თარიღი: 12 სექტემბერი, 2017
რატომ გვეშინია ნარკოზის
ნებისმიერი წარმატებული ოპერაცია ქირურგთან ერთად ანესთეზიოლოგიის დიდი დამსახურებაც არის, თუმცა პაციენტმა ხშირად არც კი იცის, ვის უნდა უმადლოდეს ოსტატურ გაუტკივარებასა და ჯანსაღ ძილს. ანესთეზიოლოგების შრომა მეორეხარისხოვნად ითვლება, ანესთეზიოლოგია კი – დამხმარე სპეციალობად. მასზე ცოტას ლაპარაკობენ და წერენ. ალბათ ამიტომაც არის, რომ ხალხში უამრავი მცდარი შეხედულებაა გავრცელებული.
ანესთეზიოლოგიური მითების წარმომავლობასა და საფუძვლებზე გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოქირურგიის განყოფილების ანესთეზიოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი ლია ჯანელიძე გვესაუბრება:
ანესთეზია, რომელიც ხალხის მეხსიერებამ შემოინახა, მართლაც, არცთუ უსაფრთხო იყო, მაგრამ ბოლო ხანს მედიცინის რამდენიმე დარგი, მათ შორის – ანესთეზიოლოგია, გიგანტური ნაბიჯებით განვითარდა. თანამედროვე საშუალებებმა გაუტკივარება პრაქტიკულად უსაფრთხო გახადა.
ანესთეზიის რამდენიმე სახეობა არსებობს: ადგილობრივი, რეგიონული და ზოგადი. თითოეული მათგანი, თავის მხრივ, რამდენიმე მეთოდს აერთიანებს. მაგალითად, მცირე ქირურგიაში ზოგადი ანესთეზია შესაძლოა ერთი პრეპარატითაც ჩატარდეს, რასაც მონონარკოზს უწოდებენ, ხოლო დიდი ოპერაციების დროს – აუცილებელია მრავალკომპონენტიანი ნარკოზი, ანუ როცა გამოყენებულია სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები.
თანამედროვე მრავალკომპონენტიანი ანესთეზია ოთხ ძირითად ეტაპს მოიცავს:
1. ტკივილის გაყუჩებას;
2. ცნობიერების დათრგუნვას;
3. კუნთების რელაქსაცია-მოდუნებას;
4. ჟანგბადის საკმარისი რაოდენობის მიწოდებას, ადექვატური ვენტილაციის უზრუნველყოფისათვის.
კუნთების რელაქსაციის გამო სუნთქვა რომ არ შეფერხდეს და ჰიპოქსია არ განვითარდეს, მრავალკომპონენტიანი ანესთეზიის დროს პაციენტი მართვით სუნთქვაზე გადაგვყავს.
სანარკოზე კომპონენტების სინთეზი ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურია. მკაცრად არის განსაზღვრული, რა ოდენობის პრეპარატი სჭირდება 80-კილოგრამიან პაციენტს და რა ოდენობისა – 62-კილოგრამიანს, ასევე – მათი საათობრივი დოზა. ამგვარად ჩატარებული ანესთეზია პაციენტისთვის უვნებელია.
ნარკოზიდან ვერ გამოვიდა
სანარკოზე ნივთიერებათა დოზის გადაჭარბებით პაციენტი არ კვდება, შესაძლოა, მხოლოდ ძილი გაუხანგრძლივდეს. მოარული მითია, რომ კაცი ანესთეზიის გამო მოკვდა – ვერ გაიღვიძა. პაციენტს ცხენის დოზა უნდა მისცე და ჟანგბადის მილს ფეხი დაადგა, რომ მოგიკვდეს. აპარატურა, რომლითაც ვსარგებლობთ, ისეა მოწყობილი, რომ ჟანგბადის დონისა და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის ნორმიდან უმცირეს გადახრაზეც კი რეაგირებს და თვითონ ითხოვს შველას, ამიტომ მთავარი უკვე ანესთეზიოლოგის კვალიფიკაციაა.
