Plasmon
10-დან 9 პაციენტი შაქრიანი დიაბეტისგან იკურნება

თარიღი: 18 ნოემბერი, 2022

ვის სჭირდება და ვისთვის არ შეიძლება ბარიატრიული ოპერაცია, ოპერაციის დასრულებიდან რამდენ ხანში იწყება კლების პროცესი და როდის აღწევს პაციენტი დასახულ წონას, როგორ ხდება ოპერაციისთვის მზადება და როგორია შემდგომი პერიოდი, რა შედეგები აქვს ბარიატრიულ ოპერაციას შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე პაციენტებში – ამ და სხვა საინტერესო კითხვებს „ჯანმრთელობის სახლის“ ქირურგი – გიორგი კოსმანი პასუხობს.

ვის სჭირდება ბარიატრიული ქირურგია, სიმსუქნის ქირურგიული გზით მკურნალობა?
იმისთვის, რომ გავიგოთ, ვის სჭირდება ბარიატრიული ქირურგია და ვის – არა, სხეულის მასის ინდექსი უნდა გამოვთვალოთ. სხეულის მასის ინდექსი ძალიან მარტივად გამოითვლება შემდეგი ფორმულით, BMI = (kg/m2). 1991 წლიდან დღემდე არსებობს ბარიატრიული ქირურგიისა და მეტაბოლური დაავადებების მკურნალობის საერთაშორისო ფედერაცია და იყო დებულება, რომ ეს ოპერაციები განკუთვნილი იყო იმ პაციენტებისთვის, რომელთა სხეულის მასის ინდექსიც 35-დან 40-მდე იყო და რომელთაც თან ახლდათ სხვადასხვა სახის დარღვევები და 40-ის ზევით ყველა შემთხვევაში. წელს ამ ფედერაციამ 30 წლიანი გამოცდილების და დაკვირვების შემდეგ ახალი კვლევები დადო, რომელშიც აღნიშნული მონაცემები შეცვლილია. ახალი რეკომენდაციით ბარიატრიული ქირურგია შეიძლება გაკეთდეს პაციენტებში, რომელთა სხეულის მასის ინდექსიც 30-ზე ზევით არის, კეთდება 30-დან 35-მდე ინდექსის მქონე პირებში, რომელთაც ჭარბ წონასთან ერთად რაიმე თანმხლები დაავადებები ან მეტაბოლური დარღვევები აქვთ, მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი და ა.შ. და კეთდება 35-ს ზევით ყველა შემთხვევაში.

ვისთვის არ შეიძლება ბარიატრიული ოპერაციის ჩატარება?
არის რიგი დებულებები და რიგი დაავადებები, რა დროსაც, სამწუხაროდ, შეიძლება ბარიატრიული ოპერაციის ჩატარება ვერ მოხერხდეს, მაგალითად, თუ პაციენტს ჭარბ წონასთან ერთად აქვს შორ სტადიაში წასული ქრონიკული დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის დაავადებები, ღვიძლის უკმარისობა ბოლო სტადიაში, თირკმლის უკმარისობა, გულის უკმარისობა ბოლო სტადიაში, რა დროსაც ოპერაცია არის უკუნაჩვენები, რადგან ქირურგიულ გუნდს არ აქვს იმის საშუალება, რომ პაციენტს ანესთეზია გაუკეთოს, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ოპერაციის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. ოპერაცია არ კეთდება ალკოჰოლზე და ნარკოტიკზე დამოკიდებული პირების შემთხვევაში,  რა თქმა უნდა, არ კეთდება ორსულობის პერიოდში და არ კეთდება პაციენტებთან, რომელთაც დადგენილი აქვთ რაიმე ონკოლოგიური დაავადება და მკურნალობის აქტიურ ფაზას გადიან. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ჭარბწონიან პაციენტს აქვს თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, არის დიალიზზე და არის თირკმლის გადანერგვის კანდიდატი, მაგრამ ტრანსპლანტოლოგები ეუბნებიან, რომ წონაში უნდა დაიკლოს, რომ თირკმელი გადაუნერგონ. ასეთ შემთხვევაში ფასდება პაციენტის ზოგადი მონაცემები, მისი ბიოლოგიური ასაკი, თირკმლის უკმარისობის ხარისხი და აქედან გამომდინარე შეიძლება გაკეთდეს ისეთი ჩარევები, რომელიც არ ითვალისწინებს რაიმე ორგანოს მოკვეთას ან მოჭრას, მაგალითად, არის ბარიატრიული ჩარევის შემდეგი ტექნიკა, ბანდაჟირება, რა დროსაც კუჭს ეცმევა ბანდაჟი, რგოლი, რომელიც კუჭის მცირე მონაკვეთს აპატარავებს და პრინციპში, იწვევს ისეთივე შედეგებს, როგორსაც დიდი ბარიატრიული ოპერაციები, თუმცა ხანმოკლე პერიოდით. შესაბამისად, პაციენტმა შეიძლება დაიკლოს 20-25 კილო და შემდეგ გადაინერგოს თირკმელი.

