თარიღი: 10 დეკემბერი, 2024
„რა არის შფოთვითი აშლილობა, საიდან ჩნდება ის და რა გარემო პირობები მოქმედებს მასზე, რამდენად დიდი გავლენა აქვს გენეტიკურ წინასწარგანწყობა, რა განსხვავებაა შფოთვით მდგომარეობას და შიშებს შორის, როგორ ვმართოთ და შევამსუბუქოთ სიტუაცია შფოთვითი მდგომარეობის არსებობისას და როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე პროფესორმა, ფსიქოლოგიის დოქტორმა, ევროპაში სერტიფიცირებულმა გეშტალტ-ფსიქოთერაპევტმა – თეა გოგოტიშვილმა ისაუბრა.
ქალბატონო თეა, რა არის შფოთვითი აშლილობა, საიდან ჩნდება ის და რა ტიპის შფოთვითი აშლილობები არსებობს?
მადლობას მოგახსენებთ ესოდენ მნიშვნელოვანი თემის განხილვისთვის. დღევანდელ ძალიან სწრაფ, სტრესებით გამორჩეულ, მერყევ გარემო, სადაც ნაკლები საყრდენია და ადამიანებს უჭირთ ხვალინდელი დღის ელემენტარულად პროგნოზირებაც კი, ალბათ, ბევრი მოახდენს აღნიშნულ პრობლემასთან ასოცირებას. ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, ეს გლობალური პრობლემაა. დღეს, ადამიანებს ხშირად აწუხებთ შფოთვითი მდგომარეობები. მე სპეციალურად ვიყენებ სიტყვას “მდგომარეობა”, რადგან თვითონ აშლილობის დიაგნოსტირება, ასე ვთქვათ, მთელი პროცესია, ის მოიცავს მთელი რიგი კონტექსტების და სიმპტომების ერთობლიობას და გათვალისწინებას. რა თქმა უნდა, აშლილობებზეც ვისაუბრებ და ვეცდები, გაჩვენოთ განსხვავება შიშსა და შფოთვით აშლილობას შორის.
რა ძირითადი განსხვავებაა შფოთვით მდგომარეობასა და შიშებს შორის?
შიში ეს არის მდგომარეობა, რომელიც კონკრეტულ მომენტში, სარისკო სიტუაციასთან, სარისკო მდგომარეობასთან მიმართებით ჩნდება, ეს არის ორგანიზმის რეაქცია. მაგალითად, თუ ჩვენ უცებ ვიგრძნობთ მიწის ბიძგს, რომელიც შეარყევს ჩვენს სავარძლებს, სართულს, რომელზეც ვიმყოფებით, ამ შემთხვევაში შიში სრულიად ადეკვატური და ბუნებრივი რეაქცია იქნება. ეს უძლიერესი ემოცია თანდაყოლილად გვაქვს, მას, ასე ვთქვათ, თვითგადარჩენის დანიშნულება აქვს. შიშის ცნება ფსიქოლოგიაში გულისხმობს ადეკვატურ რეაქციას საფრთხეზე და რა თქმა უნდა, მას მთელი რიგი შეგრძნებები ახასიათებს.
რაც შეეხება შფოთვით მდგომარეობას, ეს არის მომავალთან დაკავშირებული საფრთხეების მიმართ არსებული ძალიან ძლიერი შიშის განცდა. ეს არის ძლიერი ემოციური განცდა, რომელსაც შიშის მსგავსი ფიზიოლოგიური რეაქცია ახასიათებს.
მოდით, მივყვეთ ლოგიკას და ვთქვათ, რა აერთიანებს შიშს და შფოთვის მდგომარეობს. ორივე შემთხვევაში, თავის ტვინში გამოიყოფა კორტიზოლი და ადრენალინი.
როდესაც ჩვენ ვიწყებთ სამომავლო საფრთხეებზე ფანტაზირებას და აქედან გამომდინარე განვიცდით იმას, რასაც ძალიან მძაფრი სიმპტომები აქვს. ბუნებრივია, რომ ჩვენ ლიმბურ სისტემას არ შეუძლია გაარჩიოს, ეს ნამდვილი, ადეკვატური შიშია, არსებობს ადამიანზე თავდასხმის საფრთხე, უქმნის თუ არა რაიმე საფრთხეს მის სიცოცხლეს თუ ეს ადამიანი წარმოსახვითად იწვევს ამ შიშის განცდას, ამ შფოთვის მდგომარეობას. ვინაიდან ეს ჰორმონები გამოიყოფა და სინამდვილეში, კონკრეტულ მომენტში არავითარი საშიშროება არ არსებობს, ადამიანი განიცდის საშინელ გულის ცემას, სუნთქვის გახშირებას, ხშირ შემთხვევაში, თავბრუს ხვევას, რაც ძალიან წააგავს პანიკური შეტევის მდგომარეობას, მაგრამ პანიკური შეტევის მდგომარეობა, თვითონ სომატური სიმპტომების თვალსაზრისით, კიდევ უფრო მძიმეა.
რეალურად, როდესაც ჩვენ უნებლიედ ვიწყებთ ფანტაზირებას და გეშტალტთერაპიაში, ფანტაზირება ჰქვია ყველაფერს, რაც ამ კონკრეტულ მომენტში არ ხდება, თვითონ ვხდებით ავტორები იმ შფოთვითი შეტევების, რომლებიც შემდგომ ყალიბდება, როგორც შფოთვითი აშლილობა. ვინაიდან ადამიანს აქვს ცნობიერება, წინასწარ განჭვრეტის, გარკვეულ საკითხებზე პასუხისმგებლობის აღების უნარი, ვინაიდან ჩვენ ვიზრდებით იმ აზრით, რომ უნდა გავთვალოთ, რას რა მოჰყვება და ავიღოთ პასუხისმგებლობები, ეს ყველაფერი მოქმედებს შფოთვითი შეტევების ჩამოყალიბებაზე.
ვისაუბროთ შფოთვითი შეტევების დასაწყისზე, რადგან ხშირად ადამიანებს უჭირთ იმის თქმა, თუ რატომ და როდის დაეწყოთ შფოთვითი შეტევები.
ამის სპეციფიკასაც მოკლედ მოგახსენებთ. ჩვენი განწყობები ფიქსირდება, ინახება და განმტკიცებას ახდენს სხვადასხვა ვითარებაში. როცა არ უნდა ჰქონოდა ადამიანს ეს ძლიერი საფრთხის განცდა, ეს ინახება. ასე ვთქვათ, შიში ყველაზე ძლიერად ფიქსირდება და მას შემდეგ გამეორებაც ახასიათებს. მაგალითად, ნაბახუსევზე ადამიანებს ხშირად აქვთ ისეთი ფანტაზია, რომ მათი სიმპტომატიკა შეიძლება ლეტალურად, სიკვდილით დასრულდეს, რასაც მოჰყვება გულის აჩქარება, თავბრუს ხვევა, ეს ყველაფერი კი ადამიანის გონებაში ფიქსირდება. შემდეგ ეს სიმპტომები ასოციაციურად ვლინდება. მაგალითად, შეიძლება ადამიანი აღმართზე მიდიოდეს, გული აუჩქარდეს და ამან არაცნობიერად გამოიწვიოს ის საშინელი განცდა და შეგრძნება. ძლიერი ემოცია და განმეორებითობა არის ის 2 ფაქტორი, რომელიც ამ ყველაფერს განამტკიცებს და შემდგომ, ამ სიმპტომების კვალდაკვალ, ადამიანი უკვე ნამდვილად შფოთვითი აშლილობის მქონედ ფორმირდება.