ისევე როგორც მედიცინის სხვა დარგს ანესთეზიოლოგიასაც აქვს თავისი გართულებები. რაც შეეხება ყველაზე საშინელ გამოსავალს სიკვდილს უშუალოდ ნარკოზის დროს, ამის მიზეზი შეიძლება იყოს მედიკამენტზე განვითარებული ძლიერი ალერგიული რეაქცია ან რომელიმე ანესთეზიოლოგიური მანიპულაციის დროს განვითარებული შეუქცევადი ჰემოდინამიკური ცვლილებები.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ხშირ შემთხვევებში სრულიად დაუმსახურებლად ხდება ანესთეზიოლოგებისადმი ბრალის წაყენება. მაგალითად, თუ საოპერაციოში ოპერაციის მსვლელობისას დაიკარგა საკმაო რაოდენონის სისხლი და ამისგან არავინ არ არის დაზღვეული, ასეთი პაციენტის პოსტოპერაციული ე.წ. ძილის ან დაღუპვის მიზეზი არის არა ის რომ მას ბევრი ნარკოზი მიეცა და ვერ გამოდის ნარკოზიდან, არამედ სისხლდენით გამოწვეული ჰიპოქსიური თავის ტვინის სამწუხაროდ ზოგჯერ შეუქცევადი დაზიანება. ეს არ ჩათვალოთ თავის მართლებად. როცა პაციენტი საოპერაციოში შემოდის მის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას მთელი საოპერაციო გუნდი იღებს. ამიტომ დაყოფა ეს არის ანესთეზიოლოგიური თუ ქირურგიული სიკვდილი პირადად მე სწორედ არ მიმაჩნია.
მეხსიერება დამიქვეითდა
მითი მეხსიერების დაქვეითების შესახებ მედიკამენტმა სომბრევინმა დატოვა. ის მეხსიერების დაქვეითებას ნამდვილად იწვევდა, რაც მის ანოტაციაშიც არის მითითებული, მაგრამ ვეჭვობ, დღეს მას ვინმე იყენებდეს. სომბრევინი უმეტესად ხანმოკლე ოპერაციების (უმთავრესად – აბორტების) დროს იხმარებოდა. ანესეზიოლოგებს უყვარდათ ეს პრეპარატი, რადგან პაციენტი სწრაფად იძინებდა და ასევე მალევე იღვიძებდა, თუმცა მეხსიერების დათრგუნვასთან ერთად ალერგიული რეაქციებიც ხშირი გახლდათ.
ჰალუცინაციები მქონდა, აგზნებული ვიყავი
ეს მედიკამენტ კალიფსოლის დამსახურებაა. მას მეტად სპეციფიკური ჩვენებები აქვს, მაგალითად, ის გამოიყენება ანესთეზიის დასაწყებად პაციენტებში ვისაც აქვთ დაბალი წნევა, ვინაიდან ყველა სხვა სანარკოზე საშუალება მეტნაკლებად აქვეითებს არტერიულ წნევას. ძალიან კარგად გამოიყენება ბავშვთა ანესთეზიოლოგიაში (ბავშვებს, დიდებისაგან განსხვავებით, ამ პრეპარატს კუნთში უკეთებენ). ჩვენ კლინიკაში კალიფსოლს ვხმარობთ, როდესაც ავადმყოფს გულის ტამპონადა აქვს განვითარებული – გულის პერანგში სითხე გროვდება და წნევას, პრაქტიკულად, ვერ ვიჭერთ, საუკეთესო გამოსავალი ინდუქციური ნარკოზისათვის ამ პრეპარატის გამოყენებაა.
კალიფსოლით გაუტკივარების შემდეგ პაციენტები აგზნებით გამოდიან ნარკოზიდან, ეჩვენებათ, რომ მაგალითად, ანესთეზიოლოგს ცხვირი გვერდზე აქვს მოქცეული, რჩებათ თავის ტკივილები.