როგორ იწყება ბარიატრიული ოპერაციისთვის მომზადება?
ქირურგიის ეს დარგი მულტიდისციპლინარულია, აქ არ არის მხოლოდ ქირურგი. ოპერაციის ჩატარებამდე პაციენტი იწყებს კვლევებს, ლაბორატორიულად ხდება გამოკვლევა მისი სისხლის შემადგენლობის, სისხლის შედედების უნარის, ბიოქიმიური პროფილის, ღვიძლის ფუნქციების, ცილის შემადგენლობის და ა.შ. გარდა ამისა, ვიკვლევთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობას, მუცლის ღრუს ორგანოების მდგომარეობას. რაც მთავარია, ჩვენ კლინიკაში არის მულტიდისციპლინარული გუნდი, რომელიც მართავს პაციენტს. აღნიშნული გუნდი შედგება ქირურგისგან, თერაპევტისგან, კარდიოლოგისგან, ენდოკრინოლოგისგან, ფსიქოლოგისგან. თუ გამოკვლევების შედეგად პაციენტს გარკვეული პატარ-პატარა პრობლემები უდასტურდება,  თუ გუნდის რომელიმე წევრი თვლის, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მხრივ რაიმე გასაუმჯობესებელი ან დასარეგულირებელია მოსამზადებელი პერიოდი შეიძლება ცოტათი გაიწელოს, რადგანაც პაციენტი ყოველმხრივ მზად უნდა იყოს ოპერაციისთვის. მოსამზადებელი პერიოდი საშუალოდ ერთ თვეს არ სცილდება.

რა ტიპის მეთოდებს მოიცავს ბარიატრიული ქირურგია და რაზეა დამოკიდებული, თუ რომელ მეთოდს აირჩევთ?
ბარიატრიულ ოპერაციები ორ ძირითად ნაწილად იყოფა, ესენია: რესტრიქციული და მალაბსორბციული. რესტრიქციულის შემთხვევაში ძირითადად კუჭის მოცულობა მცირდება, მალაბსორბციულის დროს კი კუჭის ზომის დაპატარავებასთან ერთად საჭმლის შეწოვის გზის შემოკლებაც ხდება. აქედან გამომდინარე,  რესტრიქციული მომენტის მატარებელი ოპერაციებია, როცა ხდება კუჭის ბანდაჟირება, რა დროსაც ბანდაჟი ეცმევა კუჭს და ამით პატარავდება მისი მოცულობა დასაწყისში, კუჭის ბალონირება, როცა ენდოსკოპიური გზით ხდება კუჭში სპეციალური ბალონის ჩადგმა და ზომის შემცირება, რომ ნაკლები ულუფა ჩავიდეს კუჭში, სლივ-გასტრექტომია, ანუ კუჭის ვერტიკალური რეზექცია. მალაბსორბციული ოპერაციები შემოვლითი ტიპის ოპერაციებია, რაც ნიშნავს იმას, რომ კუჭის დაპატარავებასთან ერთად მცირდება შეწოვის გზაც, რაც ძირითადად არის წვრილი ნაწლავი და წვრილი ნაწლავის რომელიღაც უბანი, რომელიც გარკვეულ მანძილზე ითიშება საჭმლის შეწოვის პროცესისგან და მხოლოდ ნაღვლის მომტანის ფუნქციას ასრულებს. შესაბამისი ოპერაციის ტიპის შერჩევაში პაციენტის პირველადი მულტიდისციპლინარული კვლევა გვეხმარება, მაგალითად, თუ პაციენტს დადასტურებული აქვს შაქრიანი დიაბეტი ტიპი ორი, არტერიული ჰიპერტენზია სიმსუქნესთან ერთად, აქვს მეტაბოლური სინდრომი, მე, ალბათ, მაშუნტირებელ ოპერაციას შევთავაზებდი. მის ერთ-ერთ სახეობას ერთანასტომოზიან გასტრო-შუნტირებას შესანიშნავი მაჩვენებლები აქვს შაქრიანი დიაბეტის და მეტაბოლური სინდრომის მკურნალობაში.

