მითები და რეალობა ინტენსიური თერაპიის შესახებ
თარიღი: 04 დეკემბერი, 2025
რეანიმაცია ბევრისთვის ასოცირდება კრიტიკულ სიტუაციებთან, რაც, ბუნებრივია, იწვევს შიშს. სინამდვილეში, ინტენსიური თერაპიის მიზანია სასიცოცხლო ფუნქციების მაქსიმალური მხარდაჭერა და შენარჩუნება, იქამდე, სანამ ორგანიზმი თვითონ, დამოუკიდებლად შეძლებს ამას. მნიშვნელოვანია იმაზე საუბარი, რას ნიშნავს რეანიმაცია, იგივე ინტენსიური თერაპიის განყოფილება რეალურად და რა ფუნქცია აკისრია მას.
რატომ იწვევს რეანიმაცია ასეთ მძიმე და უარყოფით ემოციებს საზოგადოებაში, რა არის მითი და რა რეალობა? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მოზრდილთა რეანიმაციის ექიმი ოლია ქისიევი:
რა არის ყველაზე გავრცელებული მითი რეანიმაციის შესახებ?
მითი 1
რეანიმაციაში მოხვედრა ყოველთვის ძალიან ცუდია და ძალიან ცუდად მთავრდება.
რეალობა:
ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. რეანიმაციაში მოხვედრა ნიშნავს, რომ პაციენტი იღებს ყველაზე ინტენსიურ და მაღალტექნოლოგიურ მეთვალყურეობას. ძალიან ბევრი ადამიანი რეანიმაციიდან ეწერება გამოჯანმრთელებულ მდგომარეობაში.
მითი 2
რეანიმაციაში ყველა პაციენტი აპარატზეა დამოკიდებული
რეალობა:
აპარატი მხოლოდ ხელსაწყოა, რომელიც სხეულის ფუნქციებს დროებით ეხმარება მანამ, სანამ პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. მკურნალობა მუდმივად მიმდინარეობს ექიმების მეთვალყურეობით – ანალიზით, გადაწყვეტილებებით და მუდმივი დაკვირვებით.
მითი 3
როცა პაციენტი მძიმედაა, ოჯახის წევრებს სპეციალურად არ ეუბნებიან სიმართლეს
რეალობა:
ინტენსიურ თერაპიაში კომუნიკაცია მაქსიმალურად პირდაპირია — ექიმს და ოჯახის წევრებს ერთი მიზანი აქვთ, ზუსტი ინფორმაციის გაცვლა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება.
მითი 4
ექიმები რეანიმაციაში უხეშები, ცივები და დისტანციურები არიან
რეალობა:
რეანიმაციაში მუშაობა ემოციურ გამძლეობას მოითხოვს, მაგრამ ემოციების მართვის უნარი არ ნიშნავს, რომ ექიმები ,,ცივსისხლიანები" არიან. ხშირად ექიმები ყველაზე ემპათიურები სწორედ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არიან, უბრალოდ, ემოციას პროფესიონალურად მართავენ.
მითი 5
სედაცია, ანუ პაციენტის დაძინება ნიშნავს, რომ პაციენტი „ძილშია" და სხვა არაფერი
რეალობა:
სედაცია ან სამკურნალო ნარკოზი ნიშნავს, რომ პაციენტს უბრალოდ ძინავს, მაგრამ რეალურად მუდმივად კონტროლდება: ე.წ. ძილის სიღრმე, რეფლექსები, რეაქციები, სასიცოცხლო ფუნქციების მაჩვენებლები, მკურნალობის დინამიკა.
მითი 6
რეანიმაციაში პაციენტი მხოლოდ აპარატების მილებთან არის „მიბმული" და ყველაფერი ტექნიკაზეა დამოკიდებული.
რეალობა:
ინტენსიური თერაპიის პაციენტის ყველაზე მთავარი „მონიტორი" მაინც მედპერსონალია. ტექნიკა მონაცემს გვაწვდის, მაგრამ გადაწყვეტილებებს ადამიანები იღებენ — ხანდახან წამებშიც კი. მაგალითად, უმნიშვნელო ცვლილება სუნთქვის სიხშირეში ექიმისთვის შეიძლება იყოს მკაფიო სიგნალი, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს.
მითი 7
ექიმები ხშირად მიზანმიმართულად აყოვნებენ პაციენტს აპარატზე გარკვეული ინტერესის გამო და ექიმს შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს, როდის გამორთოს აპარატი.
რეალობა:
ხალხში გავრცელებულია მითი, თითქოს ექიმს შეუძლია აპარატი საკუთარი შეხედულებით გამორთოს. სინამდვილეში, ექიმს ამის უფლება კანონით საერთოდ არ აქვს. რეანიმაციაში არც ერთი ნაბიჯი არ ხდება კანონგარეშე: ჩვენ ვხელმძღვანელობთ მკაფიო წესებით, ეთიკით და ოჯახის ჩართულობით. ექიმის მიზანი სიცოცხლის შენარჩუნებაა — და არა მისი შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება.