Nuk
რა არის დერმატოსკოპია

თარიღი: 22 ივლისი, 2020

დერმატოსკოპია (კანის ეპილუმინესცენციური მიკროსკოპია) კანის არაინვაზიური კვლევის მეთოდია, რომლითაც ხდება შეუიარაღებელი თვალისათვის უხილავი კანის ეპიდერმისის, დერმო–ეპიდერმალური ზონის და პაპილარული დერმის მიკროსტრუქტურების დათვალიერება.

თანამედროვე დერმატოსკოპებში გაერთიანებულია როგორც პოლარიზებული, ისე არაპოლარიზებული სინათლის სხივი, რაც კანის ელემენტების უფრო ზუსტი და ამომწურავი დიაგნოსტიკის შესაძლებლობას იძლევა.
რა დაავადებების დიაგნოსტირებაა შესაძლებელი დერმატოსკოპიით?
დერმატოსკოპიით შესაძლებელია კანის ავთვისებიანი, კეთილთვისებიანი და კიბოსწინარე (პრეკანცერული) დაავავადებების - მელანომა, ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა, სხვადასხვა ტიპის ნევუსები, სებორეული კერატომა, სოლარული ლენტიგო, ჰემანგიომა, პაპილომა, კერატოაკანტომა და სხვა ადრეული დიაგნოსტიკა.
დერმატოსკოპიით, ასევე, შესაძლებელია ფრჩხილის, თავის კანის დაავადებების, თმის ცვენის (ალოპეციის) და სხვადასხვა დერმატოზების დიაგნოსტიკა. დერმატოსკოპიით ხდება დერმატოსკოპული ფოტოდოკუმენტაციის წარმოება და მისი მონიტორინგიც.
რა არის კანის კიბო?
კანის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა მსოფლიოში. ის, როგორც წესი, ვითარდება კანზე მზის ულტრაიისფერი (UV)-სხივების ხანგრძლივი და გადაჭარბებული ზემოქმედების შედეგად.
კანის კიბო უმეტესად სხეულის იმ ნაწილებში ჩნდება, რომელზეც უფრო ხშირია ულტრაიისფერი (UVB და UVA) სხივების ზემოქმედება, ესენია: კიდურები, სახე, კისერი, ზურგი.
კანის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმებია ბაზალურუჯრედოვანი, ბრტყელუჯრედოვანი კიბო და მელანომა.
რა არის კანის კიბოსწინარე დაავადებები ?
ყველაზე გავრცელებლი კანის კიბოსწინარე დაავადება არის აქტინური კერატოზი, რომელიც ფორმირდება კანზე ულტრაიისფერი (UV) სხივების ქრონიკული ზემოქმედების შედეგად. ის შედარებით ხშირად გვხვდება შუა და ხანშიშესული ასაკის პირებში სხეულის იმ ნაწილებზე, რომელიც ყველაზე ხშირად ხვდება მზის სხივების ქვეშ: სახე, კისერი, ყურები, სკალპი და ხელის მტევნების დორზალური ზედაპირები.
ვისთვის არის რეკომენდებული კანის წარმონაქმნების სკრინინგის ჩატარება?
- I და II ტიპის კანის მქონე ადამიანები, რომლებიც მზეზე ადვილად იწვებიან;
- ვისაც მზის დამწვრობა აქვს მიღებული ბავშვობაში;
- ვინც მზეზე დიდ დროს ატარებს;
- სოლარიუმების მომხმარებლები;
- ვისაც მრავლობითი (50–ზე მეტი) ხალი აქვთ;
- აქვს კანის კიბოს ოჯახური შემთხვევა;
- 50+ წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანები;
- ვისაც გადანერგილი აქვს ორგანო.
თუ არის შესაძლებელი კანის კიბოს პრევენცია?
კანის კიბო ხილვადია, შესაძლებელია მისი ადრეული დიაგნოსტიკა და განვითარების ძირითადი რისკ-ფაქტორის - UV გამოსხივების ზემოქმედების მაქსიმალური შემცირება, მზის სხივების მიმართ ქცევის შეცვლით.
რას წარმოადგენს კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები?
კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნებია: პაპილომა, სებორეული კერატოზი, ანგიომა, ჰემანგიომა, დერმატოფიბრომა. ზოგიერთი მათგანის მკუნრნალობა შესაძლებელია კრიოთერაპიის საშუალებით.
რა არის კრიოთერაპია?
კრიოთერაპია არის მარტივი და უმტკივნეულო პროცედურა რომლის დროსაც ხდება ქსოვილის გაყინვა თხევადი აზოტის მეშვეობით - 196 გრადუსამდე, მისი მოქმედების პრინციპი დაფუძნებულია ხანმოკლე დაბალი ტემპერატურების ზემოქმედებაზე, რომელიც კანზე არასასურველი წარმონაქმნების ქსოვილების სიკვდილს იწვევს.