Plasmon
რა ვიცით პანკრეასსა და მის ანთებით დაავადებებზე

თარიღი: 13 დეკემბერი, 2021

პანკრეატიტი და პანკრეონეკროზი
კუჭქვეშა ჯირკვალი ყველას გაუგონია, მაგრამ ბევრმა არ იცის, რა ზიანის მოტანა შეუძლია ამ ორგანოში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესს.

პანკრეატიტი და პანკრეონეკროზი პანკრეასის ანთებით მიმდინარე დაავადებებია. ისინი უხეშად არღვევენ ადამიანის ყოველდღიურ რიტმს და აიძულებენ, შეიცვალოს ცხოვრების წესი, სათანადო მკურნალობის გარეშე კი შესაძლოა სიმსივნური გადაგვარებაც განიცადონ.

რას წარმოადგენს პანკრეასი
პანკრეასი საჭმლის მომნელებელი სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის გამოიმუშავებს ფერმენტებს და ჰორმონებს, მათ შორის – ინსულინს, გლუკაგონს, სომატოსტატინს, ამილაზას (ინსულინი მაინც, ვფიქრობ, ყველას გაგიგონიათ – დიაბეტის პრობლემა დღეს საკმაოდ აქტუალურია და უმეტესად პანკრეასის ენდოკრინული ფუნქციის დარღვევასთანაა დაკავშირებული).

პანკრეასი მუცლის ღრუში, კუჭის უკან და ქვეშ მდებარეობს და მჭიდროდ ეკვრის თორმეტგოჯა ნაწლავს. ის შედგება მცირე სექტორებისგან, რომლებიდანაც წვრილი სადინარები გამოდის. ეს სადინარები უერთდება მთავარ სადინარს, რომელიც ჯირკვლის კუდიდან თავისკენ მიემართება და თორმეტგოჯა ნაწლავში იხსნება.

ჯანმრთელი ადამიანის პანკრეასი დღე-ღამეში გამოიმუშავებს საშუალოდ 1,5-2 ლიტრ პანკრეასის წვენს, რომელიც თორმეტგოჯა ნაწლავში ჩაედინება და საჭმლის მონელებაში გვეხმარება.

მოქმედების მექანიზმი
პანკრეატიტის დროს ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ფერმენტები ჯირკვალშივე აქტიურდება და ქსოვილს აზიანებს. ამ პროცესს თვითმონელება ეწოდება. დაზიანებულ ადგილას ვითარდება ნეკროზი, სისხლჩაქცევა, ბოლოს კი – ანთება. თვითმონელების პროდუქტები და დროზე ადრე გააქტიურებული ფერმენტები სისხლის მიმოქცევაში გადადის და ძლიერ ინტოქსიკაციას იწვევს.

ამ პროცესს თან ახლავს ძლიერი ტკივილი, რომელიც ხშირად სარტყლისებრი ხასიათისაა.

პირველადი და მეორეული
განასხვავებენ პირველად და მეორეულ პანკრეატიტებს.

პირველადი პანკრეატიტის შემთხვევაში ანთებითი პროცესის სათავე თვით კუჭქვეშა ჯირკვალშია. ანთება ვითარდება ქრონიკული ალკოჰოლიზმის, ტრავმის, პანკრეასის სისხლმომარაგების დარღვევის შედეგად. მიზეზად შეიძლება იქცეს ზოგიერთი ვირუსული ინფექციაც. მიჩნეულია, რომ პირველადი პანკრეატიტის განვითარებას ხელს უწყობს დაუბალანსებელი კვება.

რაც შეეხება მეორეულ პანკრეატიტს, ის დაკავშირებულია ნაღველკენჭოვან დაავადებასთან, საჭმლის მომნელებელი სხვა ორგანოების პათოლოგიებთან.

უმეტესად სწორედ მეორეულ პანკრეატიტთან გვაქვს საქმე.

მწვავე და ქრონიკული
პანკრეატიტი შეიძლება იყოს მწვავეც და ქრონიკულიც.

მწვავეს უწოდებენ ერთბაშად განვითარებულ პროცესს, რომელიც სწრაფად მიმდინარეობს და რამდენიმე საათში ალაგდება. დროულად და სწორად ნამკურნალევი მწვავე პანკრეატიტი სიცოცხლისთვის საშიში არ არის, გართულებულმა კი შესაძლოა გამოიწვიოს პანკრეონეკროზი, სისხლდენა, ინფექცია, ცისტა. ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ ნებაზე მიშვებული მწვავე პროცესი შეიძლება გაქრონიკულდეს, რაც, თავის მხრივ, გაართულებს მკურნალობას და შესაძლოა, კიბოშიც გადაიზარდოს. პანკრეასის სიმსივნე კი ძალიან მძიმე და ცბიერი დაავადებაა, ძნელად ექვემდებარება მკურნალობას და მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს.

