Plasmon
თავდაჯერებულობა, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის წინაპირობა

თარიღი: 14 სექტემბერი, 2020

რა არის თვითშეფასება?
საკუთარი, როგორც ადამიანის, მნიშვნელოვნების რწმენა ძლიერი მხარე და დადებითი ფაქტორია, რომელიც მიღწევის, დადებითი ურთიერთობების და ცხოვრებით კმაყოფილების ერთ – ერთი განმაპირობებელი ფაქტორია.

საკუთარი თავისადმი პატივისცემის ნაკლებობა ადამიანებში დეპრესიისადმი მოწყვლადობას ზრდის, ხელს უშლის მათ შესაძლებლობების ნაყოფიერად გამოყენებაში ან დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ურთიერთობების ატანისკენ უბიძგებს.

მეორე მხრივ, საკუთარი თავის ზღვარგადასული სიყვარული განსაკუთრებულობის ისეთ განცდას ქმნის, რომელიც სხვა ადამიანებს განიზიდავს და შეცდომებისაგან სწავლაში ხელს გვიშლის. შესაძლოა, საკუთარი თავის გადაჭარბებით სიყვარული ნარცისიზმის ერთ – ერთი გამოვლინებაც იყოს, რომლის მქონე ადამიანებიც ქედმაღლურად იქცევიან, მხოლოდ საკუთარ თავზე არიან კონცენტრირებულნი ან სხვების კეთილგანწყობით ბოროტად სარგებლობენ.

თუმცა, თვითშეფასება უცვლელი თავისებურება არ არის: წარმატება ან წარუმატებლობა, პროფესიულ თუ პირად ცხოვრებაში განცდილი მარცხი ღირსების განცდის მერყეობას იწვევს.

ადამიანები, რომლებიც ირგვლივმყოფებისგან – ოჯახი, ზედამხედველები, მეგობრები და მასწავლებლები –  თანმიმდევრულ უარყოფას განიცდიან, შესაძლოა, საკუთარი თავისადმი დადებითი დამოკიდებულების შემცირებასაც განიცდიდნენ. თუმცა, ჯანმრთელ ადამიანს მეტ – ნაკლებად შეუძლია, უარყოფითი შეფასებების უარყოფითი გავლენებისაგან თავის დაცვა. თითოეული ადამიანის გამოცდილება ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა, სიცოცხლის მანძილზე, საკუთარი თავისადმი დადებით დამოკიდებულებას უარყოფითი დამოკიდებულებების ერთობლიობა წინასწარმეტყველებადი, სისტემური სახით ცვლის. კვლევები ცხადყოფს, რომ საკუთარი თავისადმი დადებითი დამოკიდებულებები ძლიერდება 60 წლამდე, 60 წლის ასაკიდან გარკვეული დროის მანძილზე, ინარჩუნებს სიმტკიცეს და იწყებს შესუსტებას ხანდაზმულობის ასაკისთვის.

როგორ შევძლოთ ჩვენი შესაძლებლობების გამოყენება
თვითაქტუალიზაცია საკუთარი შესაძლებლობების ნაყოფიერად გამოყენების შედეგად მიღწეული მდგომარეობაა. ეს კონცეფცია აბრაჰამ მასლოუს თეორიიდან იღებს სათავეს, რომელიც მან, დაახლოებით, 1943 წლისთვის შექმნა. ა. მასლოუმ წარმოადგინა ადამიანის ფსიქიკური მოთხოვნილებების იერაქრია, რომლებიც მოაწესრიგა მათი მამოტივირებელი მნიშვნელობის მიხედვით.

მასლოუს პირამიდის საფუძველს ისეთი სხეულებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება წარმოადგენს, როგორიცაა სხეულისთვის ჟანგბადის მიწოდება, საკვების მიწოდება შიმშილის განცდისგან გათავისუფლების მიზნით და ა. შ. მას შემდეგ, რაც ზემოთ ჩამოთვლილი სხეულებრივი მოთხოვნილებები კმაყოფილდება, პირამიდის შემდეგ საფეხურზე განთავსებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ხდება მნიშვნელოვანი. ეს მოთხოვნილებებია უსაფრთხოების, სიყვარულის, მიკუთვნების და ღირსების განცდის მოთხოვნილებები.

თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება მაშინ ვლინდება, როდესაც ძირეული მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია და ადამიანს შეუძლია, პირადი და სოციალური კეთილდღეობის განცდისთვის განაგრძოს აქტივობა. თვითაქტუალიზაცია ეყრდნობა თვითღირსების განცდას, რომელსაც შემოქმედებითობა, ინტელექტუალური ზრდა და სოციალური კეთილდღეობა განაპირობებს.

ღირსების ძლიერი განცდის მახასიათებლები
თვითღირსების და ძლიერი თვითშეფასების მქონე ადამიანებს რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისებურება ახასიათებთ და ისინი მარტივად განირჩევიან დაქვეითებული თვითღირსების განცდის მქონე ადამიანებისგან. არსებობს მნიშვნელოვნების ზომიერ და გადაჭარბებულ განცდას შორის ნატიფი ზღვარი, რომელიც განსაზღვრული თავისებურებების სახით ვლინდება. ადამიანმა, რომელსაც ღირსებისა და მნიშვნელოვნების ზომიერი განცდა აქვს:
- იცის ქედმაღლობასა და თავდაჯერებულობას შორის განსხვავება
- არ ეშინია გამოხმაურების
- არ პირფერობს და არ ეძებს სხვებისგან მუდმივ აღიარებას
- არ ეშინია კონფლიქტის
- შეუძლია საზღვრების დაწესება
- შეუძლია, გააჟღეროს თავისი მოთხოვნილებები და აზრები
- არ არის პერფექციონიზმის უპირობო მორჩილი
- არ უშინდება მარცხს
- არ უშინდება წარუმატებლობას
- არ აქვს უწყვეტი არასრულფასოვნების განცდა
- აღიარებს საკუთარ ნაკლსა და უპირატესობას

წყარო: https://azrovnebisakademia.ge/