თარიღი: 24 სექტემბერი, 2020
ალცჰაიმერის დაავადება არის დემენციის ერთ-ერთი სახე, რომლისათვისაც დამახასიათებელია მეხსიერებისა და აზროვნების დარღვევა. სიმპტომატიკა აღმოცენდება შემპარავად და დროთა განმავლობაში თანდათანობით მატულობს. რამოდენიმე წელიწადში მეხსიერებისა და აზროვნების დეფიციტი იმდენად ღრმავდება, რომ პაციენტს უჭირს ისეთი მარტივი აქტივობების განხორციელებაც კი როგორიცაა აზრის ჩამოყალიბება და დიალოგის წარმართვა, საკუთარ სახლში ოთახების მიგნება, დამოუკიდებლად დაბანა, ჩაცმა და სხვა.
„ავერსის კლინიკის“ ნევროლოგი, მაკა მანია გვიხსნის, რომ ალცჰაიმერის დაავადებას ხშირად ხალხი „სკლეროზს“ ეძახის, რაც არასწორი ტერმინია. სკლეროზი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს მკვრივს, მაგარს. სინამდვილეში სკლეროზი წარმოადგენს მდგომარეობას, როცა ჯანსაღი ქსოვილი ჩანაცვლდება შემაერთებელი ქსოვილით, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ნაწიბუროვანი პროცესებით. მაგ. მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ გულის კუნთი ჩანაცვლდება ნაწიბუროვანი ქსოვილით და ვითარდება მიოკარდიუმის სკლეროზი, იგივე ფიბროზი. ამდენად, ამ ტერმინს ბევრი არაფერი აქვს საერთო ალცჰაიმერის დაავადებასთან.
დაავადების ყველაზე უფრო ადრეული სიმპტომია
- ახლად მიღებული ინფორმაციის გახსენების სირთულე
პაციენტს როგორც წესი კარგად ახსოვს წარსული ამბები, თუმცა უძნელდება გაიხსენოს, თუ რა მიირთვა დილით საუზმეზე, ვინ იყო მასთან სტუმრად გუშინ ან რა საკითხზე საუბრობდნენ ნახევარი საათის წინ.
დროთა განმავლობაში თავს იჩენს შემდეგი სიმპტომატიკა:
- ჩვეული ყოველდღიური საქმიანობის შესრულების სირთულე
მაგალითად, პაციენტს ესაჭიროება მეტი დრო მისთვის ჩვეული საქმიანობის შესასრულებლად, უძნელდება თავი გაართვას მისთვის ნაცნობ ქმედებას, უჭირს მიიღოს მარტივი გადაწყვეტილებები
- ანგარიშის უნარის დარღვევა
გართულებულია ფულადი ოპერაციების წარმოება, გადასახადების გადახდა, ნივთების შეძენა
- ჯანსაღი და ლოგიკური აზროვნების შეფერხება
ხშირია არასწორი დასკვნები და შეცდომები
- ინიციატივის დათრგუნვა
პაციენტი თანდათან კარგავს სურვილს წამოიწყოს ესა თუ ის აქტივობა
- მეხსიერების დეფიციტის განუხრელი გაღრმავება
მაგალითად, პაციენტმა შეიძლება ვერ გაიხსენოს საკუთარი ოჯახის წევრების სახელები, სწორად ვერ გაიხსენოს თუ რამდენი შვილი ან შვილიშვილი ყავს და ა. შ.
- ნაცნობი საგნებისა და სახეების გამოცნობის უნარის დარღვევა
პაციენტმა შეიძლება ვერ იცნოს ოჯახის წევრები და ახლობლები
- ხასიათობრივი და ქცევითი ცვლილებები
მატულობს შფოთვა, ცრემლიანობა, ვლინდება იმპულსურობა
- დროსა და გარემოში დეზორიენტაცია
პაციენტმა შეიძლება ვერ მიაგნოს საკუთარ საცხოვრებელ ბინას და დაიკარგოს მისთვის კარგად ნაცნობ გარემოში, შეიძლება შორეულ წარსულში მომხდარი ფაქტები აღიქვას, როგორც ამჟამად მიმდინარე მოვლენები და სხვა.
- მეტყველების დარღვევა
გართულებულია საუბარი, კითხვა, წერა
შორსწასულ შემთხვევებში ვლინდება:
- ჰალუცინაციები, ბოდვითი იდეები, ილუზიები
- წონაში კლება
- ყლაპვის გაძნელება
- გულყრები
- მომატებული ძილიანობა
- შარდვისა და დეფეკაციის დარღვევა
ალცჰაიმერის დაავადება ყველაზე ხშირად ხანდაზმულ ასაკში ვლინდება, 65 წლის შემდეგ. თუმცა არსებობს შემთხვევები ახალგაზრდა ასაკშიც. დაავადებისათვის დამახასიათებელია განუხრელი პროგრესირება, რასაც სამწუხაროდ ვერ აჩერებს თანამედროვე თერაპიული საშუალებებიც კი. ადექვატური მკურნალობის პირობებში შესაძლებელია მხოლოდ დაავადების პროგრესირების შეფერხება, ანუ პროგრესირების ტემპის შემცირება. ამდენად, უაღრესად მნიშვნელოვანია დაავადების დიაგნოსოტიკა ადრეულ ეტაპებზე, რათა შეძლებისდაგვარად დიდხანს გავახაგრძლივობით მინიმალური დისფუნქცის პერიოდი.