Plasmon
როგორ ავარჩიოთ ბავშვისათვის საზაფხულო კურორტი

თარიღი: 25 ივნისი, 2019

როგორ ავარჩიოთ ბავშვისათვის საზაფხულო კურორტი და რამდენი ხანი უნდა დავრჩეთ იქ სამკურნალო ეფექტისათვის

სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე

საქართველო ის ქვეყანაა, სადაც აქტიური და პასიური დასვენებისათვის საუკეთესო კლიმატური და ბალნეოკურორტებია. მთავარია, სწორად შეარჩიოთ ის ბავშვისათვის.

სანამ დასასვენებლ ადგილს შეარჩევთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ექიმის რჩევა - რა ტიპის ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედება სჯობს თქვენი პატარასთვის. 

ამ საკითხის გარკვევის შემდეგ გაითვალისწინეთ კურორტის მდებარეობა, რამდენად კარგადაა განვითარებული მისი ინფრასტრუქტურა, რამდენად შორს მდებარეობს უახლოესი დიდი დასახლებული პუნქტიდან და რამდენად ხელმისაწვდომია კვალიფიციური გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზე. 

ზაფხული დასვენების, ბავშვის გაჯანსაღებისა და გაკაჟებისათვის აუცილებელ საუკეთესო პირობებს და გარემო ფაქტორებს გვთავაზობს, ოღონდ იმ პირობით, რომ ეს ფაქტორები დოზირებულად და მიზანმიმართულად უნდა გამოვიყენოთ. 

კურორტი უნდა შეირჩეს მისი ბუნებრივი სამკურნალო პოტენციალის და ბავშვის საჭიროების გათვალისწინებით.

კურორტები რამდენიმე ჯგუფად იყოფა - 

კლიმატური კურორტი განსაკუთრებული ჰავით გამოირჩევა, აქ შეგიძლიათ ისარგებლოთ მზისა და ჰაერის აბაზანებით, ჩაიტაროთ ზღვის ნაპირით და წყლით მკურნალობა. კლიმატური კურორტი საუკეთესო ადგილია პატარების გაკაჟებისათვის.

მთის კლიმატი გამოირჩევა მზის ინტენსიური რადიაციით (განსაკუთრებით სჭარბობს მზის ულტრასიისფერი სპექტრი), დაბალი ბარომეტრული წნევით და ჰაერში ჟანგბადის დიდი შემცველობით. ასეთი კლიმატი განსაკუთრებით სასარგებლოა სასუნთქი გზების დავადებათა მკურნალობისათის, ზოგადი გაკაჟება-გაჯანსაღებისათვის.

ზღვის კლიმატი მზის ინტენსიური გამოსხივებით გამოირჩევა, ჰაერი გამდიდრებულია ოზონით და მარილებით, აქვს მატონიზებელი და გამაკაჟებელი ეფექტი. 

თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩვენი სანაპირო ზოლი მაღალი ტენიანობით გამოირჩევა და არ უხდება სასუნთქი გზების ქრონიკულ დაავადებებს. 

ამიტომ თუ ბავშვს ბრონქული ასთმა ან მორეციდივე ბრონქიტი აქვს, უმჯობესია კურორტული თერაპიისათის ზღვის ჰავა არ შეარჩიოთ.

უდაბნოს და სტეპების კლიმატი ხასიათდება დაბალი ტენიანობით, მაღალი ტემპერატურით, მზიანი დღეების სიჭარბით, მშრალი ქარებით, რაც ხელს უწყობს ოფლდენას და ორგანიზმიდან წყლის აორთქლებას. ამიტომ ასეთი ადგილები საშარდე გზების ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. საქართველოში ამ მხრივ გამორჩეული კლიმატია არხილოსკალოში. 

ბალნეოლოგიური კურორტის მთავარი სამკურნალო ფაქტორი მინერალური წყალია. ბალნეოკურორტებზე შესაძლებელია მინერალური წყლის აბაზანებიც მკურნალობაც.

ადგილები, სადაც შესაძლებელია როგორც ჰავით, ისე წყლით მკურნალობა, ცნობილია ბალნეოკლიმატური ან კლიმატობალნეოლოგიური კურორტების სახელწოდებით იმის მიხედვით, თუ რომელი კომპონენტია წამყვანი - ჰავა თუ წყალი.

არსებობს კურორტები პელოიდოთერაპიისათვის, რაც სამკურნალო ტალახით მკურნალობას გულისხმობს.

ცალკე საკითხია მღვიმებით მკურნალობა. ამ ადგილებში განსაკუთრებული მიკროკლიმატია, რომელიც უხდება სასუნთქი გზების დაავადებებს, ქრონიკულ დაღლილობას, ჰიპერტონულ დაავადებას. მღვიმეში მკურნალობა 2-3 კვირის მანძილზე ყოველდღიურად 2-3 სთ გრძელდება.

 

რამდენი ხანი უნდა გავემგზავროთ კურორტზე?

