Plasmon
სიმპტომები ბავშვებში, რომლებიც მულტისისტემურ ანთებით სინდრომზე მიანიშნებს

თარიღი: 10 თებერვალი, 2021

რა უნდა ვიცოდეთ მულტისისტემური ანთებათა სინდრომის შესახებ კოვიდგადატანილ ბავშვებში, განკურნებადია თუ არა დაავადება და ვინ არის რისკ-ჯგუფში – ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე პედიატრი, ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ქეთევან ბარაბაძე პასუხობს.

მულტისისტემური ანთებათა სინდრომი არის დაავადება, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით, თუმცა კორონავირუსის მიერ მოტანილ ახალ თავსატეხებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო სწორედ ეს დაავადებაა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, კოვიდის გადატანის შემდეგ საქართველოში მულტისისტემური ანთებათა სინდრომი 60 ბავშვს გამოუვლინდა, მათი ნაწილი ჰოსპიტალში მკურნალობას ახლაც განაგრძობს. მაინც რა დაავადებაა მულტისისტემური ანთებათა სინდრომი, როდის და რატომ შეიძლება ის განვითარდეს და რა სიმპტომებით ვლინდება?
ქეთევან ბარაბაძე : დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, მულტისისტემური ანთებათა სინდრომი ახალი დაავადებაა და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მედიცინას ამ ეტაპზე მის შესახებ უკვე აქვს გარკვეული წარმოდგენა და ინფორმაცია, ის ბოლომდე შესწავლილი არ არის. ჯერჯერობით ბოლომდე უცნობია ასევე მისი შედეგებიც.

 

მულტისისტემური ანთებათა სინდრომი პოსტ-კოვიდური დაავადებაა, რომლის ნიშნებმაც თავი შესაძლოა იჩინოს  კოვიდ-ინფექციის გადატანიდან რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ. მულტისისტემური ანთებათა სინდრომი ძირითადად პედიატრიული დაავადებაა, თუმცა მისი შემთხვევები მოზრდილებშიც არის აღწერილი. დაავადება მოიცავს დაახლოებით 0-21 წლის ასაკობრივ ჯგუფს. პირველად მის შესახებ ცნობები დიდი ბრიტანეთიდან და ესპანეთიდან წამოვიდა. მალევე მსგავსი შემთხვევები აღწერეს იტალიაში, საფრანგეთსა და აშშ-ში. ეს მოხდა 2020 წლის გაზაფხულზე მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებმა გადაიარეს ე.წ. “პირველი ტალღა” და ვირუსის გავრცელება იქ საკმაოდ მაღალი იყო.

 

თავიდან მას “მისტიკურ დაავადებას” უწოდებდნენ და ადარებდნენ კავასაკის სინდრომს, ან ტოქსიური შოკის შედეგად განვითარებულ დაავადებას. თუმცა კავასაკის სინდრომისაგან განსხვავებით, მულტისისტემურ ანთებათა სინდრომს უფრო მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს, გარდა ამისა  სამიზნე ასაკობრივი ჯგუფი უფრო დიდია და ამიტომაც ის უფრო საშიშია. კავასაკის სინდრომი ძირითადად 0-5 წლის ასაკის ბავშვების დაავადებაა, ხოლო მულტისისტემათა ანთებითი სინდრომი შესაძლოა 21 წლის პირსაც განუვითარდეს. სტატისტიკურად, დაავადება ძირითადად დაემართათ ბავშვებს, მათგან უმეტესობა კი თინეიჯერი იყო.

 

რაც შეეხება სიმპტომატიკას, დაავადებას ახასიათებს ცხელება, გამონაყარი, შეშუპება, გასტროინტესტინალური ტრაქტის მხრივ სხვადასხვა სიმპტომების გამოვლენა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ძლიერი ინტოქსიკაციის ნიშნები.
განსაკუთრებით საშიში, რაც ამ დაავადებას ახასიათებს, ეს არის გენერალიზებული ვასკულიტი, ანუ სისხლძარღვოვანი ანთება, რომელიც აზიანებს არტერიებს, ვენებს, მათ შორის გულის მთავარ, კორონარულ სისხლძარღვებს, რის შედეგადაც გულის ესა თუ ის პათოლოგია შეიძლება განვითარდეს. დაავადებამ შეიძლება სხვა სასიცოცხლო ორგანოებზეც მოახდინოს დამანგრეველი გავლენა და რასაკვირველია, ეს შეშფოთების საფუძველია. ამიტომ დაავადება საჭიროებს უფრო მეტ ყურადღებას როგორც მშობლის, ასევე პედიატრის მხრიდან.

