თარიღი: 19 ნოემბერი, 2019
მსოფლიოში 360 მილიონ ადამიანს აქვს ინვალიდობა სმენის დაკარგვით.
სმენის დაკარგვა შეიძლება გამოიწვიოს გენეტიკურმა მიზეზებმა, გართულებებმა დაბადებისას, გარკვეულმა ინფექციურმა დაავადებებმა, ყურის ქრონიკულმა ინფექციებმა, ზოგიერთი წამლის გამოყენებამ, გადაჭარბებული ხმაურის ზემოქმედებამ და დაბერებამ.
სმენის დაკარგვის ყველა შემთხვევის ნახევრის თავიდან აცილება არის შესაძლებელი პირველადი პრევენციის გზით.
სმენადაკარგულმა ადამიანებმა შეიძლება ისარგებლონ სმენის აპარატებით, კოხლეარული იმპლანტანტებით და სხვა დამხმარე მოწყობილობებით; სუბტიტრებით და ჟესტების ენით და საგანმანათლებლო და სოციალური მხარდაჭერის სხვა ფორმებით;
სმენის აპარატების ამჟამინდელი წარმოება გლობალური საჭიროების 10%-ზე ნაკლებს შეესაბამება.
მსოფლიო მოსახლეობის 5%-ზე მეტს – 360 მილიონი ადამიანი – აქვს ინვალიდობა სმენის დაკარგვით (328 მილიონი მოზრდილი და 32 მილიონი ბავშვი). მოზრდილებში ინვალიდობა სმენის დაკარგვით მიეკუთვნება სმენის დაკარგვას 40 დეციბელზე (დბ) მეტად უკეთესი სმენადობის მქონე ყურში და ბავშვებში სმენის დაკარგვას 30 დბ-ზე მეტად უკეთესი სმენადობის მქონე ყურში. იმ ადამიანების უმრავლესობა, რომელებსაც აქვთ ინვალიდობა სმენის დაკარგვით ცხოვრობს დაბალ- და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში.
65 წლის ასაკის ზემოთ ადმიანების დაახლოებით 1/3-ს აქვს ინვალიდობა სმენის დაკარგვით. ამ ასაკობრივ ჯგუფში პრევალენტობა (გავრცელება) ყველაზე მაღალია სამხრეთ აზიაში, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში და სუბსაჰარულ აფრიკაში.
სმენის დაკარგვა და სიყრუე
პირზე, რომელსაც არ შეუძლია მოისმინოს ისევე, როგორც ნორმალური სმენის მქონემ მოსმენის ზღურბლი 25 დბ ან უკეთესია ორივე ყურში – ამბობენ, რომ აქვს სმენის დაკარგვა. სმენის დაკარგვა შეიძლება იყოს მსუბუქი, ზომიერი, მძიმე ან ღრმა. მან შეიძლება გავლენა მოახდინოს ერთ ან ორივე ყურზე და გამოიწვიოს სასაუბრო მეტყველების ან ხმამაღალი ბგერების მოსმენის გაძნელება.
„სმენადაქვეითებული“ წარმოადგენს ადამიანს, რომელსაც აღენიშნება სმენის დაკარგვა მსუბუქიდან მძიმემდე დიაპაზონში. ისინი, როგორც წესი, ურთიერთობენ სალაპარაკო ენით და შეუძლიათ ისარგებლონ სმენის აპარატებით, კოხლეარული იმპლანტანტებით და სხვა დამხმარე მოწყობილობებით, ასევე სუბტიტრებით. ადამიანებმა, რომლებსაც აღენიშნებათ უფრო მნიშვნელოვანი სმენის დაკარგვა, შეიძლება ისარგებლონ კოხლეარული იმპლანტანტებით.
„ყრუ“ ადამიანებს ძირითადად აღენიშნებათ სმენის გამოხატული დაკარგვა, რაც გულისხმობს სმენის ძალიან მცირედ ან საერთოდ არ ქონას. ისინი ხშირად იყენებენ ჟესტების ენას კომუნიკაციისათვის.
სმენის დაკარგვისა და სიყრუის მიზეზები
სმენის დაკარგვისა და სიყრუის მიზეზები შეიძლება დაიყოს თანდაყოლილ და შეძენილ მიზეზებად.
