Nuk
პროლაქტინი და მისი როლი ორგანიზმში

თარიღი: 14 დეკემბერი, 2021

პროლაქტინის სეკრეცია ხდება ჰიპოფიზის მიერ, ეს ის ჰორმონია, რომელიც აკონტროლებს ლაქტაციის დაწყებას და შენარჩუნებას, ის უშუალო გავლენას ახდენს ქალის შვილოსნობაზე, სწორედ ამიტომ ის ერთ-ერთი მთავარი ჰორმონია, რომლის კვლევაც პირველ რიგში ინიშნება გინეკოლოგიური პრობლემის გამორიცხვის მიზნით.

 

სიმპტომები 

ჰიპერპროლაქტინემია ანუ პროლაქტინის მაღალი დონე იწვევს ანოვულატორულ უნაყოფობას, მენსტრუალური ციკლის დარღვევას ან შემცირებას, თავის ტკივილს, მხედველობის პრობლემებს, რძის გამოყოფას სარძევე კირკვლებიდან ლაქტაციის პერიოდის არარსებობისას.

სისხლში პროლაქტინის შემცველობა იზრდება ფიზიოლოგიური მიზეზების გამოც, მაგ: ძუძუთი კვების დროს, კონკრეტული პრეპარატების მიღების გამო, ფსიქოლოგიური სტრესის დროს, ალკოჰოლის ხშირად მოხმარებისას, ძლიერი და რეგულარული ფიზიკური დატვირთვის დროს და უძილობის პრობლემების გამო.

თუმცა, შესაძლებელია იყოს უსიმპტომო მიმდინარეობაც.

 

გამომწვევი მიზეზები 

გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაა, მაგ: ჰიპოფიზის ადენომა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, თირკმლის ქრონიკული დაავადებები, სხვადასხვა მედიკამენტებით ხანგრძლივი მკურნალობა, რომელსაც მედიკამენტოზური ჰიპერპროლაქტინემია ეწოდება.

თუმცა, ჰიპერპროლაქტინემია შესაძლებელია გამოწვეული იყოს უმიზეზოდ, იდიოპათიურად, როდესაც მიზეზი უცნობი გახლავთ. 

 

როდის უნდა მიმართოთ სპეციალისტს და ჩაიტაროთ კვლევა?! 

ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილი სიმპტომის ან სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ენდოკრინოლოგთან ან გინეკოლოგთან ვიზიტისას, ანამნეზის შეკრების შემდეგ ექიმი ნიშნავს კლევას, სწორედ სპეციალისტი განსაზღვრავს ზუსტად რა პერიოდში არის მიზანშეწონილი კვლევის ჩატარება, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაცული იყოს შესაბამისი რეკომენდაციები.

 

ზოგადი რეკომენდაციები: 

სისხლის შრატის აღება მნიშვნელოვანია მოხდეს მშვიდი და სრულყოფილი ძილის შემდეგ, დილით ადრე, გაღვიძებიდან არაუმეტეს 2-3 საათამდე. მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ სისხლის აღებამდე პაციენტი მოერიდოს მცირე დატვირთვასაც და მაქსიმალურად მოსვენებულ მდგომარეობაში მოხდეს სისხლის აღება. მენსტუალური ციკლის პირველ ფაზაში (მე-2/5 დღეს)

თუ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარება, ჰიპერპროლაქტინემიის მიზეზის დასადგენად, რომელსაც განსაზღვრავს სპეციალისტი, მაგ: თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.