 

როგორც წესი, დაავადება იწყება ცხელებით და ეს მომენტი არ უნდა გამოგვეპაროს. თუ კოვიდის გადატანიდან რამდენიმე დღის ან თუნდაც ერთი თვის შემდეგ დაფიქსირდა ცხელება, უნდა მივმართოთ პედიატრს, რომელიც დანარჩენი სიმპტომების დიფერენცირებას  მოახდენს და დიაგნოზს დასვამს.

 

მინდა აღვნიშნო, რომ მულტისისტემათა ანთებითი სინდრომის გარდა არსებობს პოსტ-კოვიდური დაავადების სხვა ფორმაც, როდესაც ვირუსის გადატანიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემედეგ პაციენტი კლინიკაში შემოდის ცხელებით და რომელიმე სისტემის, ან მაქსიმუმ ორი სისტემის პრობლემით, თუმცა ამ ყველაფერს არ ახასიათებს მულტისისტემური ანთებათა სინდრომის მსგავსი მძიმე მიმდინარეობა და იოლად ემორჩილება მკურნალობას.

 

შესაბამისად მიდგომა, რომ ვირუსი დავამარცხეთ და მორჩა, აქ არ მუშაობს, საჭიროა მეთვალყურეობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში კოვიდის გადატანიდან… ქალბატონო ქეთევან, აქამდე ბავშვები რისკ-ჯგუფად არ მოიაზრებოდნენ. ითვლებოდა, რომ ისინი ვირუსის მხოლოდ გამავრცელებლები არიან, რადგან ვირუსს უსიმპტომოდ იტანდნენ. თუმცა იმის ფონზე, რომ ბავშვებში სიცოცხლისთვის საშიში გართულება შესაძლოა მოხდეს მულტისისტემური ანთებათა სინდრომის სახით, როგორ ფიქრობთ, არიან თუ არა ბავშვებიც რისკ-ჯგუფში?
ქეთევან ბარაბაძე: დღეს უკვე ყველამ ვიცით, რომ ბავშვი შეიძლება დაინფიცირდეს ვირუსით, მაგრამ გადაიტანოს ის ძალიან იოლად, უსიმპტომოდ ან მინიმალური სიმპტომატიკით. თუმცა დღის წესრიგში დგება უკვე სხვა საკითხი. უკვე ვიცით ისიც, რომ ვირუსის თუნდაც ძალიან იოლად გადატანიდან რაღაც პერიოდის შემდეგ შესაძლოა გარკვეული პოსტ-კოვიდური გართულება წამოვიდეს, იქნება ეს მულტისისტემური ანთებათა სინდრომი თუ რაიმე სხვა, ამიტომაც საჭიროა მუდმივი მეთვალყურეობა. ბავშვების უმეტესობამ საქართველოში კოვიდი სახლის პირობებში გადაიტანა და ექიმები მხოლოდ სატელეფონო კონსულტაციებით იფარგლებოდნენ. რასაკვირველია ჩვენ ვცდილობდით, რომ ჩაგვეტარებინა ლაბორატორიული კვლევები და თუნდაც ანთებითი მარკერები გამოგვეკვლია, რასაც შეეძლო მიენიშნებინა, იყო თუ არა გართულებების რისკი. თუმცა არც ეს არის საკმარისი, რადგან ბავშვების შემთხვევაშიც არ არის ისე, რომ ვირუსი დავამარცხეთ და მორჩა. შემდეგაც საჭიროა მეთვალყურეობა იმ პედიატრის მიერ, რომლემაც გადაშლილი წიგნივით იცის პაციენტი და იცის ისიც, თუ რა სირთულე შეიძლება წამოვიდეს კონკრეტულ ბავშვთან მიმართებაში.

 

ზოგადად პოსტ-კოვიდურ სიმპტომებს რაც შეეხება, ჩაითვალა, რომ ეს დაავადების შემდეგ ნორმალურია და დამახასიათებელი, როდესაც ვირუსის დამარცხებიდან რაღაც პერიოდი პაცინეტებს რჩებათ ხველა, სუბფებრილური ტემპერატურა, მუცლის ტკივილი, სახსრების დაკუნთების ტკივილი დაა.შ. ეს თითქოს ჩაითვალა რომ დაავადების დამახასიათებელია, თუმცა ახლა ჩანს, რომ რამდნეიმე შემთხვევაში ეს თითქოს ჩვეულებრივი სიმპტომები ბავშვებში იყო ძალიან სერიოზული, სიცოცხლისათვის საშიში გართულების მანიშნებელი.

