Plasmon
სქესობრივი პარტნიორების სიმრავლე, ადრეულ ასაკში დაწყებული სქესობრივი ურთიერთობა, ინფექციები და თამბაქოზე დამოკიდებულება

თარიღი: 31 იანვარი, 2022

საშვილოსნოს ყელის კიბო, მისი გამომწვევი მიზეზები და პრევენციული ზომები - გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციის პრეზიდენტი, პროფესორი მადონა ჯუღელი.

 

ქალბატონო მადონა, იანვრის თვე საშვილოსნოს ყელის კიბოს ცნობადობის ამაღლებას ეძღვნება. საინტერესოა, რა ინფორმაციას იძლევა სკრინინგი და რამდენად მნიშვნელოვანია მისი ჩატარება სიმპტომების არ არსებობის შემთხვევაში? 

ქალი, რომელიც სქესობრივ ურთიერთობას იწყებს, ყოველთვის დროულად უნდა მიმართოს ექიმს, რათა არ გამოეპაროს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ამგვარი კვლევა კი, ყოველთვის ზუსტ ინფორმაციას იძლევა. პრევენციის მეტად ეფექტური  საშუალებაა Pap-ტესტი და პაპილომა ვირუსის დნმ ანალიზი. სწორედ პაპილომა ვირუსის დნმ ანალიზით ვადგენთ რამდენად მაღალონკოგენური პაპილომა ვირუსის მატარებელია პაციენტი, კოლპოსკოპიის მეთოდით კი, არა მარტო კიბოს და კიბოსწინარე დაავადებებს ვიკვლევთ, არამედ ვამოწმებთ ლორწოვანის და ჰორმონალური პროფილის მდგომარეობას, ანთებით პროცესს და მეტაბოლური დარღვევებით გამოწვეულ პრობლემებს, პოლიპებს და სისხლძარღვების ვარიკოზს. აღსანიშნავია, რომ სწორედ მსგავსი კვლევები გვაძლევს სრულ ინფორმაციას პაციენტის რეპროდუქციულ და გინეკოლოგიურ სტატუსზე.

 

პაპილომა ვირუსი მძიმე და ჯანმრთელობისთვის მეტად სახიფათო პათოლოგიაა. რამდენად შესაძლებელია პრევენცია და როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი, რათა არ დაიმძიმოს მდგომარეობა?
პირველადი პრევენცია – პაპილომა ვირუსის ვაქცინაა. აღსანიშნავია, რომ სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან 10-დან 9 ქალი პირველსავე წლებში ინფიცირდება პაპილომა ვირუსით, რომელიც შეუმჩნევლად, უსიმპტომოდ ვითარდება და სწორედ ამიტომ ითვლება განსაკუთრებით ვერაგ დაავადებად. ძალიან მნიშვნელოვანია პათოლოგიის დროულად აღმოჩენა და რეაგირება, თუმცა, საუკეთესო პრევენცია მაინც ვაქცინაცია.

 

რა იწვევს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიებს? 

პათოლოგიებს მეტწილად სქესობრივი პარტნიორების სიმრავლე, ადრეულ ასაკში დაწყებული სქესობრივი ურთიერთობა, ინფექციები და თამბაქოზე დამოკიდებულება იწვევს, რაც 14-ჯერ ზრდის საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკს. არანაკლებ სახიფათოა ჰორმონ-მეტაბოლური დარღვევები – ფარისებრის პათოლოგიები, არასწორი კვება, ინსულინი, ინსულინის მიმართ რეზისტენტობა და პოლიკისტური საკვერცხეების სინდრომი.

 

ხშირად აღნიშნავთ, რომ სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი პირდაპირ კავშირშია ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან და უდიდესი მნიშვნელობა აქვს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების პრევენციის თვალსაზრისით. საინტერესოა, რატომ ენიჭება კვებას ასეთი დიდი მნიშვნელობა? 

ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა პოლიკისტური საკვერცხეების სინდრომი, რომლის მკურნალობის დროს სწორედ ჯანსაღ კვებას ენიჭება განსაკუთრებული ყურადღება. ადამიანის ორგანიზმი მიღებული საკვების ხარისხზე, ოდენობასა და რეჟიმზეა დამოკიდებული, ამიტომ რაციონი ყოველთვის ცილებით და ნახშირწყლებით უნდა იყოს დაბალანსებული, თუმცა ნახშირწყლები არა შაქარს, კანფეტს და სხვა ტკბილეულს, არამედ ცოცხალ ხილს და ბოსტნეულს გულისხმობს, რადგან რეპროდუქციული რგოლის ნორმალური ფუნქციონირება სწორედ მეტაბოლიზმზეა დამოკიდებული.

 

ხშირად ადამიანები ჯანმრთელობის პრობლემებს სტრესს უკავშირებენ. საინტერესოა, რამდენად შეუძლია სტრესს ორგანიზმში ნეგატიური პროცესების გამოწვევა? 

ხანგრძლივი და ქრონიკული სტრესის შემთხვევაში ნეიროენდოკრინული ძვრები იწყება. საწყის ეტაპზე  პირველი სტრესული ჰორმონი – კორტიზოლი ირთვება, მასთან ერთად აქტიურდება ინსულინი და სწორედ ჰიპერინსულინემია იწვევს მომატებულ თმიანობას, ნახშირწყლების მეტაბოლიზმის დარღვევას და პოლიკისტური საკვერცხეების სინდრომს. ქრონიკული სტრესი კი, ადრეული მენოპაუზალური პერიოდის, საკვერცხის ადრეული განლევის, ვაგინალური დისბაქტერიოზის და სხვა დარღვევების მიზეზი ხდება.

