თარიღი: 10 აპრილი, 2014
მთავარი:
● C ჰეპატიტი არის C ვირუსით გამოწვეული ღვიძლის დაავადება.
● დაავადების კლინიკა რანჟირებს მწვავე რამდენიმეკვირიანი მსუბუქი მიმდინარეობიდან ქრონიკულ მიმდინარეობამდე მთელი სიცოცხლის მანძილზე და შეიძლება დასრულდეს ციროზის და/ან ღვიძლის კიბოს განვითარებით.
● C ჰეპატიტის ვირუსი გადაეცემა ინფიცირებული პირის სისხლთან კონტაქტის გზით.
● მსოფლიოში 150 მლნ.-ზე მეტი ადამიანი C ჰეპატიტის ქრონიკული ფორმითაა ავად, ყოველწლიურად 350 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება C ჰეპატიტთან ასოცირებული ღვიძლის დაავადების გამო.
● C ჰეპატიტი განკურნებადია ანტივირუსული პრეპარატების გამოყენებით.
● C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, თუმცა ამ მიმართულებით სამედიცინო კვლევები გრძელდება.
C ჰეპატიტი C ვირუსით გამოწვეული ღვიძლის დაზიანებით მიმდინარე გადამდები დაავადებაა, რომლის კლინიკური მიმდინარეობა შეიძლება მერყეობდეს მწვავე რამდენიმეკვირიანი მსუბუქი მიმდინარეობიდან ქრონიკულ მიმდინარეობამდე მთელი სიცოცხლის მანძილზე.
დაავადების გავრცელება ხდება ინფიცირებული პირის სისხლის მოხვედრით ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში. C ვირუსს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ღვიძლის დაავადებების გამომწვევ ვირუსებს შორის.
C ვირუსით მსოფლიოში ყოველწლიურად 3-4 მლნ. ადამიანის დაინფიცირება ხდება, 150 მლნ.-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს დაავადების ქრონიკული ფორმით და ციროზის და/ან ღვიძლის კიბოს განვითარების რისკის ქვეშ. 350 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად C ჰეპატიტთან ასოცირებული ღვიძლის დაავადების გამო.
გეოგრაფიული განაწილება:
C ჰეპატიტი ფართოდ არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში. დაავადების ქრონიკული ფორმების გავრცელება მაღალია ეგვიპტეში (15%), პაკისტანში (4,8%), ჩინეთში (3,2%). აღნიშნულ ქვეყნებში ვირუსის გადაცემის ძირითადი გზები დაკავშირებულია დაბინძურებული ინსტრუმენტებით ჩატარებულ ინექციებთან.
გადაცემის გზები:
C ჰეპატიტის ვირუსი ვრცელდება ინფიცირებული პირის სისხლთან კონტაქტისას შემდეგი გზების საშუალებით:
● კონტამინირებული (C ვირუსის შემცველი) სისხლის და/ან სისხლის პროდუქტების გადასხმით, ორგანოთა გადანერგვით.
● სამედიცინო დაწესებულებებში კონტამინირებული შპრიცებისა და ნემსების გამოყენებით.
● ნარკოტიკული საშუალებების ინექციური გზით მოხმარებისას.
● ვერტიკალურად - ინფიცირებული დედიდან შვილზე.
● ინფიცირებულთან სქესობრივი კონტაქტით ან მასთან საერთო ბასრი და მჭრელი საგნების გამოყენებით (ამ გზებით ვირუსის გადაცემა შედარებით იშვიათია).
C ჰეპატიტი არ ვრცელდება ძუძუთი კვებით, წყლით, საკვები პროდუქტებით, კოცნით, ჩახუტებით, ინფიცირებულთან საერთო საკვების ან სასმელის გამოყენებით.
სიმპტომები:
C ჰეპატიტის ინკუბაციური პერიოდი 2 კვირიდან 6 თვემდე მერყეობს. დაავადებულთა დაახლოებით 80%-ს სიმპტომები არ უვლინდებათ. მწვავე მიმდინარეობის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: ტემპერატურა, დაღლილობა, მადის დაქვეითება, გულის რევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, მუქი შარდი, სახსრების ტკივილი, კანის და სკლერების სიყვითლე.
ახლადდაინფიცირებულთა 75-85%-ს უვითარდება ქრონიკული ფორმა, რომელთა 60-70%-ს უყალიბდება ღვიძლის ქრონიკული დაავადება, მათგან 5-20%-ში ვითარდება ციროზი, ხოლო 1-5%-ში გარდაცვალება ციროზის ან ღვიძლის კიბოს გამო.
დიაგნოსტიკა:
დაავადების მწვავე ფაზის დიაგნოსტიკა ხშირად ვერ ხერხდება უმეტესად უსიმპტომო მიმდინარეობის გამო. ანტისხეულების გამოვლენის ძირითადი ლაბორატორიული მეთოდით შეუძლებელია მწვავე და ქრონიკული ფორმების დიფერენცირება. ანტისხეულების არსებობა მიუთითებს მხოლოდ ამჟამინდელ ან გადატანილ დაავადებაზე. დიაგნოზის დადასტურების მიზნით გამოიყენება RIBA (რეკომბინანტული იმუნობლოტინგი) ან PCR (პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქცია ვირუსის გენომის გამოსავლენად).
