Plasmon
საკვერცხის ცისტები

თარიღი: 23 ივნისი, 2016

რა არის საკვერცხის ცისტები?
საკვერცხეები ქალის ორგანიზმში არსებული წყვილი რეპროდუქციული ჯირკვალია, რომელიც მდებარეობს მენჯის ღრუში, საშვილოსნოს გვერდზე - მის ორივე მხარეს. 
ზომით და ფორმით საკვერცხე დაახლოებით კაკლის ოდენობისაა. 
მასში ციკლურად ხდება კვერცხუჯრედის მომწიფება, ასევე ჰორმონების - ესტროგენისა და პროგესტერონის გამომუშავება. სწორედ საკვერცხეები წარმოადგენს აღნიშნული ქალური ჰორმონების წარმოქმნის ძირითად წყაროს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქალის სხეულის ძრითადი მახასიათებლების- სარძევე ჯირკვლების, სხეულის ფორმისა და თმიანობის ტიპის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე. ისინი არეგულირებენ მენსტრუალური ციკლისა და ორსულობის მიმდინარეობასაც.
საკვერცხის ცისტები თხევადი, ლორწოვანი ან ჰომოგენური ბუნების შიგთავსის მქონე დახურული, თაღოვანი ფორმის წარმონაქმნებია, რომლებიც განთავსებულია საკვერცხის შიგნით ან მის ზედაპირზე.
საკვერცხის ცისტების 2/3 რეპროდუქციულ ასაკში ვითარდება და ძირითადად 20-დან 44 წლამდე ასაკის ქალებში ვლინდება.
რეპროდუქციულ ასაკში საკვერცხის მოცულობითი წარმონაქმნების უმეტესობა (80-85%) კეთილთვისებიანია, თუმცა, რა თქმა უნდა , მხედველობიდან არ უნდა გამოგვჩეს მათი მალიგნიზაციის შესაძლებლობაც. 

რა იწვევს საკვერცხის ცისტების წარმოქმნას?
საკვერცხის ცისტების განვითარება უამრავმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. შესაბამისად, არსებობს სხვადასხვა სახის და ბუნების ცისტები. 
ცისტების ყველაზე გავრცელებული ტიპი ფოლიკულური ცისტებია, რომლებიც ფოლიკულის ზრდის შედეგად წარმოიქმნება, მაშინ როცა რაიმე მიზეზის ( მაგ: ჰორმონალური დისბალანსის) გამო არ მოხდება ოვულაცია ანუ არ გასკდება ფოლიკული. ამ ტიპის ცისტის განვითარებას სასქესო სისტემის ანთებითი პროცესებიც უწყობს ხელს. როგორც წესი, ფოლიკულური ცისტები მკურნალობის გარეშე, სპონტანურად სკდება ან უკუვითარდება რამოდენიმე დღიდან რამოდენიმე თვის (4-8 კვირის) ინტერვალში. 
მენსტრუალურ ციკლთან ასოცირებულ ცისტას წარმოადგენს ყვითელი სხეულის ცისტაც. ყვითელი სხეული ოვულაციის შედეგად გამსკდარი ფოლიკულის ნარჩენი ქსოვილია, რომელიც, თუ არ დადგა ორსულობა, სპონტანურად უკუვითარდება. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ის სითხით ან სისხლით ივსება და საკვერცხის ცისტად ყალიბდება. ჩვეულებრივ, ყვითელი სხეულის ცისტა ცალმხრივია, უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სპონტანურად უკუვითარდება. 
თეკა -ლუთეინური ცისტა საკვერცხის ფუნქციური ცისტებიდან ყველაზე იშვიათია და გვხვდება ორსულობასთან ერთად. შესაძლოა საკმაოდ დიდ ზომებსაც მიაღწიოს, მაგრამ , როგორც წესი, ისიც სპონტანურად განიცდის უკუგანვითარებას.
ენდომეტრიოზი საკვერცხის ცისტის განვითარების ერთ-ერთი მიზეზია. როდესაც ენდომეტრიუმის ქსოვილი ვითარდება და იზრდება საკვერცხის მიდამოში, არის ალბათობა ჩამოყალიბდეს სისხლოვანი შიგთავსით სავსე ცისტა,რომელსაც წითელი ან მუქი ყავისფერი შეფერილობა აქვს და ცნობილია ენდომეტრიომის,იგივე „შოკოლადისებრი“ კისტის სახელწოდებით. მას ახასიათებს ტკივილი მენჯის არეში და გამოხატული დისპარეუნია განვითარებული შეხორცებითი პროცესის გამო.
საკვერცხის ცისტებს მიეკუთვნება ცისტადენომაც. ცისტის ეს ტიპი საკვერცხის ქსოვილიდან ვითარდება და შეიცავს სითხოვანი ან ლორწოვანი ბუნების შიგთავსს. ცისტადენომამ შესაძლოა დიდ ზომებსაც მიაღწიოს და გამოიწვიოს როგორც საკვერცხის მდებარეობის ცვლილება მენჯის ღრუში,ასევე გვერდით მდებარე ორგანოების პოზიციის გადანაცვლება. ცისტადენომისთვის დამახასიათებელ ტიპიურ გართულებას საკვერცხის ფეხზე შემოგრეხა წარმოადგენს.
არსებობოს დერმოიდული კისტებიც, რომლებიც საკვერცხის ჭეშმარიტი კეთილთვისებიანი სიმსივნეებია, თანდაყოლილია და მუცლადყოფნის პერიოდში განვითარებული დარღვევების შედეგად წარმოიქმნება. ამ სახის კისტები უმეტესად ცალმხრივია და შესაძლოა შეიცავდეს თმას, კბილებს, კანს, ნერვულ ქსოვილს, ცხიმოვან ქსოვილსა და სხვა მსგავს წარმონაქმნებს. დერმოიდულ კისტებს სხვაგვარად ცისტურ ტერატომებსაც უწოდებენ.
საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი ასევე ასოცირებულია საკვერცხის ქსოვილში მრავლობითი შედარებით მცირე ზომის ცისტების განვითარებასთან. აღნიშნული მდგომარეობა ხასითადება ჰორმონალური დარღვევების არსებობით, გამოვლინდება თმიანობით სახის და ზოგადად, მთელი სხეულის მიდამიში, აკნეთი, სიმსუქნით და ქალებში უნაყოფობის გამომწვევ უხშირეს მიზეზს წარმოადგენს. 
იშვიათ შემთხვევებში, მაგრამ მენჯის ღრუს ინფექციებს შეუძლია დააზიანოს როგორც საკვერცხეები, ასევე ფალოპის მილები და მათ მიმდებარედ გამოიწვიოს ჩირქით სავსე კისტური წარმონაქმნების განვითარება. აღნიშნული წარმონაქმნები ტუბო-ოვაირული აბსცესის სახელწოდებითაა ცნობილი. 
საკვერცხის როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი სიმსივნეები შეიძლება განვითარდეს, როგორც ცისტური წარმონაქმნები.

