Plasmon
ჩააცვით ბავშვებს ადეკვატურად, ასეირნეთ სუფთა ჰაერზე

თარიღი: 10 სექტემბერი, 2023

რა ტიპის ინფორმაციას გვაძლევს ბავშვის შესახებ ნეონატოლოგის პირველადი შეფასება, რის გამო უჭირთ ჩვილებს წონაში მატება, რა ტიპის პრობლემაა ძროხის რძის ცილის აუტანლობა, რა დროს დგება ჩვილის კვებაში ხელოვნური საკვების ჩართვის აუცილებლობა და როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად აღნიშნული პროდუქტი, როგორ მოვიქცეთ კოლიკის დროს, როდის არის აუცილებელი ნევროლოგთან კონსულტაცია, – ამ და სხვა საინტერესო კითხვებს „პინეოს სამედიცინო ეკოსისტემის“ ნეონატალური განყოფილების ხელმძღვანელმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა – მაკა ჭიღლაძემ უპასუხა.

ქალბატონო მაკა, პირველივე წუთიდან, როცა ბავშვი იბადება, მის მდგომარეობას ნეონატოლოგი აფასებს. რა ტიპის არის და რას გულისხმობს ეს პირველადი შეფასება?
ნორმალურად მიმდინარე ორსულობა, აუცილებლად ჯანმრთელი ბავშვის დაბადებით უნდა დასრულდეს. ჩვენ ვაფასებთ ახალშობილის მდგომარეობას და თუ ის ჯანმრთელია, დაბადებისთანავე ყვირის, აქვს კარგი კუნთთა ტონუსი, ძალიან კარგი ფერი, არის ძალიან აქტიური, ამ შემთხვევაში, ახალშობილი ყოველგვარი ჩარევის გარეშე, კანით კანთან კონტაქტის მიზნით, დედის მკერდზე თავსდება, რაც ემოციური თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც დედისთვის, ისე ახალშობილისთვის. კონტაქტი, რომელიც სამშობიარო სახლში ხორციელდება, მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება, ეს გახლავთ ბონდინგი, შეჭიდულობა და ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლება ახალშობილმა და დედამ  პირველივე წუთებში განიცადონ. ამ შემთხვევაში, ერთი საათის შემდგომ ბავშვი უკვე მზად არის, რომ დაიწყოს ძუძუთი კვება და ხორციელდება აღნიშნული მოქმედება, ეს მეორე უმნიშვნელოვანესი მომენტია, რომელიც ჩვენი, ნეონატოლოგების, პედიატრების რეკომენდაციით, აუცილებლად, 6 თვის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ბავშვის ნამატი. რა თქმა უნდა, ბავშვები განვითარების ყველა ეტაპზე განსხვავდებიან და ვიღაც უფრო მეტს და ვიღაც უფრო ნაკლებს იმატებს, მაგრამ ცხადია, თქვენთვის, ექიმებისთვის მთავარია, რომ ეს ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყოს. ყველაზე ხშირად რა შეიძლება იყოს პრობლემა, როცა ბავშვს წონაში მატება უჭირს და ის არ მიჰყვება იმ გეგმას, რასაც გაიდლაინის მიხედვით უნდა მიჰყვებოდეს?
ჩვენ ვიცით, რომ როდესაც დროული ფიზიოლოგიური ახალშობილი იბადება, თავის ქალიდან, სხეულიდან აორთქლება ხდება და წონის დეფიციტი ამითაც არის განპირობებული და ეს არის ფიზიოლოგიური წონის კლება, ასე ვთქვათ, დეფიციტი, რომლის აღდგენაც აუცილებლად ხდება ხოლმე დაბადებიდან მეათე, მეთორმეტე დღეს, თუ, რა თქმა უნდა, ახალშობილი დროულად იწყებს ძუძუთი კვებას და დაცულია სითბური რეჟიმი. სითბური რეჟიმის და ჯაჭვის დაცვა აუცილებელია და ეს საფეხურები სამშობიარო ოთახში აუცილებლად ხორციელდება. დროულ ახალშობილს ძალიან კარგი წოვის რეფლექსი აქვს და თუ ახალშობილი 15-20 წუთის განმავლობაში აქტიურად წოვს, წონის კლება ძალიან მალე ანაზღაურდება, თუმცა იბადებიან დღენაკლული ახალშობილები ან ახალშობილები ზრდის შეფერხებით და რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო იყოს წონის კორეგირება. ასეთ ახალშობილებს პარენტერალური კვება, განსაკუთრებული ჩარევა და დამატებითი კვლევების ჩატარება სჭირდებათ, რათა თავიდან ავირიდოთ გარკვეული საშიშროება, რომელიც მათ სიცოცხლეს შეიძლება შეექმნას და ასეთი ახალშობილები აუცილებლად ინტენსიური თერაპიის პალატაში თავსდებიან.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ბავშვებში წონის შეფერხებას იწვევს, ძროხის რძის ცილის აუტანლობაა. რა ტიპის პრობლემაა აღნიშნული?
ძუძუთი კვების დროს შეიძლება იყოს ლაქტოზის აუტანლობა, შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული გამონაყარი, კვინკეს შეშუპება და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვმა თვითონ დაძლიოს ეს პრობლემა, რადგან ის დაძლევადია, მაგრამ თუ ბავშვს აქვს კაზეინის, ძროხის რძის ცილის აუტანლობა, საკვები უნდა შეიცვალოს, უნდა შეირჩეს ისეთი ნარევი, სადაც ძროხის რძე არ არის. მინდა გითხრათ, რომ ჩვილის ზრდასთან ერთად აღნიშნული პრობლემაც დაძლევადია, თუმცა ახალშობილს გარკვეულ ეტაპზე აუცილებლად უნდა მოვარიდოთ ალერგიული ფაქტორები და შესაბამისი საკვები დავუნიშნოთ.

როდის დგება ჩვილის კვებაში ხელოვნური ნარევის ჩართვის აუცილებლობა?
დედის რძე და ძუძუთი კვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დედის რძეში უამრავი ანტისხეული, ოლიგოსაქარიდია, რაც ახალშობილს ინფექციებისგან იცავს. დედის რძე ყველა იმ საჭირო ინგრედიენტს და ვიტამინს შეიცავს, რაც ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის არის აუცილებელი, თუმცა, არის ისეთი შემთხვევები, როცა ხელოვნური ნარევის ჩართვის აუცილებლობა დგება, მაგალითად, როცა დედას ძალიან ჩაბრუნებული ძუძუს თავები, კერტები აქვს, როცა აქვს ღია ფორმის ტუბერკულოზი, დაავადებულია შიდსით. სხვა შემთხვევებში ძუძუთი კვების უკუჩვენება არ არსებობს. გარდა იმისა, რომ დედის რძე ყველა იმ საჭირო ინგრედიენტს და ნივთიერებას შეიცავს, რაც ბავშვის ნორმალური ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ნევროლოგიური განვითარებისთვის არის საჭირო, ის ასევე ეკონომიურიცაა.

როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად ხელოვნური საკვები, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
რა თქმა უნდა, ის უნდა იყოს ევროპული, მაღალი ხარისხის და უნდა იყოს ცნობილი ბრენდის. საკვები აუცილებლად ექიმმა უნდა შეარჩიოს. ისევ და ისევ განვმეორდები და ვიტყვი, რომ თუ დედას არ აღენიშნება რომელიმე ის პრობლემა, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, მაშინ მშობელს ფორმულის დამატებას არ ვურჩევთ. მსოფლიოში ქალების მხოლოდ ერთი პროცენტია ისეთი, რომელთაც ბავშვის ძუძუთი გამოკვება არ შეუძლიათ. ყველაზე სოციალურად დაუცველ, ყველაზე ცუდად ნაკვებ ქალბატონსაც კი შეუძლია გამოკვებოს საკუთარი რძით შვილი, თუ მას ამის სურვილი ექნება და თუ სათანადო ახსნა-განმარტება გაეწევა. ძუძუთი კვება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ჯანმრთელი, დაცული და მაღალი ინტელექტის მქონე თაობა გავზარდოთ.