 

ოპერაციის დასრულების შემდეგ რამდენ ხანში იწყება კლების პროცესი და როდის აღწევს პაციენტი დათქმულ, წინასწარ დასახულ წონას?
პროცესი ოპერაციის დამთავრებისთანავე იწყება. საშუალოდ, წონის კლების პერიოდი წელიწად-ნახევარი, 2 წელი გრძელდება, შეიძლება მეტი ან ნაკლები დროც დასჭირდეს, ეს ინდივიდუალურია. ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ პაციენტმა წონაში კლება შეაჩერა, თუ მინიმუმ 6 თვე ის ერთი წონა უჭირავს, რომელზეც დავიდა. ოპერაციის სხვადასხვა ნაირსახეობები სხვადასხვანაირად აკლებინებს წონას, მაგალითად, სლივ-გასტრექტომია უფრო სწრაფად აკლებინებს წონას, პაციენტმა 1 თვეში შეიძლება 20-25 კილო დაიკლოს. კუჭის ერთანასტომოზიანი გასტრო შუნტირება უფრო კომფორტულად აკლებინებს პაციენტს იმ მხრივ, რომ კლება ხდება პლატოებად, 8-12 კილო თვეში, დაიკლებს, ცოტა ხანი გაჩერდება, შემდეგ ისევ დაიკლებს და ა.შ.

 

რა შესაძლო გართულებები შეიძლება მოჰყვეს ბარიატრიულ ოპერაციას?
როგორც ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას ამ ოპერაციებსაც აქვთ მშრალი ციფრი რაღაც გართულებებისა. გართულებები შეიძლება დაიყოს ადრეულად და მოგვიანებით, პოსტოპერაციულად. ადრეულში იგულისხმება სისხლდენა, ნაკერის უკმარისობა, თრომბოემბოლია, ფილტვის უკმარისობა და ა.შ. ის გართულებები, რაც ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას შეიძლება ახლდეს. მოგვიანებით გართულებებში ძირითადად იგულისხმება მალაბსორბციის მომენტი, ანუ ზედმეტი წონის კლება, ზედმეტი გამოფიტვა, ეს იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, არასწორად არის პაციენტისთვის ოპერაციის მეთოდი შერჩეული.