რა სიმპტომებით გამოვლინდება საკვერცხის ცისტები?
რეპროდუქციული ასაკის ქალთა უმეტესობაში მხოლოდ მცირე- 9მმ-ზე პატარა ზომის ცისტები ვითარდება, რომლებიც, როგორც წესი, უსიმპტომოა და სპონტანურად განიცდის უკუგანვითარებას. 
როდესაც ცისტა სიმპტომურია, მუცლის ქვედა ან მენჯის ღრუს არეში, ასევე წელის არეში განვითარებული ტკივილი და დისკომფორტი წამყვან სიმპტომად გვევლინება. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ საკვერცხის ცისტების უმეტესობა სრულიად უსიმპტომოა და ხშრად ქალმა, არც კი იცის მისი არსებობის შესახებ ან შემთხვევით იგებს რუტინული გინეკოლოგიური გამოკვლევის ან ულტრაბგერითი კვლევის ჩატარების შედეგად.
რეგულარულ გამოკვლევებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც უსიმპტომო თუ სიმპტომური ცისტის აღმოსაჩენად, ასევე საკვერცხის ცისტასთან ასოცირებული გართულებების თავიდან ასაცილებლადაც და იმ სასიგნალო ნიშნებისა თუ სიმპტომების შესახებ ინფორმაციის მისაღებად , რომლებიც შესაძლოა ასოცირებული იყოს ცისტასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის გართულებასთან. 
ერთ-ერთი ასეთი საგანგაშო სიმპტომი ტკივილია მუცლის ან მენჯის არეში. საკვერცხის ცისტის არსებობის დროს ტკივილის განვითარების შესაძლო მიზეზები შემდეგი სახის გართულებებია: 
- ცისტის კაფსულის გასკდომა
- კისტის სწრაფი ზრდა
- სისხლდენა ცისტის ღრუს შიგნით
- ინფექცია
- კისტის ფეხზე შემოგრეხა
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კისტის ფეხზე შემოგრეხა უპირატესად ცისტადენომებისთვის, ასევე დერმოიდული ცისტებისთვისააა დამახასიათებელი,მაშინ როცა ცისტის გასკდომას ძირითადად ფუნქციონალური ცისტების შემთხვევაში ვხვდებით.
იმ შემთხვევაში, თუ კისტამ დიდ ზომას მიაღწია, რაც შემთხვევათა მხოლოდ 8%-ში გვხვდება, ჩნდება სხვა სიმპტომებიც, როგორიცაა: ზეწოლის შეგრძნება და მენჯის ღრუს ანატომიის ცვლილება. სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს სისავსის და გულისრევის შეგრძნებას, საკვების მცირე ულუფის მიღების შემთხვევაშიც კი დისკომფორტის განვითარებას (ადრეული დანაყრება), მოშარვდვის ურგენტულ შეგრძნებას, დეფეკაციის ასევე ურგენტული სურვილის არსებობას ან პირიქით,ნაწლავთა მოქმედების გაძნელებას, ტკივილს და დისკომფორტს სქესობრივი ცხოვრების დროს. საკვერცხის ცისტებთან ასოცირებული სიმპტომები შესაძლოა იყოს დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი, ასევე წონაში მატება.
საკვერცხის ცისტებისთვის დამახასიათებელია მენსტრუალური ციკლის მოშლაც. თუ ცისტა ჰორმონდამოკიდებულია, შესაძლოა განვითარდეს ჰორმონალური დისბალანსი, რაც ჰორმონის ტიპისა და ასაკის შესაბამისი სიმპტომებით გამოვლინდება და მოიცავს ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას, მენორაგიას, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიას, სისხლდენას პოსტმენოპაუზის ასაკში, ვირილიზაციას, ჰირსუტიზმს, ხმის დაბოხებას, კლიტორის ჰიპერპლაზიას, შესაძლოა თირეოტოქსიკოზის განვითრებაც.
ქალთა დაახლოებით 16%-ში საკვერცხის ცისტები პოსტმენოპაუზურ ასაკში გამოვლინდება. მეტი ალბათობაა, რომ ამ ასაკში განვითარებული ცისტა იყოს ავთვისებიანი. 
დიაგნოსტიკა:
ხშირად საკვერცხის ცისტების აღმოჩენა ექიმის მიერ ხდება მენჯის ღრუს რუტინული ბიმანუალური გამოკვლევის დროს. ამ ან კისტაზე საეჭვო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია გამოკვლევის ვიზუალური მეთოდების გამოყენება. კისტების უმეტესობის დიაგნოსტირება ულტრაბგერითი გამოკვლევით ხდება. თუმცა სადოაგნოსტიკოდ შესაძლებელია გამოკვლევის სხვა ვიზუალური მეთოდების-კომპიუტერული ტომოგრაფიის და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოყენებაც.
ორსულობის ტესტის გაკეთება ერთ-ერთ სადიაგნოსტიკო მარკერს წარმოადგენს.
აუცილებლად უნდა ჩატარდეს ლაბორატორიული კვლევები, რაც მოიცავს როგორც სისხლის საერთო ანალიზს, ასევე ჰორმონალური სტატუსის განსაზღვრასა და სიმსივნის მარკერების გამოკვლევას. 

