, მცირე ულუფებით.
იმ პაციენტებს, რომლებსაც აწუხებთ გულძმარვა, უნდა ჰქონდეთ მაღალი სასთუმალი, თითქმის მჯდომარე მდგომარეობაში უნდა იძინებდნენ. როდესაც მჯდომარე მდგომარეობაშია ადამიანი, საყლაპავში კუჭის შიგთავსი ვერ გადადის. არ შეიძლება დახრითი მოძრაობები, მუცლის კუნთების ზედმეტად დატვირთვა ვარჯიშით (იგულისხმება მუცლის პრესი).
რაც შეეხება სიმპტომების მკურნალობას, ამ დროს გამოიყენება მჟავის დამაქვეითებელი პრეპარატები და საკმაოდ ცნობილი ჯგუფი მედიკამენტების – პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები.
MayoClinic: პროდუქტები, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევენ გულძმარვას:
• ცხარე საკვები
• ხახვი
• ციტრუსები
• ტომატიანი პროდუქტები (მაგ. კეჩუპი)
• ცხიმიანი ან შემწვარი საკვები
• პიტნა
• შოკოლადი
• ალკოჰოლი
• გაზიანი სასმელები
• კოფეინის შემცველი სხვა სასმელები
წყარო: https://batumelebi.netgazeti.ge/