Plasmon
თუ ბავშვს სიცხე 38 ან 38.5 აქვს, ნუ მისცემთ სიცხის დამწევს, აცადეთ ორგანიზმს ვირუსთან გამკლავება

თარიღი: 24 ნოემბერი, 2020

რატომ ავადობს ბავშვი და რა უნდა ვიცოდეთ მისი იმუნიტეტის შესახებ; რა არის ყველაზე ეფექტური წამალი იმუნიტეტის ასამაღლებლად და როგორ მოვიქცეთ მწვავე ხველის ან ცხელების დროს; რა ეფექტი აქვს იმუნიზაციას ავადობის შემცირების სტატისტიკაში და რატომ უნდა გავიკეთოთ გრიპის ვაქცინა. ამ თემებზე იაშვილის კლინიკის ექიმმა-პედიატრმა, შორენა ქართველიშვილმა ისაუბრა. ის სადაზღვეო კომპანია „ჯიპია ჰოლდინგის“ პირადი ექიმია თოდუას კლინიკაში.

შორენა, პირველ რიგში დიდი მადლობა სტუმრობისთვის. რა ვირუსები ცირკულირებს ამ ეტაპზე მსოფლიოსა და საქართველოში, გარდა კოვიდ-19-ისა? ჩვენ ვიცით რომ გრიპის ვირუსის სეზონი იწყება, გარდა ამისა არსებობს გაციებაც. როგორ შეგვიძლია განვასხვაოთ ერთმანეთისგან გაციება, გრიპი და კოვიდ-19? როგორც ცნობილია, ბავშვთა ასაკში მომართვიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ ვირუსული ინფექციებია.
დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად დაგეთანხმებით, ბავშვთა ასაკში მომართვიანობის ძირითადი მიზეზი ვირუსული ინფექციებია, წლევანდელი შემოდგომა და ზამთარი კი ამ მხრივ უფრო რთული იქნება, რადგან ჩვენთვის კარგად ნაცნობ ვირუსებს დაემატა ახალი კორონავირუსი, რომლის თაობაზეც ბევრი არაფერი ვიცით. შესაბამისად როგორც მშობლებს, ასევე ექიმებს მოგვიწევს ყურადღების გაორმაგება და ბრძოლა. რესპირატორული ინფექციები ე.წ. ვირუსული დაავადებები საზოგადოებაში პოპულარული ტერმინით, გაციებით მოიხსენიება, თუმცა სინამდვილეში გაციების მიზეზი შეიძლება 300-მდე სხვადასხვა ვირუსი გახდეს. თითოეულს თავისი თვეები აქვს, როდესაც ისინი აქტიურია. მაგალითად რინოვირუსები მარტიდან ოქტომბრამდე ცირკულირებენ, პარაგრიპის ვირუსები მარტიდან ნოემბრამდე, ადენოვირუსები მთელი წლის განმავლობაში შეიძლება იყვნენ დაავადების გამომწვევი მიზეზი. მათ შორის არის კორონავირუსებიც. სეზონურად მათგან გამოწვეულია გაციების შემთხვევების 10-20%  . ისინი ცირკულირებენ დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით. რაც შეეხება გრიპის ვირუსს, რომელიც იწყება ნომებრიდან  და გრძელდება მარტამდე, მისი პიკი დეკემბერ-იანვარში უწევს. მთავარ გამოწვევად მსოფლიო მედიცინისთვის სწორედ ინფლუენსა, ანუ გრიპის ვირუსი ითვლება. გრიპის კლინიკური სიმპტომატიკა ძალიან ჰგავს კოვიდ-19-სას და კლინიკურად მათი დიფერენცირება ძალიან რთულია. გრიპი არ არჩევს ადამიანის ასაკს, ის შეიძლება ნებისმიერი ასაკის ბავშვს დაემართოს. კოვიდ-19 ბავშვებს ნაკლებად ერჩის, ინფიცირების შემთხვევაში ბავშვები მას შედარებით იოლად იტანენ, ლეტალური გამოსავალი ფაქტიურად არ დგება ამ ასაკობრივ კატეგორიაში. გრიპი და კოვიდი იმითაც განსხვავდებიან, რომ გრიპი ჩვენთვის კარგად ცნობილი ვირუსია, არის მისი საწინაარმდეგო ვაქცინაც და მედიკამენტებიც. ახალი კორონავირუსის შესწავლა კი თვეებია დაიწყო.

როდესაც ვსაუბრობთ ვირუსებზე, როგორც წესი მშობლებისთვის მნიშვნელოვანია ებრძოლონ ყველაზე შემაწუხებელ სიმპტომებს, მაგალითად ცხელებას და ხველას. თუ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის საუკეთესო მეთოდი ცხელებასა და ხველასთან საბრძოლველად და რა ითვლება ოქროს სტანდარტად მათი მკურნალობის დროს?
დიახ, ვირუსული დაავადებების მთავარი სიმპტომები ცხელება და ხველაა. ცხელება განსაკუთრებით მნიშვნელოვნად იქცა დღევანდელ ეპიდსიტუაციაში, რადგან დღევანდელ რეალობაში ცხელების მართვა ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია. მე მესმის, რომ როდესაც ბავშვს ცხელება აქვს,მშობელს ეშინია. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ეს ცხელებას და კრუნჩხვას უკავშირდება, თუმცა მინდა მშობლებს ვუთხრა, რომ თუ მათ შვილს სიცხე აქვს, სანერვიულო არაფერია. ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვის იმუნური სისტემა კარგად მუშაობს. ტემპერატურის მატება ხდება მაშინ, როდესაც ბავშვის იმუნური სისტემა შემოჭრილ ვირუსს ებრძვის. ჰიპოთალამუსი, რომელსაც შემიძლია ორგანიზმის თერმოსტატიც ვუწოდო, გაძლიერებულად იწყებს მუშაობას და ჰომეოსტაზი სხვა რეჟიმზე გადაირთვება. ორგანიზმის დამცველი მექანიზმები ანტისხეულებს გამოიმუშავებს, ორგანიზმი კი მაქსიმალურად ცდილობს გაანეიტრალოს შემოჭრილი ვირუსი. ასე რომ თუ ბავშვს სიცხე 38 ან 38.5 აქვს, ამ დროს ნუ მისცემთ სიცხის დამწევს, აცადეთ ორგანიზმს და იმუნურ სისტემას ვირუსთან გამკლავება.

ხველა, ისევე როგორც ცხელება, ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა. კატეგორიულად არ შეიძლება პირველივე წამოხველებაზე ხველის დამთრგუნველების მიცემა, რადგან ამ დროს რთულდება ნახველის ევაკუაცია და შესაძლოა ის ორგანიზმში დაგროვდეს. ხველის დამთრგუნველი საშუალებები შეიძლება დაინიშნოს მაშინ, როდესაც ხველა სამ კვირაზე დიდხანს გრძელდება და უკვე ისეთი შემაწუხებელია, რომ ბავშვს ხელს უშლის ნორმალურ აქტივობებში. ხველის დამთრგუნველი საშუალება აუცილებლად ექიმის მიერ უნდა იყოს დანიშნული და არა მშობლის მიერ შერჩეული.


როდესაც ამ ორ სიმპტომზე ვსაუბრობთ, ყველა მშობელს აინტერესებს თუ რატომ არ ემორჩილება ისინი მედიკამენტებს. მაგალითად ხველის დროს ექიმის დანიშნულებით მშობლები ხშირად მიმართავენ სხვადასხვა ტიპის ინჰალაციას, მაღალი ტემპერატურის დროს კი იყენებენ შესაბამის მედიკამენტს. თუ ამ ზომების მიუხედავად ვერ ხერხდება ცხელების და ხველის მართვა, მიანიშნებს თუ არა ეს იმას, რომ შესაძლოა ვირუსული დაავადება მწვავედ მიდიოდეს და რამე სხვაც იყოს საჭირო?
გაიდლაინში პირდაპირაა გაწერილი, რომ თუ ტემპერატურა აქვს სამ თვემდე ასაკის ბავშვს და ტემპერატურა 38-მდეა, ბავშვს სახლში აღარ ვტოვებთ. თუ ბავშვი 3-6 თვის ასაკისაა და მისი ტემპერატურა 39 გრადუსია, ამ დროსაც ექიმს მივმართავთ.  გარდა ცხელებისა, არსებობს მასთან ასოცირებული გაუწყლოების სიმპტომები, რომელსაც აუცილებლად აფასებს ექიმი და ასეთ შემთხვევაში განიხილება ბავშვის სტაციონარში გადაყვანა. ასე რომ, თუ მაღალი ტემპერატურისას ბავშვს მივეცით პარაცეტამოლი ან იბუპროფენი, მაგრამ სიცხემ არ დაიწია და ხველაც გახანგრძლივდა, უნდა ვიფიქროთ თანდართულ ბაქტერიულ ინფექციაზე და ალტერნატიულ დიაგნოზებზე. ამ დროს აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ძალიან ხშირად მშობლები ორივე ამ პრეპარატს იყენებენ, რაც კატეგორიულად არ შეიძლება მათი გვერდითი ეფექტების გამო.

 

ვირუსებთან საბრძოლველად უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი იმუნიტეტი. დღესდღეობით არსებობს იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალებების უამრავი რეკლამა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს საშუალებები ძალიან ეფექტურია და მათი მიღება ძალიან მცირე ასაკიდანაც კი მიზანშეწონილია. თუ ეს მართლაც ასეა და არსებობს შესაბამისი სტატისტიკა, ვის და როდის სჭირდება იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალებების მიღება?
იმუნიტეტის ასამაღლებელ საშუალებებზე არა მხოლოდ რეკლამები გვამცნობენ. ძალიან ხშირად მშობლები მოდიან და გვთხოვენ, რომ მათ შვილს, რომელსაც სუსტი იმუნიტეტი აქვს, დავუნიშნოთ ასეთი საშუალება. საბოლოოდ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ბავშვი წელიწადში 4-5-ჯერ ავადობს, რაც სულაც არ არის სუსტი იმუნიტეტის მაჩვენებელი. ახლანდელი გაიდლაინების მიხედვით იმ შემთხევაში, თუ ბავშვი წელიწადში 8-9-ჯერ ავადობს, თუმცა ავადობის პერიოდებს შორის თავს კარგად გრძნობს, კარგად იკვებება და მისი განვითარების დონე ასაკის შესაბამისია ითვლება, რომ მისი იმუნიტეტი აბსოლუტურად ნორმალურ მდგომარეობაშია და მის ასამაღლებლად არავითარი დამატებითი საშუალებები არ არის საჭირო. საჭიროა მხოლოდ ჯანსაღი წესით ცხოვრება, კარგი ძილი და ძილის ნორმალური ხანგრძლივობა, ბალანსირებული კვება, სუფთა ჰაერი და ფიზიკური აქტივობა. გარდა ამისა არ შემიძლია არ ვახსენო ძუძუთი კვების მნიშვნელობა. ეს არის პირველი იმუნიზაცია. ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვი ექვს თვემდე დაცულია ვირუსებისაგან, ამიტომ ჩემი აზრით იმუნიტეტის ასამარლებელი საშუალებების მაგიერ ძუძუთი კვების პროპაგანდა უფრო მიზანშეწონილია. მინდა ვთქვა ისიც, რომ დღეს ძუძუთი კვების ხელშეწყობის საერთაშორისო დღეა.


პირველი, რასაც გვეუბნებიან პედიატრები, როდესაც ბავშვი ავადობს არის ის, რომ მან უნდა მიიღოს სითხე იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას მადა. რა სახის და რამდენი სითხე უნდა მიიღოს ბავშვმა ამ დროს იმისათვის, რომ ეს არც ბევრი იყოს და არც ცოტა. ასევე საინტერესოა ითვლება თუ არა ნებისმიერი სითხე სითხედ?
დიახ, სითხის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. მაშინაც კი, როდესაც ადამიანი ავად არ არის, სუნთქვის დროს იგი დაახლოებით 3-4 ჭიქა სითხეს კარგავს. წარმოიდგინეთ რამდენად იზრდება ეს რაოდენობა მაშინ, როდესაც მას მაღალი ტემპერატურის ფონზე გაძლიერებული სუნთქვა, ქოშინი ან ძლიერი ოფლიანობა აქვს. ბავშვებში წონის ყოველ კილოგრამზე რეკომენდებულია 10-15 მლ სითხე, მოზარდისათვის ეს მაჩვენებელი 30-40 მლ-ია. თუ ტემპერატურა 37-ს აღემატება და ამას ოფლიანობაც ახლავს, ყოველ დამატებით გრადუსზე ამას ემატება 10% ნორმალური სითხის რაოდენობისა.

ვისაუბროთ იმუნიზაციის შესახებ. რა დატვირთვა აქვს მას დაავადებათა პრევენციისათვის, რატომ არის მნიშვნელოვანი აცრის დროულად ჩატარება და რას გვეტყვით გრიპის ვაქცინის შესახებ, რომელიც გარკვეული დოზით უკვე შემოვიდა ქვეყანაში?
ვირუსული ინფექციებისაგან თავის დასაცავად ძირითადი საშუალება არის იმუნიზაცია, რომელსაც ლომის წილი ეკუთვნის ავადობის პრევენციაში. დროულად ჩატარებული იმუნიზაცია მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი იმუნიზაციის კალენდარი ისეა შედგენილი, რომ უზრუნველყოს იმ 12 დაავადებისგან დაცვა, რომელთა საწინააღმდეგო აცრებიც კეთდება. შესაძლოა რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორის გამო ვაქცინაცია გადაიდოს, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ აცრები დროულად ჩატარდეს, რადგან ის პერიოდი, რომელიც აცრის რეკომენდებულ დროსა და აცრას შორისაა, ბავშვი დაუცველია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვტოვოთ სავალდებულო აცრა, ის უნდა გაკეთდეს თუნდაც დაგვიანებით. გრიპის ვაქცინაცია ძალიან კარგი ვაქცინით ხდება, მან საკმაოდ შეამცირა გრიპით ავადობა ბოლო 5 წლის განმავლობაში, წლევანდელი ეპიდისტუაციიდან გამომდინარე წელს უფრო უნდა ვკონცენტრირდეთ ამ აცრაზე, რათა გრიპისგან მაინც ვიყოთ დაცული იმ ფონზე, რომ კოვიდის ვაქცინა ჯერ არ გვაქვს.


სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში დღემდე პრობლემატურად რჩება ანტივაქსერული მოძრაობა, რომელიც ნებისმიერი ტიპის ვაქცინას ეწინააღმდეგება და მათ შორის ყველაზე მეტად წლის ასაკში გასაკეთებელ წითელა-წითურა-ყბაყურის აცრას. რეალურად რა შეიძლება იყოს ვაქცინის უკუჩვენება, მითების გარეშე. რისი ეშინიათ მშობლებს? ეს ტემპერატურული რეაქციაა, უხასიათობა თუ რამე სხვა?
ანტივაქსერული მოძრაობა იწყება იმ დღიდან, როდესაც პირველი ვაქცინა შეიქმნა. იმავე დღიდან არსებობს ვაქცინის მიმართ შიში. მინდა გითხრათ, რომ სოცვიალურ ქსელებში ჩვენ, ექიმებსაც გვეწინაარმდეგებიან და ერთგვარი კასტა არსებობს ადამიანების, რომლებიც ასეთ ექიმებს თურმე არ გვენდობიან. რაც შეეხება „მმრ“-ის ვაქცინის აუტიზმთან კავშირს, ეს საკმაოდ ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ 1990 წელს გამოქვეყნებულ სტატიას უკავშირდება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ეს ვაქცინა შესაძლოა აუტიზმს იწვევდა, რაც არანაირად არ დადასტურდა. საბედნიეროდ ამ ვაქცინის სავარაუდო კავშირზე აუტიზმთან თითქმის ყველამ დაივიწყა. ამ სტატიის ავტორ ბრიტანელ ექიმს დღემდე დისკვალიფიკაცია აქვს. „მმრ“ ვაქცინა ნამდვილად არ იწვევს აუტიზმს, ამისი თქმა ნამდვილად შეგვიძლია.

 

რაც შეეხება უკუჩვენებებს, ვაქცინებს ფაქტიურად არ აქვთ უკუჩვენებები. უბრალოდ ზოგი ვაქცინა არ შეიძლება გაკეთდეს ზოგიერთი ჩვენების დროს. მაგალითად ბავშვებისთვის, რომლებიც კორტიკოსტეროიდებზე იმყოფებიან ან აქვთ ტუბერკულოზის აქტიური ფორმა, არ შეიძლება „ცოცხალი“ ვაქცინების გაკეთება.  რეალურ უკუჩვენებათა ჩამონათვალი ძალიან მცირეა, თუმცა ძალიან დიდია საზოგადოების და მშობლების მიერ შექმნილი ცრუ უკუჩვენებების სია…

