თარიღი: 26 ივლისი, 2023
რა ტიპის ინფექციებია დომინანტი ზაფხულის სეზონზე, საიდან მოდის ნაწლავური ინფექციების საფრთხე და რა სიმპტომები მიანიშნებს აღნიშნულ პრობლემაზე, აუცილებელია თუ არა ექიმთან ვიზიტი და კვლევების ჩატარება ასეთი ინფექციების დროს, რა ტიპის პრობლემა შეიძლება შექმნას ვირუსულმა თუ ბაქტერიულმა ინფექციამ ბავშვებში, რა არის იმუნური სისტემის გაკაჟების საუკეთესო გზა – ამ და სხვა საინტერესო თემებზე „ჯეო ჰოსპიტალსის” თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა და პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბესო ზენაიშვილმა ისაუბრა.
ბატონო ბესო, რა ტიპის ინფექციებია ზაფხულის სეზონზე დომინანტი?
ვინაიდან ნაწლავურ ინფექციებს და ზოგადად, ინფექციებს სეზონური მიმდინარეობა ახასიათებთ, ზაფხულის სეზონზე უხშირესი ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციები გახლავთ, თუმცა ვირუსული ინფექციებიც გვხვდება. ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციების უხშირესი და ძირითადი გამომწვევი გახლავთ ნაწლავის ჩხირი, შიგელა, ასევე კამპილობაქტერია, ეშერიხია კოლი, რომლებიც იწვევენ ნაწლავთა აშლილობას და მიმდინარეობენ საკმაოდ მნიშვნელოვანი და საყურადღებო სიმპტომებით, მაგალითად, დიარეული სინდრომით, ასევე თან შეიძლება ახლდეთ მძიმე გაუწყლოება, ჰემოკოლიტი, ანუ სისხლიანი განავალი და მაღალი ცხელება.
საიდან მოდის ნაწლავური ინფექციების საფრთხე, სად შეიძლება იყოს ყველაზე აქტიური მათი გავრცელაბა და თუ ახასიათებს მას რაიმე ისეთი მკვეთრად გამოხატული სიმპტომი, რომელიც მშობელს აღნიშნულ პრობლემაზე მიანიშნებს?
ძირითადად, ინფექციების გავრცელება ბავშვთა ასაკში და ზოგადად, პოპულაციაში დაკავშირებულია მოსახლეობის სიმჭიდროვესთან და მოგეხსენებათ, რომ ზაფხულში ეს სიმჭიდროვე ძირითადად ღრმავდება, ვინაიდან კურორტებზე, ზღვისპირა მხარეებში, მთაში მიდიან ბავშვები დასასვენებლად და უფრო მეტად მჭიდრო კონტაქტები აქვთ. გარდა ამისა, დაინფიცირების გზები შეიძლება იყოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტები, ძირითადად, რძის ნაწარმი, ცხოველური პროდუქტები, კვერცხი, ქათმის ხორცი, ძროხის ხორცი… ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენური ნორმების დაცვას, მით უმეტეს, ასეთ კურორტებზე ხანგრძლივი ყოფნისას.
ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციის და ვირუსული ინფექციის გამოვლინება მეტ-ნაკლებად 24 საათის განმავლობაში შეიძლება ერთნაირი სიმპტომებით მოხდეს, თუმცა განსხვავება მაინც არსებობს. ნაწლავთა ვირუსული ინფექციები, ვირუსული გენეზის ნაწლავთა დისფუნქცია, დიარეა იწყება უფრო გულისრევით, ღებინებით, მაღალი ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციით და წყლის შემცველი განავლოვანი მასებით. ბაქტერიული ინფექცია შეიძლება დაიწყოს მუცლის ტკივილით და მოგვიანებით ფაზაში შეიძლება გამოვლინდეს ნაწლავთა აშლილობა, დიარეა.
ნაწლავური ინფექციის დროს, მშობლების ნაწილი პირდაპირ ექიმს მიმართავს, ნაწილი კი საკუთარი ძალებით, სახლის პირობებში ცდილობს პრობლემის მოგვარებას, რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მივმართოთ დაუყოვნებლივ ექიმს?
ნაწლავთა ინფექციური დაავადებების ყველაზე ხშირი სიმპტომი ეს არის დეჰიდრატაცია, ანუ გაუწყლოება, როდესაც ბავშვი ვერ იღებს საკვებს და სითხეს. ამ კონკრეტულ სიტუაციაში საყურადღებოა ბავშვის ზოგადი მდგომარეობა და მშობელმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სტაციონარს.
მაშინაც კი, როდესაც ბავშვი აქტიურია?
როდესაც ბავშვი აქტიურია, მაშინ შესაძლებელია მას ორალური გზით მივაწოდოთ სითხე, ელექტროლიტების შემცველი ხსნარები, თუმცა თუ შეუპოვარი ღებინებაა და ბავშვი ვერ იღებს საკვებს და სითხეს და ზოგადი ინტოქსიკაციაა გამოხატული, ამ შემთხვევაში ცალსახად ჩვენებაა, რომ მშობელმა სტაციონარს მიმართოს, რომ თავიდან იქნას აცილებული ერთ-ერთი სერიოზული გართულება, ორგანიზმის გაუწყლოება.
ვიცით, რომ ზაფხული კარგი პერიოდია ბავშვის გაკაჟებისთვის, რომ კარგია ჰაერის გამოცვლა, ქალაქგარეთ გასვლა… ინფექციებთან მიმართებაში, არის კი ქალაქგარეთ გასვლა პრევენციის საუკეთესო გზა და რატომ ხდება, რომ კურორტებზე ბავშვები თავიდან იწყებენ ავადობას?
ზოგადად, დასვენება, სუფთა ჰაერზე ყოფნა, სწორი, ჯანსაღი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის, მაგრამ გამოყოფილი რაიმე განსაკუთრებული პრევენცია, რომ კურორტზე წასვლით ჩვენ თავს დავიცავთ ნაწლავთა ინფექციური დაავადებებისგან, ასეთი რეკომენდაცია არ არსებობს, თუმცა სუფთა ჰაერზე გასვლა და სწორი ცხოვრების წესი, რა საკვირველია, თითოეული პაციენტისთვის, ბავშვისთვის თუ დიდისთვის მიზანშეწონილი, სწორი და მართებულია.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ ხდება ინფექციების ყველაზე მეტად გავრცელება სწორედ კურორტულ ზონებში, მოგახსენებთ შემდეგს, რომ ამის მიზეზია მოსახლეობასთან მეტი სიმჭიდროვე და ახლო კონტაქტი, გარდა ამისა, ამ პერიოდში, განსაკუთრებით ზღვაზე, ხდება ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ზღვაში შესვლის დროს, ბანაობის დროს, დავიცვათ შესაბამისი ჰიგიენური ნორმები.
ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების გავრცელების გზა შეიძლება იყოს ჰაერწვეთოვანი, ორალურ-ფეკალური, საკვებისმიერი, საყოფაცხოვრებოც კი. ინფექციების განვითარებისთვის ბევრი ხელშემწყობი ფაქტორი არსებობს.
რა შეიძლება გავაკეთოთ და როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ქალაქიდან, სამედიცინო პუნქტიდან მოშორებით ვიმყოფებით და ბავშვს ეწყება დიარეა, ღებინება, შეუპოვარი ცხელება?
უპირველეს ყოვლისა, ბავშვის (განსაკუთრებით 1-2 წლამდე ასაკის ბავშვების) დასვენება სასურველია იმ ლოკაციაზე, სადაც სამედიცინო დაწესებულება ახლოსაა, რომ სწრაფი და დროული რეაგირება მოხდეს პირველადი დახმარების სახით.
სხვა შემთხვევაში, როცა ძლიერად არის გამოხატული დიარეული სინდრომი, არის ზოგადი ინტოქსიკაცია, შეუპოვარი ცხელება, ბინის პირობებში პირველადად უნდა უზრუნველვყოთ ადეკვატური სითხის მიღება, ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებისა და პათოლოგიური დანაკარგის შესაბამისად. ეს ეხება ელექტროლიტების შემცველ ხსნარებს, რომ არ მოხდეს ორგანიზმის გაუწყლოება, რამაც შეიძლება კრიტიკული გართულებები, ჰიპოვოლემიური შოკი გამოიწვიოს. ასევე უნდა მოხდეს ცხელების მართვა ანტიპირეტული საშუალებებით. პირველი დახმარება ძირითადად აღნიშნული გახლავთ, სხვა შემთხვევაში უკვე სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართოთ.
ამ ტიპის ვირუსებს მშობლები ხშირად ენტეროვირუსს უწოდებენ, რაც როგორც ვიცით, სწორი არ არის…
დიარეასთან, ნაწლავთა ინფექციასთან ენტეროვირუსული ინფექციები კავშირში არ არის.
