თარიღი: 06 სექტემბერი, 2021
რა უნდა ვიცოდეთ ღვიძლის დაავადებების შესახებ, რა სიმპტომებით ვლინდება ისინი, რა არის მათი დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტი და რა რეკომენდაციების დაცვაა საჭირო საშიში დაავადებების თავიდან ასაცილებლად – ამ თემებზე ჰეპატოლოგმა, ინფექციონისტმა, ჰეპატოლოგიური კლინიკა „ჰეპას“ წამყვანმა ექიმმა, ეკატერინე დოლმაზაშვილმა ისაუბრა.
ეკა, დავიწყოთ საუბარი მიმდინარე აქტუალური თემით, ესაა კორონავირუსი და რისკ-ჯგუფები. რა შეიძლება ითქვას ვირუსულ ჰეპატიტებზე? წარმოადგენს თუ არა რისკ-ჯგუფს? ასევე, ბოლო დროს ხშირად ისმის, რომ კორონავირუსი გადატანის შემდეგ ტოვებს კვალს ღვიძლზე, რა ტიპის ცვლილებებზეა აქ საუბარი?
დღეს არსებული ინფორმაციით, ღვიძლის ქრონიკული დაავადებით პირებს შესაძლოა ჰქონდეთ კოვიდ 19-ის მძიმე მიმდინარეობის გაზრდილი რისკი და რისკის ზრდა ამავდროულად კავშირშია ღვიძლის დაზიანების სიმძიმესთან, მატულობს ღვიძლის ციროზის შემთხვევაში და კიდევ უფრო მყარად ასოცირდება დეკომპენსირებულ ციროზთან ანუ ციროზთან თანმხლები გართულებებით. ცალკე დაავადებებს თუ გამოვყოფთ, მაგალითად, ღვიძლის ალკოჰოლური ან არაალკოჰოლური გაცხიმოვნება ასოცირებულია კოვიდ 19-ის მძიმე მიმდინარეობასთან. B და C ვირუსული ჰეპატიტები კოვიდ 19-ით სიკვდილობის გაზრდილ რისკთან არ ასოცირდება.
რაც შეეხება იწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი ცვლილებებს ღვიძლში, ვინაიდან ის რეცეპტორები, რომელსაც ვირუსი იყენებს უჯრედში შესაჭრელად, გვხვდება ღვიძლშიც, შესაბამისად ღვიძლი წარმოადგენს ახალი კორონავირუსული ინფექციის ერთ-ერთ პოტენციურ სამიზნეს. კოვიდ 19-ის დიაგნოზით ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევის სიხშირე სხვადასხვა კვლევებით 14-დან 83%-მდე მერყეობს. ამ პაციენტებში ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევა შესაძლებელია იყოს ვირუსის პირდაპირი მოქმედების შედეგი, ვინაიდან თავად კორონავირუსის ნაწილაკები აღმოჩენილია ღვიძლის უჯრედების ციტოპლაზმაშიც; ასევე, ვირუსზე იმუნური სისტემის ძლიერი პასუხის შედეგი; და ასევე იმ მედიკამენტების ჰეპატოტოქსიურობის შედეგი, რომლებიც დღეს კოვიდ 19-ის სამკურნალოდ გამოიყენება. კოვიდ 19-ით პაციენტები, რომლებსაც ღვიძლის ფუნქციური სინჯები აქვთ დარღვეული, არიან დაავადებების მძიმე მიმდინარეობის გაზრდილი რისკის ქვეშ შედარებით იმ პაციენტებთან, რომლებსაც ასევე დიაგნოსტირებული აქვთ კოვიდ 19, მაგრამ ღვიძლის ფუნქციური სინჯები ნორმაში აქვთ. მძიმე მწვავე ჰეპატიტის შემთხვევები იშვიათია და ძირითადად კოვიდ 19-ის მძიმე მიმდინარეობის დროს გვხვდება. კოვიდ 19-ის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობისას ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევა, როგორც წესი, ზომიერია, გარდამავალია და რაიმე სახის სპეციფიკურ მკურნალობას არ საჭიროებს.
მართალია თუ არა საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრება, რომ ღვიძლმა ტკივილი არ იცის?
