თარიღი: 27 სექტემბერი, 2020
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სკოლებსა თუ სხვა დაწესებულებებში მოსახვედრად თერმოსკრინინგი აუცილებელი პირობაა. თუმცა, მედიკოსთა და ექსპერტთა ნაწილი თვლის რომ COVID-19–ის დასადგენად ტემპერატურა სწორი ხერხი ნამდვილად არ არის. განსაკუთრებით მაშინ როცა საუბარი მოზარდებზეა, რამეთუ შემთხვევათა უმრავლესობაში ბავშვებში კორონავირუსი სიცხით არ გამოიხატება. მიუხედავად მთელი რიგი სკანერებისა, შეცდომის დაშვების რისკი ძალიან მაღალია.
ბევრ შემთხვევაში მშობლები პანიკდებიან და შვილებს სიცხეს ძალიან ხშირად უზომავენ. დაფიქსირებული დაბალი სიცხე აშინებთ და საავადმყოფოს ხშირი სტუმრებიც ხდებიან. არადა როგორც პრაქტიკამ აჩვენა, სიცხე კორონავირუსის გამო არ არის გამოწვეული და პატარებს უბრალოდ დაბალი სიცხის სინდრომი აქვთ. ეს სინდრომი წარსულში შედარებით შეუმჩნეველი იყო და კოვიდმა ის ბევრად აქტუალური გახადა.
„დაბალი სიცხის სინდრომი ნამდვილად არ მომრავლდა, ჩვენ უბრალოდ მას უფრო ხშირად ვამჩნევთ, რადგან სიცხეს აკონტროლებს ყველა და ყველგან“
ამერიკელმა მედიკოსებმა COVID-19–ის დიაგნოზის მქონე 300 ბავშვი გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ სიცხე მათ 56%–ს უფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, პედიატრთა ასოციაციამ სკოლებისთვის რეკომენდაცია გასცა, რომ მოსწავლეების შემოწმებისას უნივერსალური მეთოდები არ გამოიყენონ.
„ბავშვების სკრინინგით უსაფრთხო გარემოს შეგრძნება იქმნება, რაც სწორი ნამდვილად არ არის” – განაცხადა ნათან ბირსმა, ვაშინგტონის ჰოსპიტალის მთავარმა პედიატრმა.
სპეციალისტის აზრით, ტემპერატურას ბევრი ფაქტორი – ასაკი, სქესი, ცხოვრების რიტმი და ბევრი სხვა მიზეზი განსაზღვრავს.
ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევამ აჩვენა, რომ ზრდასრული ადამიანის ტემპერატურა დღის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვაა და ორგანიზმის ინდივიდუალურ მახასიათებლებზეა დამოკიდებული.
უნდა აღინიშნოს, რომ კვლევების უმრავლესობა ზრადსრულებზე ტარდებოდა და ბავშვების შემთხვევაში ტემპერატურასთან დაკავშირებული დეტალები ჯერ კიდევ უცნობია.
ექიმი ჯენი მარტინი თავის ქალიშვილს, სლოუნს ტემეპრატურას ყოველ დილით უზომავს და მონაცემებს ინიშნავს. ამის შემდეგ გოგონა სკოლაში მიდის სადაც სიცხეს უკონტაქტო თერმომეტრით ზომავენ.
„თერმომეტრი კბილის ჯაგრისის გვერდით გვიდევს და ის ყოველდღიურ რუტინად ვაქციეთ. ვიცით, რომ სიცხე „კოვიდის“ პირველი ინდიკატორი აღარ არის, თუმცა სულ არაფერს ეს ჯობს”.
უკონტაქტო თერმომეტრი მედიკოსთა ნაწილის აზრით სწორი არ არის. საქმე ისაა, რომ მისი მაჩვენებელი შესაძლოა ოფლის, მაკიაჟის და დღის მონაკვეთის გამოც კი შეიცვალოს. ყველაზე სწორი კი ტრადიციული თერმომეტრია, რომელსაც ბევრი ჩვენგანი დღემდე იყენებს.
სპეციალისტები იმასაც აზუსტებენ, რომ ბევრი თერმომეტრის სიზუსტე გამოყენების ხანგრძლივობის მიხედვით მცირდება. ყველა თერმომეტრს თავისი ვარგისიანობის ვადა აქვს და მოხმარებისას ამ ფაქტორის გათვალისწინება აუცილებელია.
წყარო: https://www.fortuna.ge/