Plasmon
როგორ მოვამზადოთ კანი გასარუჯად და დავიტენიანოთ სახლის პირობებში – სპეციალისტის რჩევები

თარიღი: 07 აგვისტო, 2017

ზაფხულისთვის სახის კანის მომზადება ისაა, რითაც ყველა ქალბატონი გაზაფხულზე აუცილებლად უნდა დაკავდეს, რადგან როცა გარუჯვის პერიოდი მოდის, მნიშვნელოვანია, თქვენი სახის კანი მზის სხივების ზემოქმედებას მომზადებული შეხვდეს.

 

კლინიკა „გენეზისის“ ექიმი-კოსმეტოლოგი ნინო ფირცხალაიშვილი გვირჩევს, როგორ მოვუაროთ სახის კანს, როგორც სპეციალისტის ჩარევით, ასევე მის გარეშე.

 

ნინო ფირცხალაიშვილი:

სახის კანი ზაფხულისთვის აუცილებლად გაზაფხულიდან უნდა მოამზადოთ. ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას მასზე, ამიტომ ერთი თვით ადრე მაინც, სანამ დასასვენებლად წასვლას გადაწყვეტთ და ზოგადად, უმჯობესია, ეს პროცედურა გაზაფხულზე ჩაიტაროთ, კანი მოამზადეთ გარუჯვისთვის. ის უნდა იყოს დატენიანებული და გამოკვებილი ვიტამინებითა თუ ჰიალურონით.

 

რასაკვირველია, როცა კანის გარუჯვაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ 9-დან 12 საათამდე პერიოდს და ასევე დროს საღამოს 5 საათიდან, ვინაიდან ამ დროს მიღებული რუჯი მეტ-ნაკლებად სასარგებლოა კანისთვის, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამაღლებს იმუნიტეტს სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლისთვის.

 

უსაფრთხო გარუჯვის პირობებშიც კი, კანის მომზადება აუცილებელია – ამისთვის არსებობს მსუბუქი პილინგი, მას შემდეგ კი დამატენიანებელი პროცედურები, ღრმა თუ მხოლოდ კანის ზედა შრეებზე მოქმედებისთვის. მე მაინც გირჩევთ, დასასვენებლად გამგზავრების წინ, ერთი თვით ადრე, ღრმა დამატენიანებელ პროცედურას მიმართოთ, ინიექციური ჩარევისას სახის კანის ღრმა შრეებში შედის ჰიალურონის მჟავა, რომელიც აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, ორგანიზმი წყალს უფრო მეტად იკავებს და ნაოჭი აღარ წარმოიქმნება, არსებული ნაოჭი კი ნაკლებად ხილული ხდება, კანი უფრო მკვრივდება, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას რომ არ გამოიფიტოს. გარუჯვის დროს ჰიალურონიც ადვილად ორთქლდება კანიდან, კანიც ძალიან ადვილად შრება, სწორედ ამის საწინააღმდეგოა დამატენიანებელი პროცედურები.

 

თუკი სახის კანი დაგვეწვა, რა გამოსავალი არსებობს?

აუცილებლად უნდა დავატენიანოთ, რომ არ აიქერცლოს. წაისვით დამატენიანებელი კრემი, კარგი იქნება, ალოეს შემცველობით, ის კანს თან  დაამშვიდებს, თან დაატენიანებს.

 

გარუჯვის შემდეგ ასევე საჭიროა პროცედურები?

რასაკვირველია. გარუჯვის შემდეგ ორ კვირაში შეგიძლიათ, მიმართოთ სახის პროცედურებს. მანამდე რეკომენდებული არ გახლავთ, რადგან გარუჯვის შემდეგ კანი ჩვეულებრივზე მეტად მგრძნობიარე ხდება, ასეთ დროს კი პილინგის გამოყენება არასასურველია. კარგი იქნება, თუკი ორ კვირის შემდეგ დამატენიანებელ ნიღაბს გამოიყენებთ, თუნდაც ინიექციის გარეშე. შემოდგომაზე კი სასურველია უფრო ღრმა ჩარევა, ინიექციის სახით. ეს საჭიროა იმისთვის, რომ კანი უკვე ზამთრისთვის მოემზადოს, ზაფხულის განმავლობაში ხომ იფიტება და შრება.

 

სხვადასხვა პროცედურას რომელი ასაკიდან ურჩევთ?

გააჩნია კანის მდგომარეობას. ზოგ შემთხვევაში კანი 28 წლის ასაკშიც ისეთი გამომშრალია, მიხმარება სჭირდება. 25 წლიდან უკვე შესაძლებელია მეზოთერაპიის ჩატარება, რომელიც ინიშნება კვირაში ერთხელ, რამდენიმე პროცედურა. ბიორევიტალიზაცია 30 წლიდან კეთდება და მხოლოდ ერთი პროცედურაა აუცილებელი, ექვს თვეში ერთხელ.

 

სახლის პირობებში როგორი ნიღბების დამზადებას გვირჩევთ?

(იღიმის) სიამოვნებით გირჩევთ ორ ნიღაბს, რომლებიც ძალიან ეფექტურია.

პირველი სახის კანისთვის გახლავთ და საკმაოდ ღრმად ატენიანებს.

ერთ ჩ.კ ნაღებს დაუმატეთ ერთი ჩ.კ. რძის ფხვნილი, მცირედი რაოდენობით გვირილის ნაყენი, ნუშის ან ზეითუნის ზეთი, რამდენიმე წვეთი, ერთი ჩ.კ. კაკაო, ერთი-ორი წვეთი გლიცერინი, რომელიც კანის კიდევ უფრო მეტად დარბილებას შეუწყობს ხელს. წაისვით მიღებული არაჟნისებრი მასა, გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შეგიძლიათ, ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ გაიკეთოთ.

 

მეორე ნიღაბი თვალის ირგვლივ მცირე ნაოჭებისთვისაა – ერთ ჩ.კ. თაფლს დაუმატეთ  რამდენიმე წვეთი ნუშის ზეთი (ნუში დიდი ოდენობით E ვიტამინს შეიცავს, რომელიც ნაოჭების საწინააღმდეგოდ ძალიან ეფექტურია), 1-2- წვეთი გლიცერინი აქაც გაურიეთ. მიღებული მასა დაიტანეთ თვალის ირგვლივ, ჩვეულებრივი ხელსახოცისგან გააკეთეთ აპლიკატორები და დაიდეთ თვალზე, მასა გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ გაისუფთავეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი თვალის ირგვლივ მცირე ნაოჭებს ძალიან კარგად გაუმკლავდება…

 

წყარო: http://fortuna.ge