ღვიძლი ჩვენი ორგანიზმის ყველაზე დიდი ზომის შინაგანი ორგანოა, ის ძირითადად მუცლის ღრუს მარჯვენა ზედა ნაწილში მდებარეობს, ნაწილობრივ ვრცელდება ზედა შუა და მარცხენა ნაწილებშიც. როგორც წესი, ტკივილს იძლევა არა საკუთრივ ღვიძლი, არამედ კაფსულა, რომელშიც ის არის მოთავსებული. ღვიძლის ანთებითი დაზიანების დროს ხშირად ხდება ამ კაფსულის დაჭიმვა და ეს ხდება ტკივილის მიზეზი. ღვიძლის ქრონიკულ დაავადებებს ტკივილი შესაძლებელია ახლდეს, მაგრამ თუ შევადარებთ მაგალითად ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთების დროს განვითარებულ ტკივილს, ეს უკანასკნელი, როგორც წესი, ბევრად უფრო მწვავეა, ძლიერია, ინტენსიურია, ხოლო ღვიძლის ქრონიკული დაავადებით პაციენტები უფრო ხშირად აღნიშნავენ ყრუ ტკივილს, დისკომფორტს, სიმძიმის შეგრძნებას მარჯვენა ფერდქვეშა არეში. ამიტომაცაა გავრცელებული მოსაზრება, რომ ღვიძლმა ტკივილი არ იცის.
გარდა ამისა, ხშირად გაჟღერებულა და კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ზოგადად ღვიძლის ქრონიკული დაავადებები შემთხვევათა დიდ ნაწილში მიმდინარეობს საერთოდ უსიმპტომოდ ან მხოლოდ ზოგადი არასპეციფიკური სიმპტომებით, როგორიცაა მაგალითად საერთო სისუსტე. შესაბამისად, კლინიკური ნიშნების მიხედვით, ღვიძლის ამა თუ იმ დაავადების არსებობას ვერც დავადასტურებთ, ვერც გამოვრიცხავთ; საჭიროა შესაბამისი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარება.
რატომ შეიძლება ღვიძლი გაიზარდოს ზომაში? ზოგადად რა იწვევს ღვიძლის ცვლილებებს და რა ტიპის კვლევები ტარდება იმის დასადგენად, თუ რა მდგომარეობაშია ღვიძლი?
ღვიძლის ზომაში მატება, იგივე ჰეპატომეგალია, შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი მიზეზებით, როგორიცაა ანთებითი პროცესი ღვიძლში ანუ ჰეპატიტი; ღვიძლის ალკოჰოლური თუ არაალკოჰოლური გაცხიმოვნება; დაავადებები, რომლის დროსაც ღვიძლში ხდება ამა თუ იმ ნივთიერების ჩალაგება, მაგალითად სპილენძის ან რკინის – ამ დაავადებებს შესაბამისად ვილსონის დაავადება და ჰემოქრომატოზი ჰქვია; ღვიძლის ზომაში მატების მიზეზი შესაძლოა იყოს ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება, მაგალითად ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენების შედეგად; ასევე, ღვიძლში არსებული წარმონაქმნები (კისტა, ღვიძლის კიბო); ონკოლოგიური პროცესის დროს სიმსივნური უჯრედებით ღვიძლის ინფილტრაცია; ღვიძლში სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემები (მაგალითად ღვიძლის ვენების თრომბოზი).
რაც შეეხება ღვიძლის მდგომარეობის შეფასებას, როგორც წესი, ეს ერთი კონკრეტული კვლევით არ ხდება და ამ მიზნით ტარდება სხვადასხვა ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები, მათი კომბინაცია, როგორიცაა მაგალითად სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური სინჯების განსაზღვრა, მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა, ღვიძლის ელასტოგრაფია, მუცლის ღრუს კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, საჭიროების შემთხვევაში ღვიძლის ბიოფსია; ასევე, ღვიძლის კონკრეტული დაავადებების სადიაგნოსტიკო ლაბორატორიული კვლევები. მაგალითად, С ჰეპატიტის გამოსარიცხად – C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების და ვირუსის გენეტიკური მასალის განსაზღვრა სისხლში.
რას გულისხმობს ტერმინი გაცხიმოვნებული ღვიძლი და როგორ ვუშველოთ მას?
ღვიძლის გაცხიმოვნება, იგივე სტეატოზი, გახლავთ ღვიძლში ცხიმის ჭარბი ჩალაგება. ღვიძლში ცხიმის გარკვეული შემცველობა ნორმალურია; თუმცა, თუ ის 5-10 %-ს აჭარბებს, ეწოდება ცხიმოვანი ღვიძლი.