თანდაყოლილი მიზეზები
თანდაყოლილმა მიზეზებმა შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაკარგვა, რომელიც უკვე არსებობს დაბადებისას ან მისი შეძენა დაბადებიდან მალე. სმენის დაკარგვა შეიძლება გამოწვეული იყოს მემკვიდრეობითი და არამემკვიდრეობითი გენეტიკური ფაქტორებით ან გარკვეული გართულებებით ორსულობის და მშობიარობის დროს, მათ შორის:
- დედის წითურა, სიფილისი ან სხვა გარკვეული ინფექციები ორსულობის დროს;
- დაბალი წონა დაბადებისას;
- ასფიქსია დაბადებისას (ჟანგბადის ნაკლებობა დაბადების დროს);
- ზოგიერთი წამლის არასწორი გამოყენება ორსულობის დროს, როგორიცაა ამინოგლიკოზიდები, ციტოტოქსიკური პრეპარატები, მალარიის საწინააღმდეგო წამლები და დიურეტიკები;
- მძიმე სიყვითლე ნეონატალურ პერიოდში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილი ბავშვის სმენის ნერვის დაზიანება.
შეძენილი მიზეზები
სმენის დაკარგვა ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა შეძენილმა მიზეზებმა, როგორიცაა:
- ინფექციური დაავადებები, მაგალითად მენინგიტი, წითელა და ყბაყურა;
- ყურის ქრონიკული ინფექციები;
- სითხის დაგროვება ყურში (შუა ყურის ანთება);
- გარკვეული წამლების გამოყენება, როგორიცაა ზოგიერთი ანტიბიოტიკი და მალარიის საწინააღმდეგო წამლები;
- თავის ან ყურის ტრავმა;
- გადაჭარბებული ხმაური, მათ შორის, პროფესიული ხმაური, როგორიცაა მექანიზმებისა და აფეთქებებისაგან გამოწვეული ხმაური და რეკრეაციული ხმაური, როგორიცაა პერსონალური აუდიო მოწყობილობების, კონცერტების, ღამის კლუბების, ბარებისა და სპორტული ღონისძიებებისაგან გამოწვეული ხმაური;
- დაბერება, უმეტესწილად სენსორული უჯრედების დეგენერაციის გამო;
- ყურის გოგირდი ან უცხო სხეულები, რომელებიც ახშობს ყურის არხს.
- ბავშვებში შუა ყურის ქრონიკული ანთება სმენის დაკარგვის წამყვანი მიზეზია.
სმენის დაკარგვის გავლენა
ფუნქციური გავლენა
სმენის დაკარგვა ერთ-ერთ მთავარ გავლენას ახდენს ადამიანის სხვა ადამიანებთან ურთიერთობის უნარზე. მეტყველების განვითარება ხშირად ფერხდება იმ ბავშვებში, რომლებსაც სიყრუე აღენიშნებათ. სმენის დაკარგვას და ყურის დაავადებებს, როგორიცაა შუა ყურის ანთება შეიძლება მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ჰქონდეს ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზე. თუმცა, როდესაც სმენადაკარგული ადამიანების შესაძლებლობების გათვალისწინება ხდება მათთან ურთიერთობისათვის, მათ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება სხვებთან ერთად თანაბარ საფუძველზე. ურთიერთობა შეიძლება სალაპარაკო/-წერილობითი ენით ან ჟესტების ენით.
სოციალური და ემოციური გავლენა
მომსახურებისადმი შეზღუდულმა ხელმისაწვდომობამ და ურთიერთობებიდან გამოკლებამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, შედეგად ჩნდება მარტოსულობის, იზოლაციისა და იმედგაცრუების განცდა, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებში, რომლებსაც სმენა აქვთ დაკარგული.
თუ თანდაყოლილი სიყრუის მქონე ადამიანს არ მიეცა შესაძლებლობა ისწავლოს ჟესტების ენა, მან შეიძლება სოციალური ურთიერთობებიდან გარიყულად იგრძნოს თავი.