კალიფსოლი საკმაოდ იაფია და საქართველოში დიდი ოდენობით არის შემოსული ჰუმანიტარული დახმარების სახით. დარწმუნებული ვარ, ვინც მას ჩვენების გარეშე იყენებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ფინანსური მხარე მეტის საშუალებას არ აძლევს.
ყველა კუნთი მტკიოდა, დალეწილმა გავიღვიძე
ეს ზოგიერთ ხანმოკლე მოქმედების მიორელაქსანტს ახასიათებს, რომლებიც უპირატესად მცირე ხანგრძლივობის ოპერაციების დროს გამოიყენება, თუმცა ეს ხმები ძნელბედობის ჟამს დამკვიდრდა, როდესაც საავადმყოფოში ნარკოტიკი, პრაქტიკულად, აღარ რჩებოდა და ნარკოზი ან ალგეტიკების მინიმალური დოზით, ძირითადად – ცნობიერების გათიშვის ხარჯზე კეთდებოდა, რაც ტკივილს არ აქრობდა. მართალია, გამოღვიძებულ პაციენტს არაფერი ახსოვდა, მაგრამ გადატანილი ტკივილის გამო “დალეწილი” იღვიძებდა.
საბედნიეროდ, დღეს საანესთეზიო საშუალებები აღარ გვიჭირს.
სიახლე
ჩვენს ხელთ არსებული თანამედროვე მედიკამენტები, მერწმუნეთ, ზემოთ ჩამოთვლილ მოვლენებს არ იწვევს და არც რაიმე კვალს ტოვებს. მინდა, საგანგებოდ შევჩერდე “ავერსი-რაციონალის” წარმოებულ სომნოპოლზე (იმავე პროპოფოლზე). პაციენტთა ერთ ორმოცდაათკაციან ჯგუფში ანესთეზიისათვის პროპოფოლი ვიხმარეთ, ხოლო მეორეში – სომნოპოლი. ორივე ჯგუფში ჰემოდინამიკური მაჩვენებლები, გამოღვიძების დრო, ანესთეზიის შემდგომი შეგრძნებები აბსოლუტურად ერთნაირი აღმოჩნდა. სადღეისოდ ჩვენ ფართოდ მოვიხმართ სომნოპოლს. ეს არის მედიკამენტი, რომელიც ჯანსაღ ძილს იწვევს, ანუ პაციენტს გაღვიძებისას არავითარი უსიამოვნო შეგრძნება არ აწუხებს, რაც მეტად მნიშვნელოვანია. ეს პრეპარატი მეტად მოხერხებულია მონონარკოზისთვის, მაგალითად, სახ ეზე პლასტიკური ოპერაციებისას. ის ინტრავენურად კეთდება, პაციენტი იძინებს და იღვიძებს დამოუკიდებელი სუნთქვით და თანაც – შესანიშნავი განწყობით.
ჩხვლეტა ზურგში
მოგეხსენებათ, ახალი კარგად დავიწყებული ძველია. დღეს მსოფლიოში მეტად პოპულარულია რეგიონული ანესთეზია, რომელიც ჯერ კიდევ სამამულო ომის დროს გამოიყენებოდა, თუმცა ის უკან განახლებული მეთოდიკითა და მედიკამენტებით დაბრუნდა, ამიტომ ადრინდელი გართულებები აღარ ახასიათებს. ეს მეთოდი ძალზე მოხერხებულია ოპერაციებისთვის, რომლებიც წელს ქვემოთ კეთდება. თუ ოპერაცია ხანმოკლეა, სპინალური ანესთეზია გამოიყენება, თუ ხანგრძლივი – ეპიდურული.
