თარიღი: 24 თებერვალი, 2017
რა არის მენინგოკოკცემია?
მენინგოკოკცემია (მენინგოკოკური სეფსისი) - მენინგოკოკით (Neiseria Meningitidis) გამოწვეული ინფექციის გენერალიზებული ფორმაა, რომელიც ხასიათდება მწვავე სეპტიცემიის სიმპტომების გამოვლინებით, ინფექციურ-ტოქსიური შოკისა და თრომბოჰემორაგიული სინდრომის განვითარებით. შესაძლოა მიმდინარეობდეს (მენინგიტ-მენინგოკოქცემია) შერეული ფორმით;
რამდენად საყურადღებოა მენინგოკოკცემია?
ინფექციის წყაროა მენინგოკოკის მტარებელი ან ავადმყოფი ადამიანი. ადამიანის დაინფიცირება ხდება წვეთოვანი გზით ინფექციის წყაროსთან დახურულ სივრცეში ხანგრძლივი და მჭიდრო (0,5-1.0მ-ის ფარგლებში) კონტაქტის შემთხვევაში, რაც განპირობებულია გარემოში მენინგოკოკების სუსტი გამძლეობით.
მენინგოკოკით დაინფიცირებულთა უდიდეს უმრავლესობას კლინიკური გამოვლინება პრაქტიკულად არ აღენიშნება, ნაწილს შეიძლება განუვითარდეს მწვავე ნაზოფარინგიტი, მხოლოდ უკიდურესად იშვიათად ვითარდება გენერალიზებული ფორმა მენინგიტისა და მენინგოკოკცემიის სახით. ინფექციის გავრცელებაში წამყვან როლს ნაზოფარინგიტით დაავადებულები თამაშობენ, ვინაიდან ეს ფორმა ყველაზე გავრცელებულია, ასევე მსუბუქი მიმდინარეობის გამო, ავადმყოფები არ არიან იზოლირებული. მენინგოკოკის ე.წ ,,ჯანმრთელი“ მტარებლობა შეიძლება გაგრძელდეს 1-3 კვირა. ჩვენს ქვეყანაში მტარებლობა 1% -ს აღწევს. მენინგოკოკცემიით უპირატესად ავადდებიან 5 წლამდე ასაკის ბავშვები.
შემთხვევათა მატება იწყება შემოდგომაზე და პიკს აღწევს გაზაფხულზე.
როგორია მენინგოკოკცემიის გავრცელება საქართველოში?
საქართველოში, ყოველწლიურად მენინგოკოკცემიის საშუალოდ 10-15 შემთხვევა რეგისტრირდება, მათ შორის შემთხვავათა 90% -ზე მეტი 0-14 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. მენინგოკოკცემიით გამოწვეული ლეტალობა 10-20%-ს შეადგენს, განსაკუთრებით, მენინგოკოკცემიის ელვისებური ფორმების დროს.
როგორ უნდა გავიგო, ვარ თუ არა მენიგოკოკცემიით ავად?
მენინგოკოკცემია (მენინგოკოკური სეფსისი) შეიძლება დაიწყოს უეცრად, აღინიშნება მაღალი ტემპერატურა 39-400C, თავის ტკივილი, ღებინება, უძილობა, უმადობა. მენინგოკოკცემიის ერთ-ერთი ძირითადი ამოსაცნობი ნიშანია პეტექიური გამონაყარი, რომელიც დაავადების დაწყებიდან 5-20 საათის განმავლობაში, უფრო იშვიათად – მეორე დღეს კანსა და ლორწოვანებზე სხვადასხვა ზომისა და ფორმის სისხლჩაქცევების სახით ჩნდება. გამონაყარი უმეტესად ლოკალიზებულია ხელებზე, ფეხებზე, დუნდულებზე, ბარძაყებზე. სახეზე და სხეულის ზედა ნაწილში არსებული სისხლჩაქცევები დაავადების სიმძიმეზე მეტყველებს. მენინგიტთან შერეული ფორმის დროს, მენინგიალური სიმპტომებიც არის დამახასიათებელი
დაავადება უაღრესად სწრაფად, პრაქტიკულად ერთ დღეში პროგრესირებს მენინგოკოკცემიის ელვისებური ფორმის დროს. ასეთ შემთხვევაში, დაავადების გამოსავალი ხშირად არაკეთილსაიმედოა.
როგორ უნდა მოვიქცეთ აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში?
ზემოთ ჩამოთვლილი, სიმპტომების არსებობისას, განსაკუთრებით ნებისმიერი სისხლჩაქცევის შემჩნევისას, აუცილებელია ექიმთან მიმართვა, ხშირად საათებს და წუთებსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ანამნეზური მონაცემებისა და გასინჯვის საფუძველზე, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის შესაბამის სტაციონარში მოთავსებისა და ადექვატური მკურნალობის დანიშვნის შესახებ.
რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის რომ თავიდან იყოს აცილებული მენინგოკოკცემია?
სპეციფიური პროფილაქტიკისათვის გამოიყენება ვაქცინა, რომელიც ჩვეულებრივ მენინგოკოკური ეპიდემიების დროს გამოიყენება. ჩვენს ქვეყანაში გეგმიური მენინგოკოკური ვაქცინაცია სავალდებულო არ არის.
დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, მენინგოკოკცემიით დაავადებულთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებზე მყარდება ეპიდემიოლოგიური მეთვალყურეობა, რათა გამოვლენილ იყოს დაავადების ადრეული ნიშნები (განსაკუთრებით, ცხელება) და მიმართონ სათანადო მკურნალობის მისაღებად დაყოვნების გარეშე. ახლო კონტაქტირებულმა პირებმა ექიმის ზედამხედველობით უნდა ჩაიტარონ ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა.
მენინგოკოკური ინფექციის პროფილაქტიკაში დიდი ყურადღება ექცევა სანიტარულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების დაცვას ბავშვთა სკოლამდელ და სასწავლო დაწესებულებებში.
წყარო: NATIONAL CENTER FOR DISEASE CONTROL & PUBLIC HEALTH, GEORGIA (NCDC & PH)