ვისაუბროთ კოლიკაზე, მართალია თუ არა, რომ კოლიკა ბიჭებს უფრო აწუხებთ, ვიდრე გოგოებს, როგორ უნდა შევუმსუბუქოთ ბავშვს აღნიშნული პრობლემა და როდის უნდა ველოდოთ მის დასრულებას?
კოლიკა არა მარტო ჩვილისთვის, არამედ მშობლებისთვისაც საკმაოდ შემაწუხებელი მდგომარეობაა. აუცილებლად უნდა განვმარტოთ ის, რომ კოლიკა ყველა ჩვილს არ ახასიათებს. კოლიკა გახლავთ, როდესაც ჩვილი მთელი დღის განმავლობაში 3 საათზე მეტხანს ან კვირაში 3 დღეზე მეტხანს ტირის. კოლიკა ძირითადად დაბადებიდან 2-3 კვირის ასაკიდან ვლინდება და 2-3 თვის ასაკში თავისით, სპონტანურად გაივლის ხოლმე, თუმცა ზოგიერთ ბავშვს კოლიკა შეიძლება 4, 5, 6 თვემდეც გაუხანგრძლივდეს.

კოლიკის დროს კარგია, თუ ბავშვს ხელში ავიყვანთ, დავამშვიდებთ, თბილ აბაზანას ჩავუტარებთ და მუცელზე საათის ისრის მიმართულებით მასაჟს გავუკეთებთ.
მედიცინაში არის რაღაც პათოლოგიები, რომლებიც გოგონებში უფრო მეტად გვხვდება, ვიდრე ბიჭებში, ან პირიქით და არსებობს მოსაზრება, რომ კოლიკა ბიჭებში უფრო მეტად გვხვდება, ვიდრე გოგოებში, თუმცა ამის დამადასტურებელი ფაქტები არ გვაქვს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კოლიკა თავისით გაივლის, მაგრამ თუ ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ზემოთ აღნიშნული მოქმედებების გარდა, სხვა რამითაც შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, არსებობს სპეციალური პრეპარატებიც და ჩვენ უპირატესობას მცენარეულ პრეპარატებს ვანიჭებთ.
მინდა აღვნიშნო, რომ ბუნებრივ კვებაზე მყოფ ახალშობილებს, ნაკლებად აწუხებთ გაზების, აირების დაგროვება, ნაკლებად აწუხებთ კოლიკა და ესეც ძუძუთი კვების ერთ-ერთი დიდი უპირატესობაა.

პირველად როდის უნდა დავსვათ ახალშობილი?
ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ საქართველოში, უამრავ კლინიკაში და სამშობიარო სახლში არსებობს მშობელთა სკოლა, სადაც აქტიურად არიან ჩართულნი როგორც დედები, ისე მამები და იქ შეისწავლიან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ორსულობის პერიოდში, მშობიარობის შემდგომ, როგორ უნდა განახორციელონ ძუძუთი კვება, როგორ უნდა აღზარდონ ჩვილი, როგორ უნდა ჩააცვან ბავშვს სწორად და რა ფიზიკური აქტივობები არის აუცილებელი. ბოლო მონაცემებით, პროტოკოლებით და გაიდლაინებით ის, რომ ბავშვი 6 თვემდე არ უნდა დავსვათ, მითი აღმოჩნდა. შესაბამისად, ჩვილები, ახალშობილების დაბადებისთანავე უნდა დავსვათ. ზომიერი ფიზიკური აქტივობა თავის ტვინისთვის, ნევროლოგიური სტატუსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფიზიკური განვითარება ფსიქომოტორული განვითარებაზე ძალიან დადებითად აისახება. ჩვენ მშობლებს ვასწავლით, რომ ფიზიკური აქტივობა დაბადებისთანავე განახორციელონ, რომ დასვან ჩვილები, რომ ეს ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

