თარიღი: 31 აგვისტო, 2020
შეიძლება ითქვას, რომ სქოლიოზი (ხერხემლის გამრუდება ფრონტალურ სიბრტყეში) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მოზარდებს შორის.
21-ე საუკუნეში ტანადობის დარღვევებმა ბავშვთა ასაკში მნიშვნელოვნად მოიმატა და დაახლოვებით 60-70%-ს აღენიშნება, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ უთუოდ სქოლიოზია ჩამოყალიბებული. დაავადებულთა 60%-ზე მეტი გოგონები და ქალბატონები არიან, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს კუნთოვანი მასის განვითარების სისუსტით.
სამწუხაროდ ხშირად სქოლიოზი შეუმჩნევლად მიმდინარეობს და მისი გამოვლინება გვიან ხდება. როდესაც ხერხემალი გადაიხრება ვერტიკალური ღერძიდან, ირღვევა თანაბარი დატვირთვა და სახსრები ერთი მხრიდან გაცილებით მეტად იტვირთება, ვიდრე მეორე მხრიდან. მალთაშორის დისკზე დატვირთვა ხდება არა ვერტიკალურად, არამედ გარკვეული კუთხით რაც შემდგომში იწვევს მათ დაზიანებას.
ხერხემლის გამრუდების შედეგად ზურგის კუნთების დაჭიმულობა არათანაბარია. ერთ მხარეს ისინი გაწელილია, მეორე მხარეს კი დაჭიმული (სპასტიკური). ხერხემლის დატვირთვის დროს ძირითადი დაძაბვა მოდის დაჭიმულ კუნთებზე. დროთა განმავლობაში კუნთების შეკუმშვა იზრდება, რაც იწვევს თავად გამრუდების მომატებას.
შეწუხებული დედ-მამა ხან მერხს ადანაშაულებს, ხან – მძიმე ზურგჩანთას, ნამდვილი დამნაშავის პოვნა კი მხოლოდ სპეციალისტის დახმარებით თუ მოხერხდება.
სქოლიოზის მკურნალობის ეფექტურობა მის დროულ გამოვლენაზე არის დამოკიდებული. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლების ყურადღება ბავშვის მიმართ. აუცილებელია ყოველწლიურად მიმართოთ ექიმ-ორთოპედს კონტროლის მიზნით.
დაავადების დროული გამოვლენისა და მკურნალობის შემთხვევაში შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ მრავალი გართულება, რომელიც მოჰყვება სქოლიოზს. რაც უფრო იზრდება გამრუდების კუთხე მით მეტია დისკომფორტის შეგრძნება და შესაძლო გართულებებიც. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელლოვანი გარეგნული დეფექტის წარმოქმნაა, რომელიც ზოგჯერ დამთრგუნველადაც კი მოქმედებს მოზარდებზე და აუარესებს მათი ცხოვრების ხარსისხს. ასევე აღსანიშნავია გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქის სისტემის პათოლოგიები, რომლებიც ვითარდება ნეკნების ზეწოლის შედეგად. ვითარდება სუნთქვის უკმარისობა, არსებობს მაღალი რისკი ფილტვის ინფექციების განსავითრებლად ისეთი მაგალითად როგორიცაა პნევმონია და ა.შ. ირღვევა გულის მუშაობაც, უძნელდება ტუმბოს ფუნქციის შესრულება, ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება გულის უკმარისობა.
გართულებებიდან ასევე აღსანიშნავია ძლოვანი სტრუქტურებით ნერვზე ზეწოლის შედეგად განვითარებული პათოლოგიები:
• ზურგის ტკივილი
• ფეხების ტკივილი
• დაბუჟება და სისუსტე კიდურებში
• შარდის შეუკავებლობა
• დეფეკაციის შეუკავებლობა
• მამაკაცებში ერექციული დისფუნქცია
სქოლიოზი შესაძლოა იყოს როგორც თანდაყოლილი ასევე შეძენილი. ხშირად რთულია ზუსტი მიზეზის დადგენა თუ რა იწვევს სქოლიოზს. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ე.წ იდიოპათიური სქოლიოზია.
სქოლიოზის განვითარების მიზეზები მრავალია მათ შორისაა: არასწორი ჯდომა, ასაკისთვის შეუფერებელი ავეჯის გამოყენება, მძიმე ტვირთის ტარება ცალ ხელში, სპორტით ნაადრევად დაკავება და ა.შ.
