თარიღი: 16 სექტემბერი, 2020
შვიდი თვის ბავშვის მოძრაობები აქტიურდება. ის დამოუკიდებლად ზის და კარგად ინარჩუნებს წონასწორობას და ამ ჯდომასთან ერთად, რომელიც მის განვითარებაში სერიოზული, წინ გადადგმული ნაბიჯია, შეუძლია ითამაშოს. კარგად ახერხებს, მდგომარეობის შეცვლით, სასურველ საგანთან მიახლოებას მდგომარეობის შეცვლის ერთ-ერთი საშუალებაა მუცელზე ხოხვა. სამწუხაროდ ყველა ბავშვი ამას არ აკეთებს, თავისი თუ უფროსების მიზეზით. ყველანაირი ხერხით ხელი უნდა შეუწყოთ იმას, რომ ბავშვმა სულ მცირედით მაინც იხოხოს. ეს არის მისი განვითარების ერთ-ერთი ეტაპი, ისევე როგორც ჯდომა, დგომა და სიარული. გაზრდილი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ბავშვი იყენებს გადაადგილების ამ ხერხს. ხოხვა-ცოცვა ხდება სხვადასხვანაირად და უფროსებმა ეს მათ არ უნდა დავუშალოთ.
ამ პერიოდში ხშირად შეიმჩნევა მშობლების დაუოკებელი სურვილი იმისა რომ ბავშვი დადგეს კარგად და რამოდენიმე ნაბიჯის გადადგას, თუნდაც დახმარებით. ნუ ეცდებით ამას! განვითარების პროცესის დაჩქარება (ამ შემთხევაში იგულისხმება დგომა და სიარული) თავად ამ განვითარებას შეუშლის ხელს, რადგან მას ჭირდება ძალა, რომელიც ჯერ არ აქვს და მას, ამ ასაკისათვის უფრო მნიშვნელოვან პროცესს წაართმევს. ბავშვის არსებაში ყველაფერი გარკვეული თანმიმდევრობითა და ჰარმონიულობით არის დაკავშირებული, ერთი გამომდინარეობს მეორისგან და ორივე ერთი მთლიანობის ნაწილია. ბავშვის ორგანიზმში მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ნებელობით საწყისთან და არა ცნობიერთან. ეს პროცესები მანამ უნდა დასრულდეს, სანამ ბავშვი დაჯდება, რადგან ჯერ უნდა მოხდეს სხეულისა და მისი ორგანოების ფორმირება და შემდეგ მისი გამოყენება! ნაადრევად დასრულებულ პროცესებს ბავშვისთვის ზიანი მოაქვს. მათი გამოსწორება შემდეგ უფრო ძნელია. ის ხანგრძლივი დროით ართმევს ბავშვს ზრდის ძალებს. შესაძლებელია მოგვიანებით ასაკში განვითარდეს ემოციურ სფეროში სისუსტეები.
შვიდი თვის ბავშვის ხელები აქტიურდება. თავისუფლად იჭერს საგნებს, აკვირდება, იდებს პირში, აგემოვნებს და ასე ცდილობს შეიმეცნოს და გაიგოს თავისი მიკროსამყარო. ჭმუჭნის ფურცელს, ურტყამს საგნებს, ხელებით თავისუფლად იმეორებს ერთიდაიგივე მოძრაობებს, მაგალითად უკრავს ტაშს, ხელს წევს ზევით და მაჯის სახსარში მთელს მტევანს ატრიალებს ორივე მიმართულებით. სათამაშო უჭირავს ორივე ხელში და ყურადღების მისაქცევად შეიძლება შორს მოისროლოს. ცოცვის დროს დიდ მანძილს არ გადის, რადგან შიშის გრძნობა უშლის ხელს. ოთახში მარტო დატოვება არ მოწონს და ხოხდება იქით, სადაც უფროსები არიან ან თავისი ,,საზღვრების’’ გადაკვეთისთანავე მალევე ბრუნდება უკან. ამ ასაკში უკვე მცდელობებია, რომ დადგეს, ზოგი პატარა ,,ლოტოსში’’ ჯდება და ისე დგება მუხლებზე. ამ დროს ბავშვი უდიდესს სიხარულს განიცდის. აქტიურად შემოდის აღმართულობის სურვილი.
უკვე კარგად გამოთქვამს ბგერებს - მიახლოებულს ჟღერადობით დედა-სთან და მამა-სთან. ესმის უფროსების ინტონაცია, ადვილად იმეორებს უფროსების მიერ წარმოთქმულ სიტყვებს ტონალობას. გამოხატავს უკმაყოფილებას და სიხარულს. კარგად ცნობს საკუთარ სახელს.
ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ძილ-ღვიძილისა და კვების რიტმი. თუ გვინდა ბავშვი ფსიქო-მოტორულად კარგად განვითარდეს უნდა ვეცადოთ მისი დღის რეჯიმის დაცვას. შვიდი თვის ასაკში მისი კვებითი რაციონიც იზრდება და უფროსებმა უფრო აქტიურად შეიძლება შეთავაზონ ბავშვს ახალი კერძები, აუცილებლად მცირე ულუფებით.
შვიდი თვის ასაკში, ბავშვს შეიძლება ამოეჭრას პირველი კბილი, ან ამისთვის მზაობა გამოიხატოს, კერძოდ, შესიებული და გაწითლებული ექნება ღრძილები, გაძლიერებული ნერწყვდენა გამოიხატება, იწყებს ქვედა ტუჩისა და საჩვენებელი თითის წოვას, მეტად მტირალა და გაღიზიანებული ხდება. თუმცა ეს მოვლენები ყველა ბავშვთან არ ვითარდება და კბილების ამოჭრის პროცესი უმტკივნეულოდ იწყება. რაც იყო ექვსი თვის ბავშვის ძილ-ღვიძილისა და კვების რიტმი, ის რჩება და არ იცვლება.
ძვირფასო დედებო და მამებო, ბავშვის განვითარების მართვის ძირითადი ღონისძიებები უნდა გაატაროთ თქვენ, თუმცა გარშემომყოფების აზრი მოსმენილ და განხორციელებული უნდა იქნას, იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენთვის მისაღებია. სისტემატურად უნდა იკონტაქტოთ პედიატრთან და გაითვალისწინოთ მისი რჩევები, მაშინ თქვენი ქმედებები გაწონასწორებული იქნება, რაც დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებაზე.