თარიღი: 03 აპრილი, 2023
ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტი, იგივე ავიტამინოზი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მდგომარეობაა. თუ დეფიციტი მძიმე არ არის, ის ხშირად კლინიკურად ამოუცნობია, თუმცა ზოგ შემთხვევაში, ამავდროულად მსუბუქ დეფიციტსაც კი შეიძლება ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები ჰქონდეს.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგი ქეთი გაბაიძე საუბრობს, რა გავლენას ახდენს ამა თუ იმ ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმზე, რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს ამ პროცესებს და როგორ შევივსოთ მათი დანაკლისი.
ქალბატონო ქეთი, რა არის ავიტამინოზი? რა მნიშვნელობა აქვს ორგანიზმისთვის ვიტამინებსა და მინერალებს?
ადამიანის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და მინერალების გარდა, საჭიროა სხვა ბიოლოგიური ნივთიერებები – ვიტამინები. ისინი წარმოადგენენ ორგანულ ნაერთებს, რომლებიც შეიცავენ ნახშირბადს, წყალბადს და ჟანგბადს. ვიტამინებს აქვთ სხვადასხვა თვისება, ისინი პასუხისმგებელნი არიან ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, ხელს უწყობენ ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმს, მონელების პროცესს, ასე რომ მათ შეუძლიათ ძირითადად მცენარეული და ცხოველური საკვების მეშვეობით ენერგიის მიღება.
კვების არასწორი რეჟიმის ფონზე მოსალოდნელია, რომ ორგანიზმს მოაკლდება აუცილებელი, ცალკეული ვიტამინი, ეს კი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ვითარდება პათოლოგიური მდგომარეობა სახელწოდებით – ავიტამინოზი, რაც ვიტამინების მკვეთრ დეფიციტს ნიშნავს და მათი ნაკლებობა ორგანიზმში მრავალი ავადმყოფობის პროვოცირებას ახდენს. ასეთ დროს აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
რა იწვევს ავიტამინოზს, ვინ არიან რისკ-ჯგუფში?
ავიტამინოზის განვითარებას ხელს შეიძლება უწყობდეს გარეგანი (ეგზოგენური) და შინაგანი (ენდოგენური) ფაქტორები.
გარეგანი ფაქტორებიდან დღესდღეობით ავიტამინოზის ძირითადი მიზეზია სწორედ არაბალანსირებული კვება, ერთფეროვანი საკვები, დიეტები, კონსერვირებული და იმ საკვების მიღება, რომელიც მზადდება მაღალ ტემპერატურაზე, რადგან მაღალ ტემპერატურაზე ზოგიერთი ვიტამინი ინაქტივირდება; ასევე, მიზეზია მავნე ჩვევები [თამბაქო, ალკოჰოლი].
შინაგან ფაქტორებს მიეკუთვნება ადამიანის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები, როდესაც დარღვეულია საკვები ნივთიერებების და მათ შორის ვიტამინების შეწოვა. იმავე კლინიკური სურათით ხასიათდება ნაწლავური დისბაქტერიოზი, რაც ხშირად ვითარდება ანტიბიოტიკებით ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად და, ასევე მისი გამომწვევია სტრესი, ორსულობა, საფაღარათო საშუალებებისა და ვიტამინების ხანგრძლივი მიღება.
ვიტამინოდეფიციტური მდგომარეობის განვითარების რისკის ჯგუფს წარმოადგენენ ბავშვები და მოზარდები, განსაკუთრებით ინტენსიური ზრდის პროცესში, მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვის მქონე სპორტსმენი ბავშვები, ფეხმძიმე და მეძუძური ქალები, ასევე – ხანშიშესულები.
რაზეა პასუხისმგებელი A,B,C,D,E და K ვიტამინები?
ვიტამინების ცალკეულ სახეობებს გარკვეული როლი აკისრიათ და პასუხისმგებელნი არიან ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.
A ვიტამინი მონაწილეობს რეგენერაციულ პროცესებში, კანის ჯანმრთელობისთვის და მხედველობისთვის. შესაბამისად, დეფიციტი ვლინდება მხედველობის დარღვევით, კანისა და ლორწოვანი გარსების დაზიანებით.
B ჯგუფის ვიტამინები საჭიროა ნერვული სისტემის ნორმალური მოქმედებისთვის, ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის.
C ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას შემოდგომის და ზამთრის სუსხიან დღეებში, ვირუსული სეზონის მოახლოებისას, პროფილაქტიკის მიზნით C ვიტამინით მდიდარი საკვების და სასმლის რეგულარულად მიღების გზით. C ვიტამინი ასევე ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს [ნაწილაკებს] და უჯრედებსა და იცავს ქსოვილებს დაზიანებისგან. ეს ვიტამინი ხელს უშლის ისეთი ქრონიკული დაავადებების განვითარებას, როგორიცაა: სიმსივნე, გულსისხლძარღვთა დაავადებები, მხედველობის პრობლემები და მრავალი სხვა.
რაც შეეხება D ვიტამინს, ის გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე, ნაწლავიდან კალციუმის, მაგნიუმის, თუთიის , ფოსფატისა და რკინის შეწოვაზე, ძვალ-სახსროვანი სისტემის გამართულ მუშაობაზე, ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.
E ვიტამინი იცავს ადამიანს გულის და ნერვული დაავადებებისგან, რადგან აფართოებს სისხლძარღვებს და აფერხებს თრომბის გაჩენის პროცესს.
K ვიტამინი ორგანიზმში მრავალ სასიცოცხლო პროცესშია ჩართული, მაგალითად არეგულირებს სისხლის შედედებას, იცავს სისხლძარღვებს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, არეგულირებს სისხლში კალციუმის დონეს, მონაწილეობს ძვლების მინერალიზაციის პროცესში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოსტეოპოროზის პროფილაქტიკაში, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ანელებს კიბოს უჯრედების განვითარებას.
რა სიმპტომები ახასიათებს ამა თუ იმ ვიტამინის დეფიციტს ორგანიზმში?
თითოეული ვიტამინის დეფიციტს მრავალი სიმპტომი ახასიათებს. მოდით, მცირე ჩამონათვალი გავაკეთოთ:
- A ვიტამინის დეფიციტს ახასიათებს კანის და თმის სიმშრალე, თმის და ფრჩხილების მტვრევადობა, მხედველობის გაუარესება კერძოდ „ქათმის სიბრმავე“, ეს მხედველობის დარღვევის თავისებური ფორმაა, ამ დროს მხედველობა უკეთესია დღისით და ძლიერი განათების პირობებში, ღამით კი დაქვეითებულია.
- B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობის სიმპტომებია: დაღლილობა, აპათია, გაღიზიანებადობა, დეპრესია, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, კრუნჩხვები, მეხსიერების დაქვეითება, პერიფერიული ნეიროპათია – მგრძნობელობის, რეფლექსების, მოძრაობის დარღვევა; კანის გაუხეშება, აქერცვლა და ყავისფერი პიგმენტაცია, დერმატიტი, გაჭაღარავება, ალოპეცია.
- C ჯგუფის ვიტამინების დეფიციტს ახასიათებს: დაღლილობა, მადის დაქვეითება; მშრალი და დაყოფილი თმა, გაუხეშებული, აქერცლილი და მშრალი კანი, გინგივიტი (ღრძილების ანთება), ღრძილებიდან სისხლდენა.
- D ვიტამინის დეფიციტი ხელს უწყობს ბავშვებში რაქიტის განვითარებას, ზრდის ძვლების მტვრევადობის რისკს, ახასიათებს კანის სიმშრალე, თმის ცვენა და ფრჩხილების მტვრევადობა, ოფლიანობა, ემოციური ლაბილობა, ძვლების და კუნთების ტკივილი, დაღლილობა.
- E ვიტამინების დეფიციტს ახასიათებს კუნთების სისუსტე, სიარულის მანერის შეცვლა, თვალის მამოძრავებელი კუნთების პარეზი, პოზიციის შეგრძნების დაკარგვა.
- K ვიტამინის დეფიციტის პირველი ნიშნები მოიცავს შრომისუნარიანობის შემცირებას, დაღლილობას, თავის ტკივილს, მოულოდნელ სისხლჩაქცევებს და ხანგრძლივ სისხლდენას.
რა საკვებიდან შეიძლება ამ ვიტამინების შევსება ორგანიზმში?
ვიტამინების და მინერალების შევსება ხდება, რა თქმა უნდა, ჯანსაღი საკვებიდან, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული, თხილეული და თესლეული; პროდუქტით, რომელიც ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი და მავნე პათოლოგიებთან ბრძოლა შეუძლია.
მაგალითად, A ვიტამინით მდიდარი საკვებია სტაფილო, გოგრა, გარგარი. ცხოველური პროდუქტებიდან – რძე, ყველი, კვერცხი.
B ვიტამინის კარგი წყაროა თხილი, ლობიო და სოია, ასევე ცხოველური პროდუქტებში – კვერცხი, რძე, ყველი, თევზი.
C ვიტამინით მდიდარია ციტრუსები, მარწყვი, კივი, პამიდორი და მწვანე ბოსტნეული – ბროკოლი, ისპანახი, სალათის ფურცლები.
D ვიტამინის საუკეთესო წყაროა მზის სხივები, რადგან D ვიტამინი ჩვენს კანში წარმოიქმნება მზის სხივების ზემოქმედების შედეგად. ასევე D ვიტამინით მდიდარია კარაქი, კვერცხის გული, თევზი.
K ვიტამინით მდიდარი საკვები გვხდება მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულში, როგორებიცაა, მაგალითად, ისპანახი და კომბოსტო, ბროკოლი, ავოკადო, დიდი რაოდენობით გვხდება ბოსტნეულის ზეთში, ზეთისხილში, სოიას ზეთში, ასევე მარწყვში, მოცვში, გოგრაში.
E ვიტამინით მდიდარია კარტოფილი, სტაფილო, ისპანახი, ჭარხალი, გოგრა და კომბოსტო.
როგორია მკურნალობა?
როდესაც დგება მკურნალობის საკითხი ამა თუ იმ ვიტამინის დეფიციტისას, პირველ რიგში უნდა მოხდეს იმ მიზეზის აღმოფხვრა, რამაც ეს მდგომარეობა გამოიწვია.
ვიტამინების შევსებაში ორგანიზმს ჯანსაღი საკვების გარდა პოლივიტამინების კომპლექსიც ეხმარება.
არსებობს როგორც მონოვიტამინური, ისე პოლივიტამინური პრეპარატები. მონოვიტამინები სამკურნალო მიზნით გამოიყენება, ხოლო პოლივიტამინებს ხშირად მოიხმარენ პროფილაქტიკურ საშუალებად. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დაავადების პრევენციის მიზნით, თუ ადგილი არ აქვს კვებით დარღვევებს და ამა თუ იმ ვიტამინის დადასტურებულ უკმარისობას, მათი [პოლივიტამინების] მედიკამენტის სახით მიღების სარგებლიანობას სამედიცინო კვლევები არ ადასტურებს.
არცერთი დასავლური სამედიცინო ორგანიზაცია არ უწევს რეკომენდაციას პოლივიტამინების მიღებას თვითნებურად ექიმის დანიშნულების გარეშე, ვინაიდან არასაჭირო შემთხვევებში მათმა გამოყენებამ საკმაოდ სერიოზული უარყოფითი შედეგები შეიძლება მოიტანოს, ამიტომ შეიძლება მხოლოდ დაინიშნოს ის კონკრეტული ვიტამინი, რისი დეფიციტიც არის დადასტურებული და შეირჩეს ინდივიდუალური საჭირო დოზა.
წყარო: https://batumelebi.netgazeti.ge