თარიღი: 09 დეკემბერი, 2020
როდის ამოდის პირველი კბილები და რამდენად სწორია გავრცელებული მოსაზრებები პირველი კბილების ამოჭრასთან დაკავშირებით, რა ასაკიდან უნდა შევაჩვიოთ პატარა კბილების გახეხვას, რატომ ფუჭდება კბილები ადრეულ ასაკში და ღირს თუ არა მათი მკურნალობა. რა უნდა ვიცოდეთ ჯანმრთელი კბილების შესახებ, ამ თემებზე ნინო ბერიძის ბავშვთა სტომატოლოგიური ცენტრის კლინიკურმა ხელმძღვანელმა, საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, თერაპევტმა და ორთოდონტმა, ელენე ხარაშვილმა იუსაბრა.
მოდით, საუბარი დავიწყოთ პირველი კბილებით. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთი მითია გავრცელებული და ძალიან ხშირად ბავშვის ჭირვეულობას, ტირილს თუ ტემპერატურის მატებას კბილების ამოსვლას აბრალებენ მაშინ, როცა რეალურად ეს შეიძლება სულაც არ იყოს მიზეზი. ამბობენ იმასაც, რომ პირველი კბილები ამოსვლას ოთხი თვის ასაკიდან იწყებენ. მინდა გკითხოთ სწორედ ვადების შესახებ – როდის ამოდის პირველი კბილები და ხანდახან რატომ ხდება ისე, რომ კბილების ამოსვლა გვიანდება? ჩვენ ვხვდებით ერთი წლის ასაკის ბავშვებსაც კი, რომლებსაც კბილები ჯერ არ ამოსვლიათ.
ელენე ხარაშვილი: მოგესალმებით და პირველ რიგში დიდ მადლობას გიხდით მოწვევისათვის. მინდა მოგილოცოთ გადაცემის ძველ ფორმატში დაბურნებაც. რაც შეეხება შეკითხვას, არსებობს ერთგვარი შკალა, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობენ როგორც სტომატოლოგები, ასევე პედიატრები. ამ შკალის მიხედვით პირველი კბილის ამოჭრა ხდება 6-8 თვის ასაკში ქვედა ყბაზე. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც კბილი 4 თვის ასაკში ამოდის, ან ამოიჭრება 1 წლის შემდეგ? მინდა მშობლები დავამშვიდო და ვუთხრა მათ, რომ საგანგაშო არაფერია. ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია და იგი არ მისდევს რაიმე კონკრეტულ გრაფიკს. თუ ბავშვს პირველი კბილი 4 თვის ასაკში ამოუვიდა ეს იმას ნიშნავს, რომ იგი კბილებსაც უფრო ადრე მოიცვლის სხვებთან შედარებით და მუდმივი კბილებიც უფრო მალე ამოუვა. ანალოგიურად, თუ პირველი კბილი ერთი წლის ასაკში ამოვა შესაზლოა კბილების მოცვლის პროცესიც დაყოვნდეს და 6 წლის ასაკში მოიცვალოს ბავშვმა კბილები. ასეთ დროს მშობლები კითხვით ხშირად მოგვმართავენ, რადგან ამ დროს ბავშვი პირველ კლასშია და მის კლასელებს კბილები მოცვლილი აქვთ. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის საგანგაშო. თუ ბავშვს პირველი კბილი გვიან ამოუვიდა, შესაზლოა მან კბილების მოცვლა 7-8 წლის ასაკში დაასრულოს. თუ ეს პროცესი 10 წლის ასაკამდე არ იწყება, არც ესაა საგანგაშო, რადგან თანამედროვე მედიცინას შეუძლია სრული სურათის დანახვა და პრობლემის გადაჭრა.
რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, როგორ გავიგოთ უკავშირდება თუ არა ბავშვის ჭირვეულობა ან ტემპერატურის მატება კბილების ამოჭრას, გეტყვით, რომ ამ დროს უნდა დავაკვირდეთ ბავშვის ღრძილებს. როგორც წესი, ბავშვებს კბილები 5-8 თვის ასაკში ამოსდით, ასეთ დროს ღრძილები შუპდება და ეს შეშუპება მკვეთრადაა გამოხატული. გარდა ამისა, ძლიერდება სალივაცია ანუ ნერწყვის გამოყოფა. ამ სიმპტომების არსებობისას შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვის ჭირვეულობა, მაღალი ტემპერატურა და მოუსვენრობა სწორედ კბილების ამოსვლის ბრალია. ცხადია სხვა შემთხვევებში მიზეზი კბილები არ არის.
ამოჭრასთან დაკავშირებით არსებობს კიდევ ერთი მომენტი, ამოჭრის კისტა. ხანდახან უკანა საღეჭი კბილი ისე იჭრება, რომ ღრძილი შეშუპებულის გარდა არის მოლურჯო ფერის. მინდა მშობლები დავამშვიდო, ეს საგანგაშო არ არის. უბრალოდ ღრძილები უფრო სისხლმდენი იქნება კბილის ამოსვლის შემდეგ.
რაც შეეხება მდგომარეობის შემსუბუქებას, ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვეულებრივი, იბუპროფენის შემცველი ტკივილგამაყუჩებლები, რომლებიც სხვათაშორის ეფექტურია. შეიძლება გამოყენებული იქნას სპეციალური გელი, თუმცა მინდა ხაზი გვუსვა, რომ ეს არ შეიძლება იყოს ლიდოკაინის შემცველი გელი, რომლის მოხმარების წესებიც მკაცრად გაწერილია. მისი მოხმარება დღეში მაქსიმუმ 2-ჯერ შეიძლება, მეტჯერ გამოყენებამ კი შესაძლოა ალერგიული ფონი განავითაროს.
არსებობს მითი იმის შესახებაც, რომ გვიან ამოსული კბილები უფრო ჯანმრთელი და მყარია. ამაზე რას გვეტყვით?
ელენე ხარაშვილი: ნამდვილად ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. ჩემს პრაქტიკაში მინახავს ოთხი თვის ვადაზე ამოსული ისეთი კბილებიც, რომლებიც 10 წლის ვადამდე ყოფილა ჯანსაღი და პირიქით, გვიან ამოსული და მალე დაზიანებული კბილებიც. ყველაფერი მაინც მიდის პირის ღრუს სწორ ჰიგიენამდე და კვების რეჟიმამდე.
მინდა გკითხოთ იმ სიმპტომების შესახებაც, რომლებიც გვამცნობენ, რომ მალე დაიწყება კბილების ამოჭრა. თქვენ ბრძანეთ, რომ ეს არის ღრძილების შეშუპება და მოჭარბებული ნერწყვდენა. არსებობს მოსაზრება, რომ კბილების ამოჭრას თან ახლავს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად სიცხე, ჭირვეულობა და ფაღარათიც კი. რას გვეტყვით ამ სიმპტომების შესახებ და დაახლოებით რამდენ ხანს უნდა ჰქონდეს ისინი ბავშვს, თუკი ყველაფერი ნორმაშია?
ელენე ხარაშვილი: სალივაციას, ანუ ჭარბ ნერწყვდენას უნდა ველოდოთ დაახლოებით ორი კვირით ადრე კბილების ამოჭრამდე. ტემპერატურის მატება აღინიშნება უშუალოდ მაშინ, როდესაც კბილები იჭრება. არ ფიქსირდება შემთხვევა, რომ ამის გამო ბავშვს ორი კვირა სიცხე ჰქონდეს. სწორედ ამიტომაა რეკომენდებული იბუპროფენის შემხველი პრეპარატის გამოყენება ამ დროს. იგი ტკივილგამაყუჩებელიცაა და ტემპერატურის მარეგულირებელიც. რაც შეეხება ფაღარათს, ამის მიზეზი ისაა, რომ ბავშვი კბილების ამოჭრამდე და ამოჭრის პერიოდში ხშირად იდებს პირში ხელებს. ბავშვებს ძალიან ხშირად ჭუჭყიანი ხელები აქვთ. ასეთ დროს დიდია სტომატიტების განვითარების ალბათობაც.
ბავშვებისთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად არსებობს ერთგავრი მასაჟორები, საღეჭები, რომლებსაც მშობლები ყინავენ. მინდა მათ ვუთხრა, რომ გაყინული მასაჟორი ბავშვს პირდაპირ არ მისცენ, მაცივრიდან გამოღების შემდეგ მოიცადონ დაახლოებით 5-10 წუთი, რადგან როგორც ვიცით, ყინულსაც შეუძლია დამწვრობის მიყენება და ასეთი შემთხვევები მე მქონია პრაქტიკაში.
თქვენ ბრძანეთ, რომ კბილების ამოჭრის პერიოდში ბავშვებს ძალიან ეხმარებათ იბუპროფენის შემცველი პრეპარატები და სპეციალური გელები. რასაკვირველია მათი დასახელება რეგულაციებიდან გამომდინარე არ შეგვიძლია, თუმცა მინდა გთხოვოთ გვითხრათ, რას მივაქციოთ ყურადღება? ასევე საინტერესოა რა სიხშირით შეიძლება პრეპარატის ან გელის მიღება? ასევე, რითი შეიძლება ჩანაცვლდეს ლიდოკაინის ძალიან ეფექტური გელი?
ელენე ხარაშვილი: დასალევი პრეპარატის 5 დღეზე დიდხანს მიღება არ არის რეკომენდებული,ამას შესაძლოა სხვა უარყოფითი შედეგები მოჰყვეს. რაც შეეხება გელს, როგორც აღვნიშნეთ ლიდოკაინის გელი ეფექტურია, თუმცა მისი ხშირად მიღება არ შეიძლება. მე ვიტყოდი რომ სასურველია გელი გამოყენებული იყოს დღეში ერთხელ და მაქსიმუმ მეორედაც, თუ ვითარება ძალიან აუტანელია. რაც შეეხება მის შემცვლელებს, ასე ვერ ვიტყვი, რომ ჰიალურონის მჟავის შემცველი გელი პირდაპირ ცვლის ლიდოკაინიანს, თუმცა მას ურევია მიხაკი, მადესენსიბილიზებელი საშუალებები, მაგალითად გვირილა, რომლებიც ხელს უწყობს ეპითელიზაციას და ძალიან ეფექტურია. მესმის, რომ ლიდოკაინი კომფორტულია და როცა ბავშვს ტკივილი უმსუბუქდება მშობელი არ ფიქრობს იმაზე, რა მოხდება, თუ გელი ჭარბი დოზით იქნმება გამოყენებული.
თქვენ ყოველთვის უსვამთ ხაზს პირის ღრუს ჰიგიენის მნიშვნელობას. როდიდან უნდა დავიწყოთ ზრუნვა ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენაზე, რომ არ იყოს ძალიან ადრე ან გვიან?
ელენე ხარაშვილი: პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვა უნდა დავიწყოთ პირველი კბილის ამოჭრიდანვე. ამ დროს პირის ღრუში უკვე არის მაგარი ქსოვილი,რ ომელიც ბავშვს მინიმუმ 6 წელი უნდა ემსახუროს. სწორედ ამიტომ არსებობს სპეციალური პირის ღრუს საწმენდი სილიკონები, ასაკობრივი ჯაგრისები. რაკი არსებობს 0-3 წლამდე ჯაგრისები, ექვსი თვიდან 3 წლამდე შეიძლება ამ ჯაგრისის გამოყენება. ძალიან ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ ბავშვმა კბილები დამოუკიდებლად უნდა გამოიხეხოს, რასაც ისინი 7 წლამდე ვერ ახერხებენ. სწორედ ამ დროს უვითარდებათ ბავშვებს მანუალური ჩვევები. ყველაზე მარტივი მანუალური ჩვევა არის თასმის შეკვრა. სანამ ბავშვი დამოუკიდებლად თასმის შეკვრას, წერას და ხატვას არ შეძლებს, ის არ არის მზად იმისთვის, რომ საკუთარი პირის ღრუს ჰიგიენაზე დამოუკიდებლად იზრუნოს. რასაკვირველია ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვს მოტივაცია არ მივცეთ. ცხადია ბავშვმა თვითონ უნდა გამოიხეხოს კბილები, მაგრამ ჩვენ თვალყური უნდა ვადევნოთ ამ პროცესს და მონაწილეობა მივიღოთ მასში.
მინდა გკითხოთ ნაადრევი კარიესის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ბევრმა ადამიანსმა გამოთქვა კითხვის დასმის სურვილი. რატომ უნდა უფუჭდებოდეს კბილები 7-8 წლის ბავშვს და რა შეიძლება გაკეთდეს ამის თავიდან ასაცილებლად? შესაძლოა აქ გარკვეული როლი ითამაშოს გენეტიკურმა განწყობამ?
ელენე ხარაშვილი: როდესაც ვსაუბრობთ კარიესზე მინდა ყველას შევახსენოთ, რომ ეს ინფექციაა, რომელიც გენეტიკურად არ გადადის. თუმცა არ არის გამორიცხული საერთო ჭურჭლის გამოყენების შემთხვევაში ოჯახის ერთმა წევრმა მეორეს კარიესის გამომწვევი სტრეპტოკოკები გადასცეს. კარიესის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია ორი რამ: პირის ღრუს სრულფასოვანი ჰიგიენა და ჯანსაღი კვება. პირის ღრუს ჰიგიენაში მხოლოდ კბილების გამოხეხვა არ იგულისხმება, საჭიროა ასევე ფლოსის გამოყენება, მნიშვნელოვანია კარგად გასუფთავდეს კბილთაშორისი სივრცეები, რადგან ძალიან ხშირად კარიესი სწორედ იქ ჩნდება და კბილებს აზიანებს. როგორც კბილის ჯაგრისი, ასევე პასტა უნდა შევარჩიოთ ასაკის მიხედვით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კბილის პასტა იყოს რეკომენდებული სტომატოლოგების მიერ და მასში მავნე ნივთიერებები არ შედიოდეს, ამიტომ მშობელმა ყურადღება კბილის პასტის შემადგენლობასაც უნდა მიაქციოს.
ყველას გვიყვარს ტკბილეული, განსაკუთრებით ბავშვებს. მაგრამ შეუძლებელია ჩვენ ბავშვს დღეში 5 ჩუპა-ჩუპსის ჭამის ნება მივცეთ და შემდეგ გვეგონოს, რომ მას კარიესი არ განუვითარდება. ტკბილეულის დიდი დოზით მიღება კბილებს აზიანებს, ამიტომ საჭიროა რაოდენობის შეზღუდვა. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ თუ დაცულია ეს ორი პირობა – პირის ღრუს ჰიგიენა და სწორი კვება, კარიესის განვითარების ალბათობა დაბალია, განვითარების შემთხვევაში კი იგი არ იქნება მკვეთრად გამოხატული.
მნიშვნელოვანია ორსულის რაციონი და ორსულობის მიმდინარეობა, ბუნებრივია ესეც მოქმედებს სამომავლოდ ბავშვის კბილების სიჯანსაღეზე.
უმჯობესია აირჩიოთ კვირაში ერთი დღე და ამ დღეს მისცეთ ბავშვს ტკბილეული, ოღონდ არ დაყოთ ერთი სოკოლადი რამდენიმე ულუფად, რადგან როდესაც ტკბილეულის მუდმივად მიღება ხდება, ნერწყვი მის განეიტრალებას ვერ ახერხებს. ჯობია ბავშვს მისცეთ მთლიანი შოკოლადი, რომლის ჭამის შემდეგ მან უნდა დალიოს დიდი რაოდენობით წყალი, რათა პირის ღრუში ნორმალური მდგომარეობა აღდგეს. ტკბილეული მრავალნაირია, ყველაზე მავნე კი მათ შორის საწუწნი კამფეტებია. მათი პატარა კრისტალები ეკრობა კბილის მინანქარს და აზიანებს მას, ხოლო კონცენტრაცია პირის ღრუში ძალიან დიდხანს რჩება.
სარძევე კბილებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ისინი დაბალმინერალიზებულია და ადვილად ზიანდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალი ამოსული ან უკვე მოსაცვლელია. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი სტომატოლოგთან ვიზიტი 6 თვეში ერთხელ, რაც საშუალებას მოგვცემს როგორც უკეთესად პრევენციის, ასევე პრობლემის ადრეულ ეტაპზე აღმოფხვრის.
შემდეგი კითხვა მინდა დავსვა საწოვარასთან დაკავშირებით. ბავშვების ნაწილს უჭირს მისი გადაგდება, არადა გარკვეული ასაკის შემდეგ საწოვარას გამოყენება სასურველი უკვე აღარ არის. შეიძლება თუ არა ამან კბილების პრობლემა გამოიწვიოს? ასევე მაინტერესებს რას ფიქრობთ ჩაისთან დაკავშირებით. ყველა მშობელმა იცის, რომ ხელმისაწვდომია არაერთი საბავშვო ჩაი სხვადასხვა ეფექტით, იქნება ეს დამამშვიდებელი, საძილე, მუცლის ტკივილის საწინააღდმეგო თუ სხვა. ეს ჩაი ტკბილი და გემრიელია, ამიტომ ბავშვებს ისინი უყვართ, ბევრი პედიატრი კი მშობლებს მათ გამოყენებას არ ურჩევს, რადგან ჩაი კბილებს აფუჭებს..
ელენე ხარაშვილი: აბსოლუტურად მინდა დავეთანხმო პედიატრებს როგორც ჩაის, ასევე მაწოვარას ნაწილში. 1 წლის და 2 თვის ასაკის შემდეგ საწოვარას გამოყენება უკვე უნდა მოიხსნას, რათა ბავშვს სწორად განუვითარდეს ყბის კუნთები, ენის მდებარეობა და ა.შ. ბავშვი თანდათან უნდა მიეჩვიოს ყლაპვას ისევე, როგორც მოზრდილები. ამიტომ თუ ბავშვს ვაძლევთ ნებისმიერ სითხეს, უნდა მივცეთ ჭიქით და არა მაწოვარა საშუალებით. საწოვარას საჭიროზე დიდხანს გამოყენება იწვევს ე.წ. „ბოთლისმიერი კარიესის“ განვითარებას, ანუ წინა კბილების დაზიანებას. ვითარდება ასევე ღია თანკბილვა, რაც იმას ნიშნავს რომ ფრონტალურ კბილებს შორის რჩება სივრცე, რომელშიც შემდეგ თავსდება ენა. ეს შემდგომში იწვევს როგორც პირით სუნთქვის პროვოცირებას, ასევე პრობლემებს მეტყველებაში. იცვლება დიქცია, რადგან სისინა ბგერების წარმოთქმას ადამიანი ღია თანკბილვის გამო ვერ ახერხებს. ამიტომაც საჭიროა ბავშვს დროულად გადავაგდებინოთ საწოვარა, ეს ნამდვილად ცუდად მოქმედებს კბილებზე.
მაწოვარასთან ერთად მავნე ჩვევებია თითის წოვა და ენის წოვა, რომელბიც ასევე იწვევს ორთოდონტულ პრობლემებს. ასე რომ როდესაც მშობელმა იცის, რომ მისი შვილი გადასცდა 1 წლის და 2 თვის ასაკს, რამენაირად უნდა მოახერხოს და მოხსნას ეს პრობლემა.
რაც შეეხება ჩაის, მინდა აღვნიშნო, რომ აფთიაქში ნაყიდი ჩაი თუმცა ტკბილია, ის იმდენად ტკბილი მაინც არ არის, როგორც სახლში დამზადებული ტკბილი სითხეები. ასეთი სითხეების ხშირი მიღება არასასურველია, რადგან ისინი ნამდვილად აზიანებს კბილის მინანქარს.
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სარძევე კბილების ნაადრევად გაფუჭების შესახებ და მინდა ვისაუბროთ ერთ მოსაზრებაზე. ზოგიერთი მშობელი თვლის, რომ სარძევე კბილების დაბჟენას ან ამოღებას აზრი არა აქვს, რადგან ისინი მაინც მოსაცვლელია.
ელენე ხარაშვილი: კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. სარძევე კბილები ბავშვს შესაძლოა 10-12 წლის ასაკამდე ჰქონდეს და რა უნდა გავაკეთოთ თუ კბილი 6 წლის ასაკში გაფუჭდა? 6 წელი მკურნალობის გარეშე როგორ უნდა დავტოვოთ? ეს ხომ ინფექციის წყაროა. გარდა ამისა თითოეული სარძევე კბილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყბების ზრდაში და მათი კუნთების განვითარებაში, ამიტომაც აუცილებელია მათ სიჯანსაღეზე ზრუნვა. სარძევე თანკბილვა ჯერ იმიტომ შეიქმნა, რომ ყბები განვითარდეს. თუ ჩვენ კბილებს ნაადრევად დავკარგავთ, სარძევე კბილები გადაინაცვლებენ სივრცის მიმართულებით და ეს გამოიწვევს იმას, რომ მუდმივი კბილის ადგილი იკარგება. შეიძლება მუდმივი კბილი კარგა ხანს არ ამოვიდეს ნაადრევად მოცვლილი კბილის ადგილას, ამას ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ.
შესაბამისად, დაზიანების შემთხვევაში მკურნალობა სარძევე კბილებსაც სჭირდება. ეს საჭიროა იმისთვის, რათა ღეჭვის პროცესი სრულყოფილი იყოს, არ განვითარდეს კუჭ-ნაწლავის პრობლემები კარგად დაუღეჭავი საკვების გამო და არ შეიქმნას სამომავლოდ ორთოდონტიული პრობლემები, რომლებიც ძალიან რთული დასარეგულირებელია. მნიშვნელოვანია ბავშვს შევანარჩუნებინოთ ღიმილი, რომლითაც გაბედულად გაიღიმებს. დიახ, ნაადრევად გაფუჭებული კბილების და შემდეგ არასწორი მკურნალობის გამო ბავშვებს ხშირად უყალიბდებათ გაღიმების კომპლექსი, რის შესახებაც მშობელმა შესაძლოა არაფერი იცოდეს. ყველა სარძევე კბილი არის ცალკე გამართული ანატონიური ორგანო გვირგვინით, ნერვით და გვირგვინით. არსებობს მითი, რომ სარძევე კბილს ფესვი არა აქვს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ასე ფიქრობენ იმიტომ, რომ კბილის მოცვლისას ფესვი უკვე გაწოვილია. ასე რომ, სარძევე კბილს ისევე უნდა მკურნალობა, როგორც მუდმივს. თუკი დროულად მივმართავთ ექიმს, სარძევე კბილები იმდენი ხანი შეასრულებს თავის ფუნქციას, რამდენიც საჭიროა.
როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როდესაც უკვე კბილის მოცვლის დრო დგება და ის რყევას იწყებს? ძალიან ხშირად ბავშვები ჭირვეულობენ და მშობელი იცდის რაღაც გარკვეულ მომენტამდე. რა შეიძლება გამოიწვიოს დაგვიანებამ? გარდა ამისა, საინტერესოა შეიძლება თუ არა სარძევე კბილების სახლში მოცვლა?
ელენე ხარაშვილი: სარძევე კბილების სახლში მოცვლა სავსებით დასაშვებია მაშინ, თუკი ყველაფერი გართულებების გარეშე მიმდინარეობს. სახლი ბავშვისთვის არასტრესული გარემოა. თუმცა შეიძლება ისე მოხდეს, რომ მუდმივმა კბილმა დაიწყოს ამოსვლა ცოტა უკან, სარძევე კბილის ფესვი საჭირო დონეზე არ გაიწოვოს და ამიტომ საჭირო გახდეს მისი კლინიკაში, ანესთეზიის ქვეშ მოცილება. შეიძლება სარძევე კბილების მოცვლა დაგვიანდეს, ასეთ შემთხვევაში ტარდება რენტგენოლოგიური შემოწმება.
მინდა გკითხოთ ბრეკეტების შესახებ. რატომ ხდება ბრეკეტების დაყენების საჭიროება, რა იწვევს მათ საჭიროებას და რა ასაკიდან შეიძლება ბრეკეტების მოხმარება?
ელენე ხარაშვილი: პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ პირველი ვიზიტი ორთოდონტთან 6-7 წლის ასაკშია საჭირო, ან უფრო ადრეც, თუ სახეზეა ნორმალური თანკბილვის დარღვევის ნიშნები. საზოგადოებაში გავრცელებულია მცდარი მოსაზრება იმაზე, რომ ორთოდონტს პირველად მას შემდეგ უნდა ვეწვიოთ, რაც კბილების მოცვლის პროცესი საბოლოოდ დასრულდება, თუმცა ამ დროს უკვე გვიანია. შესაძლოა მარტივი დენტალური ანომალია გადაიქცეს ჩონჩხოვან ანომალიად და ძალიან გართულდეს მისი კორექტირება.
რატომ წარმოიქმნა ამდენი პრობლემა? როგორც აღვნიშნეთ, ამას პროვოცირებას უკეთებს ნაადრევი ექსტრაციები, მავნე ჩვევები, რომლებიც საკმაოდ ხშირია. მატ შორის მინდა აღვნიშნო მავნე ჩვევა- პირით სუნთქვა, რომლის დროსაც ხდება როგორც ყბების ზრდის და განვითარების შეფერხება, ასევე რადიუსის შეცვლაც. პირით სუნთქვის დროს ენა მუდმივად ქვედა ყბაზეა და ის ნორმა, რომ ზედა ყბა ცოტათი არემატება ზიმო ქვედა ყბას, იცვლება. სწორედ ნაადრევ ასაკში მიღებული ორთოდონტიული დახმარება განაპირობებს ზრდასრულ ასაკში იდეალური თანკბილვის ქონას.
ექიმი, მშობელი და პაციენტი ერთი გუნდია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათ შორის სწორ კომუნიკაციას. ნუ მოუყვებით ბავშვებს თქვენს უარყოფით გამოცდილებაზე წარსულში, ნუ ეტყვით რომ ეს საშიშია, ნუ დაპირდებით, რომ ექიმი ნემსს არ გააკეთებს, რადგან შესაძლოა ჩვენ ნემსის გაკეთება დაგვჭირდეს, ოღონდ ეს ისე მივაწოდოთ, რომ სტრესული არ იყოს ბავშვისთვის.
თქვენ უკვე ისაუბრეთ ტკბილეულზე, რომელიც კბილებს აზიანებს, განსაკუთრებით საწუწნ კამფეტებზე. თუმცა მინდა გკითხოთ, არის თუ არა რაიმე სხვა სახის საკვები ან სასმელი, რომლის მოხმარებასაც არ გვირჩევდით?
ელენე ხარაშვილი: ბავშვის რაციონი უნდა იყოს ჯანსაღი და ზუსტად გაწერილი. მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ მთელი დღის განმავლობაში ბავშვი უწყვეტად არ ჭამდეს რამეს, იქნება ეს სახლში გაკეთებული ჩირი თუ ნაყიდი ნამცხვარი. როგორც გითხარით იმ შემთხვევაში, როდესაც მუდმივად ტკბილეულს ვჭამთ, ნერწყვი მას ვერ ანეიტრალებს. მნიშვნელოვანია ბავშვები მივაჩვიოთ იმასაც, რომ ღამე, კბილების გახეხვის შემდეგ არაფერი მიიღონ, რადგან ღამე საუკეთესო დროა კარიესის გამომწვევი ბაქტერიების გავრცელებისათვის. ამ დროს ნერწყვი მცირე რაოდენობით გამოიყოფა და სწორედ ამიტომ კარიესის გამომწვევი ბაქტერიები გაცილებით სწრაფად მრავლდებიან. როგორც ხედავთ, გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც სწორ კვებას და პირის ღრუს ჰიგიენის სწორად დაცვას აქვს.
წყარო: https://fortuna.ge