 

ქალბატონო ქეთევან, ვიცით, რომ სტატისტიკა რომელიც გვაქვს, ძალიან მცირეა და არ არის ვალიდური, მაგრამ მაინც საინტერესოა, შეიძლება თუ არა მასზე დაყრდნობით ითქვას რაზეა დამოკიდებული განუვითარდება თუ არა ბავშვს გართულება, არიან თუ არა რისკ-ჯგუფში ქრონიკული დაავადების მქონე ბვავშვები?
ქეთევან ბარაბაძე: მინდა აღვნიშნო, რომ საბედნიეროდ  მულტისისტემური ანთებათა სინდრომი იშვიათად ვითარდება. გვყოლია ძალიან ბევრი პაციენტი პოსტ-კოვიდური გართულებებით, თუმცა მათ ეს დაავადება არ ჰქონიათ. ძნელი სათქმელია, არიან თუ არა დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ ბავშვები ქრონიკული დაავადებებით, რადგან ბევრ ასეთ ბავშვს არაფერი გართულებია და სრულიად ჯანმრთელ ბავშვს კი პირიქით. ჯერჯერობით კვლევების საგანია საკითხი, თუ რატომ შეიძლება განვითარდეს ეს დაავადება. არსებობს ჰიპოთეზა, რომ გენეტიკური განწყობა გარკვეულ როლს თამაშობს, თუმცა ამას დამატებითი კვლევები სჭირდება. ფაქტი კი ერთია – რაც უფრო მალე მივმართავთ ექიმს, რაც უფრო მალე მოხდება პრევენცია ან დაიწყება მკურნალობა, მით უკეთესია. საბედნიეროდ, დაავადება მკურნალობას ექვემდებარება და დაახლოებით 3-4 დღეში ბინაზე გაწერაც ხდება. ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი ექიმთან დროული მიმართვიანობაა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პაციენტები გაწერის შემდეგაც დაკვირვების ქვეშ მყავს და მათ ჯერჯერობით აღარაფერი გართულებიათ.

 

საინტერესოა, რომ სოციალურ ქსელებში შეშფოთებული მშობლები უმეტესწილად დაავადების ერთ-ერთ სინდრომზე, დიარეაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.როდის შეიძლება პოსტ-კოვიდურ პერიოდში დიარეის დროს ეჭვი მივიტანოთ მულტისისტემურ ანთებათა სინდრომზე და როდის არის დიარეა უბრალოდ დიარეა?
ქეთევან ბარაბაძე: არა მხოლოდ პოსტ-კოვიდურ პერიოდში, ბავშვებში კუჭ-ნაწლავის სისტემის გართულებები თვითონ კოვიდსაც ახასიათებდა. იყო შემთხვევები, რომ კოვიდმა აპენდიციტიც გამოიწვია და მხოლოდ პოსტ-ოპერაციულ პერიოდში გაირკვა, რომ ბავშვი კოვიდინფიცირებული იყო. კოვიდი იმდენად განსხვავებულ სტრუქტურულ თავისებურებებს ტოვებს, რომ დღეს ქირურგებს თამამად შეუძლიათ თქვან – იყო ეს ჩვეულებრივი მწვავე აპენდიციტი, თუ კოვიდით გამოწვეული.

 

რასაკვირველია პოსტ-კოვიდურ პერიოდში ჩვენთან შემოდიოდა არაერთი ბავშვი მუცლის ტკივილით, დიარეით, გულისრევით, თუმცა ეს მდგომარეობა შემოფარგლული იყო მხოლოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებით და სხვა სისტემები არ იყო ჩართული. მულტისისტემურ ანთებათა სინდრომს მხოლოდ დიარეა არ ახასიათებს, ასე რომ მასზე ეჭვი მაშინ უნდა მივიტანოთ, თუ დიარეასთან ერთად დაახლოებით 3-4 დღე გამოხატულია მაღალი ცხელება, 38 და მეტი. თუ სახეზეა გამონაყარი, რომელიც ასევე ხშირი სიმპტომია. ასევე თუ სახეზეა შეშუპება – ძირითადად ტერფის და ხელის მტევნების მიდამოში, თუმცა შეიძლება გენერალიზებულიც იყოს. შესაძლოა მოხდეს ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ხშირად ეს ხდება ცალ-მხარეს და ერთგვარად წააგავს ყბაყურას დროს სახის ერთი ნაწილის შესიებას. ეს სიმპტომები მიანიშნებენ მულტისისტემურ ანთებათა სინდრომზე. დაავადება საათებში პროგრესირებს, თვალსა და ხელს შორის, ამიტომ დროული მიმართვიანობა უმნიშვნელოვანესია. ასევე მინდა ვთქვა, როცა არის ექიმის რეკომენდაცია, რომ პაციენტს სჭირდება მეთვალყურეობა, ნუ იჩქარებთ ბავშვის სახლში წაყვანას, ეს იქნება ჩემი მხრიდან უდიდესი თხოვნა და რეკომენდაცია. ხშირად მშობლებს ეჩქარებატ ხოლმე რომ ბავშვი იყოს გაწერილი, არადა ამ დაავადებას გარკვეული პერიოდი მონიტორინგი სჭირდება.

 

ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა მინდა დავსვა, არის თუ არა მულტისისტემური ანთებათა სინდრომი ბოლომდე ალაგებადი დაავადება? ეს სკამაოდ მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ დროული ჩარევის და თვითონ ორგანიზმის მხრიდან ხელშეწყობის შემთხვევაში იქნება თუ არა შესაძლებელი მისი ბოლომდე განკურნება?
ქეთევან ბარაბაძე: დიახ, საბედნიეროდ ეს დაავადება ბოლომდე ალაგებადია და სწორედ ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. თუმცა, როგორც აღნიშნეთ, დროული მიმართვიანობა უმნიშვნელოვანესია. თუ მკურნალობა საერთაშორისო პროტოკოლის შესაბამისად, დროულად და სწორად დაიწყო, სამ-ოთხ დღეში ვიღებთ დინამიკაში საგრძნობ გაუმჯობესებას და ბავშვის მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის. დაავადების განკურნებას შეიძლება სამი კვირაც კი დასჭირდეს, თუმცა დადებითი დინამიკა უკვე მესამე დღიდან შეინიშნება. საბედნიეროდ, ლეტალური შემთხვევების რიცხვი ძალიან მცირეა. სამომავლოდ რაიმე გართულება კიდევ შეიძლება იყოს თუ არა, ეს არავინ იცის, რადგან დაავადება ძალიან ახალია.

 

ქალბატონო ქეთევან, თქვენი დაკვირვებით ამ სინდრომის თავიდან აცილება შესაძლებელია? არის თუ არა შესაზლებელი რაიმე ზომების მიღება მისგან თავის დასაცავად?
ქეთევან ბარაბაძე: ასე ცალსახად თქმა გამიჭირდება, რადგან მედიცინაში ასპროცენტიანი არაფერია, თუმცა ვთვლი, რომ პოსტ-კოვიდურ პერიოდში სათანადო ლაბორატორიული კლვლევების ჩატარებით და ანთებითი მარკერების გამოკვლევით, როგორიცაა მაგალითად სისხლის საერთო ანალიზი და მასში მოცემული ერითროციტების დალექვის სიჩქარე, ცე რეაქტიული ცილა, დე დიმერი, ღვიძლის ფუნქციები, კოაგულოგრამა, კალციტომინის, ფერიტინის და ა.შ. ანალიზების ჩატარება… თუ ექიმმა პედიატრმა თავიდანვე იეჭვა გარკვეულ დარღვევებზე და მოხდება გადამოწმება, მაშინ შესაძლებელია, რომ დაავადების პრევენცია მოხდეს. თუმცა ასი პროცენტით ამას ვერ ვიტყვით. მთავარია ორგანიზმი როგორ იბრძოლებს.  მთავარი აქაც დროული და სწორი მკურნალობაა.

