თარიღი: 04 იანვარი, 2016
ბოსტნეული
ჯანსაღი კვების ჯანმრთელობითი სიკეთეები (ბოსტნეული)
ბოლოკი
ბოლოკი კარგი ანტიდეპრესანტია. ბოლოკში ბევრია უჯრედისი, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
გარდა ამისა, ბოლოკს მრავალი სასარგებლო თვისება აქვს :
ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას.
აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას.
ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოდევნას.
მდიდარია Ca-სა და Mg-ის მარილებით.
მონაწილეობს სისხლის შედედებაში.
შეიცავს C ვიტამინს და ფიტონციდებს - ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმს იცავს ინფექციებისგან.
ამცირებს შაქრის დონეს სისხლში.
ამაგრებს კაპილარებს.
კომბოსტო
კომბოსტო აქვეითებს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონეს, ასევე აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, თირკმელების მუშაობას, აუმჯობესებს კანისა და სისხლძარღვების მდგომარეობას, აქვეითებს არტერიულ წნევას.
დიეტური კვების დროს სასურველია კომბოსტოს სხვადასხვა ჯიშების, მათ შორის თეთრთავიანი და წითელთავიანი კომბოსტოს, კოლრაბის, პეკინური, სავოიის და ბრიუსელის კომბოსტოს, ბროკოლის, ყვავილოვანი კომბოსტოსა და სხვ. მოხმარება. სასარგებლოა დიეტური თვალსაზრისით კომბოსტოს მწნილის გამოყენებაც, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში სასარგებლო მიკროფლორის ზრდას, რაც შემდგომ აუმჯობესებს საკვების მონელებას და სასარგებლო ნივთიერებების შეწოვას. ის ასევე ასტიმულირებს В ჯგუფის ვიტამინების სინთეზს.
დიეტაში გამოყენებული კომბოსტოს ჯიშები დაბალკალორიულია და შეიცავს ორგანიზმისათვის აუცილებელ С, В1, В2, В6, РР, К, და U ვიტამინებს. მდიდარია ასევე ბეტა-კაროტინით, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება А ვიტამინად.
ნებისმიერი ჯიშის კომბოსტო წარმოადგენს მიკრო და მაკროელემენტების კარგ წყაროს, როგორიცაა კალციუმი, რკინა, ნატრიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალიუმი.
ის ასევე შეიცავს განსაკუთრებულ აზოტურ ნაერთებს - ინდოლებს, რომლებიც ასტიმულირებენ ღვიძლის მუშაობას.
კომბოსტოში ბევრია როგორც ხსნადი, ასევე არახსნადი უჯრედისი. ხსნადი უჯრედისი ორგანიზმს ეხმარება სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითებაში, ხოლო უხსნადი - ხელს უწყობს დანაყრების გრძნობას და მშვენივრად ასტიმულირებს ნაწლავების მოქმედებას.
კომბოსტოში შედის ცილები, პოლისაქარიდები, ორგანული მჟავები და ლიზინი - ამინომჟავა, რომელიც ზრდის იმუნიტეტს.