 

ოპერაციის შემდგომ რამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი წონის რეციდივი?
როგორ იმუშავებს ჩატარებული ოპერაცია, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ჩარევას სთავაზობ პაციენტს, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის ფსიქოლოგიურ სტატუსსაც. მაგალითად, თუ პაციენტს აქვს რაიმე ფსიქოლოგიური, კვებითი ჩვევების დარღვევები, როგორიცაა ბულიმია და ა.შ. და უკეთდება მხოლოდ რესტრიქციული მომენტის მქონე ოპერაცია, სლივ-გასტრექტომია, რისკი იმისა, რომ პაციენტს რეციდივი ექნება ძალიან მაღალია. დიახ, სლივ-გასტრექტომია შესანიშნავი ოპერაციაა, ძალიან კარგი შედეგებით, მაგრამ ამ პაციენტს ცოტა სხვა პრობლემები აქვს, მას აქვს კვებითი ჩვევების დარღვევები, ფსიქოლოგიური პრობლემები და მიუხედავად იმისა, რომ მისი დაპატარავებული კუჭისთვის განსაზღვრული, პატარა ულუფა სრულიად საკმარისია და ეს სრულიად დაანაყრებს მას, იგი ამ ფსიქოლოგიური დარღვევების გამო დიდი ალბათობით გააფუჭებს ოპერაციის შედეგს და უახლოეს 4 წელიწადში კუჭს გაიდიდებს.

 

რა არის ის მთავარი ცვლილება, რასაც პირველ რიგში ატყობთ პაციენტს აღნიშნული ოპერაციის შემდეგ?
მთავარი ცვლილება, რასაც მე ვატყობ ეს არის სიცოცხლის ახალი პეწი მათ თვალებში. ნებისმიერ ჩემს პაციენტს, რომელთაც უკვე დაასრულეს წონის კლების პროცესი და დადგნენ თავის წონაზე, რომ ჰკითხოთ, რა შეიცვალა მათ ცხოვრებაში, ყველა გიპასუხებთ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი. თუ ასეთ პაციენტებს ოპერაციამდე ჰქონდათ არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული წნევა ნორმას უბრუნდება, თუ იყო ღვიძლის გაცხიმოვნება და ჰეპატოზი, ესეც ნორმას უბრუნდება, თუ იყო პრობლემა ლიპიდების და ნახშირწყლების მიმოცვლაში, ესეც ლაგდება… რაც მთავარია, პაციენტი კარგად გრძნობს თავს, მოსწონს თავისი თავი, მეტად ერთვება სოციუმში, არის უფრო თავდაჯერებული, ნაკლებად დეპრესიული, მეტად შრომისუნარიანი და ა.შ. არის პაციენტების კატეგორია, რომელთაც ჭარბი წონის გამო უშვილობის პრობლემა ჰქონდათ, წონაში კლების შემდეგ კი მათ შვილები გაუჩნდათ. ოპერაციის შემდეგ ზოგადად იმატებს პაციენტების სექსუალურობა, ქალებს მეტად მოსწონთ თავიანთი თავი, აახლებენ გარდერობს, მამაკაცები აღნიშნავენ პოტენციის გაძლიერებას და ა.შ. ოპერაციის შემდეგ პაციენტი სრულიად იცვლება, მას აღარ უწევს ჭარბი წონის და ზედმეტი კილოგრამების თრევა, აღარ სტკივა სახსრები, მშვიდად სძინავს გულაღმა, აღარ აწუხებს ძილის აპნოე და ა.შ.

 

ოპერაციის შემდეგ პაციენტების კვება შეზღუდული და სპეციფიკურია?
ჩვენს კლინიკაში ოპერაციის შემდგომ პაციენტს ეძლევა ერთთვიანი მაღალტექნოლოგიური დიეტა, რომელიც თავის თავში თხიერი საკვებიდან მყარ საკვებზე გადასვლას ითვალისწინებს. ამ დიეტაში შემუშავებულია დღის რაციონი, კვების ულუფის რაოდენობა და ის, რომ პაციენტმა უნდა იკვებოს დღეში 4-5-ჯერ პატარა ულუფებით. აღნიშნული ულუფა პატარა შეიძლება იყოს იმ ხალხისთვის, ვისაც არ აქვს ნაოპერაციები კუჭი, თუმცა ამ პაციენტისთვის ეს პატარა ულუფა სრულიად საკმარისია და სრულიად ანაყრებს მათ. ერთი თვის მერე პაციენტი არანაირად, არანაირი საკვების ნაირსახეობაში არ იზღუდება. ერთადერთი მოთხოვნაა, რომ პაციენტმა ყოველთვის შეინარჩუნოს ულუფის რაოდენობა, რათა თავიდან აირიდოს რეციდივის ალბათობა წლების შემდეგ.

 

თქვენი დაკვირვებით, მსოფლიო გამოცდილებით, რა ბმა არის ბარიატრიულ ოპერაციასა და შაქრიან დიაბეტ ტიპი 2-ს შორის, რა სახის შედეგებია ამ მხრივ?
საკმაოდ ვერაგი დაავადება ახსენეთ, რომელსაც ზოგი ექიმი ჩუმ მკვლელსაც ეძახის. ვერაგია, რადგან შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 შეიძლება მართვადი იყოს, მაგრამ ის აზიანებს სისხლძარღვებს, თირკმელს, შეიძლება იყოს ინფარქტის, ინსულტის  მიზეზი, და ა.შ. როცა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ჭარბ წონასთან არის შეჭიდებული, მე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ 10-დან 9 პაციენტში მისი სრული რემისია ხდება. პაციენტს, რომელიც ოპერაციამდე ტაბლეტო-თერაპიაზე იყო და სისხლში შაქრის მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა, ეს პრობლემა ეხსნება, გლუკოზა უბრუნდება ნორმის ფარგლებს ტაბლეტო-თერაპიის გარეშე. პაციენტები, რომლებიც ოპერაციამდე ინსულინზე იყვნენ, დიდი ალბათობით, შეიძლება, რომ მოიხსნან როგორც ინსულინიდან, ისე ტაბლეტო-თერაპიიდან, უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ძალიან მსუბუქი დოზებით დასჭირდეთ ტაბლეტო-თერაპია. პაციენტებს, რომელთაც უდგინდებათ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, სიმსუქნესთან შეჭიდული, პირადად ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ, რომ მაშუნტირებელი ოპერაცია გაიკეთონ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომელ ოპერაციას შეარჩევ, რესტრიქციული ოპერაციები უფრო ხანმოკლე დროით მუშაობს. ეს ოპერაცია იმუშავებს სულ თუ პაციენტი მას მოუვლის, რაშიც იგულისხმება დიეტა, რომელზეც ვისაუბრეთ და სწორი კვებითი ჩვევების გამომუშავება. მაშუნტირებელი ოპერაცია უფრო დიდხანს მუშაობს, შესაბამისად, მეტ კვებით კომფორტს იძლევა. რასაც დავაკვირდით, სლივ-გასტრექტომიამ, შეიძლება განკურნოს პაციენტი დიაბეტისგან, ისევე როგორც კუჭის მაშუნტირებელმა ოპერაციამ, უბრალოდ, ეფექტი კუჭის მაშუნტირებლისა იქნება უფრო სწრაფი და უფრო ხანგრძლივი, ვიდრე სლივ-გასტრექტომიის. შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველა დიაბეტიან პაციენტს მაშუნტირებელი ოპერაციები გავუკეთეთ და ახლა ყველა ჩვენს პაციენტს გლუკოზის მაჩვენებელი სისხლის ანალიზში ნორმაში აქვს და არ იმყოფებიან არანაირ ტაბლეტო-თერაპიაზე, მათ შორის, არც იცინი, ვინც მანამდე ინსულინზე იყო. რა თქმა უნდა, ოპერაციის შემდეგ ეს ყველაფერი კონტროლდება თავიდან 1, 3, 6 თვის თავზე, შემდეგ კი წელიწადში ერთხელ. რა თქმა უნდა, ბარიატრიული ოპერაციით იმას არ ეშველება, რაც უკვე დააზიანა შაქრიანმა დიაბეტმა, მაგრამ შეგვიძლია იმის პირობა მივცეთ პაციენტს, რომ უფრო მეტად აღარ დაზიანდება.

წყარო: https://fortuna.ge