 

რა კავშირშია ერთმანეთთან საშვილოსნოს ყელის და საშვილოსნოს ღრუს პრობლემები? 

საშვილოსნოს ყელის ზედაპირი მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმითაა წარმოდგენილი, თუმცა საშვილოსნოს აქვს არხი, სადაც არის ჯირკვლოვანი ეპითელიუმი, თუ პაციენტს ჯირკვლოვანი ეპითელიუმის ცვლილებები აღენიშნება, იმავე კორელაციაში იქნება საშვილოსნოს ღრუც.

 

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის შემთხვევაში, რა შეცდომას უშვებენ ქალბატონები ყველაზე ხშირად? 

სამწუხაროდ, დაგვიანებით აკითხავენ სპეციალისტს, არანაკლებ ხშირია პრობლემის დროული აღმოჩენა, თუმცა გამოკვეთილი სიმპტომების არ არსებობის გამო მკურნალობასა და პრევენციულ ღონისძიებებზე უარის თქმა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საშვილოსნოს კიბო –  განაჩენი არაა, თუმცა საჭიროა დროული დიაგნოზირება და მკურნალობა.

 

რამდენად გავრცელებულია საშვილოსნოს ყელის დისპლაზია? 

Pap-ტესტის, კოლპოსკოპიის, ციტოლოგიური და მორფოლოგიური კვლევისას პირველ რიგში სწორედ  საშვილოსნოს ყელის დისპლაზიაზე ვამახვილებთ ყურადღებას. პირველი ანუ დაბალი ხარისხის დაზიანების შემთხვევაში, დაავადება 80%-იანი ალბათობით რეგრესირდება და ჩარევის გარეშე გაქრება, მაღალი ხარისხის დაზიანების შემთხვევაში კი,  ჩარევა მინიმალური, მხოლოდ თარგეთული უნდა იყოს.

 

რა ასაკია ქალისთვის ყველაზე საყურადღებო, მეტწილად როდის ჩნდება პრობლემები?

სამწუხაროდ, ძალიან გაახალგაზრდავდა საშვილოსნოს ყელის კიბო. საშვილოსნოს და ენდომეტრიუმის ონკოლოგია უფრო პერიმენოპაუზალურ პერიოდში, 40 წლის შემდეგ იწყება, საკვერცხის ონკოლოგია – 35-38 წლის ასაკიდან ჩნდება ენდომეტრიოზი კი, მეტწილად ახალგაზრდების დაავადებაა მენარხეს ასაკიდან და შემდეგ.  საშვილოსნოს ონკოლოგია პროგესტერონ დეფიციტის და ესტროგენის  ხანგრძლივი გამოყოფის პერიოდში იწყება, ადრეულ ასაკში კი, თანდაყოლილი კისტები და დერმოიდული ცისტები გვხვდება, რომლებიც არ წარმოადგენენ ონკოლოგიურ საფრთხეს, თუმცა ხელს უშლიან საკვერცხის გამართულ ფუნქციონირებას. შესაბამისად, ქალბატონმა ყველა ასაკში უნდა მიმართოს ექიმს, არაა საჭირო დაელოდოს სექსუალური ცხოვრების დაწყებას და ყოველ წელს ჩაიტაროს გამოკვლევა. სასურველია, მენარხეს ასაკიდან  გვიან მენოპაუზამდე ჰყავდეს ქალს პირადი ექიმი.

 

რა ასაკი ითვლება ორსულობისთვის ყველაზე ოპტიმალურად? 

მთავარია, ქალმა დროულად დაგეგმოს ორსულობა, თუმცა არ ღირს 35 წლამდე ლოდინი, რადგან 35-დან 40 წლამდე რეპროდუქციული რგოლის დაბერება იწყება, 40 წლის შემდეგ კი, მკვეთრად მცირდება ორსულობის შანსი. სამწუხაროდ, ძალიან გახშირდა საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობის დიაგნოზი, რაც მეტწილად გენეტიკური, სოციალური, გარე ფაქტორებით და სტრესითაა განპირობებული. ასე რომ, 30 წელი – როცა ქალს მოჭარბებულად აქვს ფოლიკულური აპარატი – საუკეთესო პერიოდია ორსულობისთვის.

 

რა ასაკში დგება მენოპაუზა და შესაძლოა თუ არა დროზე ადრე დაიწყოს? 

ძირითადად მენოპაუზა 48-51 წლის ასაკში იწყება. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაშიც დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების წესს, გენეტიკას და კვების რეჟიმს. ქალი ფოლიკულების გარკვეული რაოდენობით იბადება, რომელთა ნაწილიც ატრეზირდება, მკვეთრად მცირდება 40 წლის შემდეგ  და 1/3-ს აღწევს. გარდა ამისა, ფოლიკულების შემცირებასთან ერთად უარესდება კვერცხუჯრედის ხარისხიც.

 

რას ურჩევთ ჩვენს მსმენელს, რა არის ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის უმთავრესია?

პირველ რიგში ვაქცინაცია, 10-დან 18 წლამდე ყველა მოზარდი უნდა აიცრას პაპილომა ვირუსის ვაქცინით. არანაკლებ მნიშვნელოვანია სკრინინგული კვლევის ჩატარება სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთანავე, რადგან სწორედ ექიმთან დროული ვიზიტია ჯანმრთელობის საწინდარი.


წყარო: https://fortuna.ge