რამდენად საყურადღებოები არიან ის ბავშვები და მოზარდები, რომლებიც პერიოდულად გამოხატავენ გარკვეულ სიმპტომებს, შიშებს, ჰიპერაქტივობას და ა.შ. , შეიძლება თუ არა, რომ ისინი შფოთვითი აშლილობის განვითარების რისკ ჯგუფში აღმოჩნდნენ? არის თუ არა ეს ერთგვარი გენეტიკური პრობლემა, ანუ თუ მშობელს აქვს შფოთვითი აშლილობა, ბავშვთანაც უნდა ველოდოთ თუ არა მის განვითარებას?
რა თქმა უნდა, როგორც ბავშვებს, ისე მოზარდებს შეიძლება გაუჩნდეთ კონკრეტული საკითხის მიმართ შფოთვა, რასაც სხვადასხვა გარემო ფაქტორი განაპირობებს, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ არსებობს ეგზისტენციალურ თემატიკასთან დაკავშირებული შფოთვებიც, ვგულისხმობ, სიკვდილ-სიცოცხლის თემას. თუ კი ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც ასაკში არ ხდება დაბალანსებული, მშვიდი დამოკიდებულების გამომუშავება, შემდეგში ეს შეიძლება, ეგზისტენციალური შფოთვის წინაპირობაც გახდეს.
რაც შეეხება ჰიპერაქტიურობის სინდრომს, ეს მაინც და მაინც პირდაპირ კავშირში არ არის ამ ყველაფერთან.
გენეტიკური ფაქტორი ფსიქოლოგიაში უმეტეს წილად „დედის რძესავით“ შესისხლხორცებულია. არაცნობიერი განწყობები, რომლებიც ჩვენ ძალიან შორეული ბავშვობიდან, აღზრდის გარემოდან მოგვყვება ძალიან მოქმედებენ. კვლევები გვაჩვენებს, რომ გარემო, სადაც მშობლებს, აღმზრდელებს აქვთ შფოთვითი დამოკიდებულება, ნეგატიური მოლოდინები, ყველაფრის მიმართ შიშის განწყობა, ძალიან აისახება ბავშვზე. ასეთი „მშიშარა“ მშობლების ბავშვებს მეტი ტენდენცია აქვთ, რომ შფოთვითი მდგომარეობის მსხვერპლნი გახდნენ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად აღმზრდელებმა იმუშაონ თავიანთ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, თუკი თავად ვერ ახერხებენ ამ შფოთვითი მდგომარეობის დაძლევას, კვალიფიციური სპეციალისტებისგან მიიღონ დახმარება, რადგან ეს ყველაფერი პირდაპირ გადაეცემა ბავშვს. ცნობისთვის, მეოცე საუკუნის ბოლოს, ნეირომეცნიერებამ სარკისებური ნეირონები აღმოაჩინა და აღმოჩნდა, რომ ეს ნეირონები ყველა ცოცხალ ორგანიზმს აქვს. ჩვენ ვირეკლავთ ქცევით პატერნებს, მით უმეტეს, ჩვენი უახლოესი ადამიანების, იმ ადამიანების, ვისთანაც ხშირი, მუდმივი შეხება გვაქვს. გაიხსენეთ ქართული გამოთქმა „ხარი ხართან რომ დააბა…“. გენეტიკურზე მეტად, მე ქცევის და განწყობების ფაქტორზე გავამახვილებდი ყურადღებას.
როდის უნდა მივიღოთ სპეციალისტთან მისვლის გადაწყვეტილება?