თუ როგორ ვუშველოთ მას, ეს პირველ რიგში დამოკიდებულია ღვიძლის გაცხიმოვნების გამომწვევ მიზეზზე. ხშირად მიზეზი ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებაა და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ალკოჰოლის მიღების შეწყვეტა. ღვიძლის გაცხიმოვნების მიზეზი შესაძლებელია იყოს ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენებაც.
განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ღვიძლის ე.წ. არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება. ეს გახლავთ ღვიძლის გაცხიმოვნება, რომელიც, არ არის დაკავშირებული ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასთან, არც ღვიძლის გაცხიმოვნებასთან ასოცირებული მედიკამენტების მოხმარებასთან ან გენეტიკური დარღვევების არსებობასთან და, როგორც წესი, ასოცირებულია ისეთ რისკ-ფაქტორებთან, როგორიცაა სიმსუქნე/ჭარბი წონა, ინსულინრეზისტენტობა, შაქრიანი დიაბეტი, ქოლესტერინის ცვლის დარღვევა. თუმცა ეს დაავადება გვხვდება არაჭარბწონიანებშიც.
არსებობს ამ დაავადების 2 ფორმა, პირველი გახლავთ ცხიმოვანი ღვიძლი, რაც ნიშნავს ღვიძლის გაცხიმოვნებას ანთების და ღვიძლის უჯრედების მნიშვნელოვანი დაზიანების გარეშე, შესაბამისად ეს ფორმა, როგორც წესი, მძიმე გართულებებთან არ ასოცირდება; ხოლო მეორე – ეს არის არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი, რაც ნიშნავს გაცხიმოვნებას თანმხლები ჰეპატიტით/თანმხლები ანთებითი პროცესით ღვიძლში, შესაბამისად ღვიძლის უჯრედების/ჰეპატოციტების დაზიანებით, რაც შესაძლოა პროგრესირდეს ღვიძლის ფიბროზსა და ციროზში. დღეს მსოფლიოში არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი ღვიძლის ქრონიკული დაზიანების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია, ის გვხვდება როგორც ზრდასრულ ადამიანებში, ასევე ბავშვებში.
ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია ცხოვრების წესის შეცვლა, ჰიპოკალორიული დიეტა, ფიზიკური აქტივობა, წონაში დაკლება. ითვლება, რომ ღვიძლში ცხიმის შესამცირებლად საჭიროა წონის სულ მცირე 3-5%-ის დაკლება, ხოლო იმისთვის, რომ მივაღწიოთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროცესების, მაგალითად ღვიძლში მიმდინარე ანთებითი პროცესის და ღვიძლის ფიბროზის უკუგანვითარებას, საჭიროა წონის სულ მცირე 7-10%-ის დაკლება. რაც შეეხება მედიკამენტოზურ მკურნალობას, მისი საჭიროება კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება ექიმის მიერ.
ღვიძლზე, როგორც ყველაზე დიდი რესურსის მქონე ორგანოზე მინდა გკითხოთ, რა აზიანებს მას ყველაზე მეტად? არის თუ არა საკვები, რომელიც განსაკუთრებით ვნებს ან, პირიქით, უხდება ღვიძლს?
ღვიძლი ნამდვილად ძალიან რთული და დიდი რესურსის მქონე ორგანოა. ის ასრულებს ისეთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს, როგორიცაა მაგალითად სინთეზური ფუნქცია ანუ ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებების წარმოქმნა, დეზინტოქსიკაციური ფუნქცია ანუ ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებების მოცილება, ასევე, ორგანიზმისთვის საჭირო ენერგეტიკული მარაგის მობილიზება და დასაწყობება, რათა ის გამოყენებული იქნას მოგვიანებით საჭიროების შემთხვევაში.
რაც შეეხება, თუ რა აზიანებს მას, თუ საკუთრივ ღვიძლის დაავადებებს ვგულისხმობთ, კიდევ ერთხელ ძალიან მოკლედ ჩამოვთვლი: ეს შეიძლება იყოს ვირუსული ჰეპატიტები A, B, C, D, E, სხვა ინფექციური დაავადებები, როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული, პარაზიტული; ღვიძლის გაცხიმოვნება და მასთან ასოცირებული ანთებითი პროცესი; ავტოიმუნური ჰეპატიტი; ღვიძლის ე.წ. ქოლესტაზური დაავადებები, რომელთათვისაც დამახასიათებელია სანაღვლე სადინრების უპირატესი დაზიანება; გენეტიკური დაავადებები, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები. ზოგიერთ ქიმიურ ნივთიერებასთან კონტაქტი შესაძლებელია გახდეს ღვიძლის დაზიანების და ღვიძლის ე.წ. პროფესიული დაავადების მიზეზი.