მწვავე პანკრეატიტის სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, პულსის აჩქარება, გულისრევა და ღებინება, შებერილობა, ძლიერი ტკივილი კუჭის საპროექციო არეში, რომელიც ხშირად გადაეცემა ზურგს. გარდა ამისა, ტკივილი აღმოცენდება ან ძლიერდება ჭამის შემდეგ, რადგან ამ დროს ინტენსიურად გამოიყოფა პანკრეასის ფერმენტები და განმეორებით დაზიანებებს იწვევს. ტკივილი განსაკუთრებით მწვავდება ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ.

მწვავე პანკრეატიტი მესამე ადგილს იკავებს ავადობის მსოფლიო სტრუქტურაში – ჩამოუვარდება მხოლოდ მწვავე ქოლეცისტიტს და მწვავე აპენდიციტს, დაავადებულთა რაოდენობა კი ყოველწლიურად იზრდება.

ქრონიკული პანკრეატიტი დროში გაწელილი პროცესია. შესაძლოა, მიმდინარეობდეს აშკარა ნიშნების გარეშეც, თუმცა იშვიათად. შემთხვევათა უმეტესობა – დაახლოებით 70% – ალკოჰოლის ქრონიკულ მოხმარებასთან არის დაკავშირებული.

ქრონიკული პანკრეატიტის დროს ხშირია სისხლის შედედების დარღვევა, ძვალსახსროვანი სისტემის მეტაბოლიზმის დარღვევა, ასთენია – ორგანიზმის საერთო სისუსტე-დაუძლურება – და სხვ.

ქრონიკული პანკრეატიტი ვლინდება სამი ძირითადი სიმპტომით, რომელთა ერთობლიობას ქრონიკული პანკრეატიტის ტრიადა ეწოდება:

1. პანკრეასის კალციფიცირება – ჯირკვალში დასტურდება კალციუმის ჩანართები;

2. შაქრიანი დიაბეტი;

3. სტეატორეა – ზედმეტად ცხიმოვანი განავალი. ვლინდება შორს წასულ შემთხვევებში. ამ დროს ლიპაზის დონე დაცემულია 16%-ით და მეტით.

ქრონიკული პანკრეატიტის სხვა სიმპტომებია მუცლის ტკივილი, რომელიც ზურგს გადაეცემა, დიარეა და წონის კლება, გულისრევა და ღებინება.

თუმცა ქრონიკული პანკრეატიტის გამოვლენა საბოლოო ჯამში მაინც მის ფორმაზე, სტადიაზე, არსებულ გართულებებსა და თანდართულ დაავადებებზეა დამოკიდებული.

მწვავე პანკრეატიტის გამოწვევა შეუძლია:
* ავტოიმუნურ პროცესს;

* ქრონიკულ ალკოჰოლიზმს;

* ინფექციას;

* ნაღველკენჭოვან დაავადებას;

* ზოგიერთ პრეპარატს;

* მეტაბოლურ დაავადებას;

* ქირურგიულ ჩარევას – ენდოსკოპიურ ოპერაციას, რომელიც ტარდება ნაღველკენჭოვანი დაავადების ერთ-ერთი ფორმის – ქოლედოქოლითიაზის დროს;

* ტრავმას.

ქრონიკული პანკრეატიტის გამოწვევა შეუძლია:
* ცისტურ ფიბროზს;

* ნაღველკენჭოვან დაავადებას;

* ტრიგლიცერიდების მაღალ დონეს;

* ქრონიკულ ალკოჰოლიზმს;

* ზოგიერთ პრეპარატს.

ასიდან დაახლოებით 15 შემთხვევაში მიზეზი უცნობი რჩება.

თუ ადამიანს ქრონიკული პანკრეატიტის ოჯახური ისტორია აქვს, დიდია შანსი, თავადაც გამოუვლინდეს ეს დაავადება, რადგან ოჯახური ისტორიის არსებობა დაავადებისადმი მემკვიდრეობით განწყობაზე მიუთითებს.

ქრონიკული პანკრეატიტის შემთხვევათა უდიდესი ნაწილი 30-50 წლის მამაკაცებზე მოდის, რაც იმით აიხსნება, რომ ისინი უფრო მეტ ალკოჰოლს იღებენ, ვიდრე ქალები.

