რა არის ჰისტეროსკოპია და ჩვენებების დროს არის აუცილებელი პროცედურის ჩატარება

თარიღი: 10 მაისი, 2018

რა არის ჰისტეროსკოპია?

ჰისტეროსკოპია არის პროცედურა, რომლის ჩატარების დროსაც ხდება საშვილოსნოს ღრუს დათვალიერება/ინსპექცია და ოპერირება ტრანსცერვიკალური მიდგომით სპეციალური მოწყობილობის - ჰისტეროსკოპის გამოყენებით.

პროცედურა იძლევა შესაძლებლობას მინიმალურ-ინვაზიური მიდგომით დაისვას საშვილოსნოსშიდა, ასევე ენდოცერვიკალური პათოლოგიების დიაგნოზი და განხორციელდეს მათი მკურნალობა.

 

რას წარმოადგენს ჰისტეროსკოპი?

ჰისტეროსკოპი არის ენდოსკოპი, რომელიც წარმოადგენს ოპტიკური და მანათობელი არხების ან ბოჭკოების კომბინაციისგან შექმნილ მოწყობილობას. 

არსებობს ჰისტეროსკოპის სხვადასხვა სახეობა, რომლებიც დანიშნულების მიხედვით სხვადასხვა სახის ფუნქციებითაა დატვირთული. 

განასხვავებენ როგორც დიაგნოსტიკური, ასევე ოპერაციული ჰისტეროსკოპიის მეთოდებს, რომლებიც მათი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე ოქროს სტანდარტადაა აღიარებული მთელი რიგი პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში გინეკოლოგიურ პრაქტიკაში.

 

პროცედურა:

თანამედროვე პირობებში ჰისტეროსკოპიამ პრაქტიკულად სრულად ჩაანაცვლა დილატაციისა და კიურეტაჟის პროცედურის გამოყენება. 

ჰისტეროსკოპიული მეთოდის გამოყენება შესაძლებლობას გვაძლევს მოვახდინოთ საშვილოსნოს ღრუსა და ყელის არხში არსებული აბნორმალიების სრულყოფილი ვიზუალიზაცია და რიგ შემთხვევებში დაუყოვნებლივ განვახორციელოთ შესაბამისი ჩარევა აღნიშნული პათოლოგიური წარმონაქმნების მოსაცილებლად.

ჰისტეროსკოპია შესაძლოა ჩატარდეს საავადმყოფოში, ქირურგიულ ცენტრში ან ამბულატორიული ტიპის კლინიკაში. 

პროცედურის ჩატარება უმჯობესია მაშინ, როდესაც ენდომეტრიუმი მაქსიმალურად თხელია, ამისთვის საუკეთესო დრო კი მენსტრუაციის შემდგომი პერიოდია. 

დიაგნოსტიკური ჰისტეროსკოპია მარტივი პროცედურაა და, როგორც წესი, საოფისე პირობებში სრულდება. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია მისი ჩატარება სტაციონარულ პირობებშიც, პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით.

დიაგნოსტიკური ჰისტეროსკოპიისთვის გამოიყენება ადგილობრივი ანესთეზია.

მარტივი ოპერაციული ჰისტეროსკოპია ასევე შესაძლოა ჩატარდეს საოფისე პირობებში. 

ყოველთვის არ ხდება საჭირო ანალგეტიკების გამოყენება. პარაცერვიკალური ბლოკის მიღწევა შესაძლებელია ანალგეტიკის ინექციის გამოყენებით საშვილოსნოს ყელის ზედა ნაწილში. პაციენტის მდებარეობა პროცედურის ჩატარების დროს ლითოტომიური პოზაა. ჰისტეროსკოპიული ჩარევა შესაძლოა განხორციელდეს ზოგადი ანესთეზიის ფონზეც (ენდოტრაქეალური ან ლარინგეალური ნიღბის გამოყენებით) ან MAჩ-ის - მონიტორული ანესთეზიის ქვეშ. საპროფილაქტიკო ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარება არ არის აუცილებელი.

 

ჰისტეროსკოპიის ჩვენებები:

✅ აშერმანის სინდრომი (საშვილოსნოს შიდა შეხორცებები)

✅ ენდომეტრიუმის ან ენდოცერვიკალური პოლიპები

✅ აბნორმული სისხლდენა საშვილოსნოდან

✅ ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია

✅ ადენომიოზი

✅ ენდომეტრიუმის აბლაცია 

✅ საშვილოსნოს სუბმუკოზური ან საწილობრივ ინტრამურული ფიბროიდები

✅ საშვილოსნოს თანდაყოლილი მალფორმაციები - ორრქიანი საშვილოსნო, საშვილოსნოს შიდა ტიხარი

✅ ფალოპის მილების პროქსიმალური ნაწილის ობსტრუქცია

✅ საშვილოსნოს ღრუში ჩარჩენილი პროდუქტების გამოტანა - უარყოფითი ან დაუსრულებელი კიურეტაჟი

✅ საშვილოსნოს შიდა საშუალების ამოღება

✅ მილისმიერი სტერილიზაცია

✅ ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის მონიტორინგი პოსტმენოპაუზალურ პერიოდში

✅ ტამოქსიფენით მკურნალობის მონიტორინგი

 

ჰისტეროსკოპიის ჩატარება უკუნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების არსებობის დროს:

 

- საშვილოსნოს ყელის ან საშვილოსნოს აქტიური ინფექციური პროცესები

- საშვილოსნოს ღრუ ზომით მეტი 10 სმ-ზე (კლინიკურად ანალოგიური 12 კვ. ორსულობის ვადის)

- მძიმე სამედიცინო მდგომარეობები , რომელთა დროსაც უკუნაჩვენებია ნებისმიერი სახის ქირურგიული ჩარევა

- ორსულობა

 

ჰისტეროსკოპია და უნაყოფობა

ჰისტეროსკოპია არ უნდა განვიხილოთ როგორც რუტინული ნაწილი უნაყოფობის გამომწვევი მიზეზების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესც დიაგნოსტირებულია საშვილოსნოსმიერი უნაყოფობა ან ყველა სხვა გამოკვლევით ვერ ხდება უნაყოფობის გამომწვევი მიზეზის დადგენა, შესაძლებელია ჰისტეროსკოპიის პროცედურამ მოგვცეს დადებითი ეფექტი საშვილოსნოსშიდა პათლოგიების დიაგნოსტიკის და მკურნალობის კუთხით და მათმა მოცილებამ გაზარდოს ნაყოფიერების პროცენტული მაჩვენებელი.

ჰისტეროსკოპიის პროცედურის შემდეგ შესაძლოა აღინიშნებოდეს მცირე რაოდენობით სისხლოვანი გამონადენი სასქესო გზებიდან 48/72 სთ-ის განმავლობაში. ამ პერიოდში რეკომენდებულია სქესობრივი ცხოვრებისგან თავის შეკავება.

 

აუცილებელია ვიცოდეთ ის მდგომარეობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც აუცილებელია მივმართოთ ექიმს. ესენია:

- ძლიერი სისხლდენა საშვილოსნოდან

- ძლიერი ტკივილი

- ცხელება

- თეთრი ან მოყვითალო/მომწვანო ფერის და/ან სპეციფიკური სუნის მქონე გამონადენის არსებობა სასქესო გზებიდან

 

გაიგეთ მეტი! იყავით ინფორმირებული!

P.S. გაეცანით ჩვენს სტატიებს, დასვით კითხვები და მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით!

სტატიის ავტორები:

თსსუ პროფესორი: გიორგი თევდორაშვილი

რეზიდენტი მეან-გინეკოლოგი: მარიამ ანდღულაძე