ცნობილია, რომ ახალ გარემოში მოხვედრისას ორგანიზმი ადაპტაციის პროცესს გადის, რასაც აკლიმატიზაცია ეწოდება და ის 1 კვირამდე შეიძლება გაგრძელდეს, ადაპტაციის პროცესში შესაძლებელია თქვენი პატარა ჭირვეული გახდეს ან კუჭ-ნაწლავის მხრივ მცირე დისკომფორტიც გამოეხატოს. ეს საშიში არაა და თავისთავად, მალე გაივლის. 

ბუნებრივი სასარგებლო ფაქტორები ორგანიზმზე თავის კეთილისმყოფელ გავლენას 10-14 დღის შემდეგ იწყებს, ამიტომ კურორტული თერაპია მინიმუმ 3-4 კვირას უნდა გაგრძელდეს.

 

თუ ბავშვი სასუნქთი სისტემის დაავადებებისადმია მიდრეკილი...

ადრეულ ასაკში ყველაზე ხშირი პრობლემაა სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციები, რასაც მშობლები მწვავედ აღიქვამენ, სინამდვილეში კი ადრეული ასაკის პატარა წლის მანძილზე 7-8-ჯერ შეიძლება ავად გახდეს, რასაც ხელს უწყობს მისი სასუნთქი სისტემის ანატომო-ფიზიოლოგიური თავისებურებები და იმუნური სისტემის უმწიფრობა.

სასუნთქი გზების ავადმყოფობათა დროს არჩევანს მთის მშრალ კურორტებზე ვაკეთებთ. საქართველოში ასეთი კურორტების დეფიციტი ნამდვილად არ არის. შეარჩიეთ აბასთუმანი, ბახმარო, ბაკურიანი, სურამი. 

არ დაგავიწყდეთ, რომ მთაში განსაკუთრებით ძლიერია მზის ულტრაიისფერი გამოსხივება და მზეზე ხანგრძლივად ყოფნამ შესაძლებელია კანის დამწვრობა გამოიწვიოს.

 

რა უხდება სახსრებს?

ძვალ-სახსროვანი სისტემის დაზიანება მრავალმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის იუვენილურმა რევმატოიდუმა არიტმა, რევმატიზმმა, ფსორიაზმა, რაქიტმა. სხვადსხვა მიზეზით გამოწვეული სასრების დაზიანების კურორტული მკურნალობისათვის განსაკუთრებიული მნიშვნელობა ენიჭება ჰიდროთერაპიას. თბილ წყალში ვარჯიში კუნთების მოდუნებას იწვევს, აქტივდება სახსრებში სისხლის მიმოქცევა და მათი მოქნილობა. ხდება ტკივილის შემსუბუქება. განსაკუთრებით ეფექტურია წყალტუბოს უნიკალური რადონის წყლის აბაზანები.

ბავშვთა ასაკში ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებათა მკურნალობის და პროფილაქტიკისათვის ეფექტურია ურეკი-გრიგოლეთის მაგნეტიტით მდიდარი ქვიშა.

 

როგორ დავეხმაროთ კანს

კანის ქრონიკული დაავადებების დროს კურორტული მკურნალობა გასაოცარ შედეგს იძლევა. ფსორიაზის, ეგზემის, ნეიროდერმიტის, სხვადასხვა ტიპის დერმატიტისათვის ნუნისის მინერალური წყლის აბაზანები საუკეთესოა, ასევე ეფექტურია

პელოიდოთერაპია - სამკურნალო ტალახის აბაზანებით მკურნალობა.

 

ბალნეოთერაპია - მკურნალობა მინერალური წყლებით

მინერალური წყლების სამკურნალო ეფექტები უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. ბალნეოთერაპია აქტიურად გამოიყენება კუჭ-ნაწლავის სისტემის, საშარდე სისტემის ქრონიკული დაავადებების მკურნალობისა და რეაბილიტაციისათვის. 

ამ მხრივ გამორჩეული ბალნეოკურორტებია ბორჯომი, ნაბეღლავი, საირმე. 

მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მინერალურ წყალსაც დოზირება სჭირდება.

აი, როგორ უნდა გამოთვალოთ თქვენი შვილისათვის საჭირო წყლის რაოდენობა - წონის ყოველ კგ-ზე ინიშნება 3 მლ მინერალური წყალი. 

წყლის სამკურნალო თვისებებს მისი ქიმიური შემადგენლობა განსაზღვრავს. გასთავალისწინებელია წყლის მიღების დრო. კუჭის მომატებული მჟავიანობის დროს მინერალური წყალი ჭამამდე 1-1-5 სთ ადრე უნდა მიიღოთ, ამ დროში წყალი თორმეტგოჯა ნაწლავში მოასწრებს გადასვლას და კუჭის სეკრეციული აქტივობა დაითრგუნება.  დაქვეითებული სეკრეციის დროს კი, პირიქით, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე მიღებაა საჭირო, რადგან ამ დროს კუჭის წვენის სეკრეცია აქტივდება. 

ნორმული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს წყალს ჭამამდე 30 წთ ადრე იღებენ.