 

აუცილებლად მინდა გკითხოთ ცე ვიტამინის შესახებ, რომლის მიღებაც ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია. გავრცელებულია მოსაზრება, რომ ცე ვიტამინი როგორც ბავშვების, ასევე მოზრდილებისთვის კარგია კოვიდთან ბრძოლის დროს. რა როლი აქვს სითხეებს, ცე ვიტამინს და ციტრუსებს კოვიდთან ბრძოლაში ბავშვებთან მიმართებაში?
ქეთევან ბარაბაძე: ეს ყველაფერი ალბათ უფრო დამხარე საშუალებაა, რომელიც თითქოს ორგანიზმს ეხმარება გაააქტიუროს იმუნური პასუხი. თუმცა ამისი მტკიცებულება არ არსებობს. სითხე ჩვენი ორგანიზმის დიდი შემადგენელი ნაწილია და განსაკუთრებით ავადობის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია სითხის საკმაო რაოდნეობით მიღება. თუმცა ყველაფერი ზომიერად უნდა მოხდეს, იმის მიხედვით, ვის ორგანიზმს რამდენი სითხე სჭირდება. ყველაფერს აქვს ნორმა და არც სითხის დოზის გადაჭარბებაა სასარგებლო. ცე ვიტამინი, ციტრუსები, ხილი და ბოსტნეული რასაკვირველია იმუნურ სტატუსს ეხმარება ნებისმიერ დაავადებასთან ბრძოლაში, თუმცა ეს კოვიდთან გადამწვეტი ბრძოლის მოგებაში მთავარ როილს ნამდვილად ვერ შეასრულებს. ეს ყველაფერი მხოლოდ დამხმარე საშუალებაა.

 

ბავშვებისთვის სითხეებიდან რეკომენდებულია ჩვეულებრივი სასმელი წყალი, ასაკის მიხედვით. 10 წლის ბავშვს დღეში 1-1,5 ლიტრი სითხე სჭირდება, 1 წლამდე ასაკის ბავშვს ნახევარ ლიტრამდე. თუმცა სითხეს მხოლოს სასმელი წყლის სახით არ ვიღებთ, მას ვიღებთ საკვებიდან, ბუნებრივ კვებაზე ყოფნისას და ა.შ. ამიტომ განსაზღვრული უნდა იყოს დღიური ნორმა, მოთხოვნილება და საჭიროება და ეს პედიატრის მიერ, ინდივიდუალურად უნდა იყოს შეფასებული.

 

ქალბატონო ქეთევან, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მონიტორინგის მნიშვნელობაზე პოსტ-კოვიდურ პერიოდში,თუმცა საინტერესოა უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ და რა უნდა გადაკონტროლდეს იმისათვის, რათა მშობელი მშვიდად იყოს…
ქეთევან ბარაბაძე: კონკრეტულად რა კვლევების ჩატარებაა საჭირო პოსტ-კოვიდურ პერიოდში, ამაზე დღესაც მიდის მსჯელობა მსოფლიოში. დიდ ბრიტანეთში პოსტ-კოვიდ-კლინიკების გახსნაც კი იგეგემება, რომელიც სპეციალურად კოვიდგადატანილ პაციენტებს მოემსახურება – მათ აღრიცხვას, მონიტორინგს და მათთვის შესაბამისი კვლევების ჩატარებას მოახდენს, შედეგები კი სამეცნიერო მტკიცებულების სახით დაიდება.

 

ჯერჯერობით  შესაძლებელია გადამოწმედეს ანთების ძირითადი მარკერები, რომლებიც პროტოკოლშია შეტანილი და ყველა ექიმმა იცის. ამას ემატება იმ ორგანოთა სისტემების გადამოწმება, რომლებსაც აქვთ უფრო მაღალი რისკი, რომ განავითარონ მულტისისტემური ანთებათა სინდრომი. ეს არის გულ-სისხლძარღვთა სისტემა, სასუნთქი და საშარდე სისტემები, კუჭ-ნაწლავი და ა.შ. თუკი რომელიმე სიმპტომი გახანგრძლივდა, აუცილებლად უნდა მოხდეს გადამოწმება. მაგალითად, თუ გახანგრძლივდა ხველა და სუნთქვის უკმარისობა, ბუნებრივია უნდა შემოწმდეს სასუნთქი სისტემა, თუ სახეზეა დიზურიული მოვლენები, მტკივნეული ან გახშირებული შარდვა, უნდა იქნებს გამოკვლეული საშარდე სისტემა და ა.შ. ძალიან კარგი იქნება თუ მოხდება ორგანიზმის ერთი სრულფასოვანი გამოკვლევა და შემდეგ ყურადღების გამახვილება იმ სისტემაზე, რომელიც ამას მოითხოვს.

წყარო: https://fortuna.ge