Plasmon
სარძევე ჯირკვლის სიმსივნე

თარიღი: 23 იანვარი, 2017

მსოფლიოში ქალთა პოპულაციაში, ონკოლოგიურ დაავადებებს შორის, სარძევე ჯირკვლის სიმსივნეს პირველი ადგილი უჭირავს და სამწუხაროდ, საქართველოშიც ძალიან გავრცელებულია.


ამ დაავადებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ადრეული ან გვიანი მენსტრუალური ციკლი, ადრეული ან გვიანი მშობიარობა. აგრეთვე მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორი და ა.შ.

დაავადების პრევენციისთვის აუცილებელია სკრინინგი და მისი ერთ–ერთი ინოვაციური მეთოდია სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი ელასტროგრაფიული გამოკვლევა. ელასტოგრაფია სარძევე ჯირკვლის სიმკვრივის განსაზღვრაა, რომელიც ადგენს ფიბროზული მასტოპათიის გავრცელების ხარისხს და ამის ფონზე წარმოქმნილი კვანძების სიმკვრივეს. მიღებული მონაცემებით ხდება სიმსივნური პროცესების პრევენცია. სარძევე ჯირკვლების ელასტოგრაფია უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ამ გამოკვლევით ნებისმიერი სიხშირით არის შესაძლებელი.

ამ ინოვაციური მეთოდის შესახებ გვესაუბრა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი რადიოლოგი, ეკა ტყეშელაშვილი.

– რა იწვევს სარძევე ჯირკვლის კიბოს ან რა უწყობს ხელს მის განვითარებას?
– სარძევე ჯირკვლის სიმსივნური დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ხელშემწყობი ფაქტორებია: მემკვიდრეობა, ემოციური ფონი – ნერვული სტრესი, გადაღლილობა, არასწორი ცხოვრების რიტმი, არასწორი კვების რეჟიმი.

– ხომ არ შეინიშნება გაახალგაზრდავების ტენდენცია?
– დიახ, შეინიშნება. ადრე გვხვდებოდა 40 წელს ზემოთ, ეხლა უფრო გაახალგაზრდავდა და ასაკი 30–დან 40 წლამდე მერყეობს. 

– სარძევე ჯირკვლის ელასტოგრაფია ძუძუს კიბოს სკრინინგში ნამდვილი ინოვაციაა. გთხოვთ, მკითხველს განუმარტოთ რას ნიშნავს სარძევე ჯირკვლის ელასტოგრაფია?
– სკრინინგის ერთ–ერთი ინოვაციური მეთოდია სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი ელასტოგრაფიული გამოკვლევა, რომლის წყალობითაც დგინდება ფიბროზული მასტოპათიის სიმძიმე. ელასტოგრაფიული გამოკვლევით ვადგენთ ამ დაავადების ფონზე წარმოქმნილი წარმონაქმნების სიმკვრივეს და რამდენად საშიშია ეს წარმონაქმნი. თუ მკვეთრად გამკვრივებულია, მიგვანიშნებს ძუძუს კიბოს წარმონაქმნზე, ხოლო თუ შედარებით რბილია ადენომის ტიპის წარმონაქმნია. ძუძუს კიბოს პრევენციაში ელასტოგრაფია ერთ–ერთი მნიშვნელოვანი გამოკვლევაა. 

– რამდენად უსაფრთხო, უმტკივნეულოა ეს პროცედურა?
– უსაფრთხოა და წარმოადგენს ულტრაბგერას, რომელიც აღწევს კანქვეშა ქსოვილში. ის არ არის რენტგენოლოგიური გამოკვლევა და შეგიძლიათ ეს პროცედურა იმდენჯერ ჩაიტაროთ რამდენჯერაც გნებავთ. აუცილებელია, რომ ულტრაბგერითი ელასტოგრაფია წელიწადში ორჯერ ყველა ჯანმრთელმა ქალმა ჩაიტაროს.

– ქირურგიის ეროვნული ცენტრი რომელი აპარატურითაა აღჭურვილი და რა უპირატესობით გამოირჩევა?
– ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ეს გამოკვლევა კეთდება უახლესი ულტრაბგერითი აპარატით Toshiba Aplio 500. აღჭურვილია ვიზუალიზების თანამედროვე სისტემით, მაღალი სიზუსტისა და მგრძნობელობის პროგრამებით. მაღალი სიზუსტით ხდება მკურნალობის შედეგების მონიტორირება, რაც პაციენტთათვის უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიაა.

– ექოსკოპიურ დასკვნებში ხშირად ვხვდებით დიაგნოზს ფიბროზული მასტოპათია. განგვიმარტეთ რას ნიშნავს ეს დიაგნოზი?
– ფიბროზული მასტოპათია სარძევე ჯირკვლის მიდამოში მკვრივი ქსოვილების ჭარბად ჩანაცვლებაა. ჰორმონული დისბალანსის ფონზე ვითარდება და უმთავრესად რეპროდუქციული ასაკის ქალებს აღენიშნებათ. ტკივილის შეგრძნება მენსტრუაციამდე რამდენიმე დღით ადრე ჩნდება. მისთვის დამახასიათებელია კვანძოვანი წარმონაქმნების გაჩენა, რომლებიც დროთა განმავლობაში შეიძლება ჩამოყალიბდეს ავთვისებიან სიმსივნურ დაავადებად. გამკვრივებები და კვანძები სხვადასხვა კონსისტენციისაა და შეხებისას მტკივნეულია. შორსწასული ფორმებისა და კვანძოვანი მასტოპათიის შემთხვევაში ტკივილი ბეჭსა და იღლიაში გადაეცემა. მკერდის ოდნავ შეხებაც კი ტკივილს იწვევს. სამწუხაროდ, ფიბროზული მასტოპათია გვხვდება ნაადრევ ასაკში. ადრე იყო 30 წელს ზემოთ და ეხლა 16 წლის ასაკიდან ფიქსირდება. აუცილებელია ყველა ჯანმრთელმა ქალბატონმა გაიაროს სკრინინგი ანუ ულტრაბგერითი გამოკვლევა 16–დან 35 წლამდე და 35 წლიდან 70 წლამდე ამ გამოკვლევას დამატებული რენტგენომამოგრაფია. ფიბროზულ მასტოპათიას სჭირდება მუდმივი კონტროლი. აუცილებელია ულტრაბგერითი გამოკვლევა ყველა ჯანმრთელმა ქალბატონმა ჩაიტაროს 6 თვეში ერთხელ. თუ სარძევე ჯირკვალში არის წარმონაქმნი, ამ გამოკვლევით მისი დიაგნოსტირება მოხდება და დროული მკურნალობის წყალობით თავიდან ავიცილებთ ძუძუს კიბოს.

– რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს?
– ჩემი რჩევაა 3 თვეში ან 6 თვეში ერთხელ ჩაიტაროთ ულტრაბგერითი კვლევა, რომელიც სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულოა. ეს პროცედურა მხოლოდ 10–15 წუთი გრძელდება. აუცილებელია ყველა ჯანმრთელმა ქალბატონმა თვეში ერთხელ ჩაიტაროს სარძევე ჯირკვლების თვითგასინჯვა. თუ წარმონაქმნს შენიშნავთ, აუცილებლად მიმართეთ მამოლოგს.


თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ექიმ რადიოლოგს, ეკა ტყეშელაშვილს ნომერზე 599 50 90 91.