თუ ადამიანს ექმნება დისკომფორტი, თუ აქვს მძაფრი განცდები, თუ ხდება ასეთი მდგომარეობების გახშირება, გამეორება, მაშინ მან პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა და გაიაზროს, რა არის ახლა მისთვის აქტუალური, რის მიმართ აქვს განწყობა შესაცლელი, რა დაეხმარება. კვალიფიციური სპეციალისტი სწორედ განწყობების ცვლილებაზე მუშაობს. სამომავლო პერსპექტივაში შეიძლება, მართლაც არსებობდეს შფოთვის ფაქტორი, მაგრამ ახლა, ამ მომენტში უნდა გავთავისუფლდეთ იმაზე ნერვიულობისგან, რაზეც პასუხს ვერ ვაგებთ, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან ხშირად ადამიანი მომავალზე ფიქრით, აწმყოს კარგავს. ადამიანი უნდა დაფიქრდეს, როგორ გახდეს მეტად ოპტიმისტურად განწყობილი. თუ ადამიანი თავად ვერ ახერხებს საკუთარი თავის დახმარებას, ნეგატიური ფიქრების განეიტრალებას, აუცილებლად სპეციალისტს უნდა მიმართოს.
აღსანიშნავია, რომ ხშირად შფოთვით მდგომარეობას თან ახლავს ფიზიკური სიმპტომები, ჰაერის უკმარისობა, გულის აჩქარება, დაბუჟების, ვარდნის შეგრძნება. ვისაც ეს ყველაფერი გამოუცდია, ალბათ, დამეთანხმება, რომ ხშირად, ეს ყველაფერი პანიკურ შეტევამდეც მიდის…
გეშტალტთერაპიას ძალიან საინტერესო კვლევები აქვს პანიკურ შეტევებთან დაკავშირებით. პანიკური შეტევა ეს არის ერთი კონდიციიდან მეორეში გადასვლის მომენტი, ანუ რომ წარმოიდგინოთ, ერთი შენობიდან მეორეზე გადახტომა, როცა ჰაერშია ადამიანი, ანუ როცა ერთი რამ დამთავრდა, მაგრამ ჯერ მეორე პოზიცია, მეორე საყრდენი არ გაჩენილა. სწორედ ეს კონდიცია იწვევს ხოლმე პანიკურ შეტევას. ხშირად ერევათ და პანიკურ შეტევას შფოთვითი შეტევისგან ვერ ასხვავებენ. ჩვენ შეგვიძლია ამის დიფერენცირება. ამ შემთხვევაში, ადამიანი არ არის მხოლოდ ფიზიოლოგიური და ფიზიკური მოცემულობის მქონე. თანამედროვე ჰოლისტური მიდგომა ყოველთვის გულისხმობს, რომ წამალი, ტაბლეტი ვერ მოახდენს დამოკიდებულებების და მიდგომების ცვლილებას, თუ ადამიანს სჭირდება შინაგანი რესურსის გააქტიურება, თვითრწმენის, თავდაჯერების გამყარება. ადამიანმა უნდა ისწავლოს სიმპტომების ნეიტრალიზება, მართვა. უნდა შეიცვალოს მთელი ის დამოკიდებულება, რაზეც ეს სომატური სიმპტომები დგას.
ყოველდღიურობაში ხშირად გვესმის ფრაზები „თავი ხელში აიყვანე“ , „შენ თუ შენ თავს არ უშველე, ვერავინ დაგეხმარება“, რამდენად სწორია ეს დამოკიდებულება?