ახლა აუტიზმის ეპოქაა, ძალიან ბევრი აუტისტური სპექტრის დაავადებაა და ამიტომ ბავშვთან კონტაქტი აუცილებელია. 2 კვირიდან ბავშვს უნდა დავათვალიერებინოთ წიგნები, ნახატები, 1 თვის ბავშვს უნდა წავუკითხოთ მოთხრობები, წიგნები, დავათვალიერებინოთ ნახატები, მკვეთრი ფერები, ეს ბავშვის დროული სოციალიზაციისთვის და ნერვული სისტემის განვითარებისთვის აუცილებელია. აღსანიშნავია, რომ მშობლის ყურადღების დეფიციტი აუტისტური სპექტრის დაავადებების განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.

თავის დაჭერა და გადატრიალების რეფლექსი რომელი თვიდან უნდა მოდიოდეს?
1,5 – 2 თვის ასაკში ბავშვი მეტ-ნაკლებად უკვე იჭერს თავს. უნდა ითქვას, რომ არსებობს ასეთი, ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი და რომ ბავშვის მუცელზე წოლა აკრძალულია, თუმცა ვარჯიშის დროს, მაშინ, როცა ჩვილს არ სძინავს, როცა დედაც აუცილებლად იქვეა და ბავშვს აქტიურად აკვირდება, მუცელზე დაწოლა, ფეხის გულებზე ხელის ოდნავ მიჭერა და ხოხვის სტიმულაცია შესაძლებელია, რაც თავის დაჭერას და კისრის კუნთების განვითარებას უწყობს ხელს.

როდის დგება ნევროლოგთან კონსულტაციის აუცილებლობა?
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ ბავშვი დროულად დაიბადა, თუ ის ჯანმრთელია და თუ ყველა თანდაყოლილი რეფლექსი კარგად ვლინდება, ასეთ ახალშობილს ნევროლოგის კონსულტაცია ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ თუ არის გართულებული მშობიარობა, თუ ეჭვი გვაქვს მშობიარობის შემდგომ ტრავმაზე, თუ ბავშვი დღენაკლულია, თუ ზრდის შეფერხებაზე, ნერვული სისტემის დაზიანებაზე გვაქვს ეჭვი, ის აუცილებლად უნდა ნახოს ნევროლოგმა.

ბავშვის გამუდმებული ტირილი თუ წარმოადგენს ნევროლოგთან ვიზიტის მიზეზს?
მშობელი აუცილებლად ხვდება, თუ რატომ ტირის ბავშვი. ტირილის მიზეზი შეიძლება იყოს კოლიკა, ყურადღების დეფიციტი, საკვების ნაკლებობა და ა.შ.  მაგრამ თუ ბავშვი გამუდმებით ტირის, არის აგზნებული და ამ აგზნებადობას  კიდურების გაძლიერებული ათეტოზური მოძრაობებიც ერთვის, თუ გვაქვს ნევროლოგიური, პათოლოგიური სიმპტომატიკა, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნევროლოგი აუცილებელია და ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, რომ პაციენტი ინტენსიური თერაპიის, სპეციალიზებულ კლინიკაში მოხვდეს. ეს პათოლოგიური მდგომარეობაა აუცილებლად ნეონატოლოგის და ნევროლოგის მიერ უნდა იყოს გასინჯული, რადგან ასეთ შემთხვევაში უფრო აქტიური ჩარევა არის საჭირო, იმისთვის, რომ სიცოცხლესთან შეუთავსებელი რაიმე პათოლოგია არ განვითარდეს.

როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, თუ ექვს თვემდე ბავშვი გაციებულია ან აქვს ვირუსი?
ასეთ დროს ჩვენ ძალიან შეზღუდულები ვართ იმაში, რომ ექვს თვემდე ახალშობილს დახმარება პრეპარატების სახით გავუწიოთ. მინდა, კიდევ ერთხელ  გავიმეორო, რომ დედის რძე და მასში შემავალი ანტისხეულები ბავშვს ვირუსული ინფექციებისგან იცავს, მაგრამ თუ ახალშობილს მაინც აღენიშნება ვირუსული ინფექცია, ასეთ დროს, ჩვენ უფრო ფიზიოლოგიური ხსნარით ცხვირის გამორეცხვის პროცედურებს, ასევე ფიზიოლოგიური ხსნარით ინჰალაციას მივმართავთ. ზედმეტი სითბო და ახალშობილის ზედმეტად თბილად ჩაცმა კატეგორიულად მიუღებელია. ასევე გვეშინია ჰიპოთერმიის და გადაციებისაც. შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ, რა ტემპერატურა უნდა გვქონდეს სახლში, არ შეიძლება სახლში  ორპირი იყოს.

როგორ უნდა ჩავაცვათ ბავშვს სწორად გარეთ გასვლისას? მიუხედავად იმისა, რომ ექიმების რეკომენდაციაა, რომ ბავშვი შეძლებისდაგვარად დიდხანს, 2 საათით მაინც გავიყვანოთ გარეთ, მაშინ, როცა ძალიან ცივა და გარეთ უამრავი ვირუსული ინფექციაა, მშობლებს ეშინიათ და თავს იკავებენ ბავშვის გარეთ გაყვანისგან და ელოდებიან გაზაფხულს, ეს რამდენად სწორი მიდგომაა?
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არსებობს ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი და ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გადახურება, ზედმეტად თბილად ჩაცმა იყოს. ბავშვს ადეკვატურად, სეზონის შესაბამისად უნდა ჩავაცვათ. არანაირი რეიტუზი, ეს წარმოუდგენელია. ბინის პირობებში, სადაც ნორმალური, ჯანმრთელი ჩვილისთვის ადეკვატური ტემპერატურაა, რაც 22 გრადუსი გახლავთ, არ არის საჭირო, რომ ბავშვს თავსაბურავი დავახუროთ და ხელთათმანები გავუკეთოთ. ბავშვს აუცილებლად დაჭრილი უნდა ჰქონდეს ფრჩხილები, რომ სხეული არ დაიზიანოს. მას ადეკვატურად უნდა ჩავაცვათ გარეთ გაყვანის დროს, არ არის საჭირო ზედმეტი გადახურება, რადგან როგორც უკვე გითხარით, ეს იმ საზარელ სინდრომს იწვევს, რასაც ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი ჰქვია. მითია ისიც, რომ გაზაფხულს და თბილ ამინდებს უნდა დაველოდოთ, რადგან ბავშვს ჟანგბადი, ჰაერზე გაყვანა სჭირდება. ბავშვები ჩვილობის ასაკიდან ყოველდღე უნდა გავიყვანოთ გარეთ და  2-3 საათი ვასეირნოთ. ძალიან კარგია, თუ სეირნობისას უპირატესობას კენგურუს ან სლინგს მიანიჭებთ. ამ დროს ბავშვი სახით დედისკენ არის მიბრუნებული და ასე თავიდან გარკვეულ, გაუთვალისწინებელ შემთხვევებსაც აირიდებთ, თან დედა-შვილის კონტაქტი და შეჭიდულობაც მოხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

ფაქტებით და კვლევებით დადგენილია, რომ ბავშვებს, რომლებიც  კენგურუში იზრდებიან, ძალიან მაღალი ინტელექტი და ძალიან კარგი იმუნიტეტი აქვთ.

წყარო: 
https://fortuna.ge