თავის ტკივილი
წინათ ანესთეზიას თავის ტკივილი ახასიათებდა. ეს მსხვილი ნემსის ბრალი გახლდათ – ჩხვლეტისას მასში ზურგის ტვინის სითხე გადადიოდა, რაც ქალასშიგა წნევაზე მოქმედებდა, წნევათა სხვაობა კი თავის ტკივილს იწვევდა. ახლა იმდენად წვრილ ნემსს ვხმარობთ, ლოდინია საჭირო, ზურგის ტვინის სითხის ერთი წვეთი მაინც რომ მიიღო. ისე რომ, დღეს რეგიონულ ანესთეზიას თუ ის გამოიყენება სწორი ჩვენებით, თავის ტკივილები, პრაქტიკულად, არ ახასიათებს. იშვიათად გვხვდება ახალგაზრდებში და მათაც მისგან თავის დასაღწევად უმრავლეს შემთხვევაში ორიოდე ფინჯანი ყავა ჰყოფნით.
პარალიზება
როდესაც ჩხვლეტა წელის II მალის ქვემოთ ხდება, პარალიზება, პრაქტიკულად, გამორიცხულია, ვინაიდან ამ დონეზე მხოლოდ ზურგის ტვინის სითხეა. ზედა, ანუ მაღალ ანესთეზიას კი მართლაც შეიძლება მოჰყვეს გართულება, თუმცა აქ უკვე ბევრი რამ ანესთეზიოლოგის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული.
მშობიარობის გაუტკივარება
რეგიონული ანესთეზია განსაკუთრებით მოხერხებულია საკეისრო კვეთისას, ვინაიდან, ჯერ ერთი, უსაფრთხოა ნაყოფისთვის, და მეორე – დედა საღ გონებაზე მყოფი ეგებება ბავშვის ამოყვანის საოცრად ამაღლებულ მომენტს. ანესთეზიისთვის იყენებენ მხოლოდ ერთ მედიკამენტს – რომელიმე ანესთეტიკს, რომელიც ნაყოფის სუნთქვის ცენტრს ნაკლებად თრგუნავს, ეს კი ზოგად ნარკოზთან შედარებით ბევრად იაფი ჯდება. ზოგადი ანესთეზიისგან განსხვავებით, ამ დროს მიორელაქსანტები და ნარკოტიკები არ გამოიყენება, რაც გაუტკივარების შემდგომ პერიოდს ამარტივებს – ანესთეზია ისე გაივლის, რომ ჩივილები არ რჩება.
პირველი რეაქცია
თავდაპირველად პაციენტი ძალიან შიშობს – ”ზურგში უნდა მიჩხვლიტოთ? მერე ზურგის ტვინი?!” ამიტომ სპინალური ან ეპიდურული ანესთეზიის დროს პაციენტთან ოპერაციისწინა საუბარს უფრო მეტი დროს ვუთმობთ, ვიდრე ზოგადი ნარკოზის შემთხვევაში. მას დაწვრილებით ვუხსნით: ”თქვენ შემოდიხართ, მე ასე დაგსვამთ, აქ ასე წაგისვამთ, ჯერ სუსტ ჩხვლეტას იგრძნობთ, მერე – უფრო ძლიერს, მერე ფეხი დაგიბუჟდებათ...” და ა.შ. ასეთი მომზადების შემდეგ პრობლემა აღარ გვაქვს.
პერსპექტივები
ჯერჯერობით ჩვენთან ზოგადი ნარკოზით ბევრი ისეთი ოპერაცია კეთდება, რომელთა ჩატარება რეგიონული გაუტკივარებითაც შესაძლებელია. არადა, ეს უკანასკნელი ბევრად უფრო მოგებიანი და მოხერხებულია, განსაკუთრებით – ტკივილის მართვის თვალსაზრისით სიმსივნური პროცესის, რადიკულიტის, მოტეხილობის მქონე პაციენტებისთვის, რომელთაც ხანგრძლივი დამუდმივი ტკივილები აქვთ და სიმპტომური მკურნალობა სჭირდებათ.
წყარო: www.aversi.ge