Plasmon
ბავშვი, რომელიც აღზრდის პროცესში ითრგუნება, მომავალში მას შესაძლოა, დეპრესია ჩამოუყალიბდეს

თარიღი: 13 დეკემბერი, 2017

როგორი ბავშვები არიან მიდრეკილნი დეპრესიისკენ, რა ნიშნებით ვლინდება დეპრესია მოზარდებში, როგორ ექცევიან ისინი სხვა ადამიანების ზეგავლენის ქვეშ, რა როლს ასრულებენ მშობლები ბავშვების დემოტივაციაში და მოქმედებს თუ არა მშობლებს შორის კონფლიქტი გაუცხოების პროცესში – ამ თემებზე ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ ისაუბრა.

 

როგორი ბავშვები არიან უფრო მეტად მიდრეკილნი დეპრესიისკენ?

ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხს იძლევა ის, თუ რას ნიშნავს სიტყვა დეპრესია. დეპრესია ლათინური სიტყვაა და ნიშნავს დათრგუნულს.

 

ბავშვი, რომელიც თავისი აღზრდის პროცესში მეტ-ნაკლებად ითრგუნება, პოტენციურად, მომავალში მასში შესაძლოა ჩამოყალიბდეს დეპრესია.

უნდა ითქვას, რომ დეპრესია, როგორც ასეთი, არის დაავადებაც, არის სიმპტომიც და სააღმზრდელო სიტუაციის შედეგად ჩამოყალიბებული პიროვნული მახასიათებელი. ანუ, როდესაც დეპრესიულობა გვეძლევა, როგორც სააღმზრდელო პროცესის შედეგი. თითოეული მათგანი რომ განვიხილოთ, ძალიან შორს წავალთ, ამიტომ ძირითადი აქცენტები იმ გარემოებებზე უნდა გავამახვილოთ, რომელიც დეპრესიის პროვოცირებას უწყობს ხელს, რადგანაც თუნდაც გენეტიკა განაპირობებდეს დეპრესიულ განწყობას, თუ მას ხელისშემწყობი ფაქტორები არ ახლავს, შეიძლება მთელი ცხოვრება ისე გაატაროს ადამიანმა, რომ არც მას უქმნიდეს მკაფიოდ გამოხატულ პრობლემას და სხვისთვის კი საერთოდ შეუმჩნეველი იყოს მისი გუნება განწყობილების ცვლილება.

 

ფსიქოლოგიაში ყოველთვის ისმის კითხვა, რა არის მთავარი, აღზრდა თუ მემკვიდრეობითი მონაცემები. თუ ერთი ხაზი ამბობდა თავის დროზე, რომ მხოლოდ მემკვიდრეობითობა განაპირობებს, ხოლო მეორე ხაზი ამბობდა, რომ აღზრდა, საბოლოოდ ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ერთიც მნიშვნელოვანია, მეორეც და ყველაზე მთავარია, როგორი პიროვნული მახასიათებლები აქვს ადამიანს.

 

საბოლოო ჯამში, ადამიანი იმთავითვე პასუხისმგებელია თავისი თავისა და ქცევის მიმართ – ანუ როგორი დამოკიდებულება ექნება ადამიანს საკუთარ თავთან და გარემოსთან. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, ჩანასახი რამდენად სასურველია დედისთვის, ეს არის ათვლის სათავე. მნიშვნელოვანია თავად დაბადების აქტი, ანუ როგორ მიმდინარეობს ის. არ მინდა საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვების მშობლები შევაშინო, რადგან საკეისრო კვეთასაც აქვს თავისი პლუსები და მინუსები. თუ ბავშვი თავადვე მონაწილეობს თავის დაბადების აქტში, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს მისი პირველი გამოცდილებაა, რომლითაც ის ირაციონალურად ცხოვრებისეულ გამოწვევებს ამ გამოცდილებით ხვდება.

 

 

რა სიმპტომებით შეგვიძლია დეპრესიის ამოცნობა?

პირველ რიგში ანჰედონია, ანუ სიხარულის განცდის უნარის დაკარგვა. ამ უნარის დაკარგვა ახალშობილობიდანაც კი იწყება. ჩაატარეს ექსპერიმენტი, როდესაც დედა ბავშვს უცვლიდა, მას მკაცრი, მოღუშული სახე უნდა ჰქონოდა. რამდენიმე ასეთი ფაქტის შემდეგ ბავშვმა თავი განზე გაწია და დედას აღარ შეხედა.

ბავშვის გარემო სულ ღიმილით სავსე უნდა იყოს, განსაკუთრებით დედის, ან იმ აღმზრდელის მხრიდან, ვინც მასთან ურთიერთობს.

თუ საქმე დედას ეხება, ბავშვს განსაკუთრებული მოთხოვნა აქვს, მისგან მიიღოს სითბო, ღიმილი. იმის მიხედვით, როგორია დედის, ან აღმზრდელის დამოკიდებულება, ბავშვს უყალიბდება სამყაროს მიმართ ნდობა, ან უნდობლობა. თუ ნაკლებია სითბო, ღიმილი, თუ ხმის ტემბრი არ არის ალერსის გამომხატველი, ყალიბდება უნდობლობა.

 

თუ ჩვილის ასაკში ვერ მიიღო ბავშვმა სითბო და მზრუნველობა, შესაძლებელია შემდგომ ამის გამოსწორება?

არასოდეს არ არის გვიან. თუმცა, იცოდეთ, ზიგმუნდ ფროიდის დიდი აღმოჩენებიდან ერთ-ერთი სწორედ ის არის, რომ ის, რაც განცდისეულად ადამიანის ფსიქიკაში შედის, მარადიულად მასთან რჩება. შესაძლებელია საკუთარ თავთან, ცხოვრებასთან ურთიერთობის ისეთი დასწავლა მოხდეს, ნეგატიური გადაამუშავოს და პოზიტიური შედეგები მივიღოთ. ადამიანი რომელიც განიცდის ბედნიერებას, ის ბედნიერ გარემოს ქმნის.

 

რას მივაწეროთ, როცა მოზარდები სხვადასხვა დაჯგუფებისა თუ ადამიანის ზეგავლენის ქვეშ ადვილად ექცევიან. არის თუ არა ეს სუიციდისკენ მიდრეკილების მთავარი ნიშანი და რა სიმპტომებით უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს დახმარება სჭირდება…

 

მშობელსა და ბავშვს შორის კონტაქტი წყდება. კონტაქტის შემცირება უკვე საგანგაშოა. თუ ბავშვი არ ყვება თავისი ურთიერთობების, სკოლის, მეგობრების შესახებ, ამ დროს მშობელმა გამოკითხვა კი არ უნდა დაიწყოს, არამედ თავისი ამბების მოყოლა-გაზიარება უნდა დაიწყოს და შემდეგ კითხოს – და შენთან? მნიშვნელოვანია კომუნიკაციას მშობელი როგორ შეძლებს. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა მშობელს უყვარს შვილი, მაგრამ ყოველთვის არ არის სიყვარული საკმარისი იმისთვის, რომ სწორ გზას მიმართო. არსებობს მიუღებელი შვილის ცნება. მაგალითად, დედასა და დედამთილს შორის არის კონფლიქტური სიტუაცია, არ უყვარს დედამთილი და შვილი ჰგავს დედამთილს, ვერ აცნობიერებს, მაგრამ შვილი მისთვის მიუღებელი ხდება. ან შესაძლოა ქმართან აქვს კონფლიტი და შვილი ქმარს ჰგავს… ვსაუბრობ დედაზე, რადგან დედა გადამწყვეტია, ის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა ბავშვთან მიმართებაში.

 

თუ გენეტიკურია დეპრესიული განწყობა, შესაძლოა, ბავშვთან დედის მჭიდრო დამოკიდებულება მისი გაღვივების საფუძველი არ გახდეს. წარმოიდგინეთ, დედა-შვილს შორის ფსიქოლოგიური ბარიერია და შუაში მიუღებელი ქმარი, დედამთილი, მული დგას… კი ესაუბრებით შვილს, მაგრამ სინამდვილეში თქვენთვის მიუღებელ ადამიანს ელაპარაკებით. ბავშვები ყველაზე მეტად გრძნობენ და განიცდიან დედას. თუ ბავშვი დედას ეძებს მუდმივად, ეს არასაიმედო მიჯაჭვულობაა და მათ ეშინიათ დედამ არ მიატოვოს, ეშინიათ მარტო დარჩენის, ამიტომ ექაჩებიან კაბაზე… დეპრესიულობის პირდაპირი ნიშანი არის მიტოვებულობის, მარტოსულობის განცდა.

 

რა როლს თამაშობს  მშობლებს შორის კონფლიქტი ბავშვის დეპრესიული განწყობის ჩამოყალიბებაში?

ნაადრევი ქორწინებები ძალიან ხშირად ქმნიან კონფლიქტებს ოჯახში, ან მაშინ, როდესაც სოციალური პრობლემები წარმოიქმნება… როდის წარმოიქმნება მოზარდის თავში ხიფათი, არავინ იცის. თუ დედისთვის სიტუაცია ტრაგედიაა, ბავშვისთვისაც ტრაგედიაა, თუ მშობელი მხნედ არის, ბავშვიც ნაკლებად განიცდის. ფსიქოლოგიაში არსებობს მედეას კომპლექსი. ეს არის შემთხვევა, როდესაც მოხდება განქორწინება და დედა რჩება შვილებთან. როდესაც იასონი ღალატობს მედეას, მედეა მის დასასჯელად შვილებს კლავს. მართალია ამბობენ, რომ ეს არ მომხდარა და მხოლოდ ევრიპიდეს წარმოსახვაა, მაგრამ ასეთი რამ არსებობს. მედეას კომპლექსი არის შურისძიება მამის მიმართ, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი შვილები და ზრუნავს მათზე. შესაძლოა, დედა ფიზიკურად არ ხოცავს შვილებს, მაგრამ ამას ფსიქოლოგიურად აკეთებს. როდესაც ჩვენთან მოდიან მოზარდები ფსიქოლოგიური პრობლემებით, ჩვენ მუშაობა გვიწევს მშობელთან. არის ოჯახები, სადაც ბავშვს მამა საერთოდ არ ყოლია და მხოლოდ განაყოფიერების პროცესში იყო მამრი, მაგრამ ის დედამ არაჩვეულებრივად გაზარდა. ქალს შეუძლია ერთდროულად შეასრულოს სოციალური და ფსიქოლოგიური როლი იყოს მდედრიც და მამრიც და ქალების ტიპაჟიდან ეს ითვლება  ფსიქოლოგიურად ჯანმრთელ ქალად. მამაკაცს ეს არ შეუძლია. მარტო დარჩენილ ქალებს ნუ შეეშინდებათ, ქალს აქვს ყველანაირი პოტენციალი იმისათვის, რომ იყოს მდედრიც და მამრიც.

წყარო: Fortuna.ge