რაც შეეხება საკვებს, ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია სრულფასოვანი, ცილებით მდიდარი, ჯანსაღი, სწორი კვება. ღვიძლის ციროზის ამა თუ იმ გართულების შემთხვევაში, კონკრეტული პროდუქტი შეიძლება შეიზღუდოს. მაგალითად მუცლის ღრუში სითხის არსებობისას, პაციენტს ეძლევა მარილის შეზღუდვის რეკომენდაცია.
ასევე მნიშვნელოვანია ის ზოგადი რეკომენდაციები, როგორიცაა ფიზიკური აქტივობა, თამბაქოს მოხმარებისგან თავის შეკავება, მედიკამენტების, მათ შორის ვიტამინების, კვებითი დანამატების და ე.წ. მცენარეული პრეპარატების, ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენებისგან თავის შეკავება, ვინაიდან ღვიძლის დაზიანების მიზეზი ხშირ შემთხვევაში შესაძლოა ესა თუ ის მედიკამენტი იყოს.
ალკოჰოლი გახლავთ ის პროდუქტი, რომლის ჭარბი მოხმარებაც, დადასტურებულია, რომ ზრდის ღვიძლის ციროზის და ღვიძლის კიბოს განვითარების რისკებს. ხშირად ისმის კითხვა: რა არის ალკოჰოლის უსაფრთხო რაოდენობა? ალკოჰოლის ე.წ. უსაფრთხო რაოდენობა გახლავთ ალკოჰოლის 1 სტანდარტული პორცია/დღეში ქალებისთვის, ხოლო 2 – მამაკაცებისთვის. ალკოჰოლის ერთი სტანდარტული პორცია შეიცავს 10-14 გრამ ალკოჰოლს, რაც დაახლოებით შეესაბამება 150 მლ ღვინოს. მაგრამ ეს გახლავთ ალკოჰოლის უსაფრთხო რაოდენობა იმ პირებისთვის, ვისაც არ აქვთ ღვიძლის ქრონიკული დაავადება, რაც შეეხება ღვიძლის ქრონიკული დაავადებით პირებს, მათთვის ალკოჰოლის დღიური უსაფრთხო რაოდენობა განსაზღვრული არ არის და რეკომენდებულია ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.
რა არის ფიბროსკანი და რა ინფორმაციას გვაძლევს ის, რით განსხვავდება სტანდარტული რადიოლოგიური კვლევისგან?
ფიბროსკანი გახლავთ ფრანგული აპარატის სახელწოდება, ხოლო გამოკვლევის მეთოდს, რომელიც ამ აპარატით ტარდება, ღვიძლის ელასტოგრაფია ჰქვია. ეს არის ულტრაბგერის პრინციპზე დამყარებული მარტივი, უმტკივნეულო, უსისხლო მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა რამდენიმე წუთში შეფასდეს ღვიძლის ფიბროზის/ციროზის სტადია და გაცხიმოვნების ხარისხი. მნიშვნელოვანია, რომ კვლევის შედეგი კვლევის დასრულებისთანავეა.
მოგეხსენებათ, რომ ღვიძლის ნებისმიერი ქრონიკული დაავადების ძირითადი გართულებებია ღვიძლის ფიბროზი, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის პირველადი კიბო და ღვიძლის უკმარისობა. განმარტების სახით მოკლედ ვიტყვი, რომ ღვიძლის ფიბროზი/ციროზი არ გახლავთ დამოუკიდებელი დაავადება, ის ღვიძლის ნებისმიერი ქრონიკული დაავადების ძირითადი გართულებაა. შესაბამისად, როდესაც პაციენტთან დიაგნოსტირდება ღვიძლის ესა თუ ის ქრონიკული დაავადება, უმნიშვნელოვანესია ღვიძლის ფიბროზის/ციროზის სტადიის შეფასება, ანუ დაავადების სიმძიმის შეფასება, ვინაიდან თითოეული ამ დაავადების მენეჯმენტი და პროგნოზი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ღვიძლის დაზიანების ხარისხზე.
