Plasmon
როდის უნდა მივმართოთ კარდიოლოგს და რა სიმპტომებს მივაქციოთ ყურადღება?

თარიღი: 17 მაისი, 2020

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. რა პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო გულის დაავადების განვითარების თავიდან ასაცილებლად? ამ საკითხებზე გვესაუბრება ალ. ალადაშვილის კლინიკის კარდიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ბატონი დავით იოსებაშვილი.

 

- რომლებია ყველაზე გავრცელებული კარდიოლოგიური დაავადებები ჩვენს ქვეყანაში?

ჩვენს მოსახლეობაში ყველაზე ხშირია სამი კარდიოლოგიური დაავადება: კორონარული არტერიების დაავადება - გულის მკვებავი სისხლძარღვების პათოლოგია, გულის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზია. 

 

- რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?

კორონარული არტერიული დაავადების ძირითადი სიმპტომია ტკივილი ან დისკომფორტი (წვის, სიმძიმის, ჩხვლეტის შეგრძნება) მკერდის ძვლის უკან, რომელსაც მოჭერითი ხასიათი აქვს და საწყის ეტაპზე აღმოცენდება ფიზიკური დატვირთვის დროს, შემდგომ კი მოსვენებულ მდგომარეობაშიც.

ამ დროს შესაძლოა ტკივილის განსხვავებული ლოკალიზებაც: ტკვილი გულის არეში, ირადიაციით ყბაში, კიდურებში, ზურგში. 

 

რაც შეეხება გულის უკმარისობას, ის, უპირველეს ყოვლისა, გამოვლინდება ადვილად დაღლით, შრომის უნარის დაქვეითებით, ქვედა კიდურების შეშუპებით, ქოშინით ჯერ ჩვეული ფიზიკური დატვირთისას  შემდეგ მცირე და უმცირესი, მაგალითად, ერთი სართულის ავლისას ადამიანს ქოშინი ეწყება, საფიქრებელია გულის უკამრისობის შესაძლო არსებობაზე. 

 

არტერიული ჰიპერტენზიის გამოვლინება კი მაღალი არტერიული წნევაა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში უსიმპტომოდ მიდის და ვლინდება მაშინ როდესაც ე.წ. სამიზნე ორგანოები (გული, თავის ტვინი, თირკმელი, პერიფერიული სისხლძარღვები, თვალი) უკვე დაზინებულია, ასეთ დროს საქმე გვაქვს მძიმე დაავადებებთან როგორიცაა: ინსულტი, ინფაქრტი, და ა.შ. ზოგიერთ შემთხვევაში კი ,თავს იჩენს თავის ტკივილით, გულისრევით, თავბრუსხვევით და ა.შ.

 

სასურველია, ამ სიმპტომების გაჩენიდან უმოკლეს დროში მივმართოთ ექიმს ან ჩავიტაროთ პროფილაქტიკური გასინჯვა, რათა დროულად მოხდეს დაავადების გამოვლენა და შემდგომი გართულებების თავიდან აცილება. უნდა გვახსოვდეს, რომ დაგვიანების შემთხვევაში შესაძლოა, გამოუსწორებელ შედეგამდე მივიდეთ. 

 

- ძირითადად რომელი ასაკიდან იჩენს თავს გულის პრობლემები?

კარდიოლოგიური პრობლემების გამოვლინება, როგორც წესი, მამაკაცებში უფრო ადრე იწყება, ვიდრე ქალბატონებში. გულ-სისხლძარღვთა ასაკობრივი დარღვევები კაცებში 40 წლიდან იჩენს თავს, ქალებში კი 55 წლიდან. შესაბამისად, სასურველია, როცა ამ ასაკს მივაღწევთ, დავიწყოთ პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება. თუმცა, აუცილებელია, ითქვას, რომ ისევე, როგორც სხვა დაავადებები, გულის პათოლოგიებიც საკმაოდ „გაახალგაზრდავდა“, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო და უფრო ხშირდება ასაკობრივ რისკს მიღმა მყოფ ადამიანებში კარდიოლოგიური დაავადების განვითარება. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენს კლინიკაში შემოვიდა პაციენტი, 28 წლის მამაკაცი, რომელსაც დაუფიქსირდა მძიმე ინფარქტი. ასე რომ, პროფილაქტიკური გამოკვლევის ჩატარება ყოველთვის მიზანშეწონილია.

