თარიღი: 04 სექტემბერი, 2019
როდის იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდი და რა არ უნდა გამოგვრჩეს ამ დროს
პუბერტატის ანუ სქესობრივი მომწიფების პერიოდი ერთ-ერთი რთული და უკიდურესად მნიშვნელოვანი პერიოდია ბავშვის ცხოვრებაში, როცა იმდენად სწრაფად იცვლება მოზარდის სხეული, ემოციური თუ სოციალური სფერო, რომ ზოგ შემთხვევაში ვერც მოზარდი და ვერც მშობელი ვერ ასწრებს სათანადო ადაპტაციას.
არსებობს ოთხი აუცილებელი საკითხი რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს:
1. პუბერტატის ასაკი - მეორადი სასქესო ნიშნების გაჩენა და პროგრესირება გოგონებში ნორმად ითვლება 10,5- 11 წლიდან, ვაჟებში კი 11.5-12 წლიდან. სწორი პუბერტატის შემთხვევაში პირველი ნიშანი გოგონებში არის მკერდის ზრდა, ვაჟებში კი სათესლე ჯირკვლების, შემდგომ უკვე ბოქვენსა და იღლიაში გათმიანება.
ხშირად ამ ასაკში უკვე მშობლებს არ ეძლევათ საშუალება თვალყური ადევნონ შვილებს ბანაობის ან გამოცვლის დროს და აღნიშნული ცვლილებები შესაძლებელია მალევე არ გახდეს მათთვის თვალსაჩინო.
არსებობს სხვა, არაპირდაპირი, თუმცა ასევე კარგად დამახასიათებელი ნიშნები: სპეციფიური, უკვე მოზრდილისათვის დამახასიათებელი უსიამოვნო ოფლის სუნი,
კიდურებზე თმიანობის მატება/გამუქება,
სახეზე შავი წერტილები და აკნეს ტიპის გამონაყარი,
ხმის ტემბრის შეცვლა,
სიმაღლეში სწრაფი ზრდა და აშ.
აუცილებელია მშობელი იყოს ყურადღებით და არ გამოეპაროს აღნიშნული ნიშნები, ვინაიდან სქესობრივი მომწიფების დაწყება 8 წლამდე გოგონებსა და 9 წლამდე ვაჟებში ითვლება ნაანდრევად და საჭიროებს მდგომარების შეფასებას ბავშვთა ენოდკრინოლოგის მიერ.
ნაადრევი სქესობრივი მოწიფების ყველაზე ხშირ გამომწვევ მიზეზად ითვლება ჭარბი წონა, განსაკუთრებით გოგონებში.
დაგვიანებულად ითვლება თუ სქესობრივი მომწიფების ნიშნები ( გოგონებში მკერდის ზრდა ხოლო ვაჟებში სათესლე ჯირკვლების) არ არის გამოხატული გოგონებში 13 წლის ასაკისათვის, ვაჟებში კი 14 წლის.
აღნიშნულ შემთხევაშიც აუცილებელია მიმართოთ ბავშვთა ენდოკრინოლოგს.
სქესობრივი მომწიფების პერიოდი 2-2.5 წელი გრძელდება და სხეულის დრამატული ცვლილებებით, სიმაღლეში სწრაფი ზრდით და ხშირად ემოციური ლაბილურობით ხასიათდება. სასურველია მოზარდებს აღნიშნული ნიშნების დაწყებისთანავე მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია სქესობრივი მოწიფების და პირადი ჰიგიენის შესახებ.
2. მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ მოზარდის სიმაღლეში ზრდას, ვინაიდან სქესობრივი მომწიფების დასრულებისთანავე სიმაღლეში აქტიური ზრდა დასრულებულია.
თუკი ბავშვი/მოზარდი განსაკუთრებით ტანდაბალია თანატოლებთან შედარებით, არ იზრდება სათანადო ტემპით ( სქესობრივი მომწიფების ასაკამდე წელიწადში 5-6 სმ, ხოლო მომწიფების პერიოდში 10-13 სმ) აუცილებელია მიზეზების დადგენა და შესაბამიის ჩარევა სქესობრივ მომწიფებამდე.
რაღათქმაუნდა, მითია და არასწორია სიმაღლეში ზრდის იმედი 25 წლამდე რომ გვქონდეს. სიმაღლეში ზრდის დასრულებას კონკრეტული ასაკი კი არა, სქესობრივი მოწიფების დასრულება განაპირობებს.
”ასაკობრივი“ ჩივილებიც ხშირ შემთხვევაშიც მითოლოგიის სფეროს განეკუთვნება. დიახ, მოზარდები პუბერტატის ასაკში არიან ემოციურად ლაბილურები, ხშირად ეცვლებათ ხასიათი, გემოვნება, ბევრს წუწუნებენ, შედარებით მოუქნელები არიან, სძინავთ დიდხანს და აშ. თუმცა სხვადასხვა ავადმყოფური ნიშნის ასაობრივი ცვლილებებისათვის გადაბრალება არ არის სწორი.
ამიტომ თუ მოზარდს აქვს ხშირი გულისწასვლა, თავის ტკივილი, წონაში სწრაფი კლება ან მატება, კიდურების ტკივილი, დეპრესიიის მოვლენები, კვებითი ქცევის მკვეთრი ცვლილება, ჭარბი აგრესია ან გამოხატული სისუსტე და აშ. აუცილებელია შესაბამისი სპეციალისტის მიერ შეფასება.
3. ხშირად უგულველყოფილი საკითხი - სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა.
ამ ასაკში ხდება ძვლის სიმკვრივის 80 პროცენტის დაგროვება, კუნთოვანი მასის ფორმირება, შესაბამისად კალციუმით მდიდარი საკვები და D ვიტამინის ადექვატური დონის უზრუნველყოფა უკიდურესად მნიშვნელოვანია, ასევე ცილით, რკინით, იოდით, ვიტამინებით და უჯრედისით მდიდარი საკვები.
ყოველდღიურად ფიზიკური აქტივობა სპორტის თუ ცეკვის სახით უნდა იყოს მინიმუმ ერთი საათი მაინც, „ეკრანული დრო“ - მაქსიმუმ 2 საათი. უნდა მოერიდონ ქიმიურ დამბინძურებლებს.
4. დაბოლოს - ძილი. ყველაზე მნიშვნელოვანი ჰორმონები ღამით, მშვიდი ძილის დროს გამომუშავდება.
8-9 საათი შეუწყვეტელი ძილი ასევე ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა სწორი პუბერტატის და სიმაღლეში ზრდის უზრუნველსაყოფად.
ნინო ხელაძე,
მ. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოსა და კ. მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ბავშვთა ენდოკრინოლოგი
სპეციალურად ბლოგისათვის Dr. Tamar Obgaidze