სქოლიოზის დიაგნოზის დასასმელად თავდაპირველად მოზარდის სხეულს ექიმი ათვალიერებს. შემდეგ მეტი სარწმუნოობისთვის მივმართავთ რენტგენოლოგიურ კვლევას.ხერხემალი რენტგენოლოგიურად უნდა შეფასდეს როგორც ფეხზე მდგომ ასევე მწოლიარე მდგომარეობაში. შემდეგ უნდა შევადაროთ გამრუდების კუთხე.
სიმძიმის მიხედვით არსებობს სქოლიოზის ოთხი ხარისხი:
• I ხარისხის დროს გამრუდების კუთხრე 10 გრადუსია.
• II -ხარისხის დროს გამრუდების კუთხე 10-25 გრადუსია.
• III - ხარისხის დროს გამრუდების კუთხე არის 25- 40 გრადუსი.
• IV - ხარისხის დროს გამრუდების კუთხე არის 40-90 გრადუსი.
მკურნალობის მეთოდები მოიცავს:
• სამკურნალო ვარჯიშს
• სამკურნალო მასაჟს
• აპარატულ ფიზიოთერაპიას
• წყლის სამკურნალო მასაჟს
• ქირურგიულ მკურნალობას
I-I I ხარისხის და I I I ხარისხის დასაწყისის დროს ეფექტურია კონსერვატიული მკურნალობა, რაც შეეხება I I I ხარისხის გვიან პერიოდსა და IV ხარისხსს ხშირ შემთხვევებში საჭიროა ქირურგიული მკურნალობა. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ჩვენი ექიმების ერთ-ერთი შემთხვევა გვყავდა პაციენტი, რომელსაც მეოთხე ხარისხის გამრუდება, ძლიერად გამოხატული კუზი ჰქონდა და გამრუდების კუთხე 90 გრადუსს-ს შეადგენდა. ამ ბავშვს ერთწლიანი ვარჯიშის შედეგად გამრუდება 86 გარდუსამდე შეუმცირდა.
ზოგადად, ასეთ მძიმე შემთხვევებში ოპერაციაა საჭირო, მაგრამ ამგვარი რადიკალური ჩარევითაც ვერაფერს გავხდებით, თუკი ოპერაციის შემდეგ ხერხემალს ძლიერი კუნთოვანი სისტემა არ დავახვედრეთ. სუსტი კუნთები გამოსწორებულ ხერხემალს ვერ დააკავებს და პრობლემა ხელახლა იჩენს თავს.
უხეშად რომ ვთქვათ, თუ წარმოვიდგენთ, რომ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მთელი ფუნქცია 100%-ით არის გამოხატული, აქედან კუნთებზე მისი 35% მოდის. ამგვარად, თუ კუნთოვანი სისტემა სუსტია, იოლი მისახვედრია, რომ ტანადობა იოლად დაირღვევა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენს ცენტრში საშუალება გვაქვს მკურნალობაში ჩავრთოთ ყველა ზემოთ აღნიშნული სამკურნალო მეთოდი.
...და ბოლოს მშობლებო, მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილის ტანადობას. თუ ბავშვი სწორად არ ზის, ფეხებს სწორად არ დგამს, იხრება, იოლად იღლება და ხშირად უჩნდება წამოწოლის სურვილი, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.
სასურველია, ხერხემლის პრობლემების მქონე ბავშვებმა რეაბილიტაციის კურსი სკოლაშივე გაიარონ – პოლიკლინიკებში ნაკლებად არის ამის საშუალება, თანაც მშობლები დღეს მეტისმეტად დაკავებულები არიან, რათა ბავშვები პროცედურებზე ატარონ. ამისთვის კი საჭიროა, ფიზკულტურის მასწავლებლები ასეთ ბავშვებთან მუშაობის უნარ-ჩვევებს ფლობდნენ, მაგალითად, აკეთებდნენ სამკურნალო მასაჟს.
გარდა ამისა, თუკი ბავშვს სუსტი ხერხემალი აქვს, მშობლებს ვურჩევთ, მოარიდონ იგი ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას. ზურგჩანთის ტარება აკრძალული არ გახლავთ, თუმცა ის ზურგზე თანაბრად უნდა იყოს მოკიდებული.