თქვენ უკვე ბევრჯერ აღნიშნეთ ასეთ დროს სითხის მიღების მნიშვნელობა და ხშირად მშობლები ასეთ შემთხვევაში გაზიან სასმელებსაც უწევენ რეკომენდაციას და ამბობენ, რომ მათი ბავშვი ამან გამოიყვანა მდგომარეობიდან. რამდენად შეესაბამება აღნიშნული სიმართლეს და სასურველია თუ არა ასეთ დროს ბავშვისთვის გაზიანი სასმლის შეთავაზება, მართლა ეფექტურია თუ არა მათი გამოყენება?
ეს ნამდვილად ასეა, ჩვენ, ექიმებიც ვთავაზობთ გაზიან სასმელებს, განსაკუთრებით, „კოკა-კოლას“. ეს გაიდლაინებში და პროტოკოლებშიც არის მოწოდებული, ოღონდ ზომიერად უნდა მოხდეს მათი მიღება.
აღსანიშნავია, რომ ასეთ დროს განსაკუთრებული დიეტა მოწოდებული არ არის, მთავარი და მნიშვნელოვანი, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სითხის მიღებაა. ზომიერად შესაძლებელია „კოკა-კოლის“ მიღებაც და მარილიანი ჩხირებისაც, რადგან ეს სითხეს აკავებს. ძირითადი მაინც ელექტროლიტური ხსნარის მიღებაა.
როგორც აღნიშნეთ, ზაფხულის სეზონზე ხშირია ბაქტერიული ინფექციები და რომ გვითხრათ, რა ტიპის პრობლემა შეიძლება შექმნას ბაქტერიულმა ინფექციამ ბავშვებში, თუ დროულად არ მოხდება დიაგნოსტიკა და შესაბამისი რეაგირება?
ნაწლავთა ბაქტერიული ინფექცია, ვირუსული ინფექციებისგან განსხვავებით, უფრო მეტი ინტოქსიკაციით და ტოქსიკოზით ვლინდება და ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულება გახლავთ გაუწყლოება, ანუ დეჰიდრატაცია, რამაც შეიძლება ჰიპოვოლემიურ შოკამდე მიგვიყვანოს.
გარდა ამისა, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ზაფხული დაიწყო და ამ სეზონზე ხშირად არის ხოლმე ჰემოკოლიტით მიმდინარე ნაწლავთა ბაქტერიული ინფექცია, ანუ სისხლიანი განავალი, რომლის ძირითადი გამომწვევიც არის ნაწლავის ჩხირი და შიგელა. ამ ორ მიკრობს წამყვანი როლი აქვს ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციების გართულებების განვითარებაში და ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და ყველაზე მძიმე გართულება ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი გახლავთ, რომელიც თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარებით ვლინდება და ასეთი პაციენტები შესაძლოა, დიალიზამდეც კი მივიდნენ. პრაქტიკაში ამის ბევრი მაგალითი გვაქვს და ზუსტად, რომ სეზონურობა ახასიათებს ამ დაავადებას და ის განსაკუთრებით ზაფხულზე იჩენს თავს, როცა ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციების პიკი გვაქვს და მისი გამომწვევი უშუალოდ ნაწლავის ჩხირის გარკვეული შტამებია, ყველა შტამი არ იწვევს ჰემოლიზურ-ურემიულ სინდრომს.
ყოველთვის უნდა მივაქციოთ ყურადღება განავალში სისხლის არსებობას და დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ სტაციონარს.
როცა ბავშვს აქვს ცხელება, დიარეა, ღებინება, ხველა, ბავშვი ცუდად იკვებება და არის სუსტად, ანუ აქვს მკვეთრად გამოხატული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ყველა შემთხვევაში საჭიროა თუ არა კვლევა, სისხლის საერთო ანალიზი?
გააჩნია კლინიკურ სიმპტომატიკას და პაციენტის ზოგად მდგომარეობას. თუ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მსუბუქია ან არის საშუალო სიმძიმის, არ არის გამოხატული ისეთი მნიშვნელოვანი კლინიკური სიმპტომები, როგორიცაა გაუწყლოება, დიარეული სინდრომი, ცხელება ინტოქსიკაციით, ამ შემთხვევაში სისხლის საერთო ანალიზის რუტინული ჩატარება საჭირო და სავალდებულო არ არის, მაგრამ თუ ბავშვის ზოგადი კლინიკური მდგომარეობა საყურადღებოა, მას აქვს გაუწყლოება, არის ადინამიური, ვერ იღებს საკვებს და სითხეს, ასეთ შემთხვევაში, რა საკვირველია, კვლევა სასურველი და სავალდებულოც კია.
შეიძლება ითქვას, რომ სისხლის საერთო ანალიზი ყველაზე ნაკლებ ინფორმატიულია, აქ მთავარია, მჟავა-ტუტოვანი და ელექტროლიტური ცვლის ბალანსი განისაზღვროს ორგანიზმში.
რა დროს შეიძლება ჩაითვალოს საჭიროდ და აუცილებლად გადასხმის გაკეთება?
ყველა ნაწლავთა ბაქტერიულ და ვირუსულ ინფექციას არ სჭირდება გადასხმა. როდესაც ბავშვი ადეკვატურად იღებს საკვებს და სითხეს, ეს ყველაზე კარგი ვარიანტია ორგანიზმის სითხით შევსების, ანუ ვგულისხმობ, ორალურ რეჰიდრატაციას. თუ ბავშვი სითხეს და საკვებს ვერ იღებს, ამ შემთხვევაში, ცალსახად ჩვენებაა ინფუზიური თერაპიის, ანუ გადასხმის და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ სტაციონარის პირობებში.
მშობლები ხშირად კითხულობენ, სახლის პირობებში შესაძლებელია თუ არა ინტრავენური ინფუზიური თერაპიის ჩატარება, კატეგორიულად – არა.
ერთი და იგივე ვირუსის შემთხვევაში, რიგ ბავშვებში სიმპტომები მარტივად მიდის და მარტივად კუპირდება ყველაფერი, რიგ შემთხვევაში კი, ბავშვებს სტაციონარამდე უწევთ მისვლა, რადგან საკმაოდ რთულდება სიტუაცია. რისი ბრალი შეიძლება იყოს აღნიშნული, სუსტი იმუნური სისტემის თუ სხვა რაიმე თავისებურების?
დიდი მნიშვნელობა აქვს პრემორბიდულ ფონს. თუ პაციენტს აქვს პრემორბიდულ ფონი, ანუ მას აქვს თანმხლები დაავადებები, რა საკვირველია, ნებისმიერი ნაწლავთა ინფექცია და ზოგადად ინფექციური დაავადება შესაძლოა მძიმედ განვითარდეს და სეფსისამდეც კი მივიდეს. ეს, რა საკვირველია, დამოკიდებულია იმუნურ სისტემაზეც და ეს არის ორგანიზმის ინდივიდუალური პასუხი თითოეულ უცხო ანტიგენზე. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგად ანამნეზს და იმას, აქვს თუ არა პაციენტს თანმხლები დაავადებები. იმასაც ვიტყვი, რომ ზოგჯერ, პირიქით, თანმხლები დაავადებების მქონე ბავშვებს უფრო მარტივად აქვთ გარკვეული ნაწლავური ინფექციების მიმდინარეობა. შესაბამისად, ყველა პაციენტი ინდივიდუალურია და ყველა პაციენტს განსხვავებული მიდგომა და მკურნალობა სჭირდება.
ვიცით რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, იმუნური სისტემის გაკაჟების საუკეთესო გზა ჰაერის გამოცვლასთან ერთად, ეს არის ძალიან კარგი კვება, ამიტომ საკვებზე რა შეიძლება, რომ გვითხრათ? ერთის მხრივ, ავადობის პერიოდში, ნაწლავური ინფექციების დროს კვებაზე და მეორეს მხრივ, ზაფხულის საკვებზე…
ასეთი ინფექციების დროს ჩვენ მკაცრი დიეტების რეკომენდაციას არ ვიძლევით, ეს არ არის მოწოდებული არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და არც ამერიკის პედიატრიული აკადემიის მიერ. უნდა იყოს აბსოლუტურად ჩვეულებრივი, ჯანსაღი კვება. ერთადერთი, როდესაც ნაწლავთა აშლილობაა, ამ შემთხვევაში, შეიძლება, რომ რძის შემცველი პროდუქტები შეიზღუდოს, ვინაიდან, როდესაც ნაწლავის ანთებაა, არის ენტერიტი, შეიძლება იყოს ლაქტოზის აუტანლობა და ამან შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი, მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი და ა.შ. რა საკვირველია, ეს შეზღუდვა დროებითია, როდესაც ნაწლავის ანთებითი პროცესი ლაგდება, პაციენტი ჩვეულებრივ წესს უბრუნდება.
რაც შეეხება კითხვას, თუ რა საკვები უნდა მივიღოთ ჩვეულებრივ, მოგეხსენებათ, ზაფხულში კვებითი რაციონი მრავალფეროვანია და ძირითადად, უფრო მეტად სასურველია ბოსტნეული, ხილი და მსგავსი სახის პროდუქტები.
რა შეიძლება გავაკეთოთ ზაფხულში იმისთვის, რომ ბავშვი მაქსიმალურად მოვამზადოთ ახალი სეზონისთვის, რადგან შემოდგომას კიდევ თავისი, ახალი შტამის ვირუსები მოაქვს და სულ სხვა პრობლემასთან გვიწევს ხოლმე შეჯახება, შეიძლება თუ არა გამოვყოთ და ვთქვათ სად უნდა დაისვენოს ბავშვმა აუცილებლად და რამდენად ეფექტურია და სასურველია ე.წ. 21 დღე დასვენება, სად იმალება კარგი იმუნური სისტემის და სწორი დასვენების „ოქროს გასაღები“?
კარგი იმუნური სისტემის „ოქროს გასაღები“ გახლავთ ჯანსაღი კვება, სუფთა ჰაერი და ჯანსაღი ცხოვრების წესი. ის, რომ მაინც და მაინც 21 დღე უნდა იყოს ბავშვი კურორტზე, ასეთი განსაზღვრება და სტანდარტი და რეკომენდაცია არსად არ არის.
რა საკვირველია, დასვენებისთვის უპირატესობა ენიჭება მთას, სადაც ყველაზე მეტად არის ჟანგბადი და ყველაზე მეტად სასურველი პირობებია სუფთა კლიმატური თვალსაზრისით, თუმცა ზღვაზეც შეიძლება, რადგან ულტრაიისფერ სხივებსაც თავისი დადებითი თვისებები აქვს, რადგან D ვიტამინის წარმოქმნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ, განსაკუთრებით, ბავშვის განვითარებისთვის, რადგან ის ბევრ ფაქტორზე მოქმედებს.
როდესაც ბავშვი, მწვავე ვირუსული ინფექციებიდან გამომდინარე, მიდრეკილია მწვავე ხველისკენ და ბრონქიტისკენ, მათ ხშირად ურჩევენ ხოლმე მთაში დასვენებას. თქვენი პრაქტიკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ამ კურორტო თერაპიამ რაღაც ტიპის შვება და შედეგი მისცა ბავშვს ან ყოფილა თუ არა, რომ ძვალსახსროვანი პრობლემის მქონე ბავშვებთან ზღვამ და მაგნიტურმა ქვიშამ, თუნდაც ზღვის წყალმა, დიდი რაოდენობით მზემ და D ვიტამინმა რაღაც შედეგი იქონია?
მედიცინაში ასეთი მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა ჩემს პირად პრაქტიკაში, ყოფილან პაციენტები, რომელთა მშობლებიც განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რომ როდესაც კურორტზე იყვნენ, მაგალითად, ბახმაროში, მთელი წლის მანძილზე ბავშვი ავად არ გამხდარა. რა საკვირველია, ასეთი მოცემულობები გვაქვს, მაგრამ ის, რომ ავადობის შემცირება ცალსახად კურორტთან იყოს დაკავშირებული, ეს დამტკიცებული არ არის.
რა თქმა უნდა, კლიმატური პირობების შეცვლა და სხვა გარემოში გადასვლა და სუფთა ჰაერი, ცალსახად ხელსაყრელ პირობას ქმნის ორგანიზმის გაკაჟებისთვის და იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის.
მშობლებს ხშირად ეშინიათ ახლად დაბადებული ბავშვების ქალაქგარეთ გაყვანა. თქვენ რამდენად გაუწევთ რეკომენდაციას მათ ქალაქგარეთ გაყვანას?
რა საკვირველია, შეიძლება გაყვანა, ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ჰიგიენური ნორმები და რომ ბავშვები უნდა მოარიდოთ ძალიან მჭიდრო კონტაქტებს და საზოგადოების თავშეყრის ადგილებს.
წყარო: https://fortuna.ge