მართლაც ჯერ „თავო და თავო…“. ჩვენ როგორც სხეულის გავარჯიშება შეგვიძლია, ასე შეგვიძლია ვავარჯიშოთ ჩვენი მენტალობაც. ჩვენ უნდა ვისწავლოთ აქ და ამჟამად ყოფნა, თავის ხელში აყვანა, ანუ საკუთარი თავის მართვა. ქართულ ენაში გვაქვს ასეთი გამონათქვამი – თავისუფალი, ანუ ადამიანის მოწოდება საკუთარი თავის ფლობა და მართვაა. ჩვენ სწორედ ეს უნდა ვისწავლოთ და სწორედ ამაზე უნდა ვივარჯიშოთ. ჩვენ გვჭირდება საკუთარი თავის აღქმა, მონიტორინგი, თუ რა ტრიალებს ჩვენს გონებაში, თუ რა ხდება ჩვენს სხეულში. ყველა ჩვენი ემოცია და განცდა სხეულში გამოიხატება კონკრეტული შეგრძნებების სახით. შესაბამისად, როგორც გითხარით, თვალყური უნდა ვადევნოთ ჩვენს გონებას და სხეულს. პირველი, რაც გვჭირდება, არის საკუთარ თავთან დიალოგი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა მოედინება ჩვენს თავში, რომ ვიცოდეთ, როგორ დავხვდეთ ამ ყველაფერს, თუმცა შინაგანი დიალოგი ჭირს, როცა ადამიანს არ აქვს პოზიცია და ის ფაქტობრივად, მიწებებულია თავის ირაციონალურ, არაცნობიერ, სრულიად ქაოსურ აზრებზე, რომლებიც როგორც მდინარის ნაკადი ისე მიედინ-მოედინება თავში. უნდა ვხედავდეთ და აღვიქვამდეთ, რა ხდება, რომ გავცეთ პასუხი თითოეულ კრიტიკულ თუ სირთულის მომტან აქტუალურ საკითხს, რომელიც ჩვენს თავში ჩნდება. ამ აზრებს თავისი ემოციური მუხტი აქვთ, მათ ემოციური, სხვადასხვა შეფერილობის განცდები მოჰყვებათ.
სხეულთან კონტაქტი გეშტალტთერაპიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, იმიტომ, რომ ზედმეტად გონებით წარმართული ადამიანი ნიშნავს საერთოდ უგრძნობს და ამ შემთხვევაში, შეიძლება, გრძნობები მხოლოდ შფოთებზე იყოს დაყვანილი. სხეულთან კონტაქტი არის შეგრძნებების თვითრეფლექსიის პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური შესაძლებლობა. აქ არის სუნთქვითი ტექნიკები, შინაგანი დიალოგი, აქ და ამჟამად საკუთარი გონების ჩართულობის ფლობის ტექნიკა, რაც ჩემს ახალ წიგნში აუცილებლად მექნება ადვილად გაწერილი, რათა გამოიყენონ ადამიანებმა, რომ არ იყვნენ დამოკიდებულნი სპეციალისტზე და თავად მოახერხონ მდგომარეობის მართვა. ძირითადი 3 ეტაპი ასეთია: დააფიქსირეთ, აღიქვით, გააცნობიერეთ, ცხადად იგრძენით, რა ხდება თქვენს თავში და თქვენს სხეულში. როგორც კი მიხვდებით, რომ თქვენს თავში ისევ მომავალი საფრთხის შესახებ მოვიდა ფანტაზიები ან მოვიდა წარსულის მოგონებები, რომელთაც არანაირი აქტუალობა არ აქვთ ამ მომენტში, მოიყვანეთ თქვენი თავი აქ და ამ მომენტში, აწმყოში. თუ უკვე ბობოქრობს შფოთვითი სიმპტომატიკა, ეს რომ შეძლოთ, უნდა დაიწყოთ სუნთქვა. ცხვირით შესუნთქვა ჟანგბადის სწრაფად მიწოდებას, თავის ტვინის ჟანგბადით გამოკვებას ახდენს და ხელს უწყობს ამ დაძაბულობის და სხეულში არსებული სპაზმების მოხსნას. როცა ვიწყებთ ცხვირით შესუნთქვას და პირით ამოსუნთქვას, ჩვენ ვაკვირდებით, რომ სხეულის ყველა უჯრედი გამოთავისუფლებული