Plasmon
როტავირუსით გამოწვეული დაავადებები და მისი პრევენციის მეთოდები

თარიღი: 11 აპრილი, 2014

როტავირუსი მსოფლიოში ჩვილ და მცირეწლოვან ბავშვებში მძიმე დიარეული დაავადებების ერთ–ერთ ძირითად გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს.   თითქმის ყველა ბავშვი, 5 წლის ასაკამდე ერთხელ მაინც ინფიცირდება  როტავირუსით და მათ უმრავლესობას გასტროენტერიტი უვითარდება. დიარეის სხვა გამომწვევებისაგან განსხვავებით, როტავირუსული გასტროენტერიტები კვლავაც გვხვდება ისეთ ადგილებშიც კი, სადაც კარგი სანიტარულ-ჰიგიენური პირობებია (ვირუსის ფართო გავრცელების, მცირე მაინფიცირებელი დოზის და გარემო პირობების მიმართ მდგრადობის გამო).
როტავირუსული ინფექციის კლინიკური სპექტრი ძალიან ფართოა, დაწყებული მსუბუქი დიარეით და დამთავრებული მძიმე გასტროენტერიტით, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს დეჰიდრატაცია (გაუწყლოვება), ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, შოკი და ლეტალური გამოსავალი.  ტიპიური შემთხვევების დროს 1-3 დღიანი ინკუბაციური პერიოდის შემდეგ, დაავადება იწყება მწვავედ, ცხელებით და ღებინებით, რასაც მოსდევს წყლოვანი დიარეა. გასტროინტესტინური სიმპტომები ჩვეულებრივ 3-7 დღე გრძელდება, თუმცა შესაძლოა 2-3 კვირას გასტანოს. შესაძლოა საჭირო გახდეს ინტენსიური მკურნალობა პერორალური ან ინტრავენური სითხეებით. თუმცა პერორალური სარეჰიდრატაციო ხსნარების ეფექტურობა შეზღუდულია თუ დაავადებული ბავშვი ხშირად აღებინებს.  
როტავირუსს ახასიათებს მაღალი კონტაგიოზურობა. როტავირუსის დიდი კონცენტრაციაა ინფიცირებული ადამიანის განავალსა და პირნაღებ მასებში, სადაც ის დღეების განმავლობაში რჩება. ინფექცია ძირითადად ფეკალურ ორალური გზით გადაეცემა, პირდაპირ ადამიანიდან ადამიანს, ან არაპირდაპირი გზით - დაბინძურებული საგნებიდან. როტავირუსული ინფექციის გავრცელების უნივერსალურობა გვიჩვენებს, რომ მხოლოდ ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა და ჰიგიენური პირობების დაცვა ნაკლებ ზემოქმედებას ახდენს ვირუსის გადაცემის მექანიზმზე. დღეისათვის არსებული სამკურნალო საშუალებების (სარეჰიდრატაციო ხსნარების ჩათვლით) ხელმისაწვდომობის მიუხედავად, მსოფლიოში როტავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა კვლავაც მაღალია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით როტავირუსული ინფექციით ყოველწლიურად სიკვდილის დაახლოებით 500 000 და გამოხატული დეჰიდრატაციის გამო ჰოსპიტალიზაციის 2 მილიონზე მეტი შემთხვევა აღირიცხება. როტავირუსულ ინფექციასთან ასოცირებული ავადობის და სიკვდილიანობა ყველაზე მაღალი მაჩვენებლი განვითარებად ქვეყნებში მცხოვრებ ბავშვებშია, რადგან ადექვატური და დროული მკურნალობა ხშირად ხელმისაწვდომი არ არის. 
ამჟამად, როტავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინა არსებობს. ორივე პრეკვალიფიცირებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ: როტარიქსი (Rotarix) წარმოებული გლაქსოსმიტკლაინის (GSK) მიერ და როტატეკი (RotaTeq) წარმოებული მერკის (Merck & Co) მიერ. 
იმის გამო, რომ სხვა მიზეზით გამოწვეული დიარეების პრევენციის მეთოდები (მაგ.  სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა) ნაკლებად ეფექტურია როტავირუსულ ინფექციასთან ბრძოლაში, როტავაქცინა წარმოადგენს როტავირუსული დიარეის მძიმე ეპიზოდების პრევენციის საუკეთესო საშუალებას.
2013 წელს საქართველოში როტავირუსული  ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის   დანერგვასთან დაკავშირებით  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N01–13ნ  18.03.2013   ბრძანებით, სშჯც მინისტრის N183/ნ 25.06.2010  ბრძანებაში „პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, აგრეთვე იმუნიზაციის მართვის წესებისა და საჭირო სააღრიცხვო-საანგარიშგებო ფორმების  დამტკიცების შესახებ“  შეტანილი იქნა ცვლილებები, რის შედეგადაც   პროფილაქტიკურ ეროვნულ კალენდარს დაემატა როტავირუსული ვაქცინა. ვაქცინაცია ტარდება  როტარიქს   (Rotarix) ვაქცინით, რომელიც    მაღალეფექტურობით დაა უსაფრთხოებით გამოირჩევა.  
ვაქცინაციის კურსი შედგება 2 დოზისაგან.     პირველი დოზით ვაქცინაცია   კეთდება   8 კვირის ასაკიდან (2 თვე) 15 კვირის ასაკამდე,  ხოლო მეორე დოზა  – 12 კვირის (3 თვე) ასაკიდან   24 კვირის ასაკამდე. ვაქცინაცია ტარდება  პროპილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათალისწინებულ ხუთკომპონენტიანი (დიფთერია–ტეტანუსი– ყივანახველა– ჰეპატიტი ბ– B ტიპის ჰემოფილუს ინფლუენცა) და პოლიო ვაქცინების პირველ და მეორე დოზებთან  ერთად,  იგივე ვიზიტზე.  ვაქცინის მიღება ხდება ორალურად (პირის ღრუში ჩაწვეთებით). პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს 4 კვირა.

წყარო: http://ncdc.ge/index.php?do=fullmod&mid=515