როდესაც ვირუსულ ინფექციებზე და მათ გართულებებზე ვსაუბრობთ ერთ-ერთი რაც ძალიან გვაინტერესებს არის ის, თუ როდის შეიძლება ბავშვის სახლში დატოვება და მისი მდგომარეობის მართვა და როდის უნდა მივმართოთ ექიმს ან როდისაა საჭირო ჰოსპიტალიზაცია…
არსებობს ე.წ. „საშიშროების ნიშნები“, რომელთა არსებობის დროსაც საჭიროა ექიმის ჩართვა. თუ სამ თვემდე ბავშვის სხეულის ტემპერატურა 38 გრადუსს აღემატება, ის ჰოსპიტალში უნდა გადავიყვანოთ. თუ 3-6 თვის ასაკის ბავშვის ტემპერატურა 39 გრადუსი ან მეტია, უნდა მოხდეს მისი ჰოსპიტალიზაცია. საავადმყოფოში გადაყვანა ასევე აუცილებელია მაშინ, თუ სახეზეა მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებული გაუწყლოების სიმპტომები, შეუჩერებელი ღებინება ნებისმიერი საკვების ან სითხის მიღების შემდეგ, თუ სახეზეა კრუნჩხვა, თუ ცხელებას თან ახლავს ლეთარგიული მდგომარეობა, მოდუნება, უჩვეულო ძილიანობა, უჩვეულო გამონაყარი ან თუ ცხელების მართვა ვერ ხერხდება. იმ შემთხვევაშიც, თუ მივიჩნიეთ რომ ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა, საჭიროა მისი სტაციონარში გადაყვანა.

 

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სიცხის დამწევ და ხველების საწინააღმდეგო საშუალებებზე, ხველის დამთრგუნველ საშუალებებზე. ვიცით, რომ ზოგჯერ გამოიყენება ჰორმონალური და  ამოსახველებელი საშუალებები… როგორია მათი მიღების წესი? როდის და რა დროს ინიშნება თითოეული?
თითოეულ შემთხვევაში გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს და საშუალებაც ინდივიდუალურად შეირჩეს. ზოგჯერ დედას ჰგონია, რომ ბავშვს მშრალი ხველა აქვს მაშინ, როცა სინამდვილეში სახეზეა პროდუქციული ხველა. ტელეფონით ხველის შეფასება შეუძლებელია, ბავშვი უნდა წავიყვანოთ ექიმთან, რომელიც ადგილზე შეაფასებს სიტუაციას. ასევეა ჰორმონალური პრეპარატების შემთხევაშიც, გასათვალისწინებელია ალერგიული ფონი, სახეზეა თუ არა სპაზმური ხველა  და ა.შ. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს.

მინდა გკითხოთ ანტივირუსულ პრეპარატებზე იქნება ეს მედიკამენტები, აბები, მალამოები თუ ცხვირის მიდამოში გამოსაყენებელი საცხები. რამდენად ეფექტურია ისინი?
თუ ვისაუბრებთ მედიკამენტებზე, ისინი ეფექტურია. არსებობს სხვადასხვა ტიპის ანტივირუსული მედიკამენტები, რომლებიც კონკრეტული ვირუსის წინააღმდეგაა მიმართული. არსებობს მაგალითად ჰერპერ-ვირუსის საწინაარმდეგო პრეპარატები, ახლა სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს კოვიდ-19-ის გამომწვევი ვირუსის, Sars-Cov-2-ის საწინაარმდეგო ანტივირუსული პრეპარატის შექმნაზე. ვიცით, რომ ღორის გრიპის წინააღდმეგ ძალიან ეფექტურია „ტამიფლუ“. ასეთ პრეპარატებს ნამდვილად გავუწევ რეკომენდაციას, თუმცა ყველა მათგანს მკაცრად განსაზღვრული ჩვენება აქვს.

რაც შეეხება ე.წ. „ხალხურ“ მეთოდებს, არაფერი მაქვს ნივრის,ხახვის ან თაფლის გამოყენების საწინააღდეგო, თუმცა სამეცნიერო მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მათ ანტივირუსული მოქმედება აქვთ, არ არსებობს.

საერთოდ რა ითვლება ვირუსულ ინფექციებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებად? რა გვეტყვით არა მხოლოდ პროტოკოლიდან და გაიდლაინებიდან, არამედ პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე? როგორია თქვენი რეკომენდაცია?
ძალიან მარტივი რეკომენდაციები, რომლებიც ზოგიერთს სასაცილოდ არ ყოფნის, იგივე ხელების დაბანა, ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ჯანსაღი კვება, ცხოვრების ჯანსაღი წესი ნამდვილად იცავს ბავშვს ვირუსული ინფექციებისგან, იქნება ეს კორონავირუსი, გრიპი თუ რაიმე სხვა ვირუსული ინფექცია.

წყარო: https://fortuna.ge