Nuk
ჭარბი ოფლიანობა

თარიღი: 14 აგვისტო, 2023

ოფლის გამოყოფა სხეულის გაგრილების ბუნებრივი გზაა. ამ პროცესს არეგულირებს ავტონომიური ნერვული სისტემა, რომელიც ჩვენს ნება-სურვილს არ ემორჩილება. ის დაუკითხავად ააქტიურებს საოფლე ჯირკვლებს, როდესაც მაღალი სიცხე გვაქვს, ვვარჯიშობთ, ვნერვიულობთ, ვბრაზობთ, გვრცხვენია, გვეშინია ან უბრალოდ გვცხელა. ოფლის წარმოქმნის ყველა ეს მიზეზი ფიზიოლოგიურია. ზოგჯერ კი ოფლიანობა იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენს სხეულში რაღაც მოიშალა, ორგანიზმი მწყობრიდან გამოვიდა.

ოფლიანობის ფიზიოლოგია

ერთსა და იმავე პირობებში ზოგი მეტად ოფლიანდება, ზოგი – ნაკლებად. გამოყოფილი ოფლის მოცულობა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, უმთავრესად – საოფლე ჯირკვლების რაოდენობაზე, ასაკზე, სქესზე. მაგალითად, სქესობრივი მომწიფების პერიოდში საოფლე ჯირკვლები სრული დატვირთვით მუშაობს, ამასთან, მამაკაცისა –  ქალისაზე ინტენსიურად. ოფლიანობას აძლიერებს ალკოჰოლიანი და კოფეინიანი სასმელები, ცხარე საკვები, ნარკოტიკული ნივთიერებები.

განასხვავებენ საოფლე ჯირკვლების სამ ძირითად ტიპს: ეკრინულს, აპოკრინულს და აპოეკრინულს.

ეკრინული საოფლე ჯირკვალი ყველაზე მეტია – დაახლოებით 2-დან 4 მილიონამდე. ეს ჯირკვლები თითქმის მთელ სხეულზეა მიმოფანტული და ოფლის წარმოქმნაზე ძირითადი პასუხისმგებლობა აკისრია. მათი რაოდენობა დაბადებიდან სიკვდილამდე ერთნაირია, ამიტომ ბავშვობაში ადამიანს  სხეულის განსაზღვრულ ფართობზე უფრო მეტი ჯირკვალი აქვს, ვიდრე ზრდასრულ ასაკში. გასუქებისას ჯირკვლების კონცენტრაცია კიდევ უფრო იკლებს.

ეკრინული ოფლი უმთავრესად წყლისა და სუფრის მარილისგან (NaCl) შედგება, მაგრამ უჯრედთაშორის სითხეში ან საოფლე ჯირკვლებში წარმოქმნილ სხვა ნივთიერებებსაც შეიცავს.

აპოკრინული საოფლე ჯირკვლები ძირითადად იღლიაში, სარძევე ჯირკვლებზე, სახეზე, თავის კანსა და ბოქვენზეა განლაგებული, ეკრინულ ჯირკვლებთან შედარებით დიდია და იხსნება თმის ფოლიკულებში და არა კანის ზედაპირზე. ფუნქციობას პუბერტატის პერიოდში იწყებს. გამოიმუშავებს ბლანტ, ლიპიდებით მდიდარ ოფლს, რომელიც ცილებს, შაქრებსა და ამიაკსაც შეიცავს. აპოკრინული ჯირკვლები მონაწილეობს ფერომონების – სხეულის სუნის მიმცემი ნივთიერებების – წარმოქმნაში.

აპოეკრინული ჯირკვლები ეკრინულისგან წარმოიქმნება 8-დან 14 წლამდე ასაკში და 16-18 წლისთვის უკვე იღლიის ჯირკვლების 45%-ს შეადგენს. საშუალო ზომისაა და უფრო ეკრინულ ჯირკვლებს ჰგავს, რადგან მათი სადინარები პირდაპირ კანის ზედაპირზე იხსნება. უხვად წარმოქმნის მარილიან წყალს. ითვლება, რომ აპოეკრინული ჯირკვლები თერმორეგულაციაში მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს.

როგორ რეგულირდება
ეკრინული საოფლე ჯირკვლები რეაგირებს თერმულ სტიმულებზე, განსაკუთრებით – სხეულის ტემპერატურის მომატებაზე, კანის გაცხელებაზე. ტემპერატურის მომატებას ორგანიზმი თერმორეცეპტორების საშუალებით შეიგრძნობს. მათგან მიღებული ინფორმაცია ჰიპოთალამუსში, ტვინის ერთ-ერთ უბანში, გადამუშავდება.

ოფლიანობის ინტენსივობა დამოკიდებულია აქტიური საოფლე ჯირკვლების სიმკვრივეზე (ანუ სხეულის ფართობზე განაწილებაზე) და თითოეული ჯირკვლის სეკრეციის სიჩქარეზე.

რა არის ჭარბი
ჭარბია ოფლიანობა, როდესაც ადამიანი იმაზე მეტად ოფლიანდება, ვიდრე მოსალოდნელია გარემოს განსაზღვრული ტემპერატურის, დატვირთვის დონისა თუ სტრესის პირობებში. შესაძლოა, ოფლიანობა იმდენად ინტენსიური იყოს, რომ ხელი შეუშალოს ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობას და გამოიწვიოს სოციალური უხერხულობა ან შფოთვა.

ჭარბ ოფლიანობას ჰიპერჰიდროზი ეწოდება. ის მთელ სხეულზეც შეიძლება გამოვლინდეს და მის ცალკეულ უბნებზეც (ხელისგულები, ფეხსიგულები,  იღლიები, სახე).

თუ ჭარბი ოფლიანობა არც რომელიმე სამედიცინო მდგოამრეობით არის გამოწვეული და არც სხვა მიზეზით (გარემოს ტემპერატურის მატებით, ფიზიკური აქტივობით), მას პირველადი ანუ ესენციური ჰიპერჰიდროზი ეწოდება. ამ შემთხვევაში საოფლე ჯირკვლების მუშაობაზე პასუხსმგებელი ნერვები ზედმეტად აქტიურობენ. სტრესის, მღელვარების დროს ოფლიანობა კიდევ უფრო იმატებს. ჰიპერჰიდროზის ეს ტიპი, როგორ წესი, ადგილობრივია – ხელების, ფეხების და ზოგჯერ სახის ოფლიანობით გამოიხატება. სხეულის ამა თუ იმ უბნის ოფლიანობა ჰიპერჰიდროზად რომ ჩაითვალის, ეპიზოდი უნდა გამეორდეს კვირაში, სულ მცირე, ერთხელ და გაოფლინადეს სხეულის ორივე მხარე.

პირველადი ჰიპერჰიდროზი ნაწილობრივ მემკვიდრეობითიც არის. ზოგჯერ ის ოჯახის რამდენიმე წევრს აღენიშნება.

როდესაც ჭარბ ოფლიანობას განსზღვრული სამედიცინო მდგომარეობა განაპირობებს, მას მეორეული ჰიპერჰიდროზი ეწოდება. ეს მდგომარეობებია:

• ორსულობა;

• დიაბეტი;

• მენოპაუზა;

• ჰიპერთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის გადაჭარბებული აქტიურობა);

• ჰიპოგლიკემია – სისხლში გლუკოზის დაბალი შემცველობა;

• კიბოს ზოგიერთი სახეობა, ლეიკემია, ლიმფომა, ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის იშვიათი სიმსივნე);

• გულის შეტევა ან გულის უკმარისობა;

• სუნთქვის უკმარისობა;

• ნერვული სისტემის დარღვევები;

• ინფექციები, მათ შორის - ტუბერკულოზი, ზოსტერი;

• მალარია;

• აკრომეგალია;

• გაურკვეველი წარმოშობის ცხელება;

• მედიკამენტების გვერდითი მოვლენები – აღკვეთის სინდრომი ბეტა ბლოკატორების, ანტიდეპრესანტების, ინსულინის, სულფონილშარდოვანას, პილოკარპინის მიღებისას, ოპოიდების მოხსნისას;

• კომპლექსური რეგიონული ტკივილის სინდრომი;

• ნევროლოგიური დაავადებები, მათ შორის - პარკინსონის დაავადება;

• შფოთვა;

• სიმსუქნე;

• რევმატოიდული ართრიტი;

• პოდაგრა.

რას აშავებს
ოფლიანი ხელები ან ოფლით დასველებული ტანსაცმელი სოციუმში უხერხულობას იწვევს. შესაძლოა, ამან ხელი შეგიშალოთ მუშაობაში ან განათლების მიღებაში. გარდა ამისა, ადამიანებს, რომლებიც ჭარბად ოფლიანობენ, კანის ინფექციებისადმი მიდრეკილება ახასიათებთ.

როდის მივმართოთ ექიმს
თუ ძლიერ ოფლიანობას თან ახლავს თავბრუხვევა, გულმკერდის ტკივილი ან გულისრევა, საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

თუ უეცრად დაგეწყოთ ჩვეულებრივზე ძლიერი ოფლიანობა, – იმდენად ძლიერი, რომ თქვენს ყოველდღიურ რუტინას არღვევს, – ღამღამობით უმიზეზოდ ოფლიანდებით ან ოფლიანობა იწვევს ემოციურ დისტრესსა თუ სოციალურ იზოლაციას, დახმარებისთვის ექიმს მიმართეთ.

წყარო: "ჟურნალი ავერსი"