ეკონომიკური გავლენა
განვითარებად ქვეყნებში ბავშვები, რომლებსაც აღენიშნებათ სმენის დაკარგვა და სიყრუე იშვიათად იღებენ რაიმე სასკოლო განათლებას. სმენის დაკარგვის მქონე მოზრდილებში ასევე ბევრად უფრო მაღალი უმუშევრობის მაჩვენებელი აღინიშნება. დაკარგული სმენის დასაქმებული ადამიანების მაღალი პროცენტი სამსახურის უფრო დაბალ საფეხურზეა მთლიან სამუშაო ძალასთან შედარებით. განათლებისა და პროფესიული რეაბილიტაციისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ინფორმირებულობის დონის გაზრდა, განსაკუთრებით დამსაქმებლებს შორის იმ ადამიანების საჭიროებების შესახებ, რომლებსაც სმენის დაკარგვა აღენიშნებათ, შეამცირებს უმუშევრობის დონეს ამ ჯგუფში. სმენის დაკარგვა ეკონომიკური გავლენის გარდა ინდივიდუალურ დონეზე არსებით გავლენას ახდენს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე.
პრევენცია
სმენის დაკარგვის ყველა შემთხვევის ნახევრი შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული პირველადი პრევენციით. პრევენციის რამოდენიმე მარტივი სტრატეგია მოიცავს:
ბავშვების იმუნიზაციას ბავშვთა ასაკის დაავადებების წინააღმდეგ, მათ შორის წითელას, მენინგიტის, წითურას და ყბაყურას წინააღმდეგ;
მოზარდი გოგონებისა და რეპროდუქციული ასაკის ქალების იმუნიზაციას წითურას წინააღმდეგ ორსულობამდე;
ორსულ ქალებში სიფილისისა და სხვა ინფექციების სკრინინგსა და მკურნალობას;
ანტენატალური და პერინატალური მზრუნველობის გაუმჯობესებას, უსაფრთხო მშობიარობის ხელშეწყობის ჩათვლით;
ყურის მოვლის ჯანსაღ პრაქტიკას;
ბავშვების სკრინინგს შუა ყურის ანთებაზე, რასაც მოჰყვება შესაბამისი სამედიცინო ან ქირურგიული ჩარევა;
ზოგიერთი წამლის გამოყენებაზე უარის თქმას, რომელიც შეიძლება ზიანის მომტანი იყოს სმენისათვის, თუ ის გამოწერილი არ არის და არ კონტროლდება კვალიფიციური ექიმის მიერ;
მაღალი რისკის მქონე ჩვილების რეფერალს, ისეთების, რომლებსაც აქვთ სიყრუის ოჯახური ისტორია ან მათი, ვინც დაიბადა დაბალი წონით, ასფიქსიით, სიყვითლით ან მენინგიტით, სმენის ადრეული შეფასებისათვის, თავისდროული დიაგნოსტიკის და შესაბამისი მართვისთვის, საჭიროების შესაბამისად;
ხმამაღალი ბგერების (როგორც პროფესიული, ისე რეკრეაციული) ზემოქმედების შემცირებას რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლებით; შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებითა და აღსრულებით; და ადამიანების წახალისებას, რომ გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (ინდივიდუალური დამცველი მოწყობილობები), ისეთები, როგორებიცაა ყურის საცობები, ხმაურ – ჩამხშობი ყურსასმენები და სხვ.
იდენტიფიკაცია და მართვა
ადრეული აღმოჩენა და ჩარევა გადამწყვეტია სმენის დაკარგვის გავლენის შესამცირებლად ბავშვის განვითარებაზე და საგანმანათლებლო მიღწევებზე. ჩვილებში და პატარა ბავშვებში, რომლებსაც აქვთ სმენის დაკარგვა, ადრეულ იდენტიფიკაციას და მართვას ჩვილის სმენის სკრინინგ-პროგრამების მეშვეობით შეუძლია გააუმჯობესოს ენობრივი და საგანმანათლებლო შედეგი ბავშვისათვის. ბავშვებს, რომლებსაც აქვთ სიყრუე, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა ისწავლონ ჟესტების ენა თავიანთ ოჯახებთან ერთად.
ყურის დაავადებებისა და სმენის დაკარგვის სკოლამდელი, სასკოლო და პროფესიული სკრინინგი ეფექტური ინსტრუმენტია სმენის დაკარგვის ადრეული იდენტიფიკაციისა და მართვისათვის.
