თარიღი: 06 ოქტომბერი, 2022
რას ნიშნავს ბოლო დროს გავრცელებული ფრაზა ბავშვი “Late talker”-ია და როდის უნდა ჩავთვალოთ, რომ დაგვიანებული მეტყველება, ნორმაა. ამ თემაზე „ფორტუნაში“ სტუმრობისას „ბავშვის განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორმა და „პორტიჯის ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ნინო ცინცაძემ ისაუბრა:
„იმის თქმას ბავშვი “Late talker”- ია თუ საქმე გვაქვს ენობრივ დარღვევასთან, დინამიკაში დაკვირვება სჭირდება. “Late talker”- ებისთვის უფრო დამახასიათებელია ის, რომ ისინი კარგად არიან ჩართულები კომუნიკაციაში, გამოხატავენ ინიციატივას, კომუნიკაციის სურვილს, ვიცით, რომ მათ რეცეპტული ენის პრობლემა არ აქვთ და ისინი უბრალოდ აგვიანებენ სიტყვების გამოთქმას. ნამდვილად შესაძლებელია, რომ ბავშვმა გაცილებით გვიან დაიწყოს საუბარი. ითვლებოდა, რომ თუ ბავშვი უბრალოდ “Late talker”-ია და სხვა ყველაფერი წესრიგშია, საუბრის დაწყების მერე არაფერი პრობლემა არ არის და მერე ყველაფერი კარგად მიდის და ძირითადად ეს ასეც ხდება, თუმცა თანამედროვე კვლევების მიხედვით, ის რაღაც კვალს მაინც ტოვებს, მაგალითად, “Late talker” – ის სფერო ვერ იქნება ისეთი რამ, რასაც ბევრი წერა-კითხვა სჭირდება. “Late talker”-ის ფენომენი იწვევს იმას, რომ ბევრი მშობელი მეტყველების შეფერხებას ყურადღებას არ აქცევს, სხვა ბავშვების მაგალითზე ფიქრობენ, რომ მათი ბავშვიც უბრალოდ გვიან დაიწყებს საუბარს. თუ ვხედავთ, რომ ბავშვი გახდა წლინახევრის და არცერთი სიტყვა ჯერ არ უთქვამს, გახდა 2 წლის და ორსიტყვიან კომბინაციებს საერთოდ არ ცდილობს, მნიშვნელოვანია არ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და აზრი სპეციალისტს ვკითხოთ.“- განაცხადა ნინო ცინცაძემ.
წყარო: https://fortuna.ge