 

- რომლებია გულის დაავადების პროფილაქტიკური გამოკვლევები?

ეს გამოკვლევები მოიცავს რუტინულ ელექტროკარდიოგრამას, სისხლის საერთო ანალიზს, კოაგულოგრამას, კრეატინინის განსაზღვრას, ლიპიდური სპექტრის განსაზღვრას. აღნიშნული კვლევები არამხოლოდ სწორი და დროული დიაგნოზის დასმაში გვეხმარება, არამედ საშუალებას გვაძლევს, უსიმპტომო პაციენტებშიც კი, რომლებსაც არ აქვთ გამოხატული რომელიმე სახის ჩივილი, ადრეულ ეტაპზევე აღმოვაჩინოთ ისეთი პათოლოგიური ცვლილებები, რომლებიც მძიმე კარდიოლოგიური დაავადების განვითარების უშუალო წინაპირობას წარმოადგენს. ამდენად, პროფილაქტიკური გამოკვლევა შესაძლოა, რიგ შემთხვევებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.

 

- რომლებია გულის დაავადების განვითარების რისკ- ფაქტორები?
კარდიო-ვასკულური დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორიებია 

•ასაკი - მამაკაცი 40 წელი, ქალი - 55.

•სქესი -მამრობითი

•თამბაქოს მოხმარება

•შაქრიანი დიაბეტი

•დისლიპიდემია, ე.ი. ქოლესტერინის მაღალი დონე

•ჭარბი წონა

•ადინამია, არაჯანსაღი ცხოვრების წესი

•მემკვიდრული წინასწარგანწყობა.

 

იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მემკვიდრული წინასწარგანწყობა, ე.ი. მათი ოჯახის წევრებს და ახლო ნათესავებს აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისკენ მიდრეკილება, განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ. როდესაც ისინი მიაღწევენ კარდიო-ვასკულური დაავადების რისკ ფაქტორად დადგენილ ასაკს, აუცილებელია ჩაიტარონ სრული კარდიოლოგიური გამოკვლევა. ეს საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ დაავადების ჩამოყალიბება ან საწყის ეტაპზევე გამოვავლინოთ დარღვევა, რაც წარმატებული მკურნალობის საწინდარია.

ამასთანავე, რისკ ჯგუფში მყოფებისთვის რეკომენდებულია წნევის კონტროლი. დროდადრო წნევის გაზომვა მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური საშუალებაა.

 

- როგორი უნდა იყოს არტერიული წნევის მაჩვენებლები ნორმაში?

სასურველია, არტერიული წნევა იყოს 120/80-ზე ნაკლები. როცა სისტოლური წნევა 120-დან 140-მდეა, ეს უკვე პრეჰიპერტენზიის სტადიაა. ხოლო 140/90 - პირველი სტადიის ჰიპერტენზიის მაჩვენებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პაციენტს რეგულარულად აღენიშნება სისტოლური წნევა 120-ზე მეტი, საჭიროა მარეგულირებელი მკურნალობის დაწყება. წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალია მდგომარეობის თანდათანობითი დამძიმება, რადგან ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება წნევის მატების ტენდენციაც. 

 

- როგორ შეიძლება კარდიოლოგიური დაავადებების განვითარების თავიდან აცილება?

დადგენილია, რომ კარდიოვასკულური დაავადებების 90 %-ის თავიდან აცილებაა შესაძლებელი. ამისათვის საჭიროა, ვებრძოლოთ დაავადების განვითარების რისკ ფაქტორებს: უარი ვთქვათ თამბაქოზე, შევზღუდოთ ალკოჰოლის მოხმარება, მუდმივად ვაკონტროლოთ ისეთი თანმხლები დაავადებები, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, თირკმლისმიერი დარღვევები. აუცილებელია, მივირთვათ ცხიმით ღარიბი საკვები, თუმცა საყურადღებოა, რომ უახლესი რეკომენდაციების მიხედვით კვების რაციონიდან ცხიმის სრული ამოღება არ არის გამართლებული. საჭიროა, დაბალანსებული რაოდენობით მივიღოთ ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. 

და რაც მთავარია, დავიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი, აქტიურად ვივარჯიშოთ, გვახსოვდეს, რომ ყველაფერში ზომიერების დაცვაა საჭირო.