რა შემთხვევაში არის ან არ არის საშიში საკვერცხის კისტა?
თუ ქალის ასაკი 40 წელი ან უფრო ნაკლებია და მას აქვს რეგულარული მენსტრუალური ციკლი, დიდი ალბათობით საკვერცხის წარმონაქმნი იქნება ფუნქციონალური ცისტა,რასაც ჩვენს მიერ უკვე განხილული ფოლიკულური და ლუთეინური ცისტები მიეკუთვნება, რომელთა განვითარებაც ოვულაციის პროცესის დარღვევასთანაა დაკავშირებული და ჩვეულებრივ, უკუგანვითარებას განიცდის შემდგომი ან მომდევნო რამოდენიმე მენსტრუალური ციკლის პერიოდში. თუმცა, ამ შემთხვევაშიც უნდა მოხდეს ცისტების გადამოწმება და მათზე დაკვირვება აღნიშნული პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება სხვა სახის ცისტებს, უნდა განისაზღვროს ცისტის ბუნება და პაციენტს მიეცეს შესაბამისი მითითებები მკურნალობის შესაძლო მეთოდებთან და გამოსავალთან დაკავშირებით.
იმ შემთხვევაში, თუ გამოგივლინდათ უეცარი, ძლიერი ტკივილი მუცლის ან მენჯის ღრუს არეში,მუცლის წინა კედლის დაჭიმულობა ან ტკივილი ასოცირებული ცხელებასა და გულისრევასთან, ასევე შოკისთვის დამახასიათებელი სიმპტომები : შემცივნება, გახშირებული სუნთქვა და გულისცემა, ოფლიანობა, სისუსტე - გახსოვდეთ, რომ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

მკურნალობა:

საკვერცხის კისტების მკურნალობა ინდივიდუალურია და მერყეობს დაკვირვება და მონიტორინგიდან - ქირურგიულ ჩარევამდე. როგორც აღვნიშნეთ, რეპროდუქციული ასაკის ქალებში კისტების უმეტესობა ფუნქციონალურია, უსიმპტომოა და მკურნალობას არ საჭიროებს. ისინი, როგორც წესი თავისით უკუვითარდება რამდენიმე კვირიდან რამოდენიმე თვის ინტერვალში. ცისტის გასკდომის დროს პაციენტი გრძნობს სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილს. შესაძლოა ცისტის გასკდომამ გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი და სისხლდენა, რაც დღის წესრიგში აყენებს სასწრაფო ქირირგიული ჩარევის განხორციელების საკითხს. დიდი ზომის ცისტის გასკდომა შესაძლოა სქესობრივმა კონტაქტმაც კი გამოიწვიოს. ამიტომ თქვენი ჯანმრთელობის უკეთ დასაცავად, აუცილებელია იცოდეთ იმ სასიგნალო ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ, რომლებიც აღნიშნული გართულებებისთვისაა დამახასიათებელი.
რაც შეეხება სიმპტომურ კისტებს, სუსტად გამოხატული ეფექტების შემთხევვაში ქირურგიულ ჩარევასთან შედარებით უპირატესობა ენიჭება ანალგეზიურ თერაპიას, მაგრამ როდესაც დგება სასწრაფოდ თუ გეგმიურად საკვერცხის კისტის ქირურგიული გზით მოცილების საკითხი, არჩევანი უნდა გაკეთდეს ტრადიციულ - ლაპარატომიულ და თანამედროვე - ლაპარასკოპიულ მეთოდებს შორის. არჩევანის გაკეთება ინდივიდუალურად ხდება, თუმცა, კისტის ზომის (მათ შორის ზომის ცვლილების) და ბუნების , პაციენტის ასაკისა და მდგომარეობის, ასევე ქირურგის კვალიფიკაციის გათვალისწინებით უპირატესობა ენიჭება ლაპარასკოპიულ მიდგომას- ნაკლები ტრავმატიზმის, პოსტოპერაციული ტკივილის შემცირების, ჰოსპიტალიზაციის ნაკლები დროისა და სწრაფი გამოჯანმრთელების კუთხით. 
რაც შეეხება მოცდით ტაქტიკას, ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება არჩევის მეთოდია, რომელიც ერთის მხრივ ეფექტურია საკვერცხის კისტების როგორც პროფილაქტიკის, ასევე უკვე არსებული ცისტების უკუგანვითარების კუთხით, მეორეს მხრივ კი ხელსაყრელია რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის, რომელთაც არ სურთ დაორსულება- კონტრაცეფციული ეფექტის გამო.
რისკ-ფაქტორები:
საკვერცხის ცისტების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია:
- ჰორმონული ფონისა და ენდოკრინული სისტემის დარღვევები
- ნაადრევი მენსტრუაცია
- ანამნეზში მრავლობითი აბორტების არსებობა
- ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია
- ანთებით დაავადებები და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები
გახსოვდეთ, რომ საკვერცხის ფუნქციური ცისტების განვითარების რისკის ზრდა დაკავშირებულია თამბაქოს მოხმარებასთან. 
რისკის შემცირება კი ასოცირებულია ორალური კონტრაცეპტივების გამოყენებასთან, ასევე მშობიარობის რიცხვთან. კვლევებით დადასტურებულია, რომ ანამნეზში ერთი მშობიარობაც კი განსაკუთრებით გამოხატული დამცველი ფაქტორია არა მხოლოდ საკვერცხის კეთილთვისებიანი ბუნების მქონე ცისტების, არამედ საკვერცხის კიბოს განვითარების რისკის მკვეთრად შესამცრებლადაც.

პრევენცია:

სამწუხაროდ, არ არის ცნობილი პრევენციის გზები საკვერცხის ცისტების განვითარების თავიდან ასაცილებლად. 
გინეკოლოგის რეგულარული მეთვალყურეობა აუცილებელი კომპონენტია ცისტების ადრეულ ეტაპზევე აღმოსაჩენად .
მენსტრუალური ციკლის ცვლილება რამოდენიმე ციკლის განმავლობაში ასევე შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ იმ ნიშნად, რომელიც შესაძლოა განპირობებული იყოს ცისტის არსებობით და აუცილებლად საჭიროებდეს ყურადღებას. ამ შემთხვევაშიც, გირჩევთ მიაკოთხოთ თქვენს მკურნალ ექიმს.

P.S.იყავით მეტად ინფორმირებული ! დაიცავით თქვენი ჯანმრთელობა!
გაეცანით ჩვენს სტატიებს, დასვით კითხვები და მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემების შესახებ .
სტატიის ავტორები:
თსსუ პროფესორი: გიორგი თევდორაშვილი 
რეზიდენტი: მარიამ ანდღულაძე