იყოს მოჭიმულობისგან, დაძაბულობისგან. როცა ცხვირით შესუნთქვა და პირით ამოსუნთქვა იმ სისწრაფით და სიღრმით მიდის, რაც ამ ტექნიკისთვის არის საჭირო, იმისთვის, რომ სხეული გათავისუფლდეს, რაღაც მომენტში, შეგრძნებები უკარნახებენ ადამიანს, რომ საკმარისია და რომ ჩვეულებრივ სუნთქვაზე გადაერთოს, რათა არ მოხდეს ჰიპერვენტილაცია. ამ დროს გონება უკვე გახსნილია და ადამიანს შეუძლია საკუთარ თავთან საუბარი. ჯერ კიდევ დიმიტრი უზნაძისგან ვიცით, რომ რაც უფრო ძლიერია ემოციური განცდები, ეს მით უფრო ზღუდავს ჩვენი ცნობიერების ველს, რომ ჩვენ ვერ ვაზროვნებთ ამა თუ იმ შეგრძნობების მარწუხებში და რომ სუნთქვით უნდა გამოვათავისუფლოთ ეს ყველაფერი და შევძლოთ სხეულთან სათანადო კონტაქტის დამყარება, საკუთარ თავთან დიალოგი. ადამიანი უნდა გათავისუფლდეს ფუჭი ღელვისგან. შემდგომი, მესამე ნაბიჯი არის აქ და ამჟამად გონების დაკავება მისთვის საინტერესო, მიმზიდველი სტიმულებით, რადგან თუ გონება ვერ დავაკავეთ, ისევ დაიწყება ის, რაც უკვე მტკიცედ არის გამჯდარი ადამიანის ჩვევებში. ეს ყველაფერი არის ჩვევები და მავნე ჩვევებს გადაჩვევა სჭირდება. მომავალში გაქცევა, ფანტაზირება არის საკუთარი თავისთვის განუზომელი ზიანის მიყენება.
ზოგადად, ტექნიკა აუცილებელია პირობაა, მაგრამ არასაკმარისი. სწორედ ჰუმანისტურ-ეგზისტენციალური მიმართულების მოდალობები ანუ მეთოდოლოგია გვაძლევს საშუალებას, რომ ერთის მხრივ, ადამიანი ფლობდეს საკუთარ თავს და მეორეს მხრივ, მართავდეს თავის მდგომარეობას, ანუ იყოს თავის უფალი და არა თავის თავის მონა-მორჩილი და მსახური. მან უნდა შეძლოს ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციების შექმნა, გამყარება, რაც დასაყრდენს ქმნის მომავალთან დაკავშირებულ, ეგზისტენციალური საფრთხეებთან გამკლავების თვალსაზრისით. გაჟღერებული მეთოდიკა კარგად არის კომბინირებულ-ინტეგრირებული ჩემს მიერ. გაჟღერებული 3 საფეხურიანი ტექნიკა თვითდახმარების საშუალებას იძლევა.
სჭირდება თუ არა შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანს ანტიდეპრესანტი, დამამშვიდებელი ან თუნდაც სხვა რაიმე ტიპის მედიკამენტი?
მედიკამენტების საჭიროება ხშირად არის, თუმცა, რა თქმა უნდა, გააჩნია სიმძიმეს, სიმპტომატიკას, აშლილობის სირთულეს, რადგან არსებობს მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმები. ასევე, მნიშვნელოვანია თვითონ პიროვნული რესურსიც, თუ ადამიანს იმდენად უჭირს ამ მდგომარეობაში ყოფნა, რომ მისი ფუნქციონირება შეზღუდულია, რა თქმა უნდა, უნდა მიმართოს ფსიქიატრს და ის შეურჩევს შესაბამის ანტიდეპრესანტს, მაგრამ ყველა პროგრესული ფსიქიატრი დამეთანხმება, რომ მხოლოდ მედიკამენტური მკურნალობა ანუ მხოლოდ ფარმაკოთერაპია საკმარისი არ არის, რადგან ადამიანი ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ბიოქიმიური პროცესები და ვიდრე მხოლოდ ფიზიოლოგია.
წყარო: https://fortuna.ge