მდგომარეობა მძიმდება
პანკრეატიტი შესაძლოა გართულდეს: დიაბეტით, ჩირქოვანი ანთებით,  (ფლეგმონით, აბსცესით). თირკმლის უკმარისობით, მალნუტრიციით – კვების დეფიციტით, პანკრეასის სიმსივნით, პანკრეონეკროზით, სისხლდენით, პლევრის ღრუში სითხის ჩადგომით, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება სუნთქვის დარღვევა  გამოიწვიოს, ფსევდოცისტით.

როგორ სვამენ დიაგნოზს
პანკრეატიტის დიაგნოზის დასმა არც ისე ადვილია. მისი მწვავე ფორმის სიმპტომები ჰგავს სხვა საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებათა ნიშნებს. სპეციფიკურ სიმპტომად მიიჩნევა ტკივილის გადაცემა ზურგის არეში, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ტკივილის შეგრძნება მუცლის არეში იყოს ლოკალიზებული. ჭამის შემდეგ ტკივილის აღმოცენება კი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა სართულის ორგანოებსაც ახასიათებს. 

დიაგნოსტირება მარტივდება, როცა პაციენტი აღნიშნავს ნაღველკენჭოვანი დაავადებების არსებობას ან ახლად გადატანილ ქირურგიულ ჩარევას.

ლაბორატორიული ტესტებიდან დიაგნოსტიკისთვის საჭიროა: სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის შრატში ამილაზისა და ლიპაზის განსაზღვრა, ჩ რეაქტიული ცილის განსაზღვრა.

ინსტრუმენტული კვლევებიდან ნაკლებინფორმაციულია ულტრაბგერა, ოქროს სტანდარტად მიიჩნევა კომპიუტერული ტომოგრაფია. შესაძლოა ჩატარდეს მაგნიტურ-რეზონანსული კვლევაც.

თუ ამ კვლევებმა კენჭის არსებობა დაადასტურა, ტარდება ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია – ენდოსკოპის დახმარებით თორმეტგოჯა ნაწლავში შეჰყავთ საკონტრასტო ნივთიერება და რენტგენით აკვირდებიან. კვლევის დროსვე შეიძლება ჩატარდეს მცირეინვაზიური ქირურგიული ჩარევა კენჭის ამოსაღებად ან ბიოფსია.

რისკფაქტორები
პანკრეატიტის განვითარების რისკს ზრდის:

* ალკოჰოლის ჭარბი  მიღება;

* გენეტიკური განწყობა;

* სიმსუქნე;

* სიგარეტი.

რით მკურნალობენ
პანკრეატიტი მოითხოვს ანტიბიოტიკოთერაპიას, გადასხმებს (უხვად), ცხელების მოხსნას და ტკივილის გაყუჩებას. ვინაიდან გაძლიერებულ თერაპიასთან ერთად მუდმივი დაკვირვებაც აუცილებელია, მკურნალობა სტაციონარში ტარდება. მწვავე პანკრეატიტის მკურნალობისას პაციენტისთვის ყველაზე რთული პერიოდია შიმშლის პერიოდი. მის ხანგრძლივობას მკურნალი ექიმი წყვეტს.

მწვავე პერიოდის გავლის შემდეგ შეიძლება ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა ლაპაროსკოპიულად, მანამდე კი – კენჭის ამოღება ენდოსკოპიურად, თუ პანკრეატიტის მიზეზი კენჭია. თუმცა ეს უკანასკნელი მხოლოდ დამხმარე მეთოდია. ის აადვილებს პანკრეასიდან წვენის გადინებას, შესაბამისად, იხსნება ტკივილი და ანთების წყარო. როგორც კი მწვავე პერიოდი ჩაივლის, შეიძლება, დაიგეგმოს და ჩატარდეს ნაღვლის ბუშტის ლაპაროსკოპიული ამოკვეთა.

როგორ ვიცხოვროთ პანკრეატიტით
მოგიწევთ, დაიცვათ დიეტა, ერიდოთ ალკოჰოლს და სიგარეტს, ყურადღება მიაქციოთ წონას. დიეტა გულისხმობს რაციონში ცხიმოვანი პროდუქტების მინიმუმამდე დაყვანას და მცირე ულუფებით საათობრივი კვების კულტურის გამომუშავებას.

გაითვალისწინეთ, რაც არ უნდა მძიმე იყოს დაავადება, დროული და სწორი მკურნალობა ყოველთვის გამოიღებს შედეგს.

დიახ, პანკრეატიტის მკურნალობა რთულია, დიახ, ტკივილის ატანაც გიწევთ, მაგრამ მკურნალობაზე უარი არ უნდა თქვათ, ენდეთ მკურნალ ექიმს და განეწყვეთ პოზიტიურად. ცნობილია, რომ პაციენტის დადებითი განწყობა წარმატებული მკურნალობის ერთ-ერთი საწინდარია.