ადამიანებს, რომლებსაც აღენიშნებათ სმენის დაკარგვა შეუძლიათ ისარგებლონ სასმენი მოწყობილობების გამოყენებით, როგორებიცაა სმენის აპარატები, კოხლეარული იმპლანტანტები და სხვა დამხმარე მოწყობილობები. მათ შეუძლიათ აგრეთვე სარგებელი მიიღონ ლოგოპედიის, ხმოვანი რეაბილიტაციის და სხვა მათთან დაკავშირებული მომსახურებებისგან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სმენის აპარატების მსოფლიო წარმოება შეესაბამება გლობალური საჭიროების 10%-ზე ნაკლებს და განვითარებადი ქვეყნების საჭიროების 3%-ზე ნაკლებს. ამ მოწყობილობების მონტაჟისა და ტექნიკური მომსახურების სერვისებისადმი ხელმისაწვდომობის ნაკლებობა ასევე ბარიერს წარმოადგენს დაბალი შემოსავლის მქონე ბევრ ქვეყანაში. სწორად დამონტაჟებული, ხელმისაწვდომი სმენის აპარატების და კოხლეარული იმპლანტანტების შექმნა და შემდგომი მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მსოფლიოს ყველა ნაწილში, სარგებლის მომტანი იქნება სმენის დაკარგვის მქონე ბევრი ადამიანისათვის.
ადამიანებს, რომლებსაც სმენა დაკარგული აქვთ, შეუძლიათ ისწავლონ ურთიერთობა ტუჩიდან-კითხვის უნარის განვითარებით, დაწერილი ან დაბეჭდილი ტექსტის და ჟესტების ენის გამოყენებით. ჟესტების ენით სწავლება სარგებლობას მოუტანს ბავშვებს, რომლებსაც სმენის დაკარგვა აღენიშნებათ მაშინ, როდესაც ტელევიზიაში სუბტიტრების და ჟესტების ენის ინტერპრეტაციის უზრუნველყოფა, გააადვილებს ხელმისაწვდომობას ინფორმაციისადმი.
ოფიციალურად აღიარებული ნაციონალერი ჟესტების ენები და ჟესტების ენის ინტერპრეტატორების ხელმისაწვდომობის გაზრდა მნიშვნელოვან ზომებს წარმოადგენს ჟესტების ენის მომსახურებისადმი წვდომის გასაუმჯობესებლად. ადამიანის უფლებათა კანონმდებლობას და სხვა დაცვას ასევე შეუძლია დახმარება სმენის დაკარგვის მქონე ადამიანების საზოგადოებაში უკეთესი ჩართვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
ჯანმო-ს საპასუხო ქმედებები
ჯანმო ეხმარება წევრ სახელმწიფოებს სმენაზე ზრუნვის პროგრამების განვითარებაში, რომლებიც ინტეგრირებულია ქვეყნის პირველადი ჯანდაცვის სისტემაში. ჯანმო-ს მუშაობა მოიცავს:
წევრი ქვეყნებისათვის ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენას სმენაზე ზრუნვის ეროვნული გეგმების შემუშავებასა და დანერგვაში;
ტექნიკური საშუალებების და რეკომენდაციების მიწოდებას ჯანდაცვის მუშაკების მომზადებისათვის სმენაზე ზრუნვის სფეროში;
რეკომენდაციების შემუშავებას და გავრცელებას სმენის დაკარგვის ყველაზე პრევენტაბელური მიზეზების გადასაწყვეტად;
ახსნა-განმარტებითი სამუშაოს გატარებას სმენის დაკარგვის გავრცელების, გამომწვევი მიზეზების და გავლენის შესახებ ინფორმირებულობის დონის ასამაღლებლად ისევე, როგორც პრევენციის, იდენტიფიკაციისა და მართვის შესაძლებლობების შესახებ;
მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინსტრუმენტების შემუშავებას და გავრცელებას ეფექტური ადვოკატირებისათვის;
თანამშრომლობის დამყარებას სმენაზე ზრუნვის ეფექტური პროგრამების შემუშავებისათვის, მათ შორის ინიციატივებს ხელმისაწვდომი სმენის აპარატების, კოხლეარული იმპლანტანტების და მომსახურების შესახებ;
სიყრუისა და სმენის დაკარგვის შესახებ მონაცემების თავმოყრას, ამ პრობლემის მასშტაბისა და თანმდევი შედეგების სადემონსტრაციოდ; და
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას, მათ შორის იმ პირების, რომლებსაც აღენიშნებათ სმენის დაკარგვა და სიყრუე, მაგალითად, საზოგადოებაზე-დაფუძნებული სარეაბილიტაციო ქსელების და პოგრამების მეშვეობით.
წყარო: http://www.ambioni.ge