ღვიძლის დაზიანების სიმძიმის შესაფასებლად მსოფლიოში იყენებენ ინვაზიურ და არაინვაზიურ მეთოდებს. ინვაზიური მეთოდი გახლავთ ღვიძლის ბიოფსია – ღვიძლის ქსოვილიდან მასალის აღება მისი შესწავლის მიზნით. ეს მეთოდი ოქროს სტანდარტადაა აღიარებული, თუმცა მას გააჩნია გარკვეული შეზღუდვები, როგორიცაა გახანგრძლივებული ტკივილის, სისხლდენის რისკი, ცდომილების ალბათობა მასალის შეფასებისას. ზოგადად, ღვიძლის ბიოფსია, რა თქმა უნდა, უსაფრთხო პროცედურადაა აღიარებული და როდესაც მას ალტერნატივა არ აქვს, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, როგორც გამოკვლევის მეთოდი. თუმცა კლინიკურ პრაქტიკაში ნაწილში ღვიძლის ფიბროზის/ციროზის სტადიის შესაფასებლად შემთხვევათა დიდ ნაწილში შესაძლებელია გამოვიყენოთ არაინვაზიური ანუ უსისხლო მეთოდები.
ეს არაინვაზიური მეთოდები მრავალრიცხოვანია და ორ ძირითადად მიდგომას ეფუძნება. პირველია ე.წ. „ბიოლოგიური“ მიდგომა, როდესაც სისხლში ისაზღვრება სხვადასხვა მარკერი და ამ მარკერების საშუალებით ფასდება ღვიძლის დაზიანების სიმძიმე, ხოლო მეორე ე.წ. „ფიზიკური“ მიდგომაა და ღვიძლის სიხისტის გაზომვას ემყარება. სწორედ ამ მეორე ჯგუფს მიეკუთვნება ღვიძლის ელასტოგრაფია ფიბროსკანით. ღვიძლის სიხისტე შესაძლებელია სხვადასხვა აპარატით გაიზომოს, მაგრამ ფიბროსკანით ღვიძლის ელასტოგრაფია ღვიძლის შორსწასული ფიბროზის და ციროზის ანუ ღვიძლის დაზიანების სიმძიმის სადიაგნოსტიკო ყველაზე ფართოდ შესწავლილი და ვალიდირებული არაინვაზიური ანუ უსისხლო მეთოდია ღვიძლის ნებისმიერი ეტიოლოგიის ქრონიკული დაავადების დროს, ის ღვიძლის სიხისტის შესაფასებელი არაინვაზიური ოქროს სტანდარტია.
რა თქმა უნდა, არსებობს ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება იმოქმედონ კვლევის შედეგზე და მოგვცენ გარკვეული ცდომილება; შესაბამისად, ეს ფაქტორები კვლევის შედეგის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ექიმის მიერ.
რაც შეეხება მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერით კვლევასთან მის შედარებას, გამოკვლევის პროცედურა პაციენტისთვის ერთმანეთის მსგავსია, მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპია გამოკვლევის ძალიან მნიშვნელოვანი მეთოდია. ის საშუალებას იძლევა შეფასდეს ისეთი ორგანოების მდგომარეობა, როგორიცაა ღვიძლი, ელენთა, პანკრეასი, ნაღვლის ბუშტი, სანაღვლე სადინრები და სხვა, შეფასდეს ორგანოების სისხლით მომარაგება, გამოირიცხოს სიმსივნური წარმონაქმნის არსებობა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ორი მეთოდი სხვადასხვა ინფორმაციას იძლევა და, შესაბამისად, ერთმანეთს არ ანაცვლებს; კლინიკურ პრაქტიკაში, ღვიძლის ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში, როგორც წესი, საჭიროა მათი ინტეგრაცია.
რა არის ბილირუბინი, რატომ იმატებს ის და რაშია გამოსავალი?
ბილირუბინი არის მოყვითალო ფერის პიგმენტი, რომელიც წარმოიქმნება ერითროციტების – სისხლის წითელი უჯრედების დაშლის შედეგად. მას აქვს ორი ფრაქცია: არაპირდაპირი და პირდაპირი (იგივე არაკონიუგირებული და კონიუგირებული) ბილირუბინი. ერითროციტების ანუ სისხლის წითელი უჯრედების დაშლის შედეგად წარმოიქმნება არაპირდაპირი ბილირუბინი, რომელიც წყალში არ იხსნება. იმისთვის რომ ორგანიზმიდან გამოიყოს, ის უნდა გახდეს წყალში ხსნადი. სწორედ ღვიძლში გარდაიქმნება არაპირდაპირი ბილირუბინი პირდაპირ ანუ წყალში ხსნად ბილირუბინად და შემდეგ უკვე ნაღველთან ერთად გადადის წვრილ ნაწლავში და გამოიყოფა ორგანიზმიდან.
ბილირუბინის შემცველობა ისაზღვრება სისხლის ნიმუშში, ისაზღვრება პირდაპირი, არაპირდაპირი და საერთო ბილირუბინი; საერთო ბილირუბინი წარმოადგენს პირდაპირი და არაპირდაპირი ფრაქციის ჯამს. ბილირუბინის მატება იწვევს კანის და სკლერების (თვალის თეთრი გარსის) სიყვითლეს. იმისათვის, რომ სიყვითლე შესამჩნევი იყოს, ბილირუბინმა სულ მცირე დაახლოებით ორჯერადად უნდა მოიმატოს დასაშვები ნორმის ზედა ზღვართან შედარებით.
ბილირუბინის მატება შესაძლოა მოხდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფრაქციის ხარჯზე; მიზეზები საკმაოდ მრავალრიცხოვანია. მაგალითად, არსებობს ასეთი სინდრომი – ჟილბერის სინდრომი, როდესაც არაპირდაპირი ფრაქციის პირდაპირ ბილირუბინად გარდაქმნის პროცესია შეფერხებული, ამ შემთხვევაში მატულობს არაპირდაპირი ბილირუბინი. ზოგიერთი ჰემატოლოგიური თუ ინფექციური დაავადების დროს, ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენებისას შესაძლებელია მოხდეს ერითროციტების გაძლიერებული დაშლა, რაც ასევე გამოიწვევს ბილირუბინის არაპირდაპირი ფრაქციის მატებას.
ღვიძლის ნებისმიერი ქრონიკული დაავადების, ღვიძლის ციროზის დროს ჰეპატოციტების, სანაღვლე სადინარების დაზიანებასთან ერთად მატულობს ბილირუბინი, ძირითადად პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი ფრაქციის ხარჯზე.
არსებობს ასევე ე.წ. ობსტრუქციული სიყვითლე, როდესაც სანაღვლე სადინარზე არის ზეწოლა, ობსტრუქცია მაგალითად კენჭით ან სიმსივნური წარმონაქმნით. ამ შემთხვევაში მატულობს ბილირუბინის პირდაპირი ფრაქცია.
როგორც ხედავთ სიყვითლის მიზეზები მრავალრიცხოვანია, შესაბამისად გამოსავალიც არ არის ერთი კონკრეტული. გამოსავალი მდგომარეობს პაციენტისგან ინფორმაციის სწორად შეკრებაში, გამოკვლევების სწორად დაგეგმვაში, მიზეზის სწორად მიგნებაში და შეძლებისდაგვარად მიზეზის მოხსნაში.
როგორი იქნება ზოგადი რჩევები ღვიძლის დაავადებათა პროფილაქტიკისთვის?
ნაწილობრივ უკვე ვისაუბრეთ კვების, ცხოვრების წესის, წონის კონტროლის, მედიკამენტების თვითნებური გამოყენებისგან თავის შეკავების, ალკოჰოლის აკრძალვის მნიშვნელობის შესახებ.
ამას გარდა მნიშვნელოვანია ვაქცინაცია A და B ვირუსული ჰეპატიტების საწინააღმდეგოდ. მნიშვნელოვანია, რომ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა გვიცავს არა მხოლოდ B ჰეპატიტის ვირუსისგან, არამედ ასევე D ჰეპატიტის ვირუსისგანაც, რომელიც ე.წ. სატელიტი ვირუსია და მას ჩვენს ორგანიზმში არსებობა შეუძლია მხოლოდ B ჰეპატიტის ვირუსთან ერთად. შესაბამისად, თუ კი ჩავიტარებთ ვაქცინაციას და დაცული ვიქნებით B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებისგან, ასევე ვერ დავინფიცირდებით D ჰეპატიტის ვირუსით.
ასევე მნიშვნელოვანია B და C ჰეპატიტის ვირუსებით ინფიცირებული პირების ინფორმირებულობა ამ ვირუსების გადაცემის გზების შესახებ, რათა მათ დაიცვან ახლობელი ადამიანები, და არა მარტო მათი, ზოგადად მოსახლეობის ინფორმირებულობა. ამ ვირუსების გადაცემის ძირითადი გზებია სისხლისმიერი გზა, სქესობრივი გზა და ე.წ. ვერტიკალური გზა ანუ დედიდან შვილზე ვირუსის გადაცემა ორსულობის, მშობიარობის დროს.
წყარო: https://fortuna.ge