სისხლში ანტისხეულების (Anti-HCV) 6 თვეზე მეტი ხნით არსებობა დაავადების ქრონიკული ფორმის მანიშნებელია. ღვიძლის დაზიანების ხარისხის შეფასების, ციროზის და კიბოს გამოვლენის მიზნით აუცილებელია სპეციფიკური გამოკვლევის ჩატარება.
ტესტირება:
C ჰეპატიტის ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია გართულებების პრევენციისა და ახლო კონტაქტში მყოფ პირთა შორის დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. ზოგიერთ ქვეყანაში რეკომენდირებულია რისკის ქვეშ მყოფ პირთა სკრინინგი. ესენი არიან:
● ადამიანები, რომლებსაც ჩაუტარდათ სისხლის და/ან სისხლის პროდუქტების გადასხმა, ორგანოთა ტრანსპლანტაცია.
● ნარკოტიკების ინექციური გზით ამჟამინდელი ან ყოფილი მომხმარებლები (მათ შორის ისინი, ვისაც სიცოცხლეში ერთხელ მაინც მოუხმარიათ ნარკოტიკი ინექციურად).
● ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები.
● სამედიცინო პერსონალი.
● აივ ინფიცირებულები.
● ღვიძლის გამოკვლევებით მიღებული საეჭვო შედეგების მქონე პირები.
● ინფიცირებული დედების ახალშობილები.
მკურნალობა:
C ჰეპატიტი მკურნალობას ყოველთვის არ საჭიროებს. არსებობს C ვირუსის 6 სხვადასხვა გენოტიპი, რომლებიც მკურნალობაზე განსხვავებულად რეაგირებენ. მკურნალობის სათანადო კურსის განსაზღვრის მიზნით აუცილებელია სწორი ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება.
მკურნალობის ძირითადი კურსი განისაზღვრება ანტივირუსული პრეპარატების - ინტერფერონისა და რიბავირინის კომბინირებული გამოყენებით. სამწუხაროდ დღეისათვის ინტერფერონი არ არის გლობალურად ფართოდ ხელმისაწვდომი, ამასთან ვირუსის ზოგიერთი გენოტიპი კარგად არ ექვემდებარება ინტერფერონოთერაპიას, ბევრი ადამიანი კი ვერ ასრულებს მკურნალობის კურსს ბოლომდე. ყოველივე ზემოთაღნიშნული ნიშნავს იმას, რომ მაშინ, როდესაც C ჰეპატიტი აღიარებულია როგორც განკურნებადი დაავადება, ბევრი პაციენტისთვის ეს რეალობა სულაც არ არის.
თანამედროვე ეტაპზე მიღწეულია გარკვეული მეცნიერული წინსვლა ბევრად უფრო ეფექტური ანტივირუსული პრეპარატების შექმნის მიზნით. ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს ორი ახალი თერაპიული საშუალების - ტელაპრევირის და ბოცეპრევირის ლიცენზირება, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი აღნიშნული პრეპარატების გაზრდილი გლობალური ხელმისაწვდომობისათვის.
პრევენცია:
პირველადი პრევენცია:
C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. დაინფიცირების შანსი მცირდება შემდეგი ქმედებებისაგან თავის არიდებით:
● არასაჭირო და საფრთხის შემცველი ინექციები.
● საეჭვო სისხლის და/ან სისხლის პროდუქტების გადასხმა.
● ბასრი და მჭრელი საგნების შეგროვება.
● ნარკოტიკების ინექციურად მოხმარება და საერთო საინექციო საშუალებების გამოყენება.
● ინფიცირებულთან დაუცველი სქესობრივი კავშირი.
● ინფიცირებულთან საერთო ბასრი და მჭრელი საგნების გამოყენება.
● დაბინძურებული იარაღების გამოყენებით ჩატარებული ტატუირება, პირსინგი, აკუპუნქტურა.
მეორადი და მესამეული პრევენცია:
C ჰეპატიტით დაავადებულებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ურჩევს:
● მკურნალობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.
● A და B ჰეპატიტების საწინააღმდეგო ვაქცინაციას კოინფექციების და ღვიძლის ღრმა დაზიანებისგან თავდაცვის მიზნით.
● ანტივირუსული თერაპიის ადრეული და სათანადო კურსის ჩატარებას.
● ღვიძლის ქრონიკული დაავადევის ადრეული დიაგნოსტიკის რეგულარულ მონიტორინგს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეაგირება:
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას ვირუსული ჰეპატიტების პრევენციის და კონტროლის მიზნით შემდეგი მიმართულებებით:
● ცნობიერების ამაღლება, რესურსების მობილიზების და პარტნიორობის უზრუნველყოფა.
● მტკიცებულებებზე დაფუძნებული მონაცემები და პოლიტიკა.
● გადაცემის გზების პრევენცია.
● სკრინინგი, ზრუნვა, მკურნალობა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორგანიზებით ყოველწლიურად 28 ივლისს აღინიშნება ჰეპატიტების მსოფლიო დღე ცნობიერების ამაღლების და მაქსიმალური ინფორმირებულობის ხელშეწყობის მიზნით.
წყარო: http